Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ანქვაბი: „ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი დამოუკიდებლობით“

ალექსანდრე ანქვაბი: „ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი დამოუკიდებლობით“

661


აფხაზეთში ამ ბოლო პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლებმა სიარულს მოუხშირე. ვინაიდან ევროკავშირის მიერ აფხაზეთი არ არის აღიარებული ინტენსიური “მისვლა–მოსვლის” ეს პროცესი აფხაზ ჩინოვნიკებს ძალიან უკვირთ.

ამჯერად სოხუმში ევროკავშირის დელეგაცია ფილიპ დიმიტროვის თავკაცობით ჩავიდა. დელეგაცის წევერები საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას, პრემიერ – მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას და ბოლოს პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდნენ.

ვიაჩესლავ ჩირიკბა: „ ჩვენ გვინდა მივმართოთ ევროკავშირს, რათა ცნონ ჩვენი საზღვარგარეთის პასპორტები, ისევე როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის პასპორტები ცნეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანაც, ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის მიერ აღიარებული არ არის“

ლეონიდ ლაკერბაია: „ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, დიდი ხანია, ჩიხშია შესული და ევროკავშირმა უნდა შეიგნოს, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან დაშორებულია, უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენთვის ძველ პოზიციებზე არათუ დაბრუნება, არამედ ამის გაფიქრებაც კი შეუძლებელია“ჩირიკბასა და ლაკერბაიასგან განსხვავებით, ევროკავშირის წარმომადგენლებს ძალზე კატეგორიულად და მკაცრად მიმართა ალექსანდრე ანქვაბმა: „ჩვენ დავიღალეთ ანალოგიური უნაყოფო შეხვედრებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ჩვენ გთავაზობთ, გადავიდეთ ახალ ურთიერთობაზე, რომელშიც საერთაშორისო ნორმები იქნება დაცული. ჩვენ მზად ვართ, ევროპას კარები გავუხსნათ, მაგრამ ევროპამაც უნდა გაგვიხსნას კარი. ჩვენ ვიქნებით კარგი სტუმრები, კარგი ტურისტები, კარგი სტუდენტები, კარგი ასპირანტები ევროპისათვის. ჩვენ გვინდა ევროპასთან კარგი, ნორმალური ურთიერთობა, ოღონდ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ვიმეორებ, რომ ჩვენ დავიღალეთ ასეთი დიპლომატიური მანევრებით, ამიტომაც გირჩევთ, არ დაკარგოთ დრო. თუ ჩვენი დიალოგი ასე გაგრძელდა, ასეთ შეხვედრებს აზრი არ აქვს“, – განუცხადა ევროპელ დიპლომატებს ალექსანდრე ანქვაბმა.

ალექსანრე ანქვაბმა ევროკავშირის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ აფხაზეთის რამეში ჩათრევა შეუძლებელია და აფხაზეთის საზოგადოება არანაირ დაპირებას თავისუფლების სანაცვლოდ არ მიიღებს. „მე კარგად ვიცი აფხაზეთის ისტორია, ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი დამოუკიდებლობით, ამიტომაც მე მაკვირვებს ერთი და იგივე ტონი, ერთი და იგივე ტექსტი იმ დიპლომატებისა, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია, რომლითაც ვამაყობთ, ასევე პატივს ვცემთ სხვა ქვეყნების ისტორიასაც, მაგრამ ჩვენ მოსწავლეების როლში ყოფნას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ალექსანდრე ანქვაბმა.

აფხაზეთის პრეზიდენტმა ევროპელ დიპლომატებს უჩვენა ორი პასპორტი: ერთი აფხაზური საზღვარგარეთის და მეორე – ნეიტრალური. „აფხაზური პასპორტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო ნორმებს, ის ჩვენია და ამიტომ ჩვენი სურვილია, ამ პასპორტით ვისარგებლოთ, ხოლო ნეიტრალური პასპორტი ჩვენთვის არის უცხო და ჩვენ მას არასოდეს მივიღებთ“, – დასძინა ალექსანდრე ანქვაბმა და ევროპელ დიპლომატებს ისიც შეახსენა, რომ ქართულ-აფხაზური ომის დამთავრების შემდეგ სწორედ ნეიტრალური პასპორტების გაცემას ითხოვდნენ და გაეროსაც მიმართეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება წავიდა და ახლა უკვე არ სჭირდებათ არავის თანადგომა, რადგან დახმარების ხელი რუსეთმა გაუწოდა.

ლადო ქირია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here