Home რუბრიკები პოლიტიკა დათვი, ძაღლი და ქართული პოლიტიკა

დათვი, ძაღლი და ქართული პოლიტიკა

2495

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები ერთი ხელის მოსმით გაანეიტრალა. სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში მცირე ზოოპარკის მშენებლობისთვის ჯერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 300 ათასი ლარი დახარჯა, შემდეგ იქ ორი დათვი დააბინავა, ხოლო ახალი წლის წინა დღეებში ერთი დათვი გამგეობის თანამშრომლებმა დაკლეს და მიირთვეს.

უძველესი ხალხების რწმენაში, თუკი მტერს მოკლავდი და მის ორგანოებს შეჭამდი, მისი სული და ძალა შენში გადმოსახლდებოდა. გორელებიც ამ უძველესი რწმენით შეიარაღდნენ და დათვი შეახრამუნეს. აბა, რა გასაკვირია, როცა ამას წინათ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ასე დამოძღვრა საკუთარი სატრაპები: „დათვს რომ ბაბაია დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ მოეწონო და სხვათაშორის, თუ მოეწონები, კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის, რომ ჯოხი აიღო ხელში, ჩაარტყა და ყველაზე კარგია, თუ გაქვს პისტოლეტი ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, მსხვილკალიბრიანი“! გორელებს არც ჯოხი დაჭირდათ, არც პისტოლეტი და არც მსხვილკალიბრიანი შაშხანა. მათ ხერხი ამჯობინეს. არა, ასეც არ უმხეციათ, დათვი არ გაუხერხიათ, მაგრამ ღონეს ხერხი ამჯობინეს და ერთ გალიაში ორი დათვი – თან ორივე მამრი ჩასვეს! ადვილი წარმოსადგენია, ორი მამრი დათვი რა დღეშიც ჩააგდებდა ერთმანეთს, მით უფრო, რომ ორიენტაცია ორივეს ტრადიციული ჰქონდა! დაასისხლიანეს ერთმანეთი და სასიკვდილოდ მიხდილი ერთი დათვი გორის მესვეურთა ლუკმად იქცა.მართალია, დათვი ორი იყო და ერთ–ერთის შეჭმით საქართველოს საგარეო საფრთხეების საბოლოოდ ამოწურვა ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ გორელებს თამამად შეუძლიათ პატაკი ჩააბარონ სააკაშვილსაც და ევროკავშირსაც, რომ დათვის მიმართ დამოკიდებულებაში „მენტალური რევოლუციის“ მიღწევები უპრეცენდენტო და „დღემდე არნახულია“. მით უმეტეს, რომ სააკაშვილმა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტესთან ერთად მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:

„ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიის ემბლემა არის დათვი და მათი ჭკუით, ეს გამოხატავს მათ პოლიტიკურ სიძლიერეს. წარმოიდგინეთ, ევროპელმა მონადირეებმა ეს დათვი თავისი ტყიდან გააძევეს. ახლა ეს მონადირეები მოადგნენ ჩვენს რეგიონს და ამ დროს ეს დათვი შემოგვეყარა. არის ერთი გამოსავალი, როგორც ქართულ ანდაზაშია – დათვს ვუთხრათ ბაბაია და მოვეფეროთ, იქნებ არ შეგვჭამოს, მეორე გამოსავალია, მონადირეებს დავუძახოთ. ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ მონადირეებს არ უნდა დავუძახო, იმას ჰგონია, რომ დათვი არ შეგვჭამს, მაგრამ იმდენჯერ ვყავართ ამ დათვს წინა საუკუნეებში შეჭმული და შესანსლული, რომ მგონი საკმარისი გაკვეთილი უნდა მიგვეღო. პირადი ინტერესები არ უნდა დააყენო საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე მაღლა“.

ევროპის სახალხო პარტიას არც ტყის და არც ზოოპარკის დათვი რომ არ ედარდება, ეს ვილფრედ მარტეს კმაყოფილ სახეზეც ეწერა, მაგრამ სამაგიეროდ, არ სძინავს ძაღლების უფლებათა დამცველ ბრიჯიტ ბარდოს, რომლის საყვედურების გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტი ვერა და ვერ იმეტებს ავ ძაღლს, რომელმაც უკვე 10 ადამიანი დაკბინა. მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტის, ჯემალ შარაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, გურჯაანის რაიონში არ არსებობს ისეთი სპეციალური სამსახური, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა.

„საქართველო და მსოფლიო“ გთავაზობთ რამდენიმე სავარაუდო გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან:

გადაიყვანეთ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ავი ძაღლების პრობლემა ერთბაშად გადაიჭრება, ოღონდ მანამდე გაარკვიეთ, რომელი სახელმწიფოს სიმბოლოა ძაღლი, რომ თავი არ მოგვეჭრას;
გორში მიავლინეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რათა ეულად დარჩენილი დათვი კიდევ ვინმემ არ შეჭამოს;
შეუშვით დათვთან გალიაში სააკაშვილი, რათა მან საბოლოოდ გაანეიტრალოს რუსული საფრთხე და დათვის გულ–ღვიძლის შეჭმით რუსეთის ძალა და სული მიისაკუთროს.

P.S. თუ სააკაშვილი დათვს ვერ მოერევა, უხმეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here