Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონებო, რატომ თანამშრომლობდით ჩვენთან? ახლა თქვენ ამისთვის დაგსჯიან…

ბატონებო, რატომ თანამშრომლობდით ჩვენთან? ახლა თქვენ ამისთვის დაგსჯიან…

751


ბატონებო, რატომ თანამშრომლობდით ჩვენთან? ახლა თქვენ ამისთვის დაგსჯიან… (იოზეფ გებელსი, მესამე რეიხის პროპაგანდის ინისტრი).

ორ სკამზე ჯდომა და ათას წინაღობაზე ხტომა პოლიტიკური სპორტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. გამორიცხული არაა, რომ მალე ამ დისციპლინებში ერთმანეთს «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები შეეჯიბრებიან, რადგან სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება მომავალში ვერ მოხერხდება. შესაბამისად, მათ თავი უნდა დაიზღვიონ და საკუთარ მომავალზე წინდაწინ იზრუნონ, რასაც, დაუზუსტებელი ინფორმაცით, აქტიურად აკეთებენ კიდეც და ბიძინა ივანიშვილთან საიმედო კონტაქტების დამყარებას ცდილობენ. ეს, ცხადია, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააკეთონ, რათა სააკაშვილმა ამის შესახებ არ შეიტყოს და უცაბედად თავში (მაგალითად) საფერფლე არ სტყორცნოს. ამასთანავე, არსებობს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის (შედარებით მცირე) შანსიც და მათ არც ეს ვარიანტი უნდა გამორიცხონ. მოკლედ, ნაციონალური ოლიმპიადა ორ ცეცხლს შუა მდებარე წინაღობებზე ხტომაში გახსნილია და მალე, სავარაუდოდ, პირველ პრიზიორებს ვიხილავთ.

ტრიფონს არ დაიჭერენ1945 წლის აპრილში, ბოლო ოპერატიულ თათბირზე თავის უწყებაში, იოზეფ ჰებელსმა, რომელიც იმ მომენტამდე ხელქვეითების კამათში არ ერეოდა, უცებ თავი აწია და თქვა: «ბატონებო, რატომ თანამშრომლობდით ჩვენთან? ახლა თქვენ ამისთვის დაგსჯიან…», ადგა და ოთახიდან ისე გავიდა, რომ პროპაგანდის სამინისტროს პირდაღებულ ჩინოვნიკებს ზედაც არ შეხედა. ისტორიკოსები, რომლებიც ამ ეპიზოდს აღწერენ, თხრობას ჰებელსის ოთახიდან გასვლისთანავე წყვეტენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია იქ ორიოდე წუთით შევყოვნდეთ და წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში რეჟიმის მიტოვებული, «დაობლებული» მსახურების თავში; თითოეული მათგანი, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ სადღაც უნდა გაიქცეს, რაღაც უნდა გააკეთოს, რათა მოახლოებული, პრაქტიკულად გარდაუვალი სასჯელი აირიდოს.

ცხადია, ორ რეჟიმს ერთმანეთს არ შევადარებთ (თუნდაც იმიტომ, რომ ამისთვის საგაზეთო სივრცე არ გვეყოფა), თუმცა ფსიქოლოგიური შემადგენელი ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტურია. ერთის მხრივ, არის დანაშაული (უფრო კორექტულად რომ ვთქვათ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩადენილ იქნა), მეორე მხრივ კი, დოსტოევსკის თუ დავესესხებით, არის სასჯელი, რომელსაც ძნელად თუ გაექცევი.

ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მარცხის შემთხვევაში, «ნაციონალური მოძრაობა» შეიძლება ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდეს, მეტიც, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი შეინარჩუნოს. ეს ვარაუდი, რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუმცა მოვლენათა ამ სცენარით განვითარების ალბათობა არც ისე დიდია. «ნაცმოძრაობამ» ბოლო წლებში სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა, თითქმის კლასიკურ სახელისუფლო პარტიად, ერთგვარ «ხელისუფალთა პროფკავშირად» იქცა და, სამედიცინო მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, დამოუკიდებელი გადაადგილება აღმასრულებელი ხელისუფლების «ყავარჯნების» გარეშე, პრინციპში, აღარ შეუძლია. ამ პარტიის «ჩამოშლა» მისი დამარცხების შემთხვევაში თითქმის გარდაუვალი ჩანს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც მის ერთიანობას უზრუნველყოფს, სავარაუდოდ, ბუნებაში არ არსებობს. საუბარი გამაერთიანებელ იდეურ პლატფორმაზე ამ შემთხვევაში, ალბათ, უადგილოა; მმართველ პარტიას არც ერთი რამდენადმე სერიოზული საპროგრამო დოკუმენტი არ შეუმუშავებია, რომლის მეშვეობით მის ფორმულირებას მოახდენდა. ამასთანავე, მასში, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ცოტა მედროვეა და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა პროცესები განვითარდება, როდესაც მათი მასა გამოსასვლელს მოაწყდება. სააკაშვილის მმართველობის წლებში საკუთარი საეჭვოდ გაზრდილი ქონების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას ეს ადამიანები, დიდი ალბათობით, არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად, ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმების გზით შეეცდებიან. შეიძლება გაჩნდეს ვერსია, რომ «ნაციონალური მოძარობის» ერთიანობას სააკაშვილის ავტორიტეტი უზრუნველყოფს, თუმცა წარმოდგენები მისი პოტენციალის შესახებ, ალბათ, მაინც გადაჭარბებულია. პოლიტიკაში მისი დარჩენის შანსი ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსახლების შემდეგ, ძალზე მცირე, კაცმა რომ თქვას, მიკროსკოპულია. 

შესაძლოა, დღეს ერთიანობის შენარჩუნება ხელისუფლებაში ან მის უშუალო სიხლოვეს მყოფმა ე. წ. ლიბერალების ჯგუფმა შეძლოს». გამორიცხული არაა, რომ ეს ადამიანები რაიმე დაბალრეიტინგულ, თუმცა, საინფორმაციო თვალსაზრისით, ფრიად აქტიურ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, დაახლოებით ისეთს, როგორიც დღეს რესპუბლიკური პარტიაა. მაგრამ ეს უკვე არა «ნაციონალური მოძრაობა», არამედ სულ სხვა ძალა იქნება, რომელიც იძულებული გახდება, ძველი თანაგუნდელებისგან გარკვეული დისტანცირება მოახდინოს, «ნამდვილი ლენინელებისა და დამპალი ოპორტუნისტების» დაუვიწყარ სტილში. აშშ-ის ელჩი ფინჯან ჩაიზე დაპატიჟებს ხოლმე და მათ პოლიტიკურ შელოცვებს თავაზიანად მოისმენს.

ასეა თუ ისე, ჩვენ, ალბათ, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ «ნაციონალური მოძრაობის» საბოლოო ხვედრი «მოქალაქეთა კავშირისგან» ან «აღორძინებისგან» განსხვავებული იქნება. რამდენიმე ათეული ოდიოზური ფიგურა პოლიტიკური და საინფორმაციო სივრციდან ამოვარდება, ზოგიერთის საქმიანობას გამოიძიებენ და შეიძლება გაასამართლონ კიდეც, თუმცა ძირითად მასას, მცირე სტრესის გარდა, განსაკუთრებული, სავარაუდოდ, არაფერი დაემუქრება. მეტიც, ის, ვინც სააკაშვილისგან დროულ და ეფექტურ დისტანცირებას მოახდენს, შეიძლება «გაიქაჩოს» კიდეც. 

რაც შეეხება ზოგად პროგნოზს, «ნაციონალური მოძრაობა», ძალიან დიდი ალბათობით, დანაშაულებრივ ორგანიზაციად არ გამოცხადდება, მისი ყოფილი წევრების პოლიტიკური უფლებები არ შეიზღუდება, არანაირი «აკრძალვები პროფესიაზე» და სხვა მსგავსი სანქციები მათ არ დაუწესდებათ, ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი «ჭანჭიკების» ნამოქმედარის გამოძიება და მათი გასამართლება (თუ სათვალავში რამდენიმე რეზონანსულ საქმეს არ ჩავაგდებთ), სავარაუდოდ, არ მოხდება. რამდენად მისაღები იქნება ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა უშუალოდ დააზარალა (და სრულიად საზოგადოებისთვის) ან რა გზით უნდა წავიდეთ ამ ორჭოფულ სიტუაციაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მამა აფრიკა

ასეთ ვითარებაში წასვლა ორი მიმართულებით შეიძლება. «ევროპული გზა» გულისხმობს, რომ ნებისმიერი დანაშაული გამოძიებული უნდა იქნას, ხოლო დამნაშავე, მისი სტატუსისა და პოლიტიკური კონიუქტურის მიუხედავად, უნდა დაისაჯოს; კანონმა ამ მიდგომის ფარგლებში აუცილებლად უნდა იკანონოს. არის მეორე გზა, რომელსაც, როგორც წესი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები მიუყვებიან. იქ ძირითად მიზანს ეროვნული თანხმობისა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, არც ერთი პოლიციელი არ გაუსამართლებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთი აშკარა, ცინიკური დანაშაული ჩაიდინეს. იქ «ჭეშმარიტების დადგენისა და შერიგების კომისია» მუშობდა, მან მთელი რიგი მამხილებელი მასალები გამოაქვეყნა, თუმცა მხილებულთა 99% არ გაუსამართლებიათ.

მართალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გარკვეული სპეციფიკა გააჩნია და იქ ხელისუფლება იძულებულია, მუდამ იფიქროს იმაზე, ხომ არ გამოიწვევს რომელიმე მისი ნაბიჯი დაპირისპირებას თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის, თუმცა მსგავსი პრობლემის წინაშე დიქტატურის დამხობის შემდეგ ლათინური ამერიკის არაერთი ქვეყანა დადგა (ჩილე, არგენტინა, სალვადორი, ეკვადორი და ა. შ.). იქაც მუშაობდნენ შესაბამისი კომისიები, თუმცა იქაური «დაბალი და საშუალო რგოლის ჯალათების» აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც გარეთ დადის.

საქართველოს ახლო მომავალში, როგორც ჩანს, არჩევანის გაკეთება მოუწევს: რა გზას გაუყვება ის _ ევროპულს თუ აფრო-ლათინოამერიკულს? სხვათა შორის, «ევროპული გზა» არ გულისხმობს, რომ მაინც და მაინც სააკაშვილისეულ «ნულოვან ტოლერანტობას» და სხვა სადისტურ პრაქტიკებს უნდა მივმართოთ. სასჯელი შეიძლება მსუბუქი, თითქმის სიმბოლური იქნეს (მაგალითად, მოკრძალებული ჯარიმა ან რამდენიმეთვიანი პატიმრობა), თუმცა აქ მთავარი, ალბათ, არა განაჩენის სიმძიმე, არამედ ძირითადი პრინციპია: ამა თუ იმ მოქალაქემ დამნაშავეს შეიძლება მიუტევოს, დაივიწყოს, რომ ის ციხეში აწამებდა ან მისი კუთვნილი ბიზნესი წაართვა, თუმცა სახელმწიფო, უფრო ფართოდ კი, საზოგადოება, დანაშაულზე თვალს ვერ დახუჭავს.

გარკვეული პლუსები, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, «აფრიკულ ვარიანტსაც» აქვს. მთავარი მათ შორის, ალბათ, სტაბილურობის შენარჩუნება და ჯერაც ინფანტილურ საზოგადოებაში განხეთქილების თავიდან აცილებაა. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გზა ხელისუფალთა მომავალი დანაშაულის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.

«მესამე სამყაროს» ქვეყნებში, დიქტატურის დემონტაჟის შემდეგ, ხშირად ავანსცენაზე «განტევების ვაცი» გამოჰყავთ. იმისთვის, რომ საზოგადოებამ «ორთქლი გამოუშვას» და დამშვიდდეს, მთელ უბედურებას ერთ ადამიანს (დიქტატორს) და მის რამდენიმე თანამეინახეს უკავშირებენ და მათ მკაცრად, სამაგალითოდ სჯიან. თუმცა ამ ლიდერების დანაშაულებრივი მითითებების შემსრულებელთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება და არცთუ იშვიათად ახალი ხელისუფლების სამსახურში დგება.

დღეს საქართველო დანაშაულის ადგილს ჰგავს, სადაც ერთდროულად ტერორისტული აქტი და ძარცვა-ყაჩაღობა მოხდა: ნანგრევების ფონზე, მარჯვნივ, უდანაშაულო მსხვერპლთა ცხედრები ასვენია, მარცხნიდან კი გაძარცვულების მოთქმა ისმის. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ყველა თანამონაწილე? არც ერთი? მხოლოდ რამდენიმე? და ბოლოს, რა ვუყოთ ჩვენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველივე ჩვენ თვალწინ, ჩვენს ქვეყანაში, მნიშვნელოვანწილად ჩვენი დუმილის გამო მოხდა?

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ამ თემაზე საუბარი რეჟიმის საბოლოო ჩამოშლამდე ნაადრევია, თუმცა ძირითად პრინციპებზე დაფიქრება, ალბათ, უკვე დღეს არის საჭირო; დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, რომლის ჩაბარება ქართულ საზოგადოებას ადრე თუ გვიან (სავარაუდოდ, მალე) მოუწევს.

MEA CULPA, MEA MAXIMA CULPA

ამ კონტექსტში ყურადღება კიდევ ერთ ფაქტორს უნდა მივაქციოთ: 30 იანვრის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან ბარაკ ობამამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ აშშ არ აპირებს იმის აღიარებას, რომ მისი პროექტი საქართველოში წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი შეიძლება ხელისუფლებიდან წავიდეს, ხოლო მისი შეცდომები საყოველთაო განხილვის საგნად იქცეს, ვაშინგტონი ხელშესახებ პერსპექტივაში, სავარაუდოდ, არ მოიწონებს «ვარდოსანი» ხელისუფლების წარმოჩენას «დანაშაულებრივ რეჟიმად» და მისი წარმომადგენლების საქმიანობის ყოვლისმომცველ გამოძიებას, რადგან წლების განმავლობაში მისი მთავარი სპონსორი და მფარველი გახლდათ. საქართველოს მომავალ ხელისუფლებას, იმისთვის რომ ამერიკელებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, მათ შორის ამ გარემოების გათვალისწინება მოუწევს. მეორე მხრივ, ის რადიკალურად განწყობილი საზოგადოების ზეწოლის ქვეშ მოექცევა, რომელიც მთელი რიგი ეპიზოდების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. ეს მომავალი ხელისუფლებისთვის (დროებით წარმოვიდგინოთ, რომ ის უკვე არსებობს), არცთუ სასიამოვნო სიტუაცია იქნება. როგორც უკვე ვთქვით, ასეთ დროს, «მესამე სამყაროს» ქვეყნებში ხშირად «განტევების ვაცის» ძებნა იწყება, თუმცა რაღა ძებნა უნდა, აგერ დგას და საკუთარ ჰალსტუხს უცნაურად უღიმის. ეს, პრინციპში, მარტივი გადაწყვეტილებაა, თუმცა სწორი ის, ალბათ, მაინც არ იქნება; პრობლემა, სავარაუდოდ, არა მხოლოდ და არა იმდენად სააკაშვილშია, რამდენადაც სისტემაში და, საბოლოოდ, თითოეულ ჩვენგანში.

მთავარი კითხვები: რამ განაპირობა ამ სისტემის შექმნა? რამ აქცია სააკაშვილი ისეთად, როგორიც არის? _ პასუხგაუცემელი, ალბათ, არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეცვლილი სისტემა და «ახალი სააკაშვილი» ადრე თუ გვიან დაგვიბრუნდება. ეს, შესაძლოა, უფრო სერიოზული სადისკუსიო თემაა, ვიდრე ბოლო წლების ამა თუ იმ ავკაცობაში მონაწილე დამნაშავეების დადგენა და მათი გასამართლება, რადგან დაფიქრება მასზე საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, საკუთარ თავს დიაგნოზი დაუსვას; ჯერჯერობით კი მხოლოდ სიმპტომებს ვხედავთ, ვხვდებით, რომ ცუდად ვართ, თუმცა არ ვიცით, რა გვჭირს.

წერილის დასაწყისში ხელისუფლების წარმომადგენლების თავდაუზოგავი რბოლა ვახსენეთ, რომელიც შეიძლება ძალიან მალე ვიხილოთ. ეს, სავარაუდოდ, საკმაოდ სახალისო სანახაობა იქნება, თუმცა ტრიბუნებზე მყოფთ, სტვენისა და სიცილის ნაცვლად, შეიძლება იმაზე დაფიქრება გვიღირდეს, ხომ არ არის იმ სილუეტებში, რომლებიც სარბენ ბილიკებზე კომიკურად მიმოიქცევიან, რაღაც ისეთი, რაც თითოეულ ჩვენგანში არის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here