Home რუბრიკები პოლიტიკა ოუშენის 12+1 მეგობარი

ოუშენის 12+1 მეგობარი

1370


ოუშენის 11 მეგობარი უკვე შორეულ – 1999 წლის პარლამენტში დარჩა. მაშინ გიორგი თარგამაძე ასლან აბაშიძის ფავორიტი იყო. ახლა ფილმის სიკველი გადის; თაღლითებისა და ქურდების ბანდა მშობლიური ამერიკიდან ევროპაში გადადის და ვირტუოზულ ძარცვას ახორციელებს. თარგამაძემ მოუხშირა ევროპაში სიარულს და სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრას. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ოუშენის ბანდის ერთ–ერთმა წევრმა იგი მიატოვა (თვით სტივენ სოდერბერგს გაეყინებოდა სისხლი ძარღვებში სიუჟეტის ამგვარ განვითარებაზე) და საპარლამენტო უმცირესობის ბედიც სასწორზე დაიდო. მასთან ერთად კი – კაბინეტები, პერსონალური მანქანები, ხელფასის დანამატები (რომელიც ხელფასზე მეტია), დასავლეთიდან ჩამოსულ დიდმოხელეებითან გარანტირებული შეხვედრები, შორეული მივლინებები, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას პარლამენტში რამდენიმე წუთით ცეცხლის დანთების საშუალება… ერთი სიტყვით, ოუშენის ამდენი ხნის ნაშენები სამყარო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საჭადრაკო პარტია რთულად, საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა. ორჯერ თითქმის პატის მდგომარეობა შეიქმნა: საპარლამენტო უმცირესობა დაშლის საფრთხის წინაშე იყო. გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უმცირესობაში შემავალი ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და უმცირესობის გარეთ მყოფ ფრაქციაში „ერთობა სამართლიანობისთვის“ გაწევრიანდა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი უმცირესობას ფრაქციები და მათდამი მიმხრობილი დეპუტატები ქმნიან. იმის გამო, რომ „ძლიერი საქართველოს“ დაშლის შემდეგ უმცირესობაში მხოლოდ ერთი ფარქცია – „ქრისტიან-დემოკრატები“ რჩებოდა, უმცირესობის დაშლის საფრთხე შეიქმნა.

მეორე დღესვე, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მათი ფრაქციის წევრის, რატი მაისურაძის „ძლიერი საქართველოსთვის“ მიცემის გადაწყვეტილება მიიღეს და ამით საპარლამენტო უმცირესობა დაშლას თითქოს გადაარჩენეს.თუმცა, შაბათსვე, საპარლამენტო უმრავლესობამ მათი რიგებიდან დეპუტატ ბეჟან ხურციძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო და დღის მეორე ნახევრისთვის საპარლამენტო უმცირესობას საფრთხე უკვე დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე შეექმნა. კერძოდ, უმცირესობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ნახევარზე მეტი. უმცირესობაში კი, რომან მარსაგიშვილის გია თორთლაძის ფრაქციიდან წასვლის შემდეგ, 12 დეპუტატი დარჩა. იმის გამო, რომ უმრავლესობის გარეთ, ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ, 24 დეპუტატი აღმოჩნდა, უმცირესობის შესაქმნელად საჭირო გახდა 12+1 დეპუტატის არსებობა. შესაბამისად, შაბათს, დღის მეორე ნახევარში საპარლამენტო უმცირესობას არსებობისთვის ერთი დეპუტატი აკლდებოდა.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ განცხადეს, რომ რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უმრავლესობის წევრ რამდენიმე მაჟორიტართან და ფორსმაჟორის გამო მოლაპარაკებებს დააჩქარებდნენ. მოლაპარაკებები დაჩქარდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობიდან კასპის მაჟორიტარი დეპუტატის წასვლის შესახებ პირველი განცხადება თავად უმრავლესობამ გააკეთა.

ბიუროს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე კი, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სწორედ კობა კურდღელაშვილი იყო და მან უკვე მიმართა მათ უმცირესობაში გაწევრიანების თხოვნით და თანხმობაც მიიღო.
კობა კურდღელაშვილი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებში“ შევა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრი რატი მაისურაძე ფრაქცია „ძლიერ საქართველოში“ დარჩება.
კობა კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლის შემდეგ, უმცირესობაში დეპუტატთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია და, შესაბამისად, უმცირესობის შენარჩუნება მოხერხდა.

კიდევ ერთხელ დაუკვირდით: უმცირესობა შეინარჩუნა უმრავლესობიდან წასულმა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კურდღელაშვილმა, რომელიც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებში“ გაერთიანდა!

საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კობა კურდღელაშვილმა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ნეტავ, თვითონ თუ სჯერათ ამ ზღაპრის? ნაციონალური მოძრაობა ერთი მანდატის გულისთვის ყველაფერს რომ კადრულობს, ამის შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ. საკუთარი „მწყობრი რიგების“ შეთხელების მცდელობასაც რომ არ დაუშვებენ, ესეც ვიცით. მაშ, რამ განაპირობა მმართველი პარტიის ასეთი ხელგაშლილობა? მხოლოდ იმან, რომ არაკონტროლირებად ოპოზიციაშიც ზუსტად 1 დეპუტატი აკლდებოდათ და იმ ერთი ადამიანის გადაბირება, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის ჩართვით სრულიად შესაძლებელი იყო. თუ ეს მაინც მოხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ მმართველი პარტია მის ერთგულ საპარლამენტო უმცირესობას კიდევ ერთ დეპუტატს უფეშქაშებს, რომ ახალი უმცირესობა არ წარმოიშვას. ოღონდ, როგორ აისახება ეს როქირებები ნაცმოძრაობის „შეურყეველ“ იმიჯზე, ეს უკვე სხვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ამომრჩეველმა ისედაც კარგად იცოდა, რომ თარგამაძის და „ქრისტიან–ჟურნალისტების“ პარლამენტში მოხვედრაც და „იმედის“ დროული გაჩერებაც ნაციონალებთან გაჩაღებული ვაჭრობის შედეგი იყო, მაგრამ საკუთარი დეპუტატების ასეთი ღია აღებ–მიცემობა მართლაც უპრეცენდენტოა. ფარულად „დეპუტატების თხოვება“ ადრეც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ასეთი საქვეყნო აუქციონი მართლაც პირველია. სამაგიეროდ, ამგვარი თამაშები ჩვეულია ოუშენისთვის, რომელიც მფარველებსაც იოლად იცვლის და მეგობრებსაც. არც თარსი რიცხვის 13–ის ეშინია.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here