Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა მანჯგალაძე ახალაიასა და გილაურის ჩხუბს უარყოფს

მანანა მანჯგალაძე ახალაიასა და გილაურის ჩხუბს უარყოფს

841

2007 წლის 28 აგვისტოს დიღმის მასივში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ ყოფნაზე ეჭვმიტანილი 3 ადამიანი. ისინი «მოდულის» შენობაში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ამ დროს სოდ-ის ამ ჯგუფის უფროსს დაურეკა კუდ-ის უფროსმა დათა ახალაიამ და უთხრა, რომ მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებაა, სამივე გაუშვითო, მაგრამ მთლად ისეც არა _ თითო პანღური მაინც ამოარტყითო.

სოციალური ქსელების მეშვეობით, ეს აუდიოჩანაწერი და საუბარი მხოლოდ 4 წლის მერე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, მოგვიანებით კი სტუდია GNS-მა სიუჟეტიც გააკეთა ამ ისტორიასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამეულიდან ერთი ფინანსთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნიკა (სიმონ) შაფაქიძე იყო, დანარჩენი ორი პანღურამორტყმულიც, ასევე, გილაურის სამეგობროდან იყვნენ. ისინი მართლა იყვნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, სოდ-მა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, მაგრამ დაკავებულებმა, კერძოდ, შაფაქიძემ, გილაურს დაურეკა, გვიშველეო. გილაური მერაბიშვილს დაუკავშირდა, მერაბიშვილმა კი (რაკი ამ სპეცოპერაციას დათა ახალაიას მეგობარი დავით კობახიძე ხელმძღვანელობდა), სოდ-ის მესვეურთ კი არა, პირდაპირ ახალაიას დაურეკა _ შენმა მეგობარმა ნიკა გილაურის მეგობრები დაიჭირა და გააშვებინე ახლავეო. სწორედ ახალაიას ბრძანება იყო, პანღურამორტყმული და შერცხვენილი გაეყარათ შუა ქუჩიდან, ხალხის თვალწინ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და მისი ორი მეგობარი.მაშინ ამაზე ერთი ამბავი ატყდა: მინისტრის მოადგილეს, თუნდაც ყოფილს, სოდ-ის თანამშრომელმა პანღური როგორ ამოარტყაო! თან ამ დროს ნიკა გილაური უკვე პრემიერია. ვანო მერაბიშვილმა სიტუაცია მალე «დაამშვიდა». შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიაც ნათქვამი იყო, რომ «სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელ დავით კობახიძეს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა და განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან», ანუ მთავარი პანღურამომრტყმელი გაუშვეს.

მოკლედ, პანღურამორტყმული ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკა შაფაქიძე იურიდიულად გამარჯვებული აღმოჩნდა, ხოლო პანღურამომრტყმელი დავით კობახიძე წაგებული დარჩა _ ის სოდ-იდან გაუშვეს.

გილაურისა და დათა ახალაიას შერკინების ეს რაუნდი გილაურის გამარჯვებით დასრულდა, ცხადია, ფორმალური გამარჯვებით, თორემ, არა მგონია, სოდ-ის თანამშრომლის მიერ პანღურამორტყმულ და ღირსებაშელახულ ნიკა შაფაქიძეს შსს-ს გადაწყვეტილებამ დიდად მოუფონა გული, მით უფრო, რომ მთელმა საქართველომ ნახა, როგორ ურტყამდნენ ჭიტლაყს მას და მის მეგობრებს.

როცა ნიკა შაფაქიძეს პანღური ამოარტყეს, ის აღარ იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მაგრამ შაფაქიძე დღემდე გილაურის ბავშვობის ძმაკაცია. ნიკა გილაურს ერთი «ოქროს წესი» აქვს: ყოველ პარასკევს, საღამოს 6 საათზე, წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე, მასთან იკრიბებიან მისი მეგობრები და ღამის 3 საათამდე პოკერს თამაშობენ. ამ წესს გილაური მხოლოდ მაშინ არღვევს, როცა უცხოეთშია მივლინებით ან პრეზიდენტს ახლავს თან. წყნეთში, სამთავრობო აგარაკები ისეა განლაგებული, ვიდრე გილაურის კოტეჯთან მიხვალ, ვანო მერაბიშვილის აგარაკს ახლოს და თან ეზოს წინ უნდა ჩაუარო.

ზემოხსენებული «პანღურთცვენის» მერე გილაურს ნიკა შაფაქიძე გაუფრთხილებია _ მაინც ერიდე ვანოსაც და დათა ახალაიასაც, ერთხელაც იქნება, მწარედ გაგახსენებენ ამ ამბავს და ეცადე, თვალში არ მოხვდეო. შაფაქიძე თურმე ყოველთვის შეუმჩნევლად ცდილობდა მერაბიშვილის კოტეჯთან გავლას და გილაურის კოტეჯში შესვლას. ამის დამნახავებიც არიან: შეშინებული შაფაქიძე როგორ მიიპარებოდა გილაურის კოტეჯისკენ, სამთავრობო აგარაკების, ე.წ. სპეცზონის ტერიტორიაზე, სადაც მერაბიშვილი ან ახალაია ეგულებოდა.

მაგრამ 23 დეკემბერს ნიკა შაფაქიძეს არ გაუმართლა. ის დათქმულ დროს ორ მეგობართან ერთად მივიდა სამთავრობო აგარაკზე. სწორედ იმ დროს, როცა ვანო მერაბიშვილის კოტეჯს გაუსწორდნენ, იქიდან დათა ახალაია გამოვიდა, რომელსაც გარეთ 2 მცველი ელოდა. ახალაიამ მაშინვე იცნო შაფაქიძე და დაუძახა _ ე, ბიჭო, მომიცადე ერთი წამითო. თვითმხილველი ყვება, რომ ახალაიამ თითქოს ვერც შენიშნა შაფაქიძის თანმხლები ორი პირი, არც თავისი დაცვის წევრებისთვის უთქვამს რამე ნიკა შაფაქიძეს, რომელიც გახევებული იდგა ცუდის მოლოდინში, მარჯვენა ხელით გამეტებით მუშტი შემოჰკრა ყბაში და ძირს დააგდო. «დათო კობახიძის გაფუჭებას არ გაპატიებ, ეგ წესიერი კაცი იყო, კარიერა დაუნგრიე და შენ და შენნაირ ნარკომანებს არ გავახარებო,» _ უთქვამს.

ნიკა შაფაქიძე მეგობრებს წამოუყენებიათ. დათა ახალაიასთვის წინააღმდეგობის გაწევა არავის მოსვლია აზრად. ყველაფერი ჩუმად ჩაივლიდა, რომ არა ნიკა გილაურის აგარაკის დაცვა, რომელიც გვიან ჩარეულა საქმეში. ერთი მათგანი სახლში შესულა და ნიკა გილაურისთვის უთქვამს მომხდარის თაობაზე, ხოლო ორს გვიან, მაგრამ მაინც, ცხვირპირდასისხლიანებული შაფაქიძის კოტეჯში შეყვანა უცდია. ამ ხმაურზე ჯერ ნიკა გილაური გამოვარდნილა გარეთ, მერე _ ვანო მერაბიშვილი. გილაურს საყვედური უთქვამს მერაბიშვილისთვის: მოთოკე ეგ ახალაია, ხომ ხედავ, ისე აუვარდა თავში, რომ შენი და ჩემი სახლის წინ კონცერტებს აწყობს, რა გადამაყოლა ერთი კაცის კარიერას! იმავე სოდ-მა არ დადო ის კადრები სოციალურ ქსელში?! ეკონტროლებინა კარგად და ყველაფერი უსკანდალოდ ჩაივლიდაო.

შს მინისტრს ჯერ ახალაია გამოულანძღავს კარგად _ რაღა დროს კობახიძე და ის ძველი ამბავია, თან, თუ ვერ დაივიწყე, მოიყვანე ის კობახიძე და ამუშავე შენთან სადმე, ოღონდ მე თვალით არ დამენახოსო. მერე გილაურს მისდგომია, _ ნარკომანი არც მოადგილედ გამოგადგება და არც მეგობრადო: ეგ კაცი (შაფაქიძე) შენი გარემოცვიდან მოიშორე, პრემიერ-მინისტრი რომ აღარ იქნები, ბავშვობის ძმაკაცები და «პამპერსები» მერე გაიხსენე და პოკერი კი არა, თუ გინდა, «დურაჩკა» ითამაშეთო.

ნიკა გილაური შეპასუხებია ყოვლისშემძლე მინისტრს: «ვისთან ვიმეგობრებ და რას გავაკეთებ სამსახურის მერე, ეგ ჩემი საქმეა მარტოო». «არა, ჩემი საქმეცააო, _ აჰყოლია ცოტა შეზარხოშებული მერაბიშვილი, _ აი, სწორედ დათა ახალიას სამსახური აგებს პასუხს უმაღლესი სახელმწიფო პირების გარემოცვაზე, ის აკონტროლებს ოჯახის წევრებსა და სხვებს სამთავრობო დაცვასთან ერთად. მართალია ახალაია, საცემი იყო ეგ შაფაქიძე და კიდეც უნდა ეცემა; ახლა, თუ ბევრს ილაპარაკებ, შენც მიიღებო». მოკლედ, ცოტაც და მერაბიშვილი გილაურზე გაიწევდა, მისი პირადი დაცვა უკვე საჩხუბრად იწევდა. გილაურს უკან არ დაუხევია, «არა ხარ მართალი, ვანოო,» _ უთქვამს და მისკენ გაწეულა, მაგრამ საქმე ჩხუბამდე არ მისულა. დათა ახალაიას ვანო მერაბიშვილი დაუშოშმინებია და სახლში შეუყვანია: «აქ ცირკის მოწყობა არ შეიძლება, ყველა მინისტრი აქ არის და მიშამ არ გაიგოსო». გილაური და ცხვირგატეხილი ნიკა შაფაქიძეც გილაურებთან შეუყვანიათ. მოჩხუბარნი დაშოშმინდნენ, დათა ახალაიამ და მისი დაცვის ორმა წევრმა 1 საათში დატოვა სამთავრობო ზონა, გილაურმა და მისმა საძმაკაცომ, თუმცა გვიან, მაგრამ პოკერი მაინც ითამაშეს.

ეს ამბავი მართლა გაიგო მიხეილ სააკაშვილმა და მეორე დღეს, საღამოს, საკუთარ რეზიდენციაში დაიბარა ვანო მერაბიშვილი, ნიკა გილაური და დათა ახალაია. პრეზიდენტის სასახლის კულუარებიდან ჩვენამდე მხოლოდ იმ ამბავმა მოაღწია, რომ სააკაშვილმა დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი მკაცრად დატუქსა. წყაროს ინფორმაციით, გილაურის სატელეფონო ზარის შემდეგ შედგა ეს შეხვედრა: გილაურს სააკაშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, _ ვანო მერაბიშვილი ცოტა მოთოკე, თავს გაუვიდა, თორემ დღესვე გადავდგები პოსტიდანო. გილაურს ტელეფონით უამბნია სააკაშვილისთვის წყნეთში მომხდარი ისტორია, უთქვამს დათა ახალაიას თავხედობაზეც. შეხვედრაზე დათა ახალაიას ბოდიში მოუხდია ნიკა გილაურისთვის, ვანო მერაბიშვილსა და გილაურს გადაუკოცნიათ ერთმანეთი. ვანოს სიტყვა მიუცია, რომ, მიუხედავად იმისა, ცოტ-ცოტა ყველაფრის მინისტრია, გილაურთან შეუთანხმებლად მინისტრთა კაბინეტის იმ საქმიანობაში არ ჩაერევა, რაც მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა ასეთ დაპირებებს ვანო ყველას აძლევს, მაგრამ გილაურმა სხვაზე უკეთ იცის, რომ ვანო მაინც ყველა სამინისტროს გაუკონტროლებს.

ნიშანდობლივია, რომ დათა ახალაიამ პრეზიდენტის პირადი საყვედური მიიღო. «ეს ბოლო ინციდენტია, რომელსაც გადავყლაპავ; ერთიც შეგეშლება და პოსტსაც გამოემშვიდობე და გავლენასაცო,» _ მკაცრად უთქვამს სააკაშვილს და მერაბიშვილი დაუმოწმებია, _ აქაოდა, ეს საკითხი ვანოსთანაც შეთანხმებულია და ფრთხილად იყავიო.

ნიკა გილაური პრემიერად დარჩა. კაცმა არ უწყის, ის მართლა აპირებდა გადადგომას თუ… მაგრამ საბოლოოდ მაინც ნიკამ გაიმარჯვა _ მერაბიშვილს «მაზოლზე» დაადგა ფეხი, ახალაიას ბოდიში მოახდევინა. შესაძლოა, ეს სწორედ იმიტომ გააკეთა მერაბიშვილმა, რომ უნდა დათა ახალაია ახლადშექმნილი _ საიდუმლო-პოლიტიკური პოლიციის შეფად დანიშნოს, რომელიც ყველაზე აღმატებული და ძლევამოსილი დეპარტამენტი იქნება შს სამინისტროში. მაგრამ სააკაშვილის ნებართვის გარეშე ამ პოსტზე მერაბიშვილი ვერავის დანიშნავს, მით უფრო, ქართული გესტაპოს შეფობის მსურველი სხვებიც არიან და ყველანაირად ცდილობენ, დათა ახალაია არ გახდეს ამ ახალი სტრუქტურა-მონსტრის უფროსი.

ჯაბა ლეონიძე

P.S. «საქართველო და მსოფლიო» ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფაქტის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო. «პირველად მესმის», _ განაცხადა მან და ტელეფონი გათიშა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ასევე დავუკავშირდით პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა აღნიშნული ინციდენტის შესახებ:

_ საერთოდ არ ვიცი, ასეთი რამ მოხდა თუ არა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საერთოდ რა შუაშია ამასთან დაკავშირებით?

_ როგორც ვიცით, ინციდენტი პრეზიდენტის კაბინეტშიც გაგრძელდა. სააკაშვილმა თავისთან დაიბარა ინციდენტის მონაწილეები: ნიკა გილაური, დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი, რომლებმაც ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს.

_ არაფერი ვიცი. ასეთი ფაქტი არ მახსოვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here