Home რუბრიკები პოლიტიკა პლაცდარმი – ობამას; ტახტი – მიშას; სპარსეთის რისხვა – საქართველოს!

პლაცდარმი – ობამას; ტახტი – მიშას; სპარსეთის რისხვა – საქართველოს!

645

კითხვაზე _ დაიწყებს თუ არა ომს ამერიკა ირანთან? _ ექსპერტები და პოლიტიკოსების უმრავლესობა აღარ დავობენ. პასუხი ნათელია: ომი ირანთან, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყება. ამის დამალვას დიდად არც ოფიციალური ვაშინგტონი ცდილობს. «საქართველო და მსოფლიო» უკვე წერდა, რომ არის სერიოზული ნიშნები, რომლებიც ცალსახად ადასტურებს, რომ ამ ომში საქართველო, მინიმუმ არაპირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას. სააკაშვილის ობასთან შეხვედრამდე ვწერდით, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო თითქმის დაცარიელებულია იმის გამო, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ის ამერიკელ სამხედროთა განმგებლობაში გადავა _ სამხედრო ჰოსპიტლად გადაკეთდება და ამ ომში დაჭრილ ამერიკელ სამხედროებს მოემსახურება.

«საქართველო და მსოფლიოს» კონფიდენციალურად აცნობეს, რომ საქმე მარტო საქართველოს საავადმყოფოებში დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების ევაკუაციასა და ქართველი ექიმების სამხედრო სამედიცინო პროგრამით გადამზადებას არ ეხება.

წყაროს ინფორმაციით, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების გასაიდუმლოებული ექსპრესპროგრამით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადამზადებას გაივლიან ქართველი ექიმები. მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სამხედრო მედიცინის განხრით, ისევ ქართველები იზრუნებენ. ეს მედიკოსთა ის კონტინგენტია, რომელმაც 2006-07 წლებში ნატოს პროგრამით ამერიკაში გაიარა სპეციალური 3-თვიანი მომზადება. ექიმებთან ერთად მაშინ ექთნებიც მოამზადეს (80 ექიმი და 20 ექთანი). გარდა ამისა, მაშინ ამ პროგრამაში ჩართული იყო 30 ქართველი ექიმი-ფსიქოლოგი, რომლებიც სამხედრო მედიცინის ფსიქოლოგიის განხრით გადააკვალიფიცირეს. მათ 2-თვიანი სტაჟირება 2006 წელს გაიარეს.წყაროს ინფორმაციით, პროგრამა 15 თებერვალს დაიწყება და 3 თვეს გასტანს _ 15 მაისს დასრულდება. პროგრამის მიხედვით, უნდა გადამზადდეს 3000 ექიმი და 2000 ექთანი. ამ 3 ათასში ექიმი-ფსიქოლოგებიც იგულისხმებიან. პროგრამის მესვეურნი სამხედრო ექიმთა, ანუ მასწავლებელთა რაოდენობას არ უჩივიან, მაგრამ, ცხადია, გორის ჰოსპიტალი 3 თვეში 5000 კაცის გადამზადებას ვერ აუვა, ამიტომ არ არის გამორიცხული, პროგრამაში ჩართონ რომელიმე სამოქალაქო ტიპის საავადმყოფო (შესაძლოა, რემონტის ან სხვა მიზეზით, რომელიმე სახელმწიფო-კლინიკური საავადმყოფო დახურონ და სამხედრო ექიმებმა იქ გაიარონ სწავლება) ან რომელიმე კერძო კლინიკა. ცხადია, ვერც ერთი კლინიკის მფლობელი თავდაცვის მინისტრის ნებას ვერ გადავა, მით უფრო, რომ ეს პრეზიდენტის დავალებაა და, როგორც ჩანს, ქართულ-ამერიკული სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების რეალურად ამუშავების პირველი ნიშნები. ასეა, რადგან ამ პროგრამაში ნატო არ ფიგურირებს და ამ ეტაპზე მარტო ამერიკული ინტერესები იკვეთება.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ ვითომ გასაიდუმლოებულ პროგრამაში საქართველოში ახლადგახსნილი კლინიკების ექიმებთან და ექთნებთან ერთად ჩართავენ იმ რეგიონებში მომუშავე მედპერსონალსაც, სადაც ახალი კლინიკები ჯერაც არ გახსნილა. ამასთან, ყველას წინდაწინ ეცოდინება, გამოძახების შემთხვევაში, რომელი რაიონის კლინიკას უნდა მიაშუროს.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებული საშიში მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა ირანთან საომარი მოქმედებების შემთხვევაში ამერიკელების მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის თეირანის წინააღმდეგ გამოყენებას შეეხებოდა, გამართლდა. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, აშშ-ში ყოფილ ელჩს და თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ბათუ ქუთელიას «წამოცდა». ეს იმდენად მოულოდნელი და უხერხული «თვითლუსტრირება» აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ ქუთელიას განცხადების გამო, თავის მართლება ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს _ დავით ბაქრაძეს, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესაც მოუწია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის _ ნიკოლოზ ვაშაკიძის აზრით, «თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ფორმულირების გამოყენებისგან, როგორიცაა «საქართველოს სამხედრო პლაცდარმად გამოყენება». ასე გამოეხმაურა ვაშაკიძე გუშინ გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ტელეკომპანია «მაესტროს» ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის _ ბათუ ქუთელიას განცხადებას «აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს პლაცდარმად შესაძლო გამოყენების შესახებ» (სააგენტო «პირველი»).

არადა, ომი რომ აუცილებლად დაიწყება, ამას ნათლად მოწმობს ისიც, რომ «აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის ტერიტორიაზე ირანის ყველა სახელმწიფო აქტივის გაყინვასთან დაკავშირებით განკარგულება გასცა,» _ ამის თაობაზე «ფრანს-პრესი» იუწყება.

ობამას განცხადებით, ასეთი ზომები მას საშუალებას მისცემს, ძლიერი ზეწოლა მოახდინოს ირანის ცენტრალურ და სხვა ბანკებზე, რომლებმაც, მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით საკუთარი ტრანზაქციების დაფარვა ისწავლეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი შეზღუდვები კიდევ უფრო გაართულებს საზღვარგარეთ ირანული ბანკების მუშაობას» (ინტერპრესნიუსი).

ჩვენ სხვა ანალოგიური წინასაინტერვენციო სიტუაციებიდან (სერბეთი, ერაყი, სირია) ნათლად გვახსოვს, რომ ომს წინ ჯერ საინფორმაციო მომზადება, ხოლო შემდეგ საბანკო არჩევნებისა და ანგარიშების გაყინვა უსწრებს ხოლმე. ირანთან ომმა საინფორმაციო მომზადება უკვე გაიარა, ახლა საბანკო ანგარიშების გაყინვისა და «წერტილოვანი დაბომბვების» ჯერი დგება.

«საქართველო და მსოფლიო» უკვე წერდა, რომ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროცესები და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ექიმების გადამზადება ამერიკის ირანის წინააღმდეგ მოსალოდნელ საომარ კამპანიას უკავშირდება. არც თუ დიდი ხნის წინ, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ შეფს და თავდაცვის ექსმინისტრ რობერტ გეიტსს «წამოსცდა», რომ, თუ ამერიკა ირანს დაარტყამს, ეს ივნის-ივლისამდე არ მოხდება. თუმცა ექსპერტები და რიგი ოფიციალური პირები ღიად საუბრობენ, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, მაისში დაიწყოს. თავდაპირველად ამ მოქმედებებს ისრაელი წამოიწყებს, აშშ კი მათ მოგვიანებით შეუერთდება.

სავარძლისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად სააკაშვილმა ამერიკულ მხარეს ირანთან საომრად საქართველოს ტერიტორიების გამოყენებაზე თანხმობა რომ მისცა, ისიც მოწმობს, რომ ქართველი მედიკოსების სასწრაფოდ, ექსპრესრეჟიმში გადამზადების პროცესი 15 მაისს დამთავრდება.

ამ დროს ამერიკა მზად იქნება ომისთვის. ისეთი ინფორმირებული და წონიანი პოლიტიკოსი, როგორიც რობერტ გეიტსია, სიტყვებს ჰაერში არ ისვრის.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ასეთი თანხმობის დასტურად შეიძლება გამოდგეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ იყო დრო, ბაჩო ახალაიას საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნით ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტს პირკატა ეცა. 2008 წლის ომის შემდეგ დავით კეზერაშვილის ადგილზე სააკაშვილმა მცირე ხნით «თავისუფლების ინსტიტუტის» ერთ-ერთი ფავორიტი, გიგა ბოკერიას მეგობარი და იდეური თანამოაზრე, დავით სიხარულიძე დანიშნა. მაგრამ სიხარულიძემ ერთ წელსაც ვერ გაძლო მინისტრად და ის ბაჩო ახალაიამ შეცვალა. «ვიკილიქსის» მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა სწორედ ამ მოვლენებს ეძღვნება. კერძოდ, 2009 წლის ივლისში ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ საიდუმლო ტელეგრამაში ასეთ პოზიციას აფიქსირებს: «მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა პროამერიკელი დავით სიხარულიძე და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია». ტეფტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სიხარულიძის ნაცვლად, სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა «მკაცრი ხელი» _ ბაჩო ახალაია. ტეფტი ეჭვს გამოთქვამს, შესძლებს თუ არა ახალაია, გააგრძელოს «ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ხაზი და უფრო წარმატებული გახადოს ის».

მოკლედ, დიდი სიხარულით არ შეხვდნენ ამერიკელი დიდმოხელენი ახალაიას გათავდაცვისმინისტრებას. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელები, ოღონდ საქართველო ირანის წინააღმდეგ პლაცდარმად თუ არა, საჭიროებისამებრ მოკავშირედ გაიხადონ, ყველაფერზე მიდიან. ახალაიას გამოუცდელობა, საეჭვო მენეჯერული პოტენციალი და მრავალი კითხვის ნიშანი მასთან დაკავშირებით მყისვე მოიხსნა, როგორც კი ამერიკულ ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების დახმარება დასჭირდა. ბაჩო ახალაია, რომელიც 2009 ივლისიდან 30 თვის განმავლობაში ამერიკის თავდაცვის სამინისტროს არც ერთ გავლენიან ჩინოსანს არ შეხვედრია, უცებ ჩაიხუტეს ამერიკელებმა _ 2 თებერვალს, ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ახალაია თავად თავდაცვის მინისტრს, ლეონ პანეტას შეხვდა. ახალაია ბრიუსელის სამიტს შარშან და შარშანწინაც ესწრებოდა, მაგრამ ამერიკელებს ახლოს არ გაუკარებიათ. როგორც ჩანს, სწორედ მოსალოდნელმა ომმა, ამ ომში საქართველოს როლმა და მასთან დაკავშირებულმა დეტალებმა დააჩქარა პანეტა-ახალაიას შეხვედრა. ცხადია, პანეტამ ახალაიას კონკრეტული დავალება მისცა, მისგან კი საჭირო ინფორმაცია მიიღო. ასევე ცხადია, რომ პანეტას დავალებები მარტო ექიმების სამხედრო წესით სტაჟირებითა და საქართველოს საავადმყოფოების სრულ მზადყოფნაში მოყვანით არ შემოიფარგლებოდა.

მიხეილ სააკაშვილი, აშკარაა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველაფერზეა წამსვლელი. ამერიკელმა პატრონებმა რომ დაავალონ, ის ჯარსაც გაგზავნის ირანში, არათუ დაჭრილ ამერიკელ ჯარისკაცებს მიიღებს. შესაძლოა, ამ ომმა სააკაშვილსა და «ნაცმოძრაობას» მართლა გაუხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ ირან-ამერიკის ომში საქართველოს ნებისმიერი ფორმით ჩართვა, კატასტროფა იქნება საქართველოსთვის. ჯერ კიდევ შარშან, სექტემბერში, ინკოგნიტო ქართველ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გამოცემა «ფორინნ პოლისი» წერდა, რომ ირანის თავდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების სხვა შტოების პირველი პირების პოზიცია ცალსახაა: «თუ საქართველო ნებისმიერი ფორმით სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს ამერიკას, ირანი საქართველოს ამერიკის მოკავშირედ და მტრად განიხილავს, ირანის რეაქციაც, დიპლომატიურიც და სამხედროც, ადექვატური იქნება». ეს გზავნილი პირველი გაფრთხილება იყო სააკაშვილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ინკოგნიტოდ იქნა გამოგზავნილი.

თუმცა ღია გაფრთხილებამაც არ დააყოვნა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ, თუ ამერიკა ირანს ომს გამოუცხადებს, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ნებისმიერი ფორმით დახმარებას აღმოუჩენს ამერიკას, ირანის ხელისუფლების მიერ განიხილება ამერიკის მოკავშირედ, ირანის მტრად და ირანის ხელისუფლება, შესაბამის სამხედრო ზომებს მიიღებს მის მიმართ. «ნებისმიერი წერტილი, რომელიც მტრის მიერ გამოყენებული იქნება ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციის ჩასატარებლად, საპასუხო აგრესიას მიიღებს», _ განაცხადა ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ ჰოსეინ სალიმმა.

სააკაშვილის მონდომებითა და ჩვენი «ამერიკელი პარტნიორების» წყალობით, საქართველო რეალურად იქცა «წერტილად», რომელსაც აჰმადინეჯადი და ჰოსეინ სალიმი «საპასუხო აგრესიის» ობიექტად უკვე ოფიციალურად განიხილავენ.

ცხადია, რომ თეირანი «ნებისმიერ ქვეყანაში, რომელზეც ირანი მიიტანს იერიშს», უპირველესად, სწორედ საქართველოს გულისხმობს, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების ირანული რაკეტებისთვის ადვილი ხელმისაწვდომობის გამო. ამაზე გასაგებად პოლიტიკოსები იშვიათად ლაპარაკობენ, ხოლო აჰმადინეჯადი არ არის ის ფიგურა, ვისი განცხადებების სერიოზულობაში ეჭვის შეტანის საბაბი არსებობდეს. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი არ ისვენებს. ის ჯერ ბარაკ ობამამ დაიბარა და უკვე თვალსაჩინოა, მომავალ ომში ხელის ბიჭად გაიხადა, ხოლო პანეტა-ახალაიას შეხვედრა ამ ომში საქართველოს მონაწილეობის დეტალების დაზუსტების მიზნით შედგა და ამ ყველაფერმა, ადვილი შესაძლებელია, საქართველო საზარბაზნე ხორცად აქციოს.

სააკაშვილი ისეა ჩაფრენილი პრეზიდენტის სავარძელს, იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ ამ ომიდან საქართველო ან საერთოდ ვერ გამოაღწევს, ანდა _ უზარმაზარი ზარალით. აჰმადინეჯადი ნამდვილად არ დაიშურებს ჩვენთვის რამდენიმე ბალისტიკურ რაკეტას, რომლებიც უპრობლემოდ მოსწვდება თეირანიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილს, თანაც საჰაერო თავდაცვითი სისტემები არ გაგვაჩნია, ობამა კი, რომც სურდეს, ხელით ვერ დაიჭერს ამ რაკეტებს.

სააკაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» რეიტინგი კატასტროფულია. ამიტომ სააკაშვილმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად არჩევნები არნახულად უნდა გააყალბოს, ხოლო ამერიკამ და ევროკავშირმა უნდა «გაუპრავონ» არჩევნებიც და შემდგომი ქმედებებიც, მაგრამ გაპრავების სანაცვლოდ საჭირო იყო თანაწონადი ხარკის გაღება… და აი, ხარკიც გაღებულია, ირანთან ომიც კარსაა მომდგარი, ჩვენ კი, ქართველ ამომრჩევლებს, შემოდგომაზე ან ცეესკო დაგვთვლის წიწილებივით ან მიქელგაბრიელი, თუმცა სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» აქამდეც მიჩვეული იყვნენ არჩევნების «მკვდარი სულების» ხარჯზე მოგებას.

მანამდე კი ვიმარჩიელოთ: რომელ ბალისტიკურ რაკეტას გვესვრიან ირანიდან _ «შაჰაბ-3»-ს თუ «შაჰაბ-4»-ს.

ბედის ირონიაა, რომ ამ რაკეტებს საქართველოს მრავალგზის ამომგდებისა და ამაოხრებლის, შაჰ-აბას I-ის სახელი ჰქვია.

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here