Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო პაპავა: ნიუ ვასიუკის რეჟიმში ვიმყოფებით

ლადო პაპავა: ნიუ ვასიუკის რეჟიმში ვიმყოფებით

696

განათლებულმა მკითხველმა იცის, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი კანონმდებლობით მთავრობის მრჩევლად არის აღზევებული. მაშასადამე, არც განსახლების საკითხების განხილვისგან უნდა იყოს გარიყული. და კიდევ ერთხელ _ მაშასადამე, ახალი ქალაქის _ ლაზიკის აგება-აშენებაზე აკადემიასთანაც უნდა გაემართა კონსულტაციები ხალხის ბედნიერ მომავალზე გადაგებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას. _ მოვიდნენ თქვენთან რჩევა-დარიგების მისაღებად? _ ვეკითხები ცნობილ მეცნიერს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტს _ ლადო პაპავას.

_ იმის გამო, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობაში არ ვარ და მხოლოდ რიგით წევრად ვითვლები, არ ვფლობ ინფორმაციას, მიმართა თუ არა ვინმემ აკადემიის ხელმძღვანელობას ამის თაობაზე. რომ მიემართათ, აკადემიაში, ალბათ, შესაბამისი განხილვაც მოეწყობოდა. საქართველოდან ერთი კვირით გასული ვიყავი. შეიძლება ამ დროს განიხილეს? არ ვიცი. წესით, უნდა ეკითხათ, რადგან მას ეს კანონით ევალება. ისიც უნდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ეკონომიკური საბჭო, რომლის წევრი მეც ვარ. სამწუხაროდ, ეს საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა _ 2005 წლის მარტში. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი საკითხები პრეზიდენტის ეკონომიკურ საბჭოზეც განიხილებოდეს._ რომ ეკითხათ ამ ქალაქის აშენების ეკონომიკური დასაბუთების თაობაზე, რას უპასუხებდით?

_ უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური დასაბუთება უნდა წარმოადგინოს იმან, ვინც წამოაყენა ეს იდეა, მისი ვალდებულებაა. სამწუხაროდ, არანაირი დასაბუთება მთავრობის მხრიდან არ მოგვისმენია. ისიც არ ვიცით, რისთვისაა საჭირო ეს ქალაქი, რა დაჯდება და საიდან დაიფარება ეს ხარჯები.

საქართველოს ეკონომიკა, თქვენს მკითხველებს მოეხსენება, კრიზისშია, სამწუხაროდ. ხალხი ამას ვერ გრძნობს იმ დოზით, რომელიც რეალურად არის და რაც განპირობებულია იმ სერიოზული დახმარებით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ მიიღო 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა ამ ერთი თვის თუ თვე-ნახევრის წინ, ამ თანხის დაახლოებით 50 პროცენტი ჯერ კიდევ არ არის დახარჯული და ხაზინის ანგარიშზეა. აქედან გამომდინარე, ქვეყანას, რომელიც დონორების დახმარებით არსებობს, რესურსი ახალი ქალაქის ასაშენებლად ნამდვილად არ გააჩნია. ეს ფაქტია.

ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება განცხადება, რომ უცხოელებმა შეიძლება ჩადონ ფული ლაზიკის ასაშენებლად: გლობალური კრიზისი ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, ევროზონა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და იქ კრიზისის გამწვავებამ შეიძლება დიდი ზარალი მიაყენოს მთელი მსოფლიოს ეკონომიკას. ასეთ ვითარებაში, ვეჭვობ, ვინმემ ჩადოს ფული ამ პროექტში.

დასკვნა ასეთია: არც ქვეყანას გააჩნია საამისო რესურსი და, გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, ასეთი რესურსი არც მსოფლიო ეკონომიკაში მოიძებნება. გამიგეთ?

_ გავიგე.

_ ასეთი რესურსი რომც არსებობდეს, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას _ ესაა კონფლიქტურ ზონასთან უშუალო სიახლოვე. საომარი არტიკულაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა ურთიერთაგრესიული განწყობილებიდან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, ჟღერადია მსოფლიო მასშტაბით და, ფინანსური რესურსი რომც იყოს, წარმოუდგენელია, არასაეჭვო წარმომავლობის კაპიტალი ჩაიდოს იმ ქვეყანაში, რომელიც ახალი საომარი მოქმედების საფრთხის წინაშე დგას.

_ ამ ქალაქის მშენებლობის ეკონომიკური დასაბუთება როგორ პარამეტრებს უნდა პასუხობდეს?

_ დასაბუთებისთვის საჭიროა: პირველი, ჩამოყალიბდეს მიზანი _ რისთვისაა საჭირო; მეორე, ვისთვის უნდა აშენდეს, ვინ იცხოვრებს იქ? ვინ იქნება ის ნახევარი მილიონი _ ჩვენი სოფლის მოსახლეობით შეივსება, ქალაქების მოსახლეობა გადანაწილდება თუ უცხოპლანეტელებს ჩამოასახლებენ?

შემდეგ: სამშენებლო პოლიგონი დაცულ ტერიტორიაზეა. ამიტომ ეკოლოგიურად უნდა იქნას გააზრებული, რა ზარალის მიყენება შეუძლია შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების იქ ჩატარებას, რაც ვერ განხორციელდება ჭაობის დაშრობის სპეციალური ღონისძიებების გარეშე.

თავის დროზე ასეულობით მილიონი მანეთია დახარჯული ერთ-ერთი ურთულესი პრობლემის _ კოლხეთის ჭაობის დასაშრობად, რაც ბოლომდე ვერ განხორციელდა.

ესე იგი, აუცილებელია ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება, მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოების შეფასება. უნდა შედგეს კონკრეტული გეგმა: რა პროფილის იქნება ეს ქალაქი, რომელი საწარმოები განთავსდება, როგორი ორიენტაცია ექნება მის განვითარებას. ნახევარმილიონიანი ქალაქი საკმაოდ რთული წარმონაქმნია და მას გარკვეული ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

_ გრანდიოზომანია ხომ არ სჭირთ იდეის ავტორებს?

_ არც უმაგისობაა. ერთხელ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოცნებაა 200-სართულიანი სახლის აშენება. შეგახსენებთ, როცა მან ქუთაისში მთავრობის სახლი გახსნა, ასეთი რამეც კი განაცხადა, რომ აქედან თვითმფრინავები იფრენენ პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკშიო. გეგონება, თბილისიდან უკვე დაფრინავს და, თუ რამე მაინც დაფრინავს, მგზავრებისთვის აბსოლუტურად მოუხერხებელ დროს.

ასეთი განცხადებები შეიძლება შევადაროთ ილფისა და პეტროვის ნიუ ვასიუკის. ნიუ ვასიუკის რეჟიმში ვიმყოფებით.

_ უამქალაქოდ ვერ გაძლებს საქართველო?

_ (იცინის) არ არის ეს ქალაქი და ხომ ვძლებთ?

_ გაძლებაზე ვართ.

_ ქალაქის აშენების აუცილებლობა არ დგას დღის წესრიგში. რა ქალაქებიც გვაქვს, არის კი ისინი სათანადო დონეზე? არის ხალხი დასაქმებული? არის თუნდაც განვითარებული ინფრასტრუქტურა, ნორმალური გზები და ა.შ.? ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. გულდასაწყვეტია, როცა ფოკუსირება ხდება ვირტუალურ საკითხებზე და ყურადღების მიღმა რჩება ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს.

_ ისე ჩანს, რომ ყველა მისეულ სიახლეს მიხეილ სააკაშვილი წარმოგვიდგენს როგორც ვიღაცის ჯინაზე განხორციელებულ ღონისძიებას. ვიღაცას ანგარიშს უსწორებს. ეს ლაზიკაც ამ რიგისა ხომ არ არის?

_ გავიხსენოთ მისი განცხადება, რომ მისი გუნდი მოსულია 50 წლით. თუ ეს ჩანაფიქრი შეუსრულდა, შეიძლება, ლაზიკა მართლაც ააშენოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კაცმა არ იცის _ ვისთვის და რისთვის.

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა არსებულ სიტუაციაში დარჩენა.

_ ლაზიკა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხომ არ «გაახმიანა»?

_ არც უამისობაა. სააკაშვილი ნიუსების შესანიშნავი გენერატორია. ეს ნიუსიც _ ლაზიკა _ არაფრიდან შექმნა. სალაპარაკო თემა შემოგვიგდო. დღეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილზე, მის მომავალზე, იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს. ყველანი ლაზიკაზე გადაგვიყვანა. პიარის ტექნოლოგიის თვალსაზრისით, სწორი ჩანაფიქრია.

_ სამაგიეროდ საზოგადოებრივი აზრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

_ აბა, მითხარით, რას ჰქონია დადებითი რეაქცია, რაც მას აქამდე უთქვამს?

_ ვერ ვიხსენებ…

_ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად საკმაოდ ობიექტური გამოკითხვა ჩაატარეს პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა და მისმა გუნდმა, გაირკვა, რომ საქართველოში არის რიგი რეგიონებისა, რომლებიც დიდი უმრავლესობით მხარს უჭერენ სააკაშვილის რეჟიმს.

ლაზიკას დაპირებაც სამეგრელოს რეგიონზეა გათვლილი.

_ ორიოდ დღის წინ სააკაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოში ქუთაისია მეორე ქალაქი, ახლა გვარწმუნებს, ლაზიკა იქნებაო(!). ეს რა, წარმატებულ პიარს ნიშნავს და ჩვენი ელექტორატი მანასესავით «ხან ისე და ხან ასეს» იოლად შეეგუება? ვერ შენიშნავს ამ ალოგიკურობას?

_ შენიშნავს დაკვირვებული ადამიანი, ის, ვინც მედიაინფორმაციას სისტემატურად ეცნობა. ნუ გაგვიკვირდება, რომ ქვეყანაში ხალხი გაჭირვებულია, საჭმლის ფულიც არ აქვს, გაზეთებს ვერ ყიდულობს. ინფორმაციის ერთადერთი წყარო ნაციონალური არხებია, რომლებიც ბრეჟნევისდროინდელი «ვრემიას» კოპირებას ახდენს.

_ ცხოვრება საამურია!

_ ადამიანმა თვითონ კი იცის, რომ ცუდად ცხოვრობს, უჭირს, მაგრამ, როცა ეკრანიდან უყვებიან, სადღაც რაღაც აშენდა, სადღაც რაღაც კარგია, იწყებს ფიქრს, რომ იქ, სადღაც საქმე შესანიშნავადაა აწყობილი. მართალია, მე კი არ ვიცი, ასე თუა ნამდვილად, ფიქრობს იგი, მაგრამ ტელევიზიით გვითხრეს და ხვალ ჩემთვის ეგებ უკეთესობისკენ შეტრიალდეს ყველაფერიო. სიღნაღი ხომ აყვავდა, ბათუმი ხომ გაიფურჩქნა, ქუთაისი ხომ იფურჩქნება, აგერ ახალი ქალაქიც აშენდება, ეგებ მეც ქალაქელი გავხდე და ცხოვრებაც გამიუმჯობესდესო.

_ რაო, ბატონო ლადო, დაწყებით კლასებში აღარ ასწავლიან «ღარიბი გლეხი და ქილა ერბოს»?! ოცნებაში წასული კაცი რომ მოიქნევს სახრეს და მისი უზრუნველი მომავლის წყაროს _ ქილა ერბოს ნამსხვრევებად რომ აქცევს? თუ გაიხსენებს ბავშვობაში ნასწავლს, სხვანაირად მოიქნევს იმ სახრეს, მაგრამ ობივატელის აზროვნება ჯერ კიდევ მყარადაა გამჯდარი მოსახლეობაში. ეს კი ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ბრძოლაში შევიდა.

_ ბრძოლა იოლი რომ არ იქნება, უკვე ჩანს: მოქალაქეობა ჩამოართვეს, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აგრესიული ომი გამოუცხადა «ბანკ ქართუს». დაწყებულია სერიოზული დაპირისპირება და გამარჯვება ადვილი არ იქნება.

_ მოერევა?

_ მე მინდა, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. ამის გარეშე საქართველო ჩარჩება წუმპეში, უმომავლო ქვეყანად ვიქცევით. თუ სააკაშვილის რეჟიმი დარჩება, არავითარი ცვლილება არ მოხდება, დარჩება ყალბი პიარტექნოლოგიები. ხელისუფლების დაპირებები ისე წაილეკება, როგორც ის ხიდი, ანაკლია-განმუხურში რომ ააგეს და ადიდებულმა ენგურმა რომ წაიღო.

ქვეყანაში ცვლილებათა მოლოდინია.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here