Home რუბრიკები პოლიტიკა კაცია ქდმ-იანი?!

კაცია ქდმ-იანი?!

1022

«როცა შევიდა ლუარსაბი საყდარში და თვალი მოჰკრა თავის საცოლოსა, ელდა ეცა. მოუბრუნდა თავის ძმას დავითს, თავაზასაც და ზრდილობასაც თავი დაანება და უთხრა:

_ დავით, აკი მზეთუნახავიაო?

ხალხს სიცილი წასკდა, საწყალი პატარძალი სირცხვილით აინთო და ტირილი დაიწყო. დავითი წინ წადგა; რომ დაინახა ერთი უმსგავსო პატარძალი, მღვდელს მიუბრუნდა:

_ მამაო! ჯერ სხვა იწერს ჯვარს, თუ ეს რა ამბავია?

_ კნიაზი ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯან მოსე გძელაძის ასული იწერს ჯვარს, _ მიუგო მღვდელმა.

_ პატარძალი სად არის?

_ აი, ესა ბძანდება.

_ ლუარსაბ! _ დაუძახა ძმას დავითმა, _ მოგვატყუვეს, ეგ ის არ არის, ჯვარი არ დაიწერო!»

ილია ჭავჭავაძე,

«კაცია-ადამიანი?!»რომ მოატყუეს და პარტიის ცეკას მდივანი შეუცვალეს, ამას, ლუარსაბ თათქარიძისგან განსხვავებით, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის აპარატის უფროსი ზურაბ ჯიბღაშვილი რვა თვის შემდეგ მიხვდა. «გასული წლის აპრილში ლალიაშვილი ჩემთან მიმოწერაში აცხადებდა, რომ «ხელისუფლება სწორად მოქმედებდა და ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ მის ადგილზე «ქრისტიან-დემოკრატები» არ არიან». იგი წერდა, რომ თვითონაც იმავეს გააკეთებდა, მხოლოდ უფრო მძიმე ფორმებით _ შეზავებული ფაშიზმითა და რელიგიური ექსტრემიზმით. 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ვკითხე, კიდევ ასე ფიქრობდა თუ არა და მიპასუხა, რომ უფრო მეტიც _ ბართლომეს ღამე უნდა მოეწყოთ და ყველანი დაეჭირათო. მომწერა, რომ მეც, მათ შორის, დასაჭერი ვარ,» _ განაცხადა ჯიბღაშვილმა და დასძინა, რომ «ლალიაშვილის პოზიცია რეალურად «ქრისტიან-დემოკრატების» იდეოლოგიაა, რასაც ისინი ქრისტიანობით ნიღბავენ».

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება აღნიშნული მიმოწერიდან 8 თვის თავზე და არა მანამდე, ჯიბღაშვილი განმარტავს, რომ «ეს დრო სამართლიანობისთვის მიკვლევის მცდელობას მოახმარა, პარტიის ლიდერებთან არაერთი საუბარი ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ ისინი ლალიაშვილის პოლიტიკურ ამორალურობასა და სამართლიანობას შორის არჩევანს გააკეთებდნენ, თუმცა ეს არჩევანი ფაშიზმის სასარგებლოდ გააკეთეს».

თავად ამ ისტორიის გმირი – ნიკა ლალიაშვილი ჯიბღაშვილს პასუხის ღირსად არ ცნობს, ხოლო მის მაგივრად კომენტარებს პარლამენტარი რატი მაისურაძე არიგებს. არ აგერიოთ, ეს ის რატი მაისურაძე არ არის, რომელიც ციხეში მართლმადიდებლობის დაცვისთვის ორი საპარლამენტო ვადით – 8 წლით გაამწესა ხელისუფლებამ. ეს ის რატი მაისურაძეა, რომელიც ამ 8 წლის «მოხდას» პარლამენტში აპირებს «ქრისტიან-დემოკრატების» პარტიული სიით. ჰოდა, ამ რატის განუცხადებია: «ზურაბ ჯიბღაშვილის მხრიდან ადგილი აქვს როგორც შეცდომას, ასევე გარკვეულ ცდუნებას. ჯიბღაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე 8 თვის წინანდელ ამბავზე ისაუბრა, თუმცა მთელი 8 თვის განმავლობაში ის ჩვენს ფრაქციაში მუშაობდა და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, ზურა მეოცნებე ადამიანია და როგორც ჩანს, ის შეცდა და ცდუნდა,» _ აცხადებს მაისურაძე, მაგრამ უფრო დეტალურ განმარტებას ამასთან დაკავშირებით არ აკეთებს.

დღეს საქართველოში ერთადერთი ადგილი, რომლიდანაც პოლიტიკური ცდუნება მოდის, ბიძინა ივანიშვილის მოძრაობაა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს რატიც იქით მიუთითებს. მით უფრო, თუ ჯიბღაშვილის შრომით ბიოგრაფიას გადავხედავთ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯიბღაშვილს ლალიაშვილის «ფაშისტობა» სწორედ ახლა გაახსენდა, როცა ივანიშვილის კარზე მკვიდრად მოკალათებული რესპუბლიკელები და ალასანიელები გამალებით ავსებენ საკუთარი კადრებით ივანიშვილის ჯერ კიდევ შესაქმნელ პარტიას. «რაში სჭირდებათო?» – იკითხავს მავანი. აი, თუნდაც იმისთვის, რომ საჭირო მომენტში ჯიბღაშვილივით «აღმოაჩინონ», რომ ამა თუ იმ პარტიაში ქრისტიანობის ნიღბით ფაშისტები მოქმედებენ.

ჯიბღაშვილის აქტივშია თინა ხიდაშელთან ერთად სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება. მათი ახლობლობა ეჭვს არ იწვევს ისევე, როგორც მაინცდამაინც მოცემულ მომენტში ჯიბღაშვილის განგებ გაბრაზება. ეს უკანასკნელი იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ერთმანეთს დაპირისპირებულ კომისიაში მოღვაწეობდა. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციის თარგის გამოჭრა მის მიერვე შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაავალა, მასში ზურაბ ჯიბღაშვილიც შეუყვანია ექსპერტის სტატუსით. ამას სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ იმავე ჯიბღაშვილს ხელი მოეწერა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის საპროტესტო განცხადებისთვის. საქართველოში რომელ პარტიას ჰყავს ასეთი ექსპერტები, რომლებიც ყველგან არიან და ყველაფერს ასწრებენ, ბავშვმაც კი იცის.

«პარტია «ქრისტიან-დემოკრატების» წევრი არ ვყოფილვარ, იურისტი ვარ და მომავალში საქმიანობას ამ მიმართულებით გავაგრძელებ,» _ განაცხადა ჯიბღაშვილმა ლევან ვეფხვაძის აპარატიდან წამოსვლის შემდეგ. ესეც საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი პარტიაა, რომლის წევრები დღეგამოშვებით ხან პოლიტიკოსები არიან, ხან ექსპერტები. «არის ასეთი პარტია!» და მას საქართველოს რესპუბლიკური პარტია ჰქვია.

შევეშვათ რესპუბლიკელებს, მათი ამბავი ახლა ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს, ჩვენ კი ფაშისტებისა და ქრისტიანების თემას მივუბრუნდეთ. ჯიბღაშვილის მტკიცებით, იგი მთელი 8 თვე ცდილობდა, დაერწმუნებინა «ქდმ»-ს ხელმძღვანელობა, რათა გამიჯვნოდნენ ლალიაშვილის იდეებს, მაგრამ… «პარტიის წევრებმა მითხრეს, რომ ლალიაშვილს არ მიატოვებდნენ, არ გაემიჯნებოდნენ, რომ ლალიაშვილმა იხუმრა». ლალიაშვილს არც ვალერი ხაბურძანია გამიჯვნია, რომლის მინისტრობისას დღევანდელი ქრისტიანი პარლამენტარი მისი ქვემდებარე უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.

როგორ მოხვდა ფილოლოგიის დოქტორი (იმჟამად მაინც – კანდიდატი, ეს მოგვიანებით მოხდა, რომ ყველა კანდიდატი დოქტორს გაუთანაბრეს) უშიშროების სამინისტროში, ამას ლალიაშვილი ასე ხსნის: «სტუდენტობის დროს კომისარიატს პრინციპულად არ გადავუხადე ქრთამი და წავედი ჯარში. ორი წელი გავატარე სამხედრო ნაწილში, 21-ე ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ქუთაისში, საღორიის ტყეში. აი, მაშინ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ჯარი რთული სფეროა, მაგრამ ის მამაკაცს აძლევს თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობებს და ახდენს მისი პიროვნების ფორმირებას. ჯარში მოხვედრამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, სამხედრო კარიერის საფეხურები ძალიან სწრაფად გავიარე».

1997 წლიდან 2000 წლამდე სამხედრო სამსახურში ყოფნის შემდეგ იგი ერთბაშად თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში იწყებს მუშაობას, რამდენიმე თვეში კი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის სამმართველოში წინაურდება, სადაც 2002 წლამდე მუშაობს და უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად ინიშნება. 2004–2005 წლებში იგი კვლავ თავდაცვის სამინისტროს უბრუნდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის რანგში, მაგრამ იმჟამად რევოლუციონერებისათვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის „კარის შემღებისთვის“ მადლიერების გამოხატვის ლიმიტი ამოწურულია და მასაც ისევე ითხოვენ სამსახურიდან, როგორც მის ყოფილ შეფს-ხაბურძანიას.

2005 წელს იგი დისერტაციისთვის იცლის და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის (და არა დოქტორის) ხარისხი ენიჭება ნაშრომისთვის «საკრალური და პროფანული კატეგორიები ქართულ ფოლკლორში». რამე სამხედრო თემა მაინც რომ შეერჩია ქართულ ფოლკლორში (არადა, ასეთი მრავლადაა), არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ მან მაინც საკრალური და პროფანული აირჩია. როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში ამ კატეგორიების აქტუალურობა შეიგრძნო და მომავალი გზაც დასახა.

2005–2007 წლებში ლალიაშვილი PA Consulting Group-ის გენერალური მდივნის მრჩევლად მუშაობს. მსოფლიოში მოღვაწე ამხელა საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელს იქით რომ გაუწევ კონსულტაციას, ეს ან საკრალური ან პროფანული კატეგორიის ნიმუშად უნდა განიხილოს კაცმა. რას და როგორ ურჩევდა იგი გენერალურ მდივანს, უცნობია, თუმცა, ბოლო ოცი წელია, საქართველოში მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით საქმდება ხალხი და ამას არც ლალიაშვილი მალავს: «როდესაც საქართველომ დაიწყო ორიენტირება ნატოში ინტეგრაციაზე, ოფიცერთა შემადგენლობაში ძალიან ცოტა ადამიანი ფლობდა ინგლისურ ენას, ამიტომაც ხშირად მიწევდა სასწავლო კურსებსა და სემინარებზე წასვლა. ვსწავლობდი გერმანიაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდლობის სკოლაში, ამერიკაში _ სამხედრო-საზღვაო სკოლაში, რომში _ ნატოს თავდაცვის კოლეჯში, ჰოლანდიაში _ შტაბის ოფიცერთა უმაღლეს სკოლაში და თურქეთში _ «პარტნიორობა მშვიდობისათვის» საწვრთნელ ცენტრში. ამ ყველაფერმა მომცა საუკეთესო ზოგადი განათლება, რაც ძალიან გამომადგა».

ეს უბადლო ზოგადი განათლება მას მართლაც გამოადგა, როცა პოლიტიკისკენ აიღო გეზი. 2008 წელს იგი «ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის» პოლიტიკური მდივანი ხდება. ამ დროს ბადრი პატარკაციშვილი უკვე გარდაცვლილია, «იმედი» ხელისუფლებას აქვს მიტაცებული, ხოლო «ქრისტიან-ჟურნალისტებს» სააკაშვილთან პოლიტიკური ფლირტი აქვთ გაჩაღებული. იმავე წელს, დანარჩენ კოლეგებთან ერთად, ლალიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი ხდება მმართველი პარტიის მეცადინეობით. რეგიონებში საარჩევნო კომისიის ნაციონალი წევრები მონდომებით უწერდნენ მათ საარჩევნო ბარიერის გადასალახავად აუცილებელ ხმებს.

2008 წლის ოქტომბერში პარლამენტი ლალიაშვილს უმცირესობის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ამტკიცებს. როგორც ადრე მის ბიოგრაფიაში, იგი ყოფილ უფროსებზე კონტროლის საშუალებას იძენს, სააკაშვილი კი მოხიბლულია მისი აქტიურობით. 2009 წელს პარლამენტში დებატებისას იგი საგანგებოდ მიუთითებს: «ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელია.

რამდენადაც ვიცი, ნიკა ლალიაშვილი აქტიურად მუშაობს. მინდა გაგახსენოთ, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არც ერთხელ არ ვყოფილვარ იუსტიციის საბჭოს სხდომისთვის თავმჯდომარე. ამას შეგნებულად ვაკეთებ, თუმცა ჩემი წინამორბედი ხშირად თავმჯდომარეობდა მას. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო რეფორმები ძალიან მაინტერსებს, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი ინიციატივა იყო, მაინც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ამაში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას… მე აღარ ვიქნები პრეზიდენტი და ეს მოხდება 2013 წელს, მინდა დავაწყნარო გიორგი თარგამაძე, რომელიც სხვა ღირსეულ კანდიდატებთან ერთად ფიქრობს 2013 წელზე. მე 2013 წლამდე შევასრულებ ჩემს მოვალეობას და შემდეგ იქნება ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მაგრამ მანამდე უნდა შევქმნათ სისტემა, რომ, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, სისტემას უნდა ჰქონდეს დაცვის ისეთი გარანტიები, რომელიც გარედან ჩარევის შესაძლებლობას არ დაუშვებს».

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში კი – კონსტიტუცია. ახალი რედაქციით, თარგამაძე გინდ ყოფილა პრეზიდენტი, გინდ არა. მთავარია, ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი. ამ აწყობილ და ჩაჭუკჭუკებულ ვითარებაში კი 2011 წლის საპროტესტო აქციები სააკაშვილზე მეტად ადამიანებისთვის იყო თავზარდამცემი. ამიტომაც აკეთებდა ლალიაშვილი განცხადებებს იმის შესახებ, რომ «პროვოკაციები იგეგმებოდა», ხოლო როცა 26 მაისის ღამეს აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ, მანაც ამოისუნთქა და მოდუნდა. სწორედ მოდუნების შედეგი იყო, რომ უშიშროებაში გამობრძმედილმა ლალიაშვილმა თავს უფლება მისცა, ფეისბუქში დაეწერა: „ბართლომეს ღამე უნდა მოეწყოთ და ყველა დაეჭირათო“

ადამიანების პოზიცია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ საზოგადოებისთვის ცნობილია; მის განეიტრალებას ვერც დაყენებული ხმით სააკაშვილის პარლამენტის დარბაზში კრიტიკა და ვერც ქაღალდების შარიშური უშველის, ხოლო რაც შეეხება ჯიბღაშვილ-ლალიაშვილის გაპაექრებას, არც ერთია პატრიოტი და არც მეორე ქრისტიანი; ორივენი სააკაშვილის რეჟიმის ნაშობი იქედნები არიან. პარტია რაა, – გახვალ, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ სამშობლოდან გასული პოლიტიკოსები ვერასოდეს გაიგებენ მის გულისტკივილს, თუგინდ გაზი და ელექტროენერგია სულაც უფასოდ დაჰპირდნენ.

თამარ დავითულიანი

P.S. «_ კარგი როგორ არ არის, მთელი მილეთის ხალხი სულ მანდ დაწანწალებს: თათარი, ყაზილბაში, ურია, ოსი, სომეხი, რუსები ხომ რაღა, ბუზსავით ირევიან.

_ მართალია, რომ აქ კაცს თავს მოსჭრიანო და მერე ისევ გააცოცხლებენო?

_ მართალია, მაშ? ეგ კიდევ რა! რაღაც მოუგონიათო, ფიცრებს თავის-თავად ხერხავსო.

_ ეხლა ეგა სთქვი.

_ თავი არ მამიკვდება.

_ როგორ? ისე თავის-თავად?

_ თავის-თავად.

_ არც კაცია, არც ადამიანი?

_ არა.

_ მაშ ხერხი ვის უჭირავს?

_ ეშმაკს და ქაჯს, ღმერთმა ნუ იცის რუსების თავი!

_ რუსების მოგონილია განა ეგა?

_ მაშ არა და შენის მაზლის დავითისაა!»

ილია ჭავჭავაძე, «კაცია-ადამიანი?!»

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here