Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას ერთი რამ: გიწვევთ ყველას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!

ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას ერთი რამ: გიწვევთ ყველას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!

753

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» ჩემი სტატია «რა ხდება ქართულ ოცნებაში» გამოქვეყნდა. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ამ თემისადმი ინტერესი არ გამქრალა. ყველა საინფორმაციო საშუალება (სამთავრობოც და ოპოზიციურიც) გამოეხმაურა ჩემ წამოსვლას ივანიშვილის მოძრაობიდან. არც ისეთი გამოუცდელი ვარ (გნებავთ, ჟურნალისტიკაში, გნებავთ – პოლიტიკაში), რომ არ მცოდნოდა, _ ამ ფაქტის გამოყენებას ყველა სათავისოდ ეცდებოდა. არც ის იყო ძნელი გასაკეთებელი, გავჩუმებულიყავი და «სხვისი ხელით ნარის გლეჯის» უპირატესობა არ მცოდნოდა, მაგრამ დგება მომენტი, როცა საკუთარ თავს ეკითხები: საკუთარი ინტერესი გიჯობს თუ საქვეყნო?

კარგად მესმის, ბევრს ამაზე ისევე ჩაეღიმება, როგორც სიტყვა «სამშობლოს» ხსენებაზე, მაგრამ, როგორც ერთ დიდ რომანშია ნათქვამი, «აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს». ასე გამზარდეს და არც დედაჩემს მოსვლია თავში, ასე გაზრდილისთვის რაიმე საყვედური ეთქვა. ასე 2003-შიც, როცა ნავიდან ნავში გადახტომა, გადადგომა (ხელსაყრელ მომენტში), ღალატი და «მიშას მატარებელზე ბილეთის აღება» სულაც არ იყო ძნელი. სიტყვამ მოიტანა და, ვინც ამ ცდუნებას ვერ გაუძლო, შემდეგ ყველამ ინანა.ასეა ახლაც; ან უნდა გაჩუმდე და არჩევნების შემდეგ ხელები გაშალო: – ამას როგორ წარმოვიდგენდიო, ან ახლავე უნდა შეუძახო მათ, ვისაც მხოლოდ ქებასა და მოწონებას უძღვნიან. «ქართულ ოცნებაში» რომ პრობლემები იყო, ამას მხოლოდ კოალიციის ზოგიერთი წევრი არ იმჩნევდა, დანარჩენი საზოგადოება კი ამ არაპოპულარულ თემაზე ჯიუტად დუმდა. ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა იმაზე, რასაც საქართველოში იმედის კიდევ ერთ (იქნებ – საბოლოო?) გაცრუებისკენ მივყავდით, თუ «ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასას» სიბრძნეს მივყოლოდი.

არ ვნანობ. პირიქით. თუნდაც იმიტომ, რომ «ფორუმთან» გაუთავებელი კონსულტაციების შემდეგ, როგორც იქნა, მათი კოალიციაში ყოფნა გადაწყდა; თუნდაც იმიტომ, რომ რესპუბლიკელების მიერ სრულიად არადემოკრატიულად გარიცხული რეგიონული ლიდერი – მურმან დუმბაძე უახლოეს მომავალში «ქართულ ოცნებაში» იქნება (ასე ამბობს ივანიშვილი); თუნდაც იმიტომ, რომ, ყველა წინა განცხადებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი აღარ გამორიცხავს ქუჩის საპროტესტო აქციებს. ბევრი თუნდაც არის ამ ისტორიაში.

«ქრონიკამ» ბოლო ნომერში საგანგებოდ აღნიშნა: ნანა დევდარიანის ამბავი გახმაურდა, რადგან ის ცნობილი ადამიანია. უამრავი ადამიანი მიდის «ქართული ოცნებიდან», ოღონდ ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცის. საზოგადოებამ კი უკვე იცის, რომ არ შეიძლება ჭირის დამალვა, რადგან ჭირი თავს არ დამალავს. ისიც იცის, რომ «ოცნებაში» მისულს გაყინული თვალებით არ უნდა დაგხვდნენ და ის მაინც უნდა გკითხონ, რამ მიგიყვანა; და ადამიანების «ჩარეხცვაში» სააკაშვილს არ უნდა გაეჯიბრონ.

ორიოდე დღის წინ ასეთი წერილი მივიღე: «25 წელი ემიგრაციაში ვცხოვრობდი. მეხუთე წელია, რაც მშობლიურ ქუთაისში დავბრუნდი. ამ ბოლო დროს გამოსული თითქმის ყველა თქვენი სტატია წავიკითხე. ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც ჩახედული არა ვარ, მაგრამ შეგრძნებები თითქმის ისეთივე მაქვს, როგორც თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქიდან მოშორებით ვცხოვრობ. ამჟამად ვთანამშრომლობ ოპოზიციურ პარტიებთან, კერძოდ «თავისუფალ დემოკრატებთან». როგორც კი «ქართული ოცნების» ოფისი გაიხსნება ჩვენთან, სურვილი მაქვს, გავწევრიანდე. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის არჩევანის გზა ბევრი არა გვაქვს, ამიტომ თქვენს მტკიცე პოზიციას პატივს ვცემ».

პატივს ვცემ ამ სტრიქონების ავტორს, რადგან მის წერილშიც საქვეყნო სატკივარი ჩანს და არა საკუთარი. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელიც მილიარდერის დასახმარებლად 5-5 ლარის შესატანად რიგში იდგა «ქართუ» ბანკთან. ასეთი რამ წარმოუდგენელია სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. ქართველები იმაზე ბევრად დიდი ხალხია, ვიდრე ეს ზოგიერთ ზესახელმწიფოს წარმოუდგენია.

იმ რიგში მდგომი შეჭირვებული ადამიანებისგან განსხვავებით, ივანიშვილის კარზე რომ სხვა რიგი დგას, ამას ყველა ხედავს. მათ უკანასკნელი 5 ლარი კი არ შეაქვთ, გამოტანაზე არიან ორიენტირებული (და არა ნატოზე, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს). ვამბობდი და კვლა გავიმეორებ: ივანიშვილმა ყველა უნდა შემოიკრიბოს და ყველა დარაზმოს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. აი, ეს იქნება გამარჯვების წინაპირობა, სხვანაირად არაფერი გამოვა. ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას ერთი რამ: გიწვევთ ყველას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!

ამის ნაცვლად იგი კვლავ მიჯნავს ოპოზიციის ნაწილს (საყოველთაოდ ცნობილ ფსევდოოპოზიციას არ ვგულისხმობ), ნაწილს კი სთავაზობს: «იმ პარტიებს, რომლებიც ვერ გაერთიანდებიან ჩვენს კოალიციაში, მაგრამ არ არიან იდეოლოგიურად მიუღებელნი, ვთავაზობთ მაჟორიტარული წესით არჩევნებისას საერთო კანდიდატზე შესაძლო შეთანხმების ვარიანტს». ამ წინადადებაში იმდენი დათქმა და პირობაა, რომ საკითხავი მხოლოდ ის რჩება, ვისთან უნდა შეთანხმდნენ? თუ იდეოლოგიურად მიუღებელი არ არის რომელიმე ძალა, მაშინ რატომ «ვერ» უნდა გაერთიანდეს კოალიციაში? რა სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს ამ «ვერ»-ს?

ასეც რომ არ იყოს, მაჟორიტარების კანდიდატებზე შეთანხმება იმდენად ჩვეულებრივი პრაქტიკაა არჩევნებისას, რომ ეს არავითარ ნოვაციას არ ნიშნავს. შეთანხმების გარეშე ვინც ხეირობს, ეს ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. შეთანხმება ყველაფერზე შეიძლება, თუ ავტორიტარული რეჟიმის გაშვება გინდა და არა სხვა რამ. სხვა რამ კი ზოგიერთი პარტიისთვის რამდენიმე გარანტირებული საპარლამენტო მანდატია, სხვისთვის – მმართველ პარტიასთან პარლამენტში თანამშრომლობა და ა. შ. ისე, ხომ საინტერესოა, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილთან თანამშრობლობას კატეგორიულად გამორიცხავ, სააკაშვილის რეჟიმთან კი – დასაშვებად მიიჩნევ? ან განა ის არ არის საინტერესო, რომ 2003 წლის რევოლუციას ამართლებ, ხოლო ყოველივე ცუდში მხოლოდ სააკაშვილს ადანაშაულებ? საინტერესო არ არის, როცა სხვას მუდმივად დანაშაულზე უთითებ, საკუთარ «ღვაწლზე» სახელმწიფო გადატრიალებაში კი ახლაც სიამაყით საუბრობ?

ნართაულებით საუბარი არ მიყვარს. რესპუბლიკელებზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: უმცირესობა არ უნდა მართავდეს უმრავლესობას (ამას სააკაშვილის ხელისუფლებაც აკეთებს). ივანიშვილს კი სჯერა, რომ რესპუბლიკელების ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ისინი «აკადემიური ენით საუბრობენ და ვერ საუბრობენ იმ ენით, რომლითაც მოიხიბლება საზოგადოება».

თუმცა, მისივე აზრით, ეს საზოგადოების პრობლემაც ყოფილა: «აქ საზოგადოებაშიც უნდა ვეძებოთ მიზეზები. შესაძლოა, ჩვენ პოლიტიკური კულტურაც გვაკლია… რესპუბლიკელები ევროპისთვის გასაგები ენით საუბრობენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა ასეთი ხასიათი ჩამოგვიყალიბა, _ მეტ რადიკალიზმსა და მეტ სიფიცხეს ვართ ჩვეულნი». ვისაც თინა ხიდაშელის სიფიცხე და რადიკალიზმი ეცოტავება, გაიხსენოს მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ «ბათიაშვილი, რა თქმა უნდა, დასაჭერია» (საააკაშვილი ასეც მოიქცა), ან რესპუბლიკელების მიერ მურმან დუმბაძის გარიცხვის ბოლშევიკური პროცედურა! პრობლემა მათ აკადემიურობაში კი არა, სხვაგან არის საძებარი.

ქართული საზოგადოება, როგორც არ უნდა «აკლდეს პოლიტიკური კულტურა», ამომრჩეველია. მას ყური უნდა მიუგდო და არა დააძალო ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. დაფარვით არაფერს ვამბობ და არც ივანიშვილისგან რომელიმე პარტნიორის გარიყვას ვცდილობ. აკი ვამბობ, მარტო ესენი კი არა, სხვებიც უნდა შეემატონ კოალიციას. უბრალოდ, ყველა ძალას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და არა იმაზე მეტი, ვიდრე მას ამომრჩეველმა მოუზომა. თუ არადა, რა განსხვავებაა «ნაციონალებისგან»?

მიმაჩნია, რომ «საქართველო და მსოფლიოს» მიერ წამოწყებულმა დისკუსიამ შედეგები გამოიღო. თუნდაც იმიტომ, რომ ათიოდე დღის წინ შალვა რამიშვილის «აკრედიტაციის გარეშე» ზუსტად იმ რეკომენდაციას ასახავდა, რომელიც წამოსვლამდე «ქართულ ოცნებაში» წერილობითი სახით დავტოვე. აი, მისი ერთი ფრაგმენტი: «მოძრაობაში გაწევრიანების მსურველთათვის სატელევიზიო სიუჟეტების გაშვება. ეს რეკლამაზე უკეთ იმუშავებს, რადგან გამოჩნდება, რომ ხალხი მოდის. ვისაც ჯერ კიდევ შიში აქვს, მოეხსნება. სიუჟეტში უნდა იყვნენ ნაჩვენები რეალური ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რატომ მოვიდნენ მოძრაობაში, რა იმედები აქვთ, გამარჯვების რწმენაზე ილაპარაკებენ და ა. შ. (შესამუშავებელია კონკრეტული გრაფიკი. გადაღებები უნდა დაიგეგმოს, ადამიანები მოსამზადებელი არიან გადაღებისთვის. იმისთვის, რომ მაყურებელმა მისამართი იოლად დაიმახსოვროს, შესაძლებელია, სიუჟეტში დაწვრილებით მოყვეს რამდენიმე ადამიანი, რა ტრანსპორტით, რომელი რაიონიდან თუ ქალაქის უბნიდან როგორ მოვიდა და ა. შ.).»

ამას «საავტორო უფლების დაცვის» გამო არ შეგახსენებთ; მთავარია, საქმე გაკეთდეს და ვინ გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს. ისიც მახარებს, რომ სხვა ჩემი რეკომენდაციის კვალდაკვალ კოალიციის ლიდერებისგან უკვე გაისმა ფრაზა: «ყველას ვერ დაიჭერენ»! რეკომენდაციის ის ფრაგმენტი კი ამგვარი იყო: «მზად უნდა ვიყოთ, მობილურად განვახორციელოთ ცვლილებები, რადგან, სავარაუდოდ, ეფექტიანად მომუშავე თავმჯდომარეებს პრობლემებს შეუქმნიან. აუცილებელია რაიონულ და საუბნო რგოლებში რეზერვის არსებობა სწრაფი ჩანაცვლებისთვის, პრინციპით _ «ყველას ვერ დაიჭერენ»!

თუკი «ქართული ოცნება» მზად აღმოჩნდა აზრისა თუ რეკომენდაციის გასაზიარებლად, ეს მხოლოდ მახარებს. ცხადია, რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომელიც ბრძოლის ტაქტიკას ეხება, საჯაროს არ გავხდი, მაგრამ, რაც საჯაროდ უნდა ითქვას, იმას შორი მანძილიდან, პრესის საშუალებით ყოველთვის გავანდობ თუნდაც რესპუბლიკელებსა და «თავისუფალ დემოკრატებს», ივანიშვილსა და «ფორუმზე» რომ აღარაფერი ვთქვა.

კარგია, როცა მტერს მეგობრად აქცევ. ძალიან ცუდია, როცა მეგობარს მტრად მოიკიდებ. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, თუმცა ერთი საიდუმლო მინდა გავანდო ჩემს «დაუძინებელ მეგობრებს»: განსხვავება ჩემსა და ამ ხელისუფლების აპოლოგეტებს შორის, სხვა მრავალთან ერთად, ისიც არის, რომ მე ისინი არც რევოლუციამდე მძულდა და არც ახლა, მათ კი მაშინაც ვძულდით და ახლაც ვძულვართ.

თქვენ?

ნანა დევდარიანი

P.S. «საქართველო და მსოფლიოს» სახელით უფლებამოსილი ვარ, განვაცხადო: ყოველთვის ვმოქმედებთ პრინციპით –»მოყვარეს პირში უძრახე» და მოხარული ვართ, როცა მკვახე შეძახილს შედეგი მოაქვს. გულით ვულოცავთ «ეროვნულ ფორუმს», რომ სამართალმა პური ჭამა და ობლის კვერი გამოცხვა. იმედი გვაქვს, მალე მურმან დუმბაძესა და სხვა ბევრ კარგ ქართველსაც მივულოცავთ, ხოლო თუ ჩვენი კრიტიკა გულზე მოგხვდებათ, გადაიკითხეთ «ოთარაანთ ქვრივი». თუმცა, რაკი მუდამ მოუცლელები ხართ, ამ ამონარიდსაც ჩვენ მოგაწვდით:

«ტკბილი სიტყვა რა არისო! _ იტყოდა ხოლმე, _ ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, _ მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ, თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა».

1 COMMENT

  1. ამდენი დაზარალებული ადამიანია ამ ხელისუფლების მიერ. მარტო ეს ხალხი ეყოფა ამ მთავრობას. ბატონო მიშა მოგიხდებათ ასე რომ გააჯეჯილეთ ადეიშვილი, მერაბიშვილი და მისთანანი. შეიძლება ბევრი რამ იცოდით , მაგრამ ბევრი არ იცოდით. არ ცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here