Home რუბრიკები პოლიტიკა შაშკინი და კუდ-ი პერევის სკოლის დირექტორს «ქართულ ოცნებაში» შესაგზავნად «ავერბოვკებდნენ»

შაშკინი და კუდ-ი პერევის სკოლის დირექტორს «ქართულ ოცნებაში» შესაგზავნად «ავერბოვკებდნენ»

722

საჩხერეში ბიძინა ივანიშვილის მომხრეებზე ლამის საყოველთაო «ნადირობა» გამოაცხადეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სახელისუფლო სტრუქტურებში დასაქმებულ ივანიშვილის მომხრეებს უბოდიშოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ხალხს აშანტაჟებენ, აშინებენ და ამ ბინძური მეთოდებით ცდილობენ მათ გადმობირებას. არადა, «ნაცმოძრაობის» ლიდერებს ავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები (პედაგოგები, ექიმები და ა. შ.) ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ და არა «ნაციონალური მოძრაობის» ცენტრალური ოფისიდან.

ამ დღეებში წმენდაში მოჰყვა პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძეც. «საქართველო და მსოფლიო» დაუკავშირდა ყოფილ დირექტორს, მაგრამ მან მისი გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა (მან დაადასტურა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი დავერბოვკების მიზნით რაც მის მიმართ განხორციელდა), ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მოვიძიეთ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოქტომბერში, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ფორმირებებმა და რუსეთის ჯარის ნაწილებმა ერთობლივად დაიკავეს. მიზეზი კი ის იყო, რომ პერევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურს ესაზღვრება _ სულ 3 კილომეტრითაა დაშორებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია; მალე რუსი და ოსი ჯარისკაცები რუსეთის სასაზღვრო ჯარების შენაერთმა ჩაანაცვლა პერევის შესასვლელთან, იქვე ბლოკ-პოსტიც გამართეს, ჯავშანტექნიკაც დააყენეს და სოფელში შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებდნენ. ბლოკპოსტის გამოღმა პერევის რამდენიმე ოჯახი დარჩა, სკოლა კი ბლოკპოსტის გაღმა აღმოჩნდა. ამ სკოლაში დადიოდნენ სოფელ ჯრიაში მცხოვრები ბავშვებიც, მაგრამ რადგან მათთვის და მათი მშობლებისთვის არც თუ ისე სასიამოვნო იყო დღეში ორჯერ ბლოკ-პოსტის გავლა, საწავლო პროცესი ჩაშლის პირას იყო.

სასწავლო პროცესი რომ არ ჩაეშალა, სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე და მისი პედაგოგები სახლებში ჩამოუვლიდნენ მოწაფეებს, შეკრებდნენ ერთად და მოყავდათ სკოლაში, ცხადია, ბლოკ-პოსტის გავლით. გაკვეთილების მერე კი მოსწავლეებს შინ აცილებდნენ. ასე გაგრძელდა ორი თვის მანძილზე. მერე გურამ შუკაკიძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა მოახერხეს რუსეთის სასაზღვრო ჯარების იმ ოფიცერთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება, რომელიც პერევში მეთაურობდა შენაერთს, ურთიერთობაც დათბა და საქმე იქამდე მივიდა, რუსი «პოსტავიკები» სკოლის მოსწავლეებს აღარც კი აჩერებდნენ. პერევის სკოლას საჩხერის გამგეობამ მიკროავტობუსი გამოუყო. ყოველ დილით ამ მიკროავტობუსს მიჰყავდა ჯრიისა და პერევის მოსწავლეები სკოლაში. პერევში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.

გურამ შუკაკიძეს განათლების სამინისტროს მესვეურნი ათას მადლობას უხდიდნენ, დიმიტრი შაშკინის უშუალო გადაწყვეტილებით, შუკაკიძისთვის «ღირსების ორდენი» უნდა მიენიჭებინათ და, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ეს ორდენი უკვე სახლში ექნებოდა სკოლის ყოფილ დირექტორს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პერევიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარის ნაწილის გასვლიდან ერთ კვირაში თბილისში, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე პერევის სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს გმირები უწოდა: «ამ ხალხმა ოკუპირებულ სოფელში შეძლო მთელი ორი წლის მანძილზე სასწავლო პროცესი არ ჩაეშალა. ეს სამოქალაქო გმირობა იყო. ეს არის სამაგალითო საქციელი. აი, ასეთი დირექტორები უნდა ჰყავდეს ჩვენს სკოლებს».

ბიძინა ივანიშვილმა რომ პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, გურამ შუკაკიძე მას გვერდით დაუდგა. საჩხერის რაიონის რამდენიმე სოფლის სკოლაში მან ითავა ხელმოწერების შეგროვება, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. ფეხით შემოიარა მეზობელი სოფლები და აგროვებდა ხელმოწერებს. განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანთა კეთილგანწყობაც მალე დაკარგა, შემოუთვალეს: დაანებე თავი ხელმოწერების შეგროვებას, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო. დირექტორი არ გაჩერდა. აკეთებდა იმას, რასაც ყველა ნორმალური საჩხერელი გააკეთებდა.

მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, პერევის სკოლაში გენერალური ინსპექცია გაგზავნეს. 2 დღე დიდი ლუპით ყველა ფინანსური დოკუმენტი შეისწავლეს გენინსპექციის წარმომადგენლებმა, მაგრამ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. არადა, შაშკინს მიზეზი სჭირდებოდა შუკაკიძის გასათავისუფლებლად ან უარესიც _ დასაჭირად. შეუთვალა კიდეც _ დაწერე განცხადება და წადიო, მაგრამ შუკაკიძემ არ დაწერა განცხადება _ არაფერი დამიშავებია და არსადაც არ წავალ, თუ გინდათ, თქვენ გამათავისუფლეთო.

გენერალურ ინსპექციას უშიშროების თანამშრომელი მოჰყვა და გურამ შუკაკიძეს როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ისე გაეცნო. ჯერ ურჩია, სკოლიდან წასულიყო, რომ ვერ დაითანხმა, გაუმხილა, რომ კუდ-ის თანამშრომელი იყო და თანამშრომლობა შესთავაზა: _ «ქართულ ოცნებაში» იყავი, იქიდან ინფორმაცია მოგვაწოდე, დირექტორობიდან გადადექი, დევნილი დირექტორის როლი ითამაშე და ჩვენი აგენტი გახდიო. შუკაკიძემ კუდ-ის თანამშრომელი კაბინეტიდან გამოაგდო. ცოტა ხანში კი თავად მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაურეკა გურამ შუკაკიძეს, ეტყობა, კუდ-ის აგენტმა უთხრა, რომ სპეცოპერაცია ჩაიშალა და კატეგორიულად მოსთხოვა, დაწერე განცხადება და წადი, თორემ ძალიან დიდ უბედურებას გადაგყრიო. რომ იტყვიან, ყელში ამოუვიდა გურამ შუკაკიძეს, დაწერა განცხადება და ვითომ საკუთარი სურვილით დატოვა დირექტორის პოსტი.

პერევის სკოლის დირექტორმა გაცლა იმიტომ ამჯობინა, რომ განათლების მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი შეფი, მორიგ პროვოკაციას გეგმავდა მის წინააღმდეგ: პერევის სკოლიდან რამდენიმე პედაგოგის გათავისუფლებას აპირებდა, მერე კი თავისი აგენტურის მეშვეობით ხმებს გაავრცელებდა და ამ ხალხს დაარწუნებდა, შუკაკიძემ მოითხოვა თქვენი გაშვებაო. მოკლედ, შუკაკიძეს თანამშრომლები და მეგობრები, თანასოფლელები უნდა გადაეკიდებია. ახალი არაფერია, ხელისუფლებისთვის ნაცადი მეთოდია _ ჩაშვება, ბეზღობა, შანტაჟი, ბინძური ხმების გავრცელება, პატიოსანი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა. დიმიტრი შაშკინი ხომ ამ ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელია მთელი იმ მანკიერებით, რაც ამ სისტემას გააჩნია.

ნორმალური მინისტრი, როცა სპეცსამსახურების წარმომადგენელი მისი დირექტორის «დავერბოვკებას» ცდილობდა, დიდ ამბავს ატეხდა, დირექტორს დაიცავდა და ქვეყანას შეძრავდა. შაშკინი კი კუდ-თან შეთანხმებით ცდილობდა, ღირსეული კაცის აგენტად ქცევას. ასეთია ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე _ დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილისა და ადეიშვილის ყურმოჭრილი მონაა.

აი, რამდენიმე შეკითხვა, რომლებზეც «საქართველო და მსოფლიოს» გურამ შუკაკიძემ უპასუხა.

_ ბატონო გურამ, ახლა რატომ არ გსურთ ლაპარაკი იმ სიბინძურეზე, რაც თქვენ წინააღმდეგ განახორციელა განათლების სამინისტრომ და პირადად მინისტრმა?

_ ჩემ გარდა არაერთი დირექტორი და პედაგოგი მოხსნეს და გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე არ ვისაუბროთ. მოვა დრო და ვიტყვი ყველაფერს. ვადასტურებ, რომ ჩემ მიმართ იყო ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა «დავერბოვკების» მიზნით.

_ მართლა ჩამოვიდა უშიშროების თანამშრომელი და სცადა თქვენი «დავერბოვკება»?

_ კი, ჯერ გენინსპექცია გამომიგზავნა შაშკინმა, იმათ ვერაფერი იპოვნეს, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. მერე მოვიდა უშიშროების თანამშრომელი _ ჩვენი აგენტი იყავი «ქართულ ოცნებაშიო». უბოდიშოდ გავუშვი კაბინეტიდან, ბოლომდე არ დავაცადე სათქმელის დამთავრება. ამ ფაქტს სპეციალურად ვახმაურებ. ჯერ ერთი, ფრთხილად რომ იყოს ხალხი _ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს ვგულისხმობ; მეორეც, გაიგონ კარგად, ესენი ვინ ყოფილან. კაცო, ყველა სიბინძურეზე წამსვლელები არიან! კარგის მეტი რა გამიკეთებია? არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მე და ჩემმა პედაგოგებმა, როცა კაცმა არ იცოდა, ტყვია საიდან გავარდებოდა, როცა პერევში მთელი დღე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ და ხალხი შიშით სახლიდან ვერ გამოდიოდა, იმდენი გავაკეთეთ, სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩავშალეთ.

ბიძინა ივანიშვილმა საჩხერელები ფიზიკურად გადაარჩინა და ახლა ესენი გვიშლიან, მადლობა არ უთხრათ ამ კაცსო. პირიქით, გალანძღეთ და მიპარვით, ღალატით ზურგში დანა ჩაარტყითო. ესენი ვინ ყოფილან, კაცო? უმადურობა ერთ-ერთი დიდი ცოდვაა ამქვეყნად, ვერ ვიქნები უმადური. რასაც ბიძინა ივანიშვილი ამ წლების მანძილზე აკეთებდა, ჩემ თვალწინ ხდებოდა და ვერ დავივიწყებ ამათნაირად ერთ დღეში. უმადური იყავი, რაც გაუკეთა რაიონს, მიაფურთხე და უღალატეო _ პირდაპირ მეუბნებიან. არც ვიცნობ ბატონ ბიძინას, ტელევიზორში მყავს ნანახი, მაგრამ წლების მანძილზე ჩემს ოჯახს უხდიდა დენის, გაზის საფასურს, სკოლას ინახავდა და, ომი რომ არა, პერევის სკოლაც გარემონტდებოდა. ამ ზაფხულს აპირებდა ჩვენი სკოლის გარემონტებას, მაგრამ ახლა ხელისუფლება აღარ ანებებს.

_ საჩხერეში ჰყავს ხელისუფლებას მხარდამჭერები?

_ მოსახლეობის 5 პროცენტი მაქსიმუმ, ისიც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი. თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, ეს ადამიანებიც ბიძინა ივანიშვილს მისცემენ ხმას არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს იყენებს ხალხის დასაშინებლად და გადასაბირებლად, საჩხერეში ფეხს ვერ მოიკიდებენ.

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here