Home რუბრიკები პოლიტიკა მცოცავი დესუვერენიზაცია, ანუ კიდევ რა გნებავს, ძია სემ?

მცოცავი დესუვერენიზაცია, ანუ კიდევ რა გნებავს, ძია სემ?

892

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიაა, _ ასეთ დასკვნამდე, ალბათ, სავსებით ბუნებრივად მივიდოდა ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ბოლო დროს სახელისუფლო ტელეარხებს თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში უყურა. ისინი აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტს უპრეცედენტო აღტკინებით აშუქებდნენ და ამერიკელი პოლიტიკოსების პრაქტიკულად ყველა რეპლიკას ლამის ღვთაებრივი, უზენაესი ნების გამოვლინებად წარმოაჩენდნენ. ამას ემატებოდა ქართული დელეგაციის წევრთა გამოსვლები და სახეების გამომეტყველება მაამებლობის ისეთი კონცენტრაციით, რომლითაც ძველად სულთნის ყველაზე ერთგული საჭურისებიც კი ვერ დაიკვეხნიდნენ. ქვეყანა ოცი წელი იბრძოდა, შიმშილობდა, იტანჯებოდა და ბოლოს საკუთარი მმართველები უცხო ქვეყნის ხელისუფალთა კარზე ღირსებააყრილი მარიონეტების როლში იხილა. ამის დაწერა და წაკითხვა, ცხადია, არასასიამოვნო იყო, თუმცა ბოლო მოვლენები სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ნაკლებად გვაძლევს.

გზა ვაშინგტონისკენ ფორმალური თვალსაზრისით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა აშშ-ის წარმომადგენლები თითქმის აღარ მალავენ, რომ იმ საკითხების გადაწყვეტაში ერევიან, რომლებიც აშკარად საშინაო საქმეებს მიეკუთვნება. 2 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა, რომ სააკაშვილთან შეხვედრებზე ამერიკელები მისი შესაძლო გაპრემიერების თემას შეეხნენ. ამას, ისევე, როგორც ბარაკ ობამას ფრაზას საქართველოში არჩევნების ჩატარების და ხელისუფლების გადაცემის შესახებ, სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მწვავე დისკუსია მოჰყვა, იმის თაობაზე «მოხსნა» სააკაშვილი ვაშინგტონმა, თუ პირიქით, ხელახლა «დანიშნა» (ტელეეთერში, ცხადია, სხვა ფორმულირებები გამოიყენებოდა, თუმცა ინტერნეტ-მომხმარებლები ტერმინების შერჩევით თავს მაინც და მაინც არ იკლავდნენ). ამ, თავისი არსით სამარცხვინო, კამათის დროს, ორივე მხარე, ფაქტობრივად, ამყარებდა მოსაზრებას თეთრი სახლის ყოვლისშემძლეობისა და, შესაბამისად, ქართველი ამომრჩევლის უსუსურობის შესახებ; მთელი პოლიტიკური პერსპექტივა, დაყვანილ იქნა ცინიკურ კითხვამდე: «გააპრავებენ» ამერიკელები არჩევნების მორიგ გაყალბებას თუ არა? «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭოს 6 თებერვლის წერილმა ამ კონტექსტში ხომ საერთოდ საკონტროლო გასროლის როლი შეასრულა.

აშშ უძლიერესი ზესახელმწიფოა და ნებისმიერი პატარა ქვეყანა ცდილობს, არ დაუპირისპირდეს და მისი ინტერესები შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს, თუმცა ამერიკელების ჩარევას საკუთარ საქმეებში ასეთი მოცულობით მხოლოდ საქართველო უშვებს. მეტიც, პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მხურვალედ მიესალმება ამას. მცოცავი დესუვერენიზაციისა და სახელმწიფოებრივი დეგრადაციის უფრო თვალსაჩინო მაგალითი დღევანდელ მსოფლიოში, უბრალოდ, არ არსებობს.

ამას, ალბათ, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. დღევანდელი ქართული საზოგადოება ერთობ ინფანტილურია და ჯერაც მზად არ არის, იტვირთოს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ამოცანა აკისრებს. თანაც ამდენი მარცხის შემდეგ, მას, შესაძლოა, აღარ ჰყოფნის ნებისყოფა იმისათვის, რომ გარკვევით თქვას: «ეს ქვეყანა ჩემია» და ნელ-ნელა ბატონყმური მსოფლმხედველობის მორევში იძირება. ეს კრიტიკული მომენტი, შეიძლება ნოკაუტში გაგზავნილი მოკრივის მდგომარეობას შევადაროთ, ის ნებისმიერ ფასად ან ფეხზე უნდა წამოდგეს, ან დამარცხება აღიაროს; ისეთ არამატერიალურ, თუმცა მეტად ღირებულ აქტივს, როგორიც არის ნებისყოფა, ამ შემთხვევაში ვერაფერი შეცვლის.

ამასთანავე, არ არსებობს იდეოლოგია ან რაიმე ფასეულობები, რომლებიც ელიტას უბიძგებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაზე იზრუნოს. მტაცებლური, ბარბაროსული ინსტინქტები არ აძლევს მას შესაძლებლობას, თვალებში გამოიხედოს და საკუთარი თავის წინაშე ცოტა უფრო ამბიციური ამოცანები დააყენოს, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის შეუჩერებელი ძარცვაა. მას არ ძალუძს, მიღწიოს შიდა კონსენსუსს «თამაშის წესებზე» და აქედან გამომდინარე, გარე არბიტრის ჩარევა სჭირდება. დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების შესაძლებლობების მაქსიმუმს, სავარაუდოდ, უცხო სახელმწიფოს გუბერნატორის როლის შესრულება წარმოადგენს, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს ინსტრუქციებს იმის თაობაზე, თუ რა მოიმოქმედოს საკუთარ ქვეყანაში, რა ომებში გაგზავნოს ადგილობრივი კონტინგენტი და რომელ ბანკში შეინახოს პირადი სახსრები. თუ მის რიგებში უცაბედად «პრომეთე» გამოჩნდება, რომელიც სისტემის შეცვლას დააპირებს, დანარჩენები დაესევიან, გაკოჭავენ და დაკორტნიან ისე სწრაფად, რომ ვერც ერთი უცხოური სადამსჯელო რაზმი ვერ დაასწრებს.

ერთობ პათეტიკურად კი გაიჟღერებს, თუმცა, როდესაც დღევანდელ საქართველოს ვუყურებთ, შეიძლება გაგვიჭირდეს იმის დაჯერება, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში დიდგორი და ბახტრიონი იყო, რომ ერის წიაღში ოდესღაც იბადებოდა იდეები და მისრაფებები, რომლებსაც ის გამარჯვებამდე მიჰყავდა. დღეს ჩვენში უფრო მარტივი დღის წესრიგი დომინირებს: მონა ოცნებობს იმაზე, რომ ბატონი გახდეს, ბატონს ეშინია, რომ მონად არ იქცეს. ამერიკელი პარტნიორები, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ქართულ საზოგადოებას მისივე ილუზიები და ფობიები მიჰყიდონ, თანაც ძვირად. არაფერი ანტიამერიკული ამ ფაქტის კონსტატაციაში არ არის, ისინი, უბრალოდ, კარგი ბიზნესმენები არიან.

გზა უფსკრულისკენ

სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უკვე დამარცხდა, რადგან მათში, ისევე როგორც ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, უცხო ქვეყნის უზომო ჩარევა დაუშვა. რაც შეეხება ვაშინგტონის სავარაუდო პოზიციას მომავალი არჩევნების დროს, ის საქართველოში აშშ-ის გავლენის გაფართოებას უზრუნველყოფს.

სააკაშვილის პერსონას, ისევე როგორც ქართველი პოლიტიკოსების დეკლარაციებს ამ კონტექსტში მესამეხარისხოვანი მნიშვნელობა მიენიჭება. ამერიკელებისთვის მთავარია, რომ საქართველოში არ მოხდეს «რაღაც», რაც მათ პოზიციებს საფრთხეს შეუქმნის.

მართალია, ქართველი პოლიტიკოსები ვაშინგტონში (ქვეტექსტში, შეფარვით) იმუქრებიან, რომ მათ არარჩევას (თუ არდანიშვნას) შეიძლება საქართველოში მასშტაბური დესტაბილიზაცია მოჰყვეს, თუმცა ძია სემმა, სავარაუდოდ, მშვენივრად იცის, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ამას ხელს არც ერთი მათგანი არ შეუწყობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკითხი ცოტა უფრო მარტივად დგას: ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი, მათ მიმართ ლოიალური პოლიტიკური ძალების ისეთი კონფიგურაცია უნდა მოძებნონ, რომელიც ქართულ საზოგადოებას ნაკლებად გააღიზინებს, არ გამოაფხიზლებს, «გაგიჟებამდე» არ მიიყვანს, მკვეთრად ანტიამერიკულად არ განაწყობს და, საბოლოო ჯამში, უდრტვინველი დეგრადაციის გაგრძელებაში ხელს დიდად არ შეუშლის.

არის სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებისა და განმტკიცების ვარიანტი, თუმცა ის პერსპექტივაში, ძალიან დიდი ალბათობით, მეტად ოდიოზური დიქტატურის ჩამოყალიბებით დაგვირგვინდება, რამაც შეიძლება უმართავი პროცესები გამოიწვიოს. არის ორპარტიულ მოდელზე გადასვლის ვარიანტი, რომელთა მიხედვით, ორივე პოლუსი მკვეთრად პროამერიკული იქნება (ამ მოდელში მესამე, პირობითად «ეროვნული ძალის» ინტეგრირებაც შეიძლება, რომელიც რეალურად არაფერს გადაწყვეტს, თუმცა ბევრი ამომრჩევლისთვის დამამშვიდებელი აქსესუარის როლს შეასრულებს). ეს ვარიანტი პერსპექტივაში მეტ სტაბილურობას და აშშ-ის გავლენის შემდგომ გაფართოებას მოიტანს, თუმცა ეს გზა ზოგიერთ ეპიზოდში ბეწვის ხიდზე გავლას და საკმაო მოცულობის მიკრომენეჯმენტს გულისხმობს. არის ვარიანტი, რომელიც დღევანდელი რეჟიმის ანიჰილაციასა და სისტემის სრულ «გადატვირთვას» ითვალისწინებს, «ვარდების მეორე რევოლუციის» მოწყობით, სუფთა ფურცლიდან დაწყებით და იგივე კურსის გატარებით, თუმცა ამ ვარიანტსაც სატრანზიტო პერიოდის რისკები, კადრების როტაციასთან და საზოგადოების მღელვარებასთან დაკავშირებული პრობლემები ახლავს. მოკლედ, ვარიანტები არის, ვარიანტებს რა გამოლევს… რაც მთავარია, «ორ მხარედ» გაყოფილი ქართული ელიტა ნებისმიერ დაკვეთას, ძალიან დიდი ალბათობით, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს.

«განვითარების დიქტატურას» აზრი ორ შემთხვევაში ეკარგება: მაშინ, როდესაც განვითარება წყდება და მაშინ, როდესაც ის თავის დანიშნულებას ასრულებს, ქვეყანა უფრო მაღალ საფეხურზე ადის და იქმნება წინაპირობები (მართვადი) დემოკრატიის ფორმირებისთვის; ამ დროს ანაქრონიზმადქცეული «განვითარების დიქტატურა» და მისი მოწადინების შედეგად «გამძღარი», წინ წასული საზოგადოება ერთმანეთთან გადაულახავ კონფლიქტში შედიან. კარგ მაგალითს, ამ მხრივ, სამხრეთ კორეის უახლესი ისტორია გვაძლევს.

სააკაშვილის (თეორიული) შანსი ამერიკელებისთვის იმის დამტკიცებაში მდგომარეობს, რომ «აღმშენებლობის» (და საქართველოს აშშ-ზე 100%-იანი მიბმის, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ) პროცესი ჯერაც არ დასრულებულა და მისი რეჟიმი სწორედ ახლაა საჭირო. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, ირწმუნება, საქართველო სრული კრახისკენ მიექანება, რაც დესტაბილიზაციითა და, მათ შორის, ამერიკელებისთვის არსასურველი შედეგებით დასრულდებაო. ბარაკ ობამას 30 იანვრის რეპლიკებით თუ ვიმსჯელებთ, მან შემდეგი პოზიცია ჩამოაყალიბა: საქართველოს ტრანსფორმაციის პირველი ეტაპი დასრულდა, რისთვისაც დიდი მადლობა, ახლა კი სასურველია, რაღაც შეიცვალოს, სავარაუდოდ, იმისთვის, რათა ქვეყანამ სტაბილურობა, ხოლო აშშ-მა მასში საკუთარი პოზიციები შეინარჩუნოს (და გააფართოოს).

ვიდრე ვაშინგტონში «მარიონტების თეატრის» წარმოდგენა გრძელდება, საქართველო დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის პირობებში (ნიშანდობლივია, რომ ობამა-სააკაშვილის 30 იანვრის ბრიფინგზე ეს თემა არ ფიგურირებდა), უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე ცხოვრობს, საგარეო ვალს ზრდის და სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოთი დღემდე არნახულ რეკორდებს ამყარებს. ის 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. ის ღვთისაგან მივიწყებულ ავღანეთში ჯარისკაცებს კარგავს და შინაგანად მზად არის, ხვალ ისინი ირანში დაკარგოს. ამ ჩამონათვალის გაგრძელება ძალიან დიდხანს შეიძლება, თუმცა შემაჯამებელი კითხვა ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ სახეს მიიღებს: «კიდევ რა გნებავს, ძია სემ?».

გზა დიდგორისკენ

სახელისუფლო პროპაგანდამ ამერიკელი პარტნიორების ბოლოდროინდელი «გაღმერთებით», დიდი ალბათობით, უნებლიეთ ხელი ანტიმერიკული განწყობის ზრდას შეუწყო. თუმცა ამ ემოციებსა და მყარ იდეოლოგიურ პლატფორმას შორის, რომელიც საკუთარი ქვეყნის ბედის საკუთარ ხელში აღებას გულისხმობს, საკმაოდ დიდი სხვაობაა.

დღეს საზოგადოება, სავარაუდოდ, მზად არ არის შეგნებული, თანმიმდევრული ბრძოლისთვის ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ, რაც, სხვათა შორის, არ შეიძლება არსით ანტიამერიკული და, საერთოდ, «ანტი”« იყოს, არამედ მხოლოდ პოზიტიურ მიზანზე _ «ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს» ორიენტირებული.

სიტუაციის შეცვლა არც ძლიერ ეკონომიკას და არც მოხერხებულ პროპაგანდას არ შეუძლია, ერის მომზადება ამ მისიის შესრულებისთვის, სავარაუდოდ, მხოლოდ განათლებას ძალუძს. ჰუმბოლდტის რეფორმა მიწასთან გასწორებულ, შეურაცხყოფილ პრუსიაში დაიწყო და მისი ნაყოფი, საბოლოო ჯამში, ერთიანი, დიადი გერმანია გახდა, რაც დაადასტურა კიდეც ოტო ფონ ბისმარკმა თავისი ცნობილი ფრაზით მასწავლებელზე, რომელმაც ომი მოიგო. საინტერესოა, ვინ მოიგო დიდგორი? ოდესმე თუ დავფიქრებულვართ იმ ბერებზე, რომლებიც წელში გაწყვეტილ საქართველოში ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და ეუბნებოდნენ რაღაც ისეთს, რამაც ათწლეულების შემდეგ, 1121 წლის 12 აგვისტოს მისცა შინაგანი ძალა იმისთვის, რომ ხმლით ხელში მტრის მორევში გადაშვებულიყვნენ, ხოლო შემდეგ ქვეყანა ისე მოეწყოთ, რომელიც დღესაც მიუწვდომელ იდეალად რჩება? გერმანელები სავსებით სამართლიანად ამაყობენ იმ როლით, რომელიც მათი ქვეყნის აღზევებაში ბერლინის უნივერსიტეტმა შესრულა და, ალბათ, არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ, რომ დიდგორისკენ მიმავალმა გზამ იყალთოს და გელათის აკადემიებზე გაიარა.

ასე შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია 1879 წელი და «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება» გავიხსენოთ. ეს სტრატეგიული ხასიათის არჩევანი იყო, რომლის გარეშე, საქართველო დღეს გაცილებით შეჭირვებულ, განუვითარებელ მდგომარეობაში იარსებებდა (თუ იარსებებდა!). თავი დავანებოთ იმ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ საქართველომ XXI საუკუნეში წარმატების მიღწევისთვის ინვესტირება ცოდნაში უნდა მოახდინოს (სხვა რამდენადმე ღირებული ალტერნატივა მას, უბრალოდ, არ აქვს). აქ მთავარი, ალბათ, სხვა რამ არის. ახალი საგანმანათლებლო რევოლუციის გარეშე ქართული საზოგადოება თავს საკუთარი ქვეყნის პატრონად, სავარაუდოდ, ვერ იგრძნობს და, შესაბამისად, დამოუკიდებელ, ღირსეულ სახელმწიფოს ვერ შექმნის. ამ შემთხვევაში მხოლოდ ისღა დაგვრჩება, რომ ვუყუროთ, თუ როგორ ასრულებენ ჩვენი გაუმაძღარი ბელადები რიტუალურ ცეკვებს ვაშინგტონში და მორჩილად დაველოდოთ, რომელ მათგანს გამოარჩვევს ბატონი.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here