Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა «ლაზიკა» ამერიკულ კომპანიას მოჰპარა!

საქართველოს პრეზიდენტმა «ლაზიკა» ამერიკულ კომპანიას მოჰპარა!

579

მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთან დაახლოებული კარგად ინფორმირებული წყაროსგან «საქართველო და მსოფლიომ» სენსაციური ამბავი შეიტყო: მიხეილ სააკაშვილის მიერ გაპიარებული ქალაქ ლაზიკის პროექტი მოპარულია, თან მოპარულია ამერიკული კომპანიისგან, რომელსაც ლაზიკა სულ სხვა სახითა და დანიშნულებით ჰქონდა წარმოდგენილი!

მართალია, პროექტის ამერიკელი ავტორები ამ ეტაპზე რაიმე კომენტარისგან თავს იკავებენ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს საელჩოში შეტანილი პროექტი სააკაშვილს გაეგზავნა, ხოლო დაფინანსებისთვის ქართულ მხარეს მსოფლიო ბანკისთვის უნდა მიემართა. მსოფლიო ბანკს არც პროექტი მიუღია და არც რაიმე ინფორმაცია, თუმცა მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა.

სკანდალი კი იმის გამო დაიწყო, რომ პროექტ «ლაზიკას» თავდაპირველი მიზნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ კოლხეთის ჭაობს მძიმე ტექნიკა მიაყენა და მისი ამოშრობისთვის მზადება დაიწყო. მსოფლიოს გარემოს დამცველებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს, რადგან ჭაობებს სპეციალური, ე. წ. რამსაარის კონვენცია იცავს, ხოლო მათი ამოშრობა იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს!თუმცა სააკაშვილი არც გარემოს დაგიდევთ და არც ცოცხალ ადამიანებს. მისთვის მთავარია პიარი და არა ეს აბსტრაქციები. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მიშას «ლაზიკასგან» განსხვავებით, ამერიკული პროექტის მიხედვით, გარემოსაც და ადამიანებსაც პირდაპირი სარგებელი უნდა ენახათ. პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, მის მსოფლიო ბაზარზე გატანასა და, რაც მთავარია, დევნილი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებდა. თითოეული დევნილისთვის უფასო ბინა და კულტურული გარემო იყო გათვალისწინებული, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებით იქნებოდა აღჭურვილი. დევნილები არამარტო დასაქმდებოდნენ, არამედ ამ ახალი წამოწყებების მეწილეებიც გახდებოდნენ. საშუალო ხელფასი კი ამ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და საკუთარი მთავრობა მერამდენედ ყრის ღია ცის ქვეშ, 500-600 დოლარი უნდა ჰქონოდათ!

წელიწადზე მეტი გავიდა და პროექტის ავტორებს ოფიციალურ დონეზე არავითარი პასუხი არ მიუღიათ, პროექტის შესახებ კი, მიხეილ სააკაშვილის საჩვენებელი პიარ-აქციების მიუხედავად, არც საქართველოს მთავრობაში, არც პრეზიდენტის კანცელარიაში ფარატინა დოკუმენტიც კი არ შექმნილა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკული მხარის მიერ მომზადებული პროექტი გვერდზე გადაიდო, ხოლო მასზე ხელის მოთბობის მსურველებმა თავად გადაწყვიტეს «ლაზიკის» საკუთარ ჭკუაზე მშენებლობა.

როგორც გავარკვიეთ, ლანდშაფტის შესწავლაში, ლაბორატორიულ ანალიზებსა და საექსპერტო კვლევებში პროექტის ავტორებმა რამდენიმე მილიონი დოლარი ჩადეს. ეს სკანდალი რომ უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, ცხადია. ამას თუნდაც ის მოწმობს, რომ სააკაშვილის ობამასთან შეხვედრამდე აშშ-ში, საქართველოს საელჩოში, ერთი ფაციფუცი იყო ამტყდარი. პროექტის ავტორებს ხვდებიან, აწყნარებენ, ხოლო ორიოდე დღის წინ მათთან შესახვედრად საგანგებოდ ჩაფრინდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და ამ გაუგებრობის გარკვევას დაჰპირდა.

სააკაშვილს სამი წლის განმავლობაში ნანატრი შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან, შესაძლოა, ჩაშხამებოდა და სწორედ ამან გამოიწვია ეს ფაციფუცი. როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, ყველა მექანიზმი ამოქმედდა, რათა პროექტის ავტორები ვიზიტამდე გააჩერონ, მერე კი «ან ასე იქნება, ან ისე». მათ უმაღლეს დონეზე შეხვედრებსაც ჰპირდებიან და პროექტის განხორციელებასაც, თუმცა სააკაშვილი, «ისტორიულ ვიზიტს» თუ გადააგორებს, მერე რას მოიმოქმედებს, თავადაც არ იცის.

რაც შეეხება საქართველოში პროექტის ავტორების მოწვევას, მათ «საქართველო და მსოფლიო» შეახსენებს, რომ რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოიყვანეს, შემდეგ კი ციხე ისე ახეხინეს, რომ წამალი და ნორმალური საკვები მოანატრეს, ბოლოს შეწყალებისთვის მადლობაც გადაახდევინეს, საქართველოს მოსახლეობის წინაშე კი იტრაბახეს, 70 მილიონი დავზოგეთო!

6 დეკემბერს, ფუქსისა და ფრენკელის შეწყალების შემდეგ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მწყაზარი სახით განაცხადა, რომ ებრაულ მხარესთან გარიგებით საქართველოს ხელისუფლებამ 70 მილიონი დოლარი დაზოგა: «ჯამური სახით, სახელმწიფოს 110 მილიონი დოლარი ჰქონდა გადასახდელი საურავების ჩათვლით. 70 მილიონი დოლარის დაზოგვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი». სხვათა შორის, დამთხვევაა თუ მისტიკა, ამერიკული «ლაზიკის» პროექტიც სწორედ 70 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და მისი «დაზოგვა» თუ არა, მის მომპარავებს საკუთარი სარგებლის ნახვა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და ადამიანების დასაქმება.

ამის შემდეგ როგორ ენდობიან პროექტ «ლაზიკას» ამერიკელი ავტორები საქართველოს ხელისუფლებას, რთული სათქმელია, თუმცა, საქართველოს მოსახლეობისგან განსხვავებით, ახლა უკვე ოკეანის გაღმაც გაიგეს, რომ ამ ქვეყანას მატყუარა და ქურდი ხელისუფლება ჰყავს.

მართალია, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერჯერობით სკანდალის მიჩუმათება მოახერხეს, მაგრამ «საქართველო და მსოფლიო» განაგრძობს ამ სკანდალური თემის გამოძიებას და უახლოეს მომავალში მის დეტალებს გაგაცნობთ.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here