Home რუბრიკები პოლიტიკა ბედნიერი უბედურები, ანუ დავეწიოთ და გავუსწროთ უზბეკეთს!

ბედნიერი უბედურები, ანუ დავეწიოთ და გავუსწროთ უზბეკეთს!

671

ჩვენისთანა უბედური ამქვეყნად მხოლოდ ორი ერია: რუმინელები და ეგვიპტელები. «ბედნიერების გლობალური ბარომეტრის» თანახმად, რომელიც «Gallup»-მა გამოაქვეყნა, რეიტინგის ფსკერზე სწორედ საქართველო, ეგვიპტე და რუმინეთი იმყოფებიან. წელს, ისევე როგორც შარშან, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ერი, როგორც ჩანს, კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ მის თავს რაღაც საშინელენა ხდება.

რუმინელები გასულ წელს, სავარაუდოდ, გრაფმა დრაკულამ დაწყევლა; მათი მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია (-10) და ბოლო ადგილს ვერავინ შეეცილება. შემდეგ მოვდივართ ჩვენ და ეგვიპტელები, რომლებიც შესაძლოა უკვე მიხვდნენ, რომ ცხოვრება მთლად ისე არ არის მოწყობილი, როგორც ტაჰრირის მოედანზე ეგონათ. უბედურთა ხუთეულში ასევე სერბეთი და პალესტინა შედიან; აქ ყველაფერი დამატებითი კომენტარის გარეშეც გასაგებია.

ჩვენი მეზობლები თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობენ: სომხეთის მაჩვენებელი 60-ია, აზერბაიჯანის _ 54, ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო შედეგია თუ სათვალავში უზბეკეთს (62) არ ჩავაგდებთ. რუსეთის შედეგია 31, უკრაინის _ 30, მოლდოვას _ 28, ლიტვის _ 9; ჩვენი შედეგი კი ნულია და ამან, ალბათ, არ უნდა გაგვაკვირვოს.ამ რეიტინგში ბევრი საინტერესო, დროდადრო პარადოქსული რამ გვხვდება. მაგალითად, ავღანელები (35) თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე ამერიკელები (33) ან ირლანდიელები (20). როგორც ჩანს, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და რაღაც მომენტში იმ უბედურებას, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, ბუნებრივ, ოდითგანვე არსებულ გარემოდ აღიქვამს. ავღანელებს, შესაძლოა, უკვე დაავიწყდათ, რომ არსებობს რაღაც «სხვა», ნორმალური ცხოვრება და ცდილობენ, ბედნიერები იმ კოშმარულ სიტუაციაშიც იყვნენ, რომელიც მათ ქვეყანაში სუფევს. ქართველები ამ სტადიამდე ჯერჯერობით არ მივსულვართ და ამ მხრივ დაბალი მაჩვენებელი «Gallup»-ის განხილულ რეიტინგში შეიძლება დადებითად ჩაითვალოს. ჩვენ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ შევეგუეთ ცხოვრებას ფსკერზე და შინაგანად ვეწინააღმდეგებით მას.

სიტყვამ მოიტანა და, იყო დრო, როდესაც ტურიზმი ავღანეთის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ადამიანს შეეძლო ღამით მშვიდად ესეირნა ქაბულის ქუჩებში, დილით უნივერსიტეტში გაევლო, რომლის სტუდენტები უცხოელი თანატოლებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ, გაეცნო ფარანჯაში კი არა, არამედ სავსებით ევროპულ ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა და მასთან ერთად კინოში ან დისკოთეკაზე წასულიყო, წაეკითხა საინტერესო, მწვავე წერილები ადგილობრივ გაზეთებში და ა. შ. ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც დღეს ნელა მიუყვებიან უკაცრიელ გზებს, ფრთხილად ამოწმებენ დანგრეულ შენობებს და მუდამ თავდასხმას ელოდებიან, შესაძლოა, არ იციან, რომ რამდენიმე ათწლეულის წინ იქ ამერიკელი ჰიპები თავისუფლად დასეირნობდნენ, მუსიკას უსმენდნენ, ლამაზი ხედებით ტკბებოდნენ და იაფ ნარკოტიკებს დაეძებდნენ, ხოლო ადგილობრივები მეგობრულად ესალმებოდნენ მათ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასე იყო.

ყოველივე ეს მოჰამედ დაუდის რეფორმების შედეგია, რეფორმებისა, რომლებიც 50-იანების ბოლოს დაიწყო, 60-იანების დასაწყისში გაგრძელდა და მათი ინერცია 70-იანებშიც იგრძნობოდა. მაგრამ გარეგნულ ეფექტებს გვერდზე თუ გადავდებთ, ვნახავთ, რომ რეფორმებით კმაყოფილი ავღანელების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, რომელიც ძირითადად დედაქალაქში ცხოვრობდა, ხოლო ძირითადი, განუზომლად დიდი მასა დაუდის წინააღმდეგ გამოდიოდა. კონსერვატორები თვლიდნენ, რომ ის ავღანეთს რყვნის, სხვები (გემოვნების მიხედვით) მიიჩნევდნენ, რომ რეფორმების ტემპი დაბალია ან მაღალი, რომ მათ მეტისმეტად კაპიტალისტური ან სოციალისტური ხასიათი აქვს და დაუდს ერთდროულად თეთრი სახლისა და კრემლის აგენტს უწოდებდნენ.

ის უაღრესად ამბიციური ადამიანი იყო. როდესაც 1963-ში ხელისუფლებას ჩამოაშორეს, იმდენი მოახერხა, რომ ათი წლის შემდეგ გადატრიალება მოაწყო, მონარქია გააუქმა და სათავეში სასტიკ დიქტატურას ჩაუდგა. ავღანური ტრაგედია სწორედ მაშინ დაიწყო. ხუთი წლის განმავლობაში დაუდის საქმე სულ უფრო ცუდად მიდიოდა და ბოლოს დაახლოებით ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც სააკაშვილი დღეს; დიქტატორი თავისი რეპრესიული მანქანით სრულიად საზოგადოებას დაუპირისპირდა. ქვეყანა აირია, შეიძლება ითქვას, «გაგიჟდა», სწორედ ამ დროს ავღანეთმა დაკარგა ის ღერძი, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ფარდობით ერთიანობას უზრუნველყოფდა. 1978-ში აჯანყებულებმა დაუდი, მისი ოჯახისა და გარემოცვის წევრები ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ «ჯინის ბოთლში დაბრუნება» ვეღარ მოხერხდა; ავღანეთში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა. ავღანელი კომუნისტებისა და თალიბების სისასტიკე და გაუტანლობა, ისედაც ღარიბი ქვეყნის სრული გაკოტრება, საბჭოთა და ამერიკული ინტერვენცია, მოკლედ, მთელი ეს უბედურება, სათავეს იმ პერიოდში იღებს, როდესაც ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მან იცის, როგორ უნდა გაატაროს რეფორმები და ქვეყანას სათავეში აუცილებლად თვითონ უნდა ჩაუდგეს. ასეთი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ვერ აფიქსირებენ იმ მომენტს, როდესაც საკუთარი ქვეყნის განადგურებას იწყებენ.

მიუხედავად ყველაფრისა, ავღანეთის ყოფილი ლიდერი მამაცი და თავისებურად გულწრფელი კაცი იყო. დაუდისა და სააკაშვილის პიროვნებებს შორის პარალელების გავლება ნამდვილად გაგვიჭირდება. ასევე ძნელია 50 წლისწინანდელი ავღანეთის შედარება დღევანდელ საქართველოსთან, თუმცა, ალბათ, არის ამ ისტორიაში რაღაც, რაც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს, კერძოდ, ქვეყნის «გაგიჟების», შინაგანი რღვევის, პროცესების კალაპოტიდან გადმოსვლის მომენტი, რასაც გამანადგურებელი შედეგები მოსდევს. მთავარი ამ კონტექსტში, ალბათ, ისაა, რომ საზოგადოებამ არამხოლოდ დიქტატურა, არამედ მისი მემკვიდრეობაც უნდა დაძლიოს და შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რაც არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პირველი ადგილი «ბედნიერების რეიტინგში» ფიჯიმ (მისი მაჩვენებელი 85-ია) დაიკავა. ერთის მხრივ, ფიჯი მთლად დალაგებული ქვეყანა არ არის, მაგრამ, მეორეს მხრივ, ქოქოსი მწიფდება, ბანანი ყვავის, პრემიერ-მინისტრი ფრენკ მბაინიმარამა ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანია… что еще нужно человеку, чтобы спокойно встретить старость?! მერე რა, რომ მბაინიმარამამ ბევრი იბაირამა? მერე რა, რომ სველია სველი ანანასები?

მეორე ადგილს (84) ნიგერიელები იკავებენ. ძნელი სათქმელია რა ახარებთ ასე, თუმცა ფაქტი სახეზეა. საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში ჰოლანდიას აქვს (77), ლათინურ ამერიკაში კი _ კოლუმბიას (71). საინტერესოა, რომ «დიდ შვიდეულში» შემავალი ქვეყნების მოსახლეობა თავს გამორჩეულად ბედნიერად არ გრძნობს, თუ სათვალავში გერმანიის (68) მაღალ მაჩვენებელს არ ჩავაგდებთ. საერთოდ, ამა თუ იმ ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკის არსებობის ფაქტი «ბედნიერების ბარომეტრზე» განმსაზღვრელ ზეგავლენას არ ახდენს. ამერიკელები (33) თავს არა მხოლოდ ავღანელებზე, არამედ ვიეტნამელებზე (37) უარესად გრძნობენ (არა უშავს, ხდება ხოლმე), ფრანგები (40) მაინც და მაინც არ ლიდერობენ, იტალიელები კი (25) ლამის დეპრესიის ზღურბლზე დგანან. იაპონელების შედეგი (47) იმის შემდეგ, რაც 2011-ში თავს გადახდათ, პატივისცემას იმსახურებს. ამას, თუ არ ვცდები, «სულის სიმტკიცე» ჰქვია და, როგორც ჩანს, ფუძიამას ძირში საკურა ჯერ არ დამჭკნარა.

ცხადია, გლობალური დასკვნების გაკეთება «Gallup»-ის ამ მონაცემებზე დაყრდნობით არ შეიძლება. სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს განსხვავებული ტრადიციები და ბედნიერების აღქმა აქვთ. ამ რეიტინგს ამდენ დროს ნამდვილად არ დავუთმობდით, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი _ ქართველების დღევანდელი განწყობა, ერთი შეხედვით, აბსოლუტურად საპანაშვიდოა, თუმცა ამავე დროს მომავალს ძალიან დიდი იმედით შეჰყურებენ.

როდესაც ქართველი რესპონდენტები პასუხობდნენ კითხვას: «იქნება მომავალი წელი გასულთან შედარებით ეკონომიკური აყვავების წელი, ეკონომიკური სირთულეების წელი, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის?». მათ ისეთი ოპტიმიზმი გამოავლინეს, რომ საქართველომ, იმედიანობის თვალსაზრისით, მსოფლიოში მეშვიდე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ამ მხრივ უბედნიერესი ნიგერიელები არიან. ოპტიმისტების ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: სამხრეთ სუდანი, განა, უზბეკეთი, ვიეტნამი, ტუნისი, აზერბაიჯანი, კამერუნი და ბრაზილია. ზოგადად საინტერესო ჩამონათვალია, ზოგს, ალბათ, სასწაულის სჯერა, ზოგს _ ხელისუფლების უკიდეგანო სიბრძნის, ზოგს კი _ საკუთარი ძალების, თუმცა მთავარი, ალბათ, იმის დადგენაა, თუ რა გვაიმედებს ჩვენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართველი რესპონდენტების დიდმა უმრავლესობამ პასუხი შეკითხვას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის, სტატისტიკური მონაცემების შეჯერების ან თუნდაც ეკონომისტებთან დისკუსიების შემდეგ გასცა. პასუხები, სავარაუდოდ, უფრო ინტუიციას, ირაციონალურ რწმენას და რესპონდენტების ზოგად განწყობას ეფუძნებოდა. რა შეიძლებოდა გამხდარიყო ასეთ სიტუაციაში უსაზღვრო ოპტიმიზმის მიზეზი?

ან ხელისუფლების პროპაგანდამ საწადელს მიაღწია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტრანსში შევიდა და სააკაშვილის დარად ცეცხლოვან ხილვებში ხედავს 2012 წლის საქართველოს სიღარიბის გარეშე, მილიონი სამუშაო ადგილით, ხუთი მილიონი ტურისტით, 555 ახალი საწარმოთი და სხვა მსგავსი ლაზიკებითა და შამბალებით, ან კიდევ საქმე სხვა ფენომენთან გვაქვს.

გამოკითხვა ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, ანუ უშუალოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ხელისუფლების მომხრეებიც კი არ უარყოფენ იმას, რომ ამან საზოგადოების დიდ ნაწილში უპრეცედენტოდ იმედიანი განწყობა გააღვივა. ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შანსი სავსებით რეალური გახდა და აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ფეხზე დაყენების, ქვეყნის გამთლიანებისა და სხვა პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობაც გაჩნდა.

როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის რესპონდენტები სოციოლოგების კითხვაზე, სავარაუდოდ, უპასუხებდნენ, რომ ახლო მომავალში ეკონომიკურ გარღვევას და თანმდევ აყვავებას ელოდებიან. შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ის გასაოცარი შედეგი, რომელიც იმედიანობის კუთხით გვაქვს.

ამ ქვეყანას, როგორც ჩანს, არაფერი ეშველება მანამ, სანამ რეალობისთვის თვალის გასწორებას ვერ ვისწავლით. საქართველოში საკმაო დროის განმავლობაში არანაირი ეკონომიკური გარღვევა არ მოხდება, რადგან ამისთვის ობიექტური წინაპირობები არ არსებობს. ორმოდან ქვეყნის ამოთრევას წლები (ათწლეულები თუ არა) დასჭირდება. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლამ შეიძლება მართლაც მოხსნას უამრავი პრობლემა, რაც ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, მაგრამ ივანიშვილი არ არის ჯადოქარი, ყველაფერი ხელის ერთი მოსმით რომ მოაგვაროს. ქვეყნის აღორძინება ნებისმიერ შემთხვევაში რთული პროცესი იქნება და, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი დრო გავა, სანამ «აყვავებაზე» საუბრის საფუძველი მოგვეცემა.

თუმცა იმაში, რომ იმედიანად ვართ, ალბათ, დადებითი მომენტიც არის. დღევანდელი დეპრესიული მდგომარეობის პროეცირება მომავალზე კარგს, სავარაუდოდ, არაფერს მოგვიტანდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაცი იმედით ცოცხლობს და იგი არც ოცნებას მოუკლავს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here