Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატიის ბერძნული აღსასრული

დემოკრატიის ბერძნული აღსასრული

599


13 თებერვლის ღამეს საბერძნეთის პარლამენტმა სახელმწიფო ხარჯების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანას ეს პირობა წაუყენეს, რომლის შესრულების გარეშეც საბერძნეთი საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებდა. პარლამენტის სხდომა ქუჩის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ათენის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. რა გასაკვირია, როცა პარლამენტმა ხელფასებისა და პენსიების მკვეთრი შემცირების გადაწყეტილება მიიღო!

პოლიცია ეცადა, აქცია დაეშალა, მაგრამ ხალხის წინააღმდეგობის გამო ყველაფერი მასობრივ დარბევაში გადაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია 140 ადამიანი.

თუმცა ყველაზე საინტერესო 14 თებერვალს განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა. გაუგონარი ზეწოლით საბერძნეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროპამ, პირველ რიგში კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საბერძნეთის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა. ეს კი დაპირებული 130 მილიარდი ევროა, რომელიც საბერძნეთისთვის ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა გადაეცა. თუ არაფერი შეიცვალა, ეს საბერძნეთისთვის გარდაუვალ დეფფოლტს ნიშნავს.ათენში გადაღებულმა ფოტოებმა, არ შეიძლება, თბილისის 7 ნოემბერი და 26 მაისი არ გაგახსენოს. იგივე გაზი, იგივე ხელკეტები, ცემა და სისასტიკე. მიხეილ სააკაშვილს არაფერი გამოუგონია ახალი. ყველა რეპრესიული ზომა, რომელსაც იგი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართავს, სწორედ იქიდან არის წამოღებული, სადაც შესვლას უკვე მერამდენე წელია, პირდებიან ქართველ ხალხს.

ეს მეთოდებიც და სპეცტექნიკაც, რომლითაც ნაციონალური რეჟიმი უმასპინძლდება საკუთარ ხალხს, დასავლური გამოგონებაა; ზოგი ამერიკული, ზოგიც _ ევროპული. ეს «მიკი მაუსებიც» ამერიკული თოჯინაა, რომელიც ისე გამეტებით ექცევა თანამოძმეს, თითქოს მასში ადამიანს ვერ ხედავს. თითქოს კი არა, იგი ასე გაწვრთნეს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა: _ ისინი შენი პირადი მტრები არიან. მათ უნდათ, სამსახური დაგაკარგინონ და ულუკმა-პუროდ დაგტოვონ. არ დაინდო, თორემ ისინი არ დაგინდობენ!

სახეზე ხელებაფარებული და სახელდახელო ნიღბიანი ქალები კი ტირიან, რადგან ისინი უკვე არ დაინდეს, უკვე დატოვეს ულუკმაპუროდ. გამწარებული მამაკაცი შიშველი ხელებით ეღობება პოლიციელებს. რა უნდა გააწყოს?.. გოგონას პოლიციელი მიათრევს. ის ერთია, პოლიციელები კი – ბევრნი… პოლიციის სპეცრაზმს «სტრატეგიული სიმაღლეები» დაუკავებია: ხალხი ალყაში ჰყავთ, რომ არსად გაექცეთ. თანაც, ზემოდან უკეთ ჩანს «ბრძოლის ველი».

პოლიციელი ქვებს ესვრის მომიტინგეებს. განა იმიტომ, რომ იარაღი არა აქვს, _ ალბათ, საღამოს საბერძნეთის ტელევიზია გამოაცხადებს, რომ ქვები მომიტინგეებმა დაუშინეს პოლიციას.

დარბევასაც ხომ საბაბი უნდა?!

მანათობელი შუშხუნა, რომელსაც მომიტინგე პოლიციისკენ ისვრის, საღამოს ეთერში «მოლოტოვის კოქტეილად» გასაღდება.

თბილისისგან განსხვავებით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა ვინ იცის? საქართველოდან ჩასული რომელიმე გესტარბაიტერი კიდევაც რომ დაიკარგოს, ვინ მოიკითხავს?

პოლიტკორექტული «ევრონიუსი» უკვე ალაპარაკდა საბერძნეთში რევოლუციის შესაძლებლობაზეც. ახლა წარმოიდგინეთ რომელიმე ბერძენი ოპოზიციონერი, რომელიც საჯაროდ გამოვა და იტყვის, ქუჩაში არ გამოხვიდეთ, არჩევნებს დაველოდოთო!

ერთნი ქუჩაში ეძებენ ხსნას, მეორენი _ ეკლესიაში. ბოლო დღეებში საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში მრევლმა საგრძნობლად იმატა. ვერც პირველნი და ვერც მეორენი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავენ.

«დამთავრდა საბერძნეთი. იმედი აღარ არის. ბანკროტობით სულ გაგვანადგურებენ, მერე კიდევ ათი წელი ტანჯვაში უნდა გავატაროთ და მაინც თვითონ მოგვიწევს თავის შველა», _ ამბობს ერთი ბერძენი.

მეორე ეპასუხება: «ხალხი შიშისგან დამუნჯდა. მგონი, გიგანტური აფეთქება, რისხვის აფეთქებაა აუცილებელი»!

მესამე სასოწარკვეთილია: «საბერძნეთში დამთრგუნველი ვითარებაა. ბერძნებს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა არ შეუძლიათ. მომავალზე ფიქრი არ შეუძლიათ. ხოლო თუ მომავალზე ფიქრი არ შეგიძლია, ესე იგი მომავალი არა გაქვს»!

ბერძნებმა არ იციან, როგორ შეიძლება იამაყო იმით, რომ რუსთაველზე ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა, ან იმით, რომ «ამერიკელები არჩევნების გაყალბებაზე თვალს აღარ დახუჭავენ». სამაგიეროდ, მათ კარგად იციან: რაც მეტს აპატიებ ხელისუფლებას, მით უარესს უნდა ელოდე მისგან.

და კიდევ ერთი იციან ბერძნებმა, _ რომ საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველონ! ცნობისათვის: საბერძნეთი ნატოს წევრია 1952 წლიდან, ევროკავშირის წევრი _ 1981 წლიდან. კვიპროსი კვლავაც ორად არის გაყოფილი და ნახევარი ნატოს წევრ თურქეთს უკავია, მეორე ნახევარი ბერძნულია, ხოლო ევროკავშირის წევრი საბერძნეთი ამის გამო თურქეთის ევროკავშირში შესვლას უძალიანდება. თუმცა, ევროზონიდან საბერძნეთსაც, როგორც ჩანს, მალე დაითხოვენ…

ჩვენ საით მივდივართ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here