Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის გამბიტი…

ივანიშვილის გამბიტი…

610

სახელისუფლო პროპაგანდა ყეფს, ქარავანი კი მიდის. ეს სიტუაცია ქართული პოლიტიკისთვის ერთობ უჩვეულოა, რადგან ადრე ოპოზიციური ქარავნები ჩერდებოდნენ იმისთვის, რომ ყეფის წყაროსთან (პოლიტკორექტულად რომ ვთქვათ) ხმაურიან, თუმცა ფრიად უნაყოფო პოლემიკაში ჩაბმულიყვნენ. ბიძინა ივანიშვილმა ეს პრაქტიკა შეცვალა. ქარავანი წინ მიდის, შესაძლოა, არც ისე სწრაფად, როგორც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას სურს, არამედ შეფერხებებით და ამბიციური აქლემების მართვასთან დაკავშირებული პრობლემებით, მაგრამ წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა და ამას არავინ უარყოფს.

მალე ივანიშვილი არენაზე საკუთარი პარტიის ავანგარდს გამოიყვანს. მისი წარდგენა უკანა პლანზე ჩააჩოჩებს ანალიზს იმ ნაბიჯებისა, რომლებიც მან თებერვლის პირველ ნახევარში გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული შედეგები სწორედ მათ და არა სიაში ამა თუ იმ მოღვაწის შეყვანას მოჰყვება, თუნდაც ის საზოგადოებრივ აზრზე ისეთივე მასშტაბურ ზემოქმედებას ახდენდეს, როგორც მოწიფულობის ასაკში შესული კინგ-კონგი. ასე რომ, ურიგო არ იქნება, შექმნილი პაუზით ვისარგებლოთ და იმ სავარაუდო ცვლილებებზე ვისაუბროთ, რომლებიც ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილებებს მოჰყვება. ოდნავ გაწელილი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციურ კოალიციას «ეროვნული ფორუმი» შეუერთდა. ამის შემდეგ, საზოგადოების რეაქციის ზოგად მონიტორინგს თუ დავეყრდნობით, შვებით მხოლოდ «ფორუმის» მხარდამჭერებმა როდი ამოისუნთქეს. ივანიშვილის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ოპოზიციური ამომრჩეველი, ალბათ, არ ჩათვლიდა, რომ კოალიცია საკმარისად წარმომადგენლობითი და, შესაბამისად, ლეგიტიმურია, თუ მასში, ივანიშვილის პარტიასთან ერთად, მხოლოდ, რესპუბლიკელები და ალასანიას ჯგუფი შევიდოდნენ. ელექტორატის ნაწილში არსებობდა შიში (რაციონალური იყო ის თუ არა, სხვა საკითხია), რომ ეს ორი ძალა კოალიციას «გაუმჯობესებული მიშების» ვიწრო პოლიტიკურ სექტად გადააქცევდა. «ეროვნული ფორუმის» «შემოერთებამ» ეს წარმოსახვითი საფრთხე გარკვეულწილად გაანეიტრალა. ბევრი ამომრჩეველი, სავარაუდოდ, დამშვიდდა, როდესაც ივანიშვილის გვერდით, გასაგებ ენაზე მოსაუბრე და (დამაჯერებელი დეკლარაციის დონეზე მაინც) ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობაზე ორიენტირებული ძალა იხილა.საინტერესო როლი ამ შედეგის მიღწევაში ე.წ. მესამე ცენტრის საინფორმაციო ფანტომმა შეასრულა. სინამდვილეში ამ ცენტრის შექმნას რამდენადმე ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალებიდან არავინ აპირებდა, მაგრამ ამ იდეამ ზოგიერთი მოღვაწის წარმოსახვაზე იმდენად სერიოზული ზეგავლენა მოახდინა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ, შეგუებოდნენ კოალიციის გაფართოებას, რომელსაც, სავარაუდოდ, მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდნენ. რამდენიმე მათგანი, მძიმე პოზიციურ ბრძოლებს «მესამე ცენტრის» უხილავ აჩრდილთან დღემდე განაგრძობს (არა უშავს, ხდება ხოლმე).

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც ივანიშვილმა «ასავალ-დასავალისთვის» მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ კოალიცია მზად არის, იმ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილნი არ არიან, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე შეუთანხმდეს. რა პრაქტიკულ შედეგს მოიტანს ეს?

ნებისმიერ «მინი» (ან «მიდი») პარტიაში, თუ სათვალავში პათოლოგიურ გამონაკლისებს არ ჩავაგდებთ, არის მინიმუმ ერთი ლიდერი, რომელიც, ასე თუ ისე, საზოგადოების სიმპათიას იმსახურებს და კარგი საიმიჯო პოტენციალი გააჩნია. ბევრ მათგანს მყარი პოზიციები რომელიმე ერთ რაიონში აქვს, როგორც წესი, იქ, სადაც დაიბადა ან დიდხანს მოღვაწეობდა. დღეს ასეთი კანდიდატები მაჟორიტარის მანდატს დამოუკიდებლად ვერ მოიპოვებენ, მათ რეჟიმთან გამკლავების შანსი არ აქვთ. რატომ უნდა დაიკარგოს ეს რესურსი?

მარტივად რომ ვთქვათ, ერთი კოღო არაფერს წარმოადგენს, სამასმა კოღომ კი შეიძლება სპილო ჭკუიდან გადაიყვანოს ან სულაც იმსხვერპლოს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბოლო დრომდე მიიჩნევდნენ, რომ მაჟორიტარების მანდატების უდიდესი ნაწილი «ჯიბეში უდევთ», რომ ეს საარჩევნო სივრცის «ღრმა ზურგია», სადაც არაფერი ემუქრებათ. ახლა გაირკვა, რომ თითოეულ რაიონში მათ შეიძლება ოპოზიციის ერთიანი, ადგილობრივი კონტექსტის მიმართ კარგად ადაპტირებული კანდიდატი დაუპირისპირდეს, რომლის სასარგებლოდ ივანიშვილის რესურსი იმუშავებს. ეს პერსპექტივა ხელისუფლებას სტრატეგიულ მარცხს უქადის და მისგან აზრიან რეაგირებას მოითხოვს, რითაც ბოლო დროს ის ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ საკითხი მაჟორიტარების მანდატებთან დაკავშირებული პრობლემატიკით არ შემოიფარგლება. საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ასპექტში, კოალიციის მჭიდრო თანმშრომლობა მცირე პარტიებთან ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შეგრძნებას გაამყარებს, რომელიც სააკაშვილის მოწინააღმდეგე ამომრჩეველს ასე სჭირდება. ამასთანავე, ამ ახალ რეალობაში «მინი-პარტიების» მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებლად (ნებით თუ უნებლიეთ, რა მნიშვნელობა აქვს) არ გადაიქცევა, როგორც ეს აქამდე იყო. მოკლედ, გონივრული გამოყენების შემთხვევაში, «მოსკიტურ ძალებს», პოლიტიკაში იქნება თუ ომში, საერთო გამარჯვებაში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლიათ.

8 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ, «იდეოლოგიური განსხვავებების» გამო, კოალიციური თანამშრომლობა ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიებთან, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება, თუმცა მათთან «ტექნიკურ საკითხებზე» თანამშრომლობა არ გამორიცხა და დასძინა: «მათ განვიხილავთ, როგორც ოპოზიციურ პარტიებს, დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებს და ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ არავითარი კრიტიკა [არ იქნება], მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათთან გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა».

როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ ამა თუ იმ ძალასთან ალიანსი ვერ შედგება, მისი სარზე დასმის მცდელობა და ხელისუფლებასთან გარიგებაში დადანაშაულება მოსდევს. ივანიშვილმა სხვა გზა და გაცილებით რბილი ტონალობა აირჩია. საინტერესოა, რატომ?

შესაძლოა, აქ საქმე მხოლოდ ხმაურიანი და უაზრო ინტერპარტიული დაპირისპირების პრევენციას არ ეხება. თუ იმის დადგენას შევეცდებით, რა პოზიციას ვიხილავთ ჩვენ პატარა საჭადრაკო დაფაზე რამდენიმე სვლის შემდეგ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ეს საკმაოდ წინდახედული ნაბიჯი იყო.

განვიხილოთ სცენარი, რომლის ფარგლებში სააკაშვილის რეჟიმი მარცხდება. ემოციური ზეიმის, «ნაციონალური მოძრობის» დაშლის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცოცხლების, მოკლედ, საყოველთაო ეიფორიის შემდეგ, ყოველდღიური ცხოვრება დაიწყება. ვინაიდან სააკაშვილის მმართველობის მძიმე შედეგების აღმოფხვრას, წლები თუ არა, ათწლეულები დასჭირდება, რაღაც მომენტში საზოგადოების ნაწილში, ბუნებრივად, უკმაყოფილება იმძლავრებს. კლასიკური განწყობა «რისთვის ვიბრძოდით, რისთვის ვიდექით წვიმაში» ადრე თუ გვიან თავს იჩენს და, შესაბამისად, «ახალ ოპოზიციაზე» მოთხოვნაც გაჩნდება.

ამ დროს ავანსცენაზე გამოვა ნინო ბურჯანაძე (ან ვინმე სხვა, თუმცა ბურჯანაძის გარეშე ეს პრემიერა, ალბათ, არ ჩაივლის) და იტყვის, რომ ახალი ხელისუფლება ძველი სისტემის დემონტაჟის საქმეში არასაკმარისად რადიკალური და თანმიმდევრულია, რომ ზედა ეშელონებში «ნაცმოძრაობის» ნარჩენები კვლავინდებურად რჩებიან, რომ ზონდერ-ჯალათების დიდი ნაწილი თავს არხეინად გრძნობს, რომ ყველამ ვერ დაიბრუნა უსამართლოდ ჩამორთმეული ქონება, რომ ნატოსა და რუსეთთან ნაყოფიერი დიალოგისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მხოლოდ კეთილი სურვილები არ კმარა და ა. შ. მომავალი ოპოზიციის ერთი ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ რიტორიკას მიმართავს. ამასთანავე, იქნება მეორე ნაწილიც, რომლის ფორმირება, სავარაუდოდ, ზემოხსენებული «ნარჩენებისგან» მოხდება. ისინი, თავის მხრივ, დაადანაშაულებენ ახალ ხელისუფლებას იმაში, რომ ის «ვარდების რევოლუციის» იდეალებსა და პროდასავლურ კურსს დაშორდა, რეფორმები შეაჩერა და პრობლემები სწორედ აქედან მოდის.

ამ მომენტში ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არბიტრისა და არა ერთ-ერთი მხარის როლი შეასრულოს. ის, სავარაუდოდ, არ აპირებს სააკაშვილის შეცდომა გაიმეოროს, რომელიც, საერთო-ეროვნული ლიდერის მანტიის მორგების ნაცვლად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ბელადად იქცა. შესაძლოა, მათ შორის აქედან მოდის ივანიშვილის ზომიერი რიტორიკა «მომავალი ოპოზიციის» (როგორც ერთი, ისე მეორე, «მიშისტური» ნაწილის) სავარაუდო ბირთვის მისამართით, საუბრები შესაძლო კომპრომისებზე, კონსენსუსზე, თემატურ თანამშრომლობაზე და ა. შ.

სხვათა შორის, თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი ისე საფუძვლიანად შეიცვლება, რომ ამ ცვლილებების ადეკვატური ასახვისთვის საჭირო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდება? ეს შედარებით შორეული პერსპექტივაა, თუმცა, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ.

10 თებერვალს, ანუ ორ დღეში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ (მათ შორის, კახა კუკავას მისამართით) «არავითარი კრიტიკა» არ იქნება, გაზეთ «ვერსიაში» გამოქვეყნდა თინა ხიდაშელის ინტერვიუ, სადაც შემდეგი ფრაზები იყო: «არის ასეთი პოლიტიკური სუბიექტი _ კახა კუკავა, რომელიც დგას მაღალ მთაზე და ამბობს: ახლა ყველა გავერთიანდეთო. აი, მას მე, უბრალოდ, დავცინი!»… «კუკავა კი ღრმად არასერიოზული მოვლენაა». ამის შემდეგ, ძველად რომ იტყოდნენ, ერთობ გაუგებარი შეიქნა «სადაა გენერალური ხაზი», რადგან ივანიშვილისა და ხიდაშელის სიტყვები ერთმანეთთან, ასე თუ ისე, წინააღმდეგობაში შევიდა. ცხადია, ეს მცირე ეპიზოდი ივანიშვილს, ხიდაშელსა და კუკავას განსაკუთრებულს არაფერს დააკლებს, თუმცა ის საკმაოდ სიმპტომატური ჩანს. ივანიშვილისა და რესპუბლიკელების ურთიერთობის ანალიზს რომც არ ჩავუღრმავდეთ, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ამ ეპიზოდში, როგორც სარკეში, აირეკლა განსხვავება სტრატეგიულ ხედვასა და ტაქტიკურ, ვიწროპარტიულ გათვლებს შორის; მის მიღმა მომავლის იმ ბუნდოვანი კონტურების დანახვა შეიძლება, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

თუმცა, ვიდრე იქამდე მივალთ, ალბათ, აჯობებს, ყურადღების კონცენტრირება «სააკაშვილის პრობლემაზე» მოვახდინოთ, რომელიც ფელდმარშალ პაულუსივით ალყაშემორტყმული ზის და დანებებას არ ჩქარობს. ივანიშვილმა მას მოუწოდა, «დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში», თუ არა და ამას საზოგადოებასთან ერთად აიძულებს, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სააკაშვილის უდრტვინველ მომავალზე ვერავინ აიღებს. ამ განცხადებას «გაფრთხილება” კი ეწოდა, მაგრამ მასში, ალბათ, მაინც იყო რაღაც (კერძოდ კი, სავსებით გასაგები ქვეტექსტი), რაც მას ულტიმატუმთან აახლოებდა. ულტიმატუმის ენას, როგორც წესი, მაშინ მიმართავენ, როდესაც მოწინააღმდეგე უიმედო მდგომარეობაშია და მისი ძალების რღვევის დაწყებას ორიოდე წუთი აკლია. თუმცა არის ამქვეყნად ბლეფის ტაქტიკაც, რომელიც შეიძლება არამდგრადი ფსიქიკის მქონე ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენო. რასთან გვქონდა საქმე ამ შემთხვევაში? ამომწურავ პასუხს ამ კითხვაზე ჯერჯერობით ვერ მივიღებთ, თუმცა ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკის დაკვირვება გაცილებით საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე ახალი, ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა. ისიც ფაქტია, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ ადამიანის ოთხფეხა მეგობრები, ქარავანი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here