Home რუბრიკები პოლიტიკა ზანგები ვართ, აბა რა!

ზანგები ვართ, აბა რა!

902

სააკაშვილის ცნობილი რასისტული გამონათქვამი, – „ჩვენ რა, ზანგები ვართ“? – ოპოზიციამ ერთხანს აიტაცა, მაგრამ რაკი რობერტ სტურუასგან განსხვავებით, მიშიკოს სამსახურიდან გამშვები არცერთი არ აღმოჩნდა, – მალევე მიივიწყა. არადა, მის ამ, ერთი შეხედვით, არაპოლიტკორექტულ ფრაზაში იმაზე მეტი სიმართლეა, ვიდრე ჩვენი შავკანიანი ძმების კანში – პიგმენტების რაოდენობა.

სააკაშვილის მიერ საკუთარი იმიჯის გაუმჯებესებისთვის ამერიკულ და ევროპულ პიარკომპანიებისთვის გადახდილი მილიონების შესახებ ჩვენმა „კონსტრუქციულმა“ ოპოზიციამ ასევე მალე დაივიწყა. მით უფრო, რომ, როგორც ირკვევა, ისინიც იგივეს გაკეთებას აპირებდნენ, უბრალოდ, ფული არ ჰქონდათ. პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ეს დანაკლისი მათ შეუვსო (ყველას თუ არა, – ნაწილს მაინც) და „პიარზე დახარჯული ხალხის ფულიც“ ისევე მიივიწყეს, როგორც სააკაშვილის რასიზმი და ქსენოფობია.

როგორც ირკვევა, ფულის საშუალებით ნამუსის მოწმენდა არც სააკაშვილის გამოგონებაა და არც მისი ოპოზიციის (სწორედ მისი და არა – ჩვენი ოპოზიციის!). ამ ხერხს ოდითგანვე მიმართავდნენ „ძლიერნი ამა ქვეყნისა“, თუმცა ახლა უკვე აფრიკის კონტინენტის ისეთი ქვეყნებიც ადგანან ამ გზას, რომელთაც არც ნატოში ელის ვინმე და არც დემოკრატიაზე უთითებენ. აზრი არა აქვს და იმიტომ.ასე მაგალითად, კანადური Globe and Mail–ის ინფორმაციით, ყოველთვიური 50 ათასი დოლარის საფასურად სააგენტო Racepoint რუანდის მთავრობას საკუთარი მოდღურული იმიჯის გარეცხვას დაპირდა. დაპირდა და აუსრულა კიდეც. რუანდის ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიციის „გაჩმახება“ სააკაშვილზე მეტად უშლიდა ნერვებს, ამ წინადადებას ციმციმ გამოეხმაურა და სარგებელიც ნახა: წელიწადნახევრის განმავლობაში ინტერნეტში რუანდის მაქებარი ორი საიტი გაჩნდა, თვეში 100–ზე მეტი პოზიტიური ინფორმაცია გადიოდა ტელევიზიებში, გაზეთებში და ინტერნეტში, რის წყალობითაც 11%–ით შემცირდა გენოციდის შესახებ გასული მასალების რაოდენობა. არადა, 1994 წელს რუანდაში მოწყობილი გენოციდი არაადამიანური სისასტიკით იყო გამორჩეული.

ამავე Racepoint–მა 167 ათასი დოლარის სანაცვლოდ ორიოდე წლის წინ ხელი მოკიდა მუამარ კადაფის სასარგებლო პიარ–კამპანიას. კადაფის ისინი პატივისცემით „ლიდერად“ მოიხსენიებდნენ. მას რეკლამას უწევდნენ, როგორც ძლიერ პიროვნებას, ლიბიელ დემოკრატს, დიდ რეფორმატორს, „ინტელექტუალსა და ფილოსოფოსს“.

რუანდის შემთხვევაში მთავარი ამოცანა იყო, ისეთი ორგანიზაციების კრიტიკის განეიტრალება, როგორიც არის Human Rights Watch. ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების ნაცვლად აქცენტი ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესზე იყო გადატანილი (ხომ არაფერს გაგონებთ აქცენტების ამგვარი გადანაცვლება?).

„როგორც კი ჩვენს მიერ მომზადებული ინფორმაცია პოლიტიკურ ან საქმიან პრესაში ხვდება, ჩვენ მის ინტერნეტში ტირაჟირებას ვიწყებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, ჩავახშოთ კრიტიკა და შევამციროთ გენოციდის შესახებ საძიებო კითხვები“, – წერს Racepoint–ის წარმომადგენელი.

ერთი წლის წინ რუანდის ხელისუფლებამ სხვა კომპანიასთან გააფორმა ურთიერთობა. ბრიტანული სააგენტო BTP Advisers ტრაბახობდა, რომ ინტერნეტი „ბრძოლის ველად“ იქცა, რომელზეც რუანდის მთავრობა თავის ოპონენტებს ანადგურებს.

იმიჯის გასაუმჯობესებელი მომსახურების ტარიფები განსხვავებულია. მაგალითად, ეკვატორიალური გვინეა თვეში 60 ათას დოლარს უხდის პიარ–კომპანია Qorvis Communications–ს. ეს ქვეყანა კორუფციითა და ადამიანის უფლებათა დარღვევებით ერთ–ერთი ყველაზე უარესია. მისი პრეზიდენტი თეოდორო ობიანგი სამხედრო გადატრიალების გზით დაეუფლა ძალაუფლებას და დღეს 600 დოლარის ქონება აქვს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დღეში ერთ დოლარზე ნაკლებზე ცხოვრობს. ობიანგი ქვეყანას 32 წელი მართავდა.

ანგოლა – რეპრესიული რეჟიმის მქონე ნავთობით მდიდარი ქვეყანა ამერიკულ კომპანია Samuels International Associates Inc.-ს ყოველწლიურად 675 ათას დოლარს უხდის. მას ჰაერივით სჭირდება საკუთარი რეპუტაციის „შემსუბუქება“ და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება (როგორც ჩვენს მიშიკოს). ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში ასევე 32 წელია, მართავს ქვეყანას.

ტუნისის ექს–პრეზიდენტმა ზინ ალ–აბიდინ ბენ ალიმ ამერიკულ კომპანია Washington Media Group–ს კონტრაქტით 429 ათასი დოლარი გადაუხადა მისი ხელისუფლებისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად. ბენ ალი 23 წელი მართავდა ქვეყანას.

ოპოზიციონერების დაპატიმრებებითა და მედიის კონტროლით განთქმულმა ეთიოპიის ლიდერმა მელეს ზენაუიმ 2007–2008 წლებში 2,5 მილიონი გადაურიცხა სამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას. მართალია, მისი არჩევნები, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გააკრიტიკა, მაგრამ იგი დასავლური დახმარების ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია. ზენაუი 21 წელი მართავდა ეთიოპიას.

სენეგალის პრეზიდენტმა აბდულაი ვადმა, კონსტიტუციის დაღვევით მესამედ გადაწყვიტა, პრეზიდენტი გამხდარიყო. მას არავინ ასწავლა, რომ კონსტიტუცია უნდა შეეცვალა და მესამედ უკვე უვადო პრემიერიც შეიძლებოდა გამხდარიყო. ამის ნაცვლად მან ამერიკულ კომპანია McKenna Long & Aldridge-თან გააფორმა კონტრაქტი, რათა 150 ათასი დოლარისა და ყოველთვიური 50 ათასის სანაცვლოდ მას მესამე ვადით აბდულაის არჩევა დაესაბუთებინა. ვადი სენეგალს 12 წელია, მართავს.

რამდენი დახარჯა საკუთარი იმიჯის შესალამაზებლად 2003 წლიდან სააკაშვილმა, დანამდვილებით უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ამ აფრიკელი ლიდერებისგან განსხვავებით, „თეთრ კაცს“ მეტიც მოეთხოვება და მეტსაც იხდის. აბა, ზანგი ხომ არ არის? ახლა კი იგივე გზას ბიძინა ივანიშვილიც დაადგა. მისი კოალიციის წევრები ამაყად აცხადებენ: „ის დრო დამთავრდა, როცა ლობისტური კომპანიების მომსახურეობით მხოლოდ სააკაშვილი სარგებლობდა და მათ ფულს ბიუჯეტიდან უხდიდა. ივანიშვილის კოალიციაში სერიოზული ლობისტური მუშაობა მიდის. ივანიშვილს გავლენიანი ევროპული და ამერიკული ლობისტური კომპანიები ეყოლება და მათ ფულს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის. რამდენიმე თვე საერთაშორისო ურთიერთობებს და ლობირებას მიეძღვნა. ჩვენ ძალიან ბევრი სოლიდური კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდით, ბევრ მათგანთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს ყველაფერი საჯარო გახდება. ამ მიმართულებით უკვე გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სააკაშვილის მონოპოლია დასრულდა და ივანიშვილი მას არა მარტო სერიოზულ კონკურენციას უწევს, არამედ უგებს კიდეც“.

ერთი სიტყვით, ერთიცა და მეორეც დასავლეთის წინაშე იმიჯს ილამაზებენ, ამომრჩეველზე კი, ანუ ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენის ნაცვლად ისევ საკუთარი გუნდების წევრებს აფინანსებენ.

ჩვენ რა, ზანგები ვართ?

ზანგები ვართ, აბა რა!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here