Home რუბრიკები პოლიტიკა შამბალამდე გზა ჰქონიათ!

შამბალამდე გზა ჰქონიათ!

632

«დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინეთ ბავშვი», _ უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონს, რომელსაც სამშობიაროს პალატაში ეწვია. ვერაფერს ვიზამთ, ჩვენი ქვეყნის ისტორია დალხენილი ნამდვილად არ ყოფილა: შევარდნაძის მმართველობის წლებში ბავშვის გაჩენას ხომ 11-12 თვე სჭირდებოდა, იმპერიის ჯურღმულებში _ წელიწად-ნახევარი და იმის გახსენებაც კი არ ღირს, თუ რამდენ დროს ანდომებდნენ ამას ფეოდალურ საქართველოში, თუმცა ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა; მაგრამ, თუ ვაცლით, ორსულობის პერიოდი, სავარაუდოდ, 5 თვემდე შემცირდება.

სტოპ! გასაგებია, რომ ირონიული საუბარი ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ გადავახვიოთ ფირი და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ. აგერ დგას, პალატაში, ახალნამშობიარები ქალის საწოლთან, ჩვილის სიახლოვეს ხალათის გარეშე, რაც, თავისთავად, საყოველთაოდ გავრცელებული ნორმების უხეში დარღვევაა, და სიტყვასიტყვით ამბობს: «დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინეთ ბავშვი». ამ ფრაზის გაშიფრვა ათიოდე კომპეტენტურ ადამიანს ვთხოვე, მაგრამ ხელები გაასავსავეს და მითხრეს, რომ ეს სრული არაადეკვატურობის გამოვლინება იყო და სხვა კომენტარს სააკაშვილის ნათქვამზე, ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერ გააკეთებენ. მსგავს ეპიზოდს სააკაშვილის ბიოგრაფიაში ადგილი უკვე ჰქონდა, როდესაც დაჭრილი სამხედროს შვილების ფოტო ნახა და იკითხა: «რამდენი წლის არიან?». «ექვსი წლის ერთია და ოთხი წლის _ მეორე,» _ უპასუხა დაჭრილმა. «ტყუპები არიან?» _ იკითხა სააკაშვილმა მოკლე პაუზის შემდეგ. ერთი შეხედვით, ამ ორ ეპიზოდს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, თუმცა ყურადღება ერთ ნიუანსს მივქციოთ: ორივე შემთხვევა სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა.ის, რომ გარემო ქცევაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს შეუმჩნევია. მაგალითად, როდესაც 30-40 წლის ადამიანები თავის ძველ სკოლას სტუმრობენ, მათ ქვეცნობიერში რაღაც იღვიძებს და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე კონტროლს ინარჩუნებენ, მათი ქცევა ოდნავ იცვლება, მასში «ბავშვური» ელემენტები ჩნდება. იცვლება მოხუცებულთა წყვილის საუბრის მანერა და განწყობა, როდესაც ისინი პირველი პაემნების ადგილს უახლოვდებიან; მათი დაკვირვება ამ დროს ძალზე საინტერესოა და უაღრესად თბილ გრძნობებს აღძრავს. ერთხელ კი იმის ნახვა მომიწია, თუ როგორ ამოქმედდა გაზის ბალონის აფეთქებისა და თანმდევი ხანძრის დროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერან _ რამდენიმე წუთით ამ ღრმად მოხუცებულ ადამიანში ძველმა უნარ-ჩვევებმა გაიღვიძა, ისევ ჯარისკაცი გახდა და გაცილებით ადეკვატურად იქცეოდა, ვიდრე ყველა დამსწრე; დაბნეულობა არ ემჩნეოდა, თანაც გეგონებოდა, რომ ახალგაზრული ჯან-ღონე დაუბრუნდა.

უხეშად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ გარემოში (სიტუაციაში) მოხვედრისას, ადამიანის შესაბამისი «პროგრამა» ამუშავდება ხოლმე. ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს; ორი შემთხვევა უკვე სახეზეა. ამაზე დაყრდნობით, გარკვეული დასკვნების გაკეთება ნამდვილად შეიძლება, თუმცა ენაზე მომდგარი ვარაუდების გამყარებისთვის, ალბათ, მესამე შემთხვევასაც უნდა დაველოდოთ. ან კიდევ, შეგვიძლია სხვა გზით წავიდეთ და ჩავთვალოთ, რომ საკაშვილი გასხივოსნებულია, რომ ის ხედავს რაღაცას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, და იმ რეალობაში, რომელშიც მას შეღწევა ძალუძს, 6 და 4 წლის ბავშვები, გამორიცხული არაა, ტყუპები იყვნენ, ხოლო ნახევარმილიონიანი ქალაქი ლაზიკა შეიძლება 10 წელიწადში აშენდეს.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლებას შესთავაზა, ლაზიკასთან ერთად ბარემ შამბალაც ააშენოს, რათა ინდოელი ინვესტორების ფული მოიზიდოს. ვფიქრობ, ეს ორი პროექტი უნდა გაერთიანდეს. შამბალას მთავარი პლუსი ისაა, რომ, გადმოცემის თანახმად, ის უხილავია და მასში შეღწევა მხოლოდ ფრიად გასხივოსნებულ ადამიანებს შეუძლიათ და, ალბათ, აჯობებს, ლაზიკაც უხილავი იყოს, რათა ის მხოლოდ სააკაშვილმა და მისმა სულიერმა მოწაფეებმა დაინახონ. თავად განსაჯეთ: ეკონომისტებმა უკვე ახსნეს, რომ ლაზიკა იმ ვადებში და ისეთი სახით, როგორითაც სააკაშვილს წარმოუდგენია, ვერ აშენდება; ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც 5 თვეში ბავშვის გაჩენა. მაგრამ თუ ამ ქალაქს აპრიორი უხილავის სტატუსი ექნება, სააკაშვილსა და მის სამწყსოს შესაძლებლობა მიეცემათ, თქვან, რომ ის მართლაც ააშენეს, ოღონდაც ჩვენ მას ვერ ვნახავთ, სანამ მესამე თვალი არ აგვეხილება. «დავიღალეთ თქვენი უმადურობით, _ გვეტყვიან ხოლმე ისინი, _ ლაზიკაში მივდივართ». «წადით, _ მორცხვად ვუპასუხებთ ჩვენ, _ შამბალამდე გზა გქონიათ!».

შეგვიძლია პრობლემის სამხედრო ასპექტიც განვიხილოთ; რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ლაზიკა-შამბალას (რა საჭიროა ეს ორი სათაური?!) დაცვას ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან მომავალი საფრთხისგან უზარმაზარი სამხედრო და ფულადი რესურსის მოზიდვა დასჭირდება; ის კენიგსბერგის ერთგვარ ანალოგად უნდა გადაიქცეს (თუ სააკაშვილის ხელისუფლება ომის შემთხვევაში, ისევე, როგორც გორს 2008-ში, მიტოვებას უპირებს?). მაგრამ თუ ქალაქი უხილავი იქნება, მოწინააღმდეგე მას გვერდს აუვლის; მთავარსარდალი ამალითურთ მას შეაფარებს თავს. ეს, ისევ გორის გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტელეკამერების წინ მის გამოჩენას ნამდვილად სჯობს, ოპერაციების ხელმძღვანელობაზე რომ არაფერი ვთქვათ; ხოლო როდესაც ომი დასრულდება, ისინი ისევ გამოჩნდებიან, როგორც მაშინ, აგვისტოში, და ლოგიკურ კითხვაზე «თქვენ სადღა იყავით?» ამაყად გვიპასუხებენ: «უხილავი შამბალას (თუ ლაზიკას) დაცვას ვამაგრებდით»!

შამბალურ ლაზიკას თუ ლაზიკურ შამბალას უდავოდ ავტონომიური სტატუსი უნდა მიენიჭოს. არის ამქვეყნად პოლიტიკური ავტონომიები, კულტურულიც არის, ეს კი პირველი ფსიქიატრიული ავტონომია იქნება.

ამ ქალაქს ჰიმნიც უნდა ჰქონდეს. ძალიან მიყვარს სიმღერა «ტუმბალალაიკა», სააკაშვილისთვის არ მემეტება, თუმცა ჯანდაბას, ამაზეც თანახმა ვარ. გავიხსენოთ ის მშვენიერი მელოდია და წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შემოდის ავანსცენაზე ძლიერ გასხივოსნებული სააკაშვილი (სოლო): «Meydl, meydl, khvil bay dir fregn: vos ken vaksn, vaksn on regn? » (თარგმანი იდიშიდან: «გოგოვ, გოგოვ, მინდა გკითხო: რა შეიძლება გაიზარდოს წვიმის გარეშე?»). ამის შემდეგ კი სცენის სიღრმიდან გუნდი ერთხმად (საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით და მთავრობა მთელი თავისი აქსესუარებით) მის კითხვას ერთგვარ პასუხს გასცემს: «შამ-ბალა, შამ-ბალა, შამბალა-ლაიკა! შამბალალაიკა, freylekh zol zayn!» (ბოლო სიტყვების შედარებით თავისუფალი თარგმანია: «შენ დაუკარ! დაე, მხიარულება იყოს!»). ტექსტის საბოლოო გადათარგმნისა და ქართული რეალიების მიმართ ადაპტირების საქმე, ალბათ, ნუგზარ წიკლაურმა უნდა ითავოს, რადგან ამ საქმეს განსაკუთრებული, გამორჩეული, მართლაც რომ უპრეცედენტო გასხივოსნებულობა სჭირდება.

ამ «გოგოვ, გოგოვ…»-მა ერთი პასაჟი გამახსენა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. სააკაშვილი (ისევ სოლო): «ეს არის ერთგვარი კულტურული შოკი. წარმოიდგინეთ, ამას წინათ ვიყავი ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, ჰყავთ ამერიკელი მასწავლებელი, ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა. გამოვიდა დილით ეს გოგონა რვის ნახევარზე ორღობეში მოკლე შორტებში, მაისურში სარბენად, ყურში აიპოდით და მთელი სოფლის ძაღლები მისდევდნენ უკან. რა თქმა უნდა, ეს არის კულტურული გამოცდილება მათთვის» («ინტერპრესნიუსი»).

დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც, როგორც წესი, «ამას წინათ» მოიცავს, საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში, თანაც დილის რვის ნახევარზე ჰაერის დაბალი ტემპერატურა იყო. ადამიანი, რომელიც ასეთ დროს გარეთ შორტებით და მაისურით გამოდის, შეიძლება ფსიქიატრიულიდან გაქცეულ პაციენტად ჩათვალონ, რამეთუ დილის ვარჯიში ასეთ ამინდში სპორტული კოსტუმის ჩაცმას მოითხოვს. მსგავსი სანახაობა მართლაც შოკისმომგვრელია. თუმცა დავუშვათ, რომ სააკაშვილის «ამას წინათ» უფრო ადრეულ, თბილ პერიოდზე მიანიშნებდა, ან კიდევ, ის გოგონა ალასკიდან იყო და შესაბამისად გაკაჟებული გახლდათ, ან ადრე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა და შემდეგ, რატომღაც, ქართულ მაღალმთიანეთში მოხვდა… (Болтун- находка для шпиона. Не так ли, Михаил Николаевич?). თუმცა ეს უკვე შპიონომანიაა, ჩავთვალოთ, რომ ის ამერიკელი, უბრალოდ, «спортсменка, комсомолка и, наконец, просто красавица» არის. ერთი ასეთი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც ბერლინს ის დასაქცევი კედელი ჰყოფდა. ხომ გესმით: «ცივი ომი», ცხელი გულები, ნელ-თბილი წვიმა ალექსანდერპლაცზე…

პრობლემა შორტებში როდია; ბოლოს და ბოლოს, ძაღლების გარდა, ვინ მიაქცევდა ყურადღებას სადღაც ორღობეში მორბენალ დედაკაცს, როდესაც სოფელში ამავე დროს ისეთი შოკისმომგვრელი კულტურული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფენომენი ბრძანდებოდა, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. პრობლემა ყურსასმენშია, მცირე დეტალში, რომლის უკან, საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიური პრობლემა დგას.

ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი, რომელსაც ქუჩაში ყურსასმენი უკეთია, გარშემომყოფებში, როგორც მინიმუმი, ფარულ უკმაყოფილებას იწვევს. ეს ერთგვარი (ცხადია, გაუცნობიერებელი) მესიჯია იმის თაობაზე, რომ ის გარემოსგან იზოლირებულია: «არაფერი მესმის; არ შემეხოთ». კომუნიკაციის შესაძლებლობის მოსპობა სხვა ადამიანებს აღიზიანებს, ისინი მუსიკის მოყვარულის მიმართ ქვეცნობიერად აგრესიულად განეწყობიან და მას «უცხო სხეულად»აღიქვამენ. სადმე მეგაპოლისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ბევრისთვის აბსოლუტურად სულერთია, თუ რას იფიქრებენ მასზე უცნობი თანამგზავრები, რომელთაც პირველად შეხვდა და მათ დიდ უმრავლესობას მომავალში აღარასოდეს გადაეყრება. მაგრამ პატარა სოფელში, სადაც გარკვეული დროის გატარება და მუშაობა მოგიწევს, ეს ადგილობრივებისგან დისტანცირების დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი საშუალებაა, რომელიც (უხილავად, გაუცნობიერებლად) ხელს უშლის ერთმანეთის მიმართ ნდობის გაჩენას. უწყინარი ყურსასმენი ორივე მხარეს, ფაქტობრივად, ურთიერთდაშორების სურვილს უღრმავებს. ორღობეში შორტებით ნაწილობრივ დაფარული ქვედა კიდურების დემონსტრირება ამ ფსიქოლოგიური მექანიზმის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული კიდურები, ალბათ, სავსებით ნორმალურად გამოიყურება (დაკვირვების ობიექტი პირადად არ მინახავს; ვისაც დეტალები აინტერესებს, შეუძლია უშუალოდ სააკაშვილს ჰკითხოს).

ახლა ყოველივე თქმულს თავი დავანებოთ და მარტივი კითხვები დავსვათ: რაში მდგომარეობს ის კულტურული გამოცდილება, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს? რამდენად გამოადგა ის მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლებს? იქნებ ჯობდეს, რომ ფიგურანტმა თავისი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ექსპერიმენტები შიგ შამბალაში (თუ ლაზიკაში) გააგრძელოს?

იმის ნაცვლად, რომ რეალურ ქალაქებს მიხედოს, თავის წარმოსახვაში რაღაც მითოლოგიურ დასახლებებს აარსებს, იმის ნაცვლად, რომ რეალურ ადამიანებს თვალებში შეხედოს, ტელეკამერების წინ საგანგებოდ მომზადებული სტატისტების ჯგუფებს ხვდება და უაღრესად გასხივოსნებული გარბის იმ რეალობისგან, რომელშიც ჩვენი ბედკრული ქვეყანა ცხოვრობს, ისე სწრაფად, გეგონება, «მთელი სოფლის ძაღლები მისდევენ». არა უშავს; გამორიცხული არაა, რომ დამდეგ წელს ამ მარათონის ფინიშს თითოეული ჩვენგანი იხილავს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here