Home რუბრიკები პოლიტიკა სათადარიგო მარიონეტი თუ ხვლიკი ქერის ორმოში?

სათადარიგო მარიონეტი თუ ხვლიკი ქერის ორმოში?

688


«ოვალური კაბინეტის» მონახულებისა და ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან შეხვედრის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას არ აპირებს და ისევ ჩრდილოელი დათვის გამოწვევით, მუდმივი ომის საფრთხის არსებობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ის წარმავალი, განწირული პოლიტიკოსია, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას დღითიდღე კარგავს და მალე პოლიტიკურ «ხორცმეტად» იქცევა არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ საკუთარი გუნდისთვისაც. ამიტომ სააკაშვილი ამერიკისა და ევროპის მაღალ ტრიბუნებს მაქსიმალურად იყენებს ანტირუსული რიტორიკისთვის. მისი მიზანია, დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ის კვლავ «საჭირო კაცია», რომელიც მათი ინტერესების სასარგებლოდ საფრთხობელის როლს ყოველთვის შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ.

«შემთხვევითი არ არის ის, რაც ახლა მოსკოვის ქუჩებში ხდება. აშკარაა, ვერ შეატყუებ შენს ხალხს იმას, რომ დიდი იდეა შენი ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება და შენი შვილების მომავალი კი არა, ის არის, რისი აღდგენაც შეუძლებელია. ვერც იმას შეაჩეჩებ, რომ ნებისმიერი რეფორმა დასავლეთის ტროას ცხენად მიგაჩნია, რომელმაც საბჭოთა კავშირს ძირი გამოუთხარა. ვფიქრობ, რუსეთის სისტემის რღვევის უმოკლესი გზა რეფორმების უარყოფასა და უგულებელყოფაზე გადის. ეს არის გზავნილი, რომელიც ვაშინგტონიდან მომაქვს», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. რამხელა ცინიზმია იმ ადამიანის მხრიდან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბარი, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს «7 ნოემბერი» და «26 მაისი» მოუწყო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სისხლით დედაქალაქის ქუჩები შეღება.დღეს საქართველოში სააკაშვილის მმართველი რეჟიმის მიერ იგნორირებულია ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები და მხოლოდ ამერიკის გლობალური მიზნების რეალიზებით არის დაკავებული. ასეთი ირაციონალური და ანტიქართული პოლიტიკა კი ქართველ ერს განადგურებას უქადის. პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას თქმით, «ეროვნული ინტერესები წარმოადგენს იმ სასიცოცხლო მოთხოვნილების ერთობლიობას, რომელთა დაკმაყოფილება უზრუნველყოფს ქვეყნის ყოველი მოქალაქის, ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს არსებობასა და პროგრესულ განვითარებას. ეროვნული ინტერესების რეალიზაცია ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ე.ი. იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისათვის, პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებისათვის, სახელმწიფო კანონების, ადამიანისა და მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის, სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის უზრუნველყოფისათვის».

სააკაშვილის რეჟიმი დღეს ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველო წარმოადგენს კოლონიურ ქვეყანას, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება არ შეუძლია. მაშინაც კი, თუ «მფარველი» ზესახელმწიფოს მიერ გატარებული საერთაშორისო პოლიტიკით მის სახელმწიფოებრიობას და მოქოლაქეების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, იძულებული ხდება, გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რამაც შეიძლება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საერთაშორისო რუკიდან გაქრობა გამოიწვიოს.

ქართველი ერისთვის მთავარ საშიშროებას ამ ეტაპზე სააკაშვილი წარმოადგენს, ვინაიდან ის კვლავ ადგას რუსეთთან კონფრონტაციის გზას და არ ითვალისწინებს რეალობას, რომ ახალი ძალით, ახალი შემართებით ანტირუსული ისტერიის დაწყება (მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მოსკოვის ქუჩებში ანტისახელისუფლო გამოსვლები მიმდინარეობს, ხოლო რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები კარსაა მომდგარი) დათვის ბუნაგში ყვირილით შესვლის ტოლფასია და მერე არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ეს დათვი დაგტორავს. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გატარებული რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკით, უპირველეს ყოვლისა, ზარალდება ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მოსახლეობა.

დღეს ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში დაძაბულობის მთავარ გამომწვევ მიზეზს არა ოპოზიციის არაადეკვატურობა და სისუსტე, არამედ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება, არ ატარებს სამართლიან არჩევნებს, აკონტროლებს ნაციონალურ ტელევიზიებს და საზოგადოებას ტერორის ქვეშ ამყოფებს.

ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილის ავტორიტარულმა მმართველობამ, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, ქართული საზოგადოება დასავლური ღირებულებებისადმი უარყოფითად განაწყო, რადგან მის მიერ გატარებული საშინაოპოლიტიკური კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის მესიის, იმიჯს, რაც ამერიკის ინტერესებს საქართველოში გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის. ამიტომ მოსალოდნელია, ობამას ხელისუფლებამ იოლი გზა მოძებნოს საქართველოს «დემოკრატიული» იმიჯის შესაქმნელად. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არასასურველია სააკაშვილის რეჟიმი, როგორც დემოკრატიის დამსამარებელი, თუმცა საუკეთესო ვარიანტია, როგორც ლიდერი-მარიონეტი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა აბსოლუტურად ამერიკის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და არა ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებზე გავლენასაც «თეთრი სახლი» ფლობს.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამერიკას გარკვეული პოზიცია დღემდე არ ჩამოუყალიბებია, მიუხედავად მის გვერდით პროამერიკული ალასანიასა და რესპუბლიკური პარტიის ყოფნისა. ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში გარკვეულწილად ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს სათავეში აღმოჩნდება დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ექვს მილიარდამდე დოლარს ფლობს და ანგარიშვალდებული არ არის არავის წინაშე, რომელიც გარკვეულ მომენტში, შესაძლოა, გაუკონტროლებელი გახდეს და საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორი სხვა მიმართულებით შეცვალოს. ამიტომ აშშ ხელს შეუწყობს მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას თარგამაძის გარშემო, რომელიც, ერთის მხრივ, იქნება პროამერიკული ძალა, თუმცა _ სააკაშვილის «ოპოზიცია». მეორე მხრივ, არ მისცემს საშუალებას ივანიშვილის გუნდს, მოვიდეს ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით, რაც თავისთავად შესაძლებელს გახდის, «დასრულდეს» საქართველოში «ნაციონალური» დიქტატი. ასე რომ საზოგადოების მიერ «ჰალსტუხიან ხვლიკად» მონათლულ ლიდერს შესაძლოა ამჯერადაც არნახულად გაუმართლოს და კვლავ ქერის ორმოში ამოყოს თავი, თუკი რათქმა უნდა შეძლო ამერიკელების დარწმუნება რომ თუ მთავარი ვერა, სათადარიგო მარიონეტის სახით ვაშინგტონს ერთგულ სამსახურს გაუწევს.

თუმცა დღემდე გაურკვეველი რჩება, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამერიკის ხელისუფლებას სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალსა და მის შესაძლო გაპრემიერებასთან. ვაშინგტონში ამ საკითხზე რომ ფიქრობენ, ჩანს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოველწლიური ანგარიშიდანაც, სადაც შეფასებულია მსოფლიო მასშტაბით არსებული საფრთხეები. ანგარიშში ვკითხულობთ: «2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გააძლიერებს, რაც ზოგიერთებს იმის მოლოდინს უჩენს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, შესაძლოა, პრემიერ მინისტრის რანგში ხელისუფლებაში დარჩენას ეცადოს, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე». ამ ანგარიშში აშკარად გამოკვეთილი პოზიცია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ ვაშინგტონს სააკაშვილის გაპრემიერებასთან დაკავშირებით, არ ჩანს, ამიტომ ჩვენ ვერ დავასკვნით, რამდენად არის მისაღები მათთვის პრემიერი სააკაშვილი თუ მის ჩანაცვლებაზე ფიქრობს. თუმცა დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით იმოქმედებს პრაგმატული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ანუ «თეთრი სახლის» გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეალობა იქნება იმ დროისთვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა რა კონდიციამდე მივა და, რაც მთავარია, სააკაშვილის რეჟიმის ჩანაცვლებაზე პრეტენზიის მქონე ძალა იქნება თუ არა ისეთივე მარიონეტი, როგორიც დღეს სააკაშვილია. ეს არის ის ძირითადი «კრიტერიუმები», რომლებიც მომავალში პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნა-არყოფნას განსაზღვრავს.

ისიც ფაქტია, რომ ბარაკ ობამასთვის მიხეილ სააკაშვილი თვალში ჩავარდნილი ხიწვია, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სამი წლის განმავლობაში პირისპირ არ შეხვდა მას, როგორც სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ლიდერს. მაგრამ, წმინდა პრაგმატული პოლიტიკიდან და რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სააკაშვილი «შეუცვლელი» მარიონეტია, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ ამერიკის ხელისუფლების ნებისმიერ დავალებას უყოყმანოდ ასრულებს.

მაგრამ სააკაშვილის კვლავ ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენა საქართველოში (ასევე კავკასიაში) სტაბილურობას აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული საზოგადოება დაშინებულია და რადიკალური საპროტესტო გამოსვლისგან თავს იკავებს, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია წარსული გამოცდილებითა და ქუჩის აქციების უპერსპექტივობით. თუმცა დიქტატურას ქართველი ხალხი დიდხანს არ შეეგუება და, სანამ ამერიკის ხელისუფლება სააკაშვილის სურვილს, იყოს პრემიერ-მინისტრი, მხარდაჭერას გამოუცხადებს, დაფიქრება და სიტუაციის სწორად შეფასება არ აწყენდა.

გიორგი მეძმარიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here