Home რუბრიკები პოლიტიკა მორიგი ლიბერალები, ანუ «აუხდენელი ოცნება»

მორიგი ლიბერალები, ანუ «აუხდენელი ოცნება»

636

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარებას ხელისუფლების არადემოკრატიულ პოლიტიკასთან ერთად აფერხებს სხვადასხვა წონის, ზომის, დასახელებისა და გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე ორ ასეულზე მეტი პარტიული გაერთიანების არსებობა. არადა, ქვეყანას უფრო წაადგებოდა, განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ან სამი ძლიერი პარტია რომ იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ვინაიდან იდეოლოგიათა ჭიდილში საზოგადოებას უკეთ მიეცემოდა სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

მაგრამ საქართველოში დღეს მოღვაწე არც ერთი პოლიტიკური პარტია (ლეიბორისტების გამოკლებით(!)) აქცენტს სოციალური საკითხების მოგვარებაზე არ აკეთებს. უფრო მეტიც, ისინი კეთროვანივით გაურბიან მემარცხენე ხასიათის რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მსჯელობას (თუ არ ჩავთვლით პიარისთვის გაკეთებულ განცხადებებს). მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბი ან ღატაკია, ხოლო ქვეყანაში საშუალო ფენა მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილს შეადგენს, რაც მემარცხენე ორიენტაციის მქონე პარტიას უქმნის წინაპირობას, ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალად, ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არის პარტიებისთვის მემარცხენე ხასიათის საკითხებზე აქცენტის გაკეთება მიუღებელი?რა არის ცუდი იმაში, რომ სახელმწიფოში არსებობდეს სოციალური უზრუნველყოფის განვითარებული სისტემა, რომელიც მიმართული იქნება სიღარიბის წინააღმდეგ? ასევე არსებობდეს ეფექტიანი სადაზღვევო სისტემა, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს შემოსავლის დაკარგვის, ავადმყოფობის, უმუშევრობისა და საპენსიო ასაკის დროს?

ტერმინი «მემარცხენე» და «მემარჯვენე» საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან მოდის. 1789 წელს დიდგვაროვანთა პირველ კრებაზე განსხვავებული ქონებრივი მდგომარეობის ჯგუფებს განსხვავებული ადგილი ეკავა მონარქის გვერდით. მეფის მხარდამჭერი არისტოკრატები მისგან მარჯვნივ ისხდნენ, რადიკალები და მესამე წოდების წევრები _ მარცხნივ. ადგილთა ასეთი განლაგება შენარჩუნდა მომდევნო ფრანგულ თავყრილობებზეც. ტერმინმა «მემარჯვენემ» მალევე დაიმკვიდრა რეაქციულის, ან მონარქისტულის გაგება, ხოლო «მემარცხენემ» _ რევოლუციის ან ეგალიტარიზმის (მიმდინარეობა, რომელიც ქადაგებს ადამიანების თანასწორობას) მომხრე მიმართულებების მნიშვნელობა.

თუმცა «მემარცხენეობის» გაგება ამერიკასა და ევროპაში სხვადასხვანაირად ესმით. მაგალითად, ამერიკის დემოკრატიულ პარტიას, რომელიც დღეს მმართველ პარტიას წარმოადგენს, ამერიკელები მემარცხენეებად თვლიან (არჩევნებზე ხშირად ობამას სოციალისტად მოიხსენიებდნენ ხოლმე), მაგრამ ევროპულ პარტიებს თუ შევადარებთ, უფრო მემარჯვენე ცენტრისტები არიან.

გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად განვმარტავ, რომ ძლიერი მემარცხენე ორიენტაციის პარტიის არსებობა ქვეყანაში არ ნიშნავს კომუნიზმის დაბრუნებას ან მარქსიზმის ფანატიკურ პროპაგანდას. ცნობისათვის: მემარცხენე ორიენტაციის პარტიები მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში დღესაც საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს. მაგალითად, გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც «კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან» ერთად არის გერმანიის ორ ძირითად პარტიას შორის ერთ-ერთი. აღსანიშნავია, რომ გერმანელ სოციალ-დემოკრატებს საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავთ ბუნდესტაგში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარლამენტის მეორე პალატა ბუნდესრატშიც. დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე ბრიტანეთში ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც ხშირად ხელისუფლების სათავეშიც იმყოფება. ასევე, ძალიან ძლიერია საფრანგეთში სოციალისტური პარტია და ა. შ.

საქართველო კი უწონ-უძალო და უავტორიტეტო ლეიბორისტული პარტიის «იმედზეა» დარჩენილი, რომელსაც, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონის მიუხედავად, აქციაზე ათასი კაცის გამოყვანის რესურსიც კი არ გააჩნია.

დღეს «ნაციონალური» ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებს არა მისი პოლიტიკური კურსის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობის გამო, არამედ ადმინისტრაციული რესურსების, ბიუროკრატიული აპარატის და მოსახლეობის დაშინების ხარჯზე. არადა, მისი პოლიტიკური ორიენტაცია და ულტრალიბერალური იდეოლოგია საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის არამარტო უცხოა, არამედ მიუღებელიც.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ღიად დეკლარირებულ ულტრალიბერალურ პოლიტიკას ატარებს, «საჭირო მომენტში» საარჩევნო თუ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად და საზოგადოების თვალის ასახვევად ხშირად იღებს მემარცხენე ხასიათის გადაწყვეტილებებს, როგორიცაა 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგება, რომელსაც არანაირი გრძელვადიანი ეფექტი არ გააჩნია, ან კიდევ გასული წლის მიწურულს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სენსაციური განცხადება და სრულიად ოდიოზური გადაწყვეტილება _ «საახალწლო საჩუქრად» ყველა მოქალაქეს ახალი კბილები, რათა «ღიმილიანი საქართველო» ააშენონ და დაამშვენონ. თუმცა იმაზე საუბრითაც თავს არავინ იწუხებს, რომ «ღიმილიან საქართველოს» არა «ახალი კბილები», არამედ დასაქმებული და სოციალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობა შექმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, საქართველო «მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორ სახელმწიფოდ» წარმოაჩინოს, რომლის «განვითარების» მომდევნო საფეხურს თურმე «ღიმილიანი საქართველო» წარმოადგენს, ჩვენი ქვეყანა კვლავ დამშეული და გაღატაკებული მოქალაქეების სახელმწიფოდ რჩება, რომელშიც მოქალაქეებს იმის ფინანსური შესაძლებლობაც არ აქვთ, საკუთარი სახსრებით თუნდაც კბილების პრობლემა მოიგვარონ და ქვეყნის პირველი პირი იძულებულია «მთავარი სტომატოლოგის» ფუნქცია თავად იტვირთოს.

პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც აქვს პრეტენზია, შეცვალოს ხელისუფლება, აქცენტს უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, მოქალაქეთა დასაქმებაზე, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე გააკეთებს, რომელიც შესაძლებელს გახდის, საქართველოში ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს დასაყრდენი ძალა _ საშუალო კლასი. მაგრამ ჯერ რამის თქმა ნაადრევია, სანამ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდს არ ჩამოაყალიბებს და საზოგადოებას თავის პოლიტიკურ პლატფორმას არ შესთავაზებს. თუმცა დღეს, როცა მის გარშემო ლიბერალური ძალები არიან ძირითადად კონცენტრირებული, საზოგადოებას გარკვეულწილად ექმნება უარყოფითი შთაბეჭდილება და პესიმიზმის განცდა, რომ «ქართული ოცნება» ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობა გახდება და არა მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ძალა.

საერთოდაც, ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც გამარჯვების მიღწევა სურს, უნდა იცოდეს საზოგადოების განწყობა და მათ ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მემარჯვენე-ლიბერალური პარტიების არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის ცუდია. არა, რა თქმა უნდა. ამ უკანასკნელის არსებობა კარგიც კია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ელექტორატი არ არის მასობრივი, ვინაიდან ისინი ჩვენს ქვეყანაში მცირე ჯგუფს წარმოადგენენ.

ზოგადად, ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია, ცუდი კი არ არის თავისი პრინციპებით, არამედ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული ძალების რეაქციულ-შოვინისტური პოლიტიკის გამო საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია. არადა, თანამედროვე ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, კანონის უზენაესობა, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, მთავრობის გამჭვირვალეობას და მოქალაქის უფლებების დაცვას. ასევე, თანამედროვე საზოგადოებაში (მაგრამ არა საქართველოში) ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, რომელშიც ყველა მოქალაქეს კანონით აქვს ერთნაირი უფლებები და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მართალია, თანასწორობის მიღწევა ყველგან და ყველაფერში შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვის, განათლებისა და ა. შ. ხელმისაწვდომობა, სავსებით შესაძლებელია. ვინაიდან საქართველოში სახელმწიფო მხარდაჭერის და სუბსიდირების გარეშე ვერ იქნება მიღწეული განათლების ხელმისაწვდომობა, საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარებულ დარგად ჩამოყალიბება, ასევე, სოციალური სამართლიანობის, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და ა.შ. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულირება აუცილებელია.

შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოჩენილი პოლიტიკური ძალის მიერ აშკარა აპელირება ლიბერალიზმზე, თუ კონტრპროდუქტიული არა, სასურველი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ეს კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბიძინა ივანიშვილმა, როცა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას დაიწყებს და საზოგადოებას არსებული ხელისუფლების შესაცვლელად საჭირო სამოქმედო პროგრამას წარუდგენს.

ზურაბ ჯამბურია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here