Home რუბრიკები პოლიტიკა «ციცას ეფერება ლუი XIV», ჩემი სამშობლო ამერიკას ფეხზე ჰკიდია…

«ციცას ეფერება ლუი XIV», ჩემი სამშობლო ამერიკას ფეხზე ჰკიდია…

947

ასე, დიდი მუხრანის ციტირება-პერიფრაზით შეიძლება ობამა-სააკაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრის შეფასება, მოკლედ და მარტივად, ანუ, ე.წ. საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის გასაგებ ენაზე, ანუ იმ დიპლომატიურ-პოლიტოლოგიურ-გლობალური წიაღსვლების გარეშე, რომლებიც დაახვავეს როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რადგანაც ორივენი სათავისოდ ცდილობენ იმის დანახვასა თუ წაკითხვას, რაც ვიხილეთ თუ ვისმინეთ ტელევიზიებით.

დავიწყოთ იქიდან, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო მიშას უმაღლესი დონის ვიზიტების ისტორიაში, როდესაც არც ერთი კადრი არ გვიჩვენეს არა თუ აეროპორტიდან, არამედ თეთრი სახლის მისადგომებიდან, ანუ გაუგებარი დარჩა ნაცების პრეზიდენტის დახვედრის ეტიკეტის დონე _ ობამა რომ არ შეგებებია თეთრი სახლის «ალაგეზე», ამას მივხვდით, რადგან მიშავიზიები ამ კადრებს «გაატარებდნენ». მაგრამ სხვაც, თუნდაც ჩვენი «საყვარელი» მეთიუ ბრაიზას ნაირი «პეშკაც» არავინ შეაგებეს და ისე, «ჩორნი ხოდიდან» მიჰგვარეს მიშა დასავლეთის «კაპო დი ტუტი კაპოს», ანუ ბოსების ბოსს, ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში, საიდანაც დაიწყო ტელერეპორტაჟი.

დიახ, სადღაც უკვალოდ გამქრალიყო, იქნებ ხელოვნური და მოჩვენებითი, მაგრამ მაინც მიშასთვის ჩვეული «აპლომბი»_ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, რიხი, რასაც ყოველცისმარე ვუყურებთ მიშავიზიებით და სააკაშვილის «ოქტომბრელის» პოზაში ჯდომა და თავისკანტური ფეხიფეხზე გადადებული ობამას წინაშე უნებურ ასოციაციებს იწვევდა დონ კორლეონეს წინაშე აწურული მესაფლავე ამერიგო ბონასერას ცნობილ კინოკადრებთან.
მაგრამ ეს ლირიკაა და, როგორც იტყვიან, იქით იყოს…

ოვალურ კაბინეტამდე არა ერთ და ორ პიარ შეხვედრებზე მიშას მთავარი სალაპარაკო რუსული აგრესია და, ამის მიუხედავად, «გამარჯვებულ-აყვავებული» საქართველო იყო, რის შესახებაც აშკარად დარიგებულ-გარიგებული დარბაზიდანაც, რომ იტყვიან, სატოპკე კითხვებს უწევდნენ…

და ოვალურ კაბინეტში ჩამქრალ (?!) ბუხართან არც ერთი სიტყვა ოკუპანტ რუსეთზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, რაც, მინიმუმ, ორ რამეზე მეტყველებს: პირველი. მიშიკო წინასწარ მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ კრინტი არ დაეძრა რუსებზე; და მეორე. თუ ზიგმუნდ ფროიდის ე.წ. წამოცდენების თეორიას გავიზიარებთ _ რომ რაიმეს წამოცდენა სულაც არ არის ტვინის მექანიკური შეცდომა, არამედ ადამიანის ქვეშეცნეულში, ნებით თუ უნებლიეთ, ჩაბუდებული მთავარი საფიქრალია _ მაშინ გამოდის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთი უადგილოდ იმიტომ წამოსცდა, რომ იმაზე უფრო ფიქრობდა, თუ როგორ აღიქვამდა პუტინი სააკაშვილის აუდიენციას თეთრ სახლში, ვიდრე საქართველოზე და, მითუმეტეს, მის შინ თუ გარეთ გაკოტრებულ პრეზიდენტზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სააკაშვილისა და ობამას შეხვედრას პოზიციაც და ოპოზიციაც სათავისოდ «ჭრის და კერავს». ამ მხრივ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ობამას ნათქვამმა ფრაზამ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ხელისუფლების «ფორმალური გადაბარება», რაც დღემდე გრძელდება, ძირითადად, ლინგვისტური წიაღსვლების თანხლებით.

იქექებიან ლექსიკონებში და იმას არკვევენ, თუ რას ნიშნავს ინგლისურად სიტყვა «ფორმალ» და, რადგანაც ამ სიტყვას არაერთი განმარტება ჰქონია, ბუნებრივად მივიდნენ «კონტექსტს გააჩნიას» დასკვნამდე.

აქედან გამომდინარე, როგორც ვნახეთ, ოპოზიცია-პოზიცია ვერაფრით თანხმდებიან ერთ, ყველასთვის მისაღებ კონტექსტზე და ამიტომ მეც უფლებას ვიტოვებ, არც ერთს არ დავეთანხმო და საზოგადოების ყურადღება იმას მივაპყრო, რაც თითქმის ყველას გამორჩა მხედველობიდან.

თავი დავანებოთ იმას, რომ ხელისუფლების ფორმალური გადაცემა ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ფიქტიურად ვინმე თოჯინა იჯდება (თუნდაც ოპოზიციური კანდიდატი) პრეზიდენტის თუ პრემიერის სავარძელში, ფაქტიურად კი ისევ შენ იმეფე, ჩემო «შუქურვარსკვლავოო», ის გავიხსენოთ, თუ რა უპასუხა სააკაშვილმა ბოსების ბოსს, როცა ამ უკანასკნელმა იმედი და სურვილი გამოთქვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ:

2013 წელს საქართველო სხვა პრეზიდენტს აირჩევსო!!!

ანუ ამას ჰქვია სიტყვის ბანზე აგდება, რადგანაც ობამამ სულ სხვა რამე თქვა და მიშამ სულ სხვა რამ უპასუხა…

აქედან დასკვნა მარტივია: მიშაც და მიშნაცებიც არსად წასვლას, ანუ ხელისუფლების დათმობას არაფრის დიდებით არ აპირებენ. ეს რომ ასეა, ოვალური კაბინეტიდან გამოსულმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა _ ადრეც ბევრჯერ ვყოფილვარ მაგ კაბინეტში, მაგრამ ასეთი კმაყოფილი, როგორც დღეს, არასოდეს გამოვსულვარო. და იქვე დაამატა, რჩევები კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებას მე მივიღებო…

საერთოდ კი ობამას თქმულს თუ არ თქმულს შორის წასაკითხის თაობაზე მარჩიელობა უკვე მარაზმში გადადის _ რა არის, მამაძაღლი, უფალი ღმერთია ბარაკ ობამა თუ მისი ნათქვამია ბიბლია, რომ ამდენს ვუკირკიტებთ და მისი ნათქვამის თუ ნაფიქრის ტექსტის დადგენას ვცდილობთ?

ერთი ისეთი რამ არ უნდა ეთქვა ღია ტექსტით, ანუ ცალსახად და ყოველგვარი ინტერპრეტაცია-ინსინუაციების პერსპექტივის გარეშე, რაც ქართველ კაცს გულს მოუფონებდა?

მაგრამ არა, სამაგიეროდ ღია ტექსტით გული გაგვიხეთქა, როცა სააკაშვილს ქებათაქება უძღვნა, მისი პრეზიდენტობის დროს გატარებული წარმატებული რეფორმების გამო და ქართველმა ხალხმა თურმე უნდა ვიამაყოთ ამ ყველაფრით, ანუ მიშათი!

«რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ ვერსალიდან სახელგანთქმულმან ელჩმან ქართლისამ»…

დღესაც ასეა, თუმცა რომელი სულხან-საბა მიშაა, რომ ამერიკის ვერსალში საქართველოს ვარამი შეეტანა, მაგრამ ქართველი ხალხის მცირე ნაწილი მაინც იმედით შეჰყურებდა ობამას, რომ იქნებ მართლაც ქართველი ხალხისთვის საიმედო რამ ეთქვა.

მაგრამ «ვარდების რევოლუციით» გაცრუებულ იმედებზე ჩივილიც შევაგზავნეთ ოვალურ კაბინეტში, ისევ ის და კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუება გამოვიტანეთ _ ქართველი საჯიშე ბიჭების, საზარბაზნე ხორცის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება ავღანეთში.

აი, მთავარი და ხელშესახები შედეგი ობამა-სააკაშვილის შეხვედრისა. რაც, როგორც ჩანს, უპირველესი თავის ტკივილია პრეზიდენტ ობამასი. რადგანაც მისთვისაც საარჩევნოა მიმდინარე წელი და მოუწევს წინასაარჩევნო დაპირების შესრულება _ ერაყიდან ხომ აახვიეს და ავღანეთიდანაც აახვევენ ამერიკელები.

რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, ავღანეთში ჩვენი ბიჭების ახალი პარტიის გაგზავნის განზრახვას ერთნაირი ტაშის გრიალით შეხვდნენ ხელისუფლებაც და ბიძინაჩვენის ოპოზიციაც.

და თუ რის ფასად, ანუ რის სანაცვლოდ დაიღვრება ავღანეთის ჯანდაბაში ქართული სისხლი, ბევრმა ისედაც ვიცით, მაგრამ სულ მალე ურწმუნო თომებიც დარწმუნდებიან.

დღეს კი ერთი სამწუხარო რამ არის ნათელიც და ცხადიც:

«საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, _ სასაცილოა!

შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია»…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here