Home რუბრიკები პოლიტიკა გაშვებული შანსების ქვეყანა

გაშვებული შანსების ქვეყანა

1338

საქართველო, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება წარმატებისა და წინსვლის ოაზისად ხატავს, სინამდვილეში გაღატაკებული, სამოწყალოდ, ერთჯერადი ვაუჩერების რიგში მდგომი ერთნაირი გამომეტყველების ადამიანების ქვეყნად იქცა. ქვეყნად, რომელშიც მოსახლეობის უკიდურესი უმცირესობა ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობს, რომლის წარმოდგენა დანარჩენებისთვის შეუძლებელია. თუ ის, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ, წარმატებაა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ხელისუფლებას ჩვენი თანდათან გაწყვეტა სურს და ამ საქმეში მიღწეული წარმატებები ახარებს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველომ იმდენჯერ გაუშვა შანსი, ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, რომ დღევანდელი ვითარება ლოგიკურად და შესაბამისად გამოიყურება. რაკი გიორგობაა, იმ გიორგობით დავიწყოთ, რომელმაც «დემოკრატიის შუქურა» და ყველაფერში «პირველობა» მოგვიტანა. დიახ, 2003 წლის სახელმწიფო, უფრო კი სასახლის კარის გადატრიალებას ვგულისხმობ. დღეს უკვე ხშირად გაიგონებ, რომ მაშინდელი ექვსსუბიექტიანი პარლამენტი სანატრელია. პირადად მე ბევრი ბოდიშიც მომისმენია მაშინდელი არჩევნების «გაყალბებულად» შეფასების გამო, მაგრამ ეს ვერც დღევანდელობას ცვლის და ვერც იმ შანსს უბრუნებს საქართველოს, რომელიც მაშინ გაუშვა ხელიდან.დღევანდელი ერთპარტიული პარლამენტი (საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს მმართველ პარტიას და სხვა რაღაა ერთპარტიულობა?) ცხადად აჩვენებს, რატომ არ შეიძლება ხელისუფლების იმდენად კონსოლიდაცია, რომ ერთი პარტია ხელისუფლების მონოპოლისტი გახდეს. 2003 წლის არჩევნების შედეგებით არამცთუ ერთი, ორი პარტიაც კი ვერ ქმნიდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. ისინი დიალოგისა და კომპრომისებისთვის იყვნენ განწირული. თუმცა «მოქალაქეთა კავშირგამოვლილი» თვითაღიარებული «რეფორმატორები» არავისთან აპირებდნენ ძალაუფლების გაყოფას. რაც მივიღეთ, სააკაშვილის ვიწრო წრის გარდა, აღარავის მოსწონს, მაგრამ ამის შეცვლა აღარ ხერხდება.

2003 წელს შევარდნაძეს წელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი პრეზიდენტის პოსტზე. ამ დროის განმავლობაში პარლამენტში შესულ ექვს წამყვან პოლიტიკურ ძალას სრული შანსი ჰქონდა პოსტშევარდნაძისეული ეპოქისთვის მომზადებულიყვნენ, შეთანხმებულიყვნენ ქვეყნის მართვა-გამგეობის უმთავრეს საკითხებზე, მაგრამ ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული.

შანსი იქნა გაშვებული 2004 წელსაც, როცა ოქრუაშვილი ცხინვალის რეგიონში შეიჭრა. დაჩოქებული ქართველი ჯარისკაცების ნახვა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომ ოცი წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების სულებში შეხორცებული ჭრილობები ხელახლა გაიხსნა. მერე იყო დაპირებები, რომ «ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით», მერე _ «ჰუმანიტარული შტურმის» მცდელობები. მოგვიანებით _ 2008 წელს, როცა ბლიცკრიგის მოიმედე სააკაშვილმა დაკარგულ ტერიტორიებს მის მიერვე «სამხრეთ ოსეთად» და «ზემო აფხაზეთად» წოდებული დანარჩენი ტერიტორიებიც დაამატა.

2008 წელს კიდევ ერთი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული. ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიციამ მოგებული არჩევნები აჩუქა სააკაშვილს. ბადრი პატარკაციშვილი გადაჰყვა იმას, რაც 2007 წლის ნოემბერში მოხდა. დღეს ამას ერთმანეთს აბრალებენ მისი შიდა თუ გარე მეგობრები. აგვისტოს ომის დროს ოპოზიციამ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, იმ სამარცხვინო ომის დროს «პატრიოტული» მორატორიუმი გამოაცხადა და ამით, ფაქტობრივად, დაეთანხმა იმ სისხლისღვრას, რომელიც ცხინვალის რეგიონში დაიწყო.

შანსის ხელიდან გაშვება ჰქვია იმას, რასაც ქართულმა ხელისუფლებამ ემბარგოს დაწესების შემდეგ მიჰყო ხელი. გაშვებული შანსია თითქმის ყოველი დღე, რომელიც 2003 წლის 22 ნოემბრის შემდეგ გათენდა და ამაში, საუბედუროდ, არც მხოლოდ სააკაშვილია დამნაშავე და არც მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობა».

გამოხდა ხანი და «პოლიტიკურ ჭაობად» წოდებულ ვითარებაში უცებ გამოჩნდა ახალი აკტორი ბიძინა ივანიშვილის სახით. მის გვერდით მაშინვე გამოჩნდნენ «რესპუბლიკელები», რომლებიც მუდამ პოლიტიკური მორიელის ფუნქციას ასრულებდნენ ქართულ პოლიტიკაში; სხვის კისერზე შემომჯდარი შედიოდნენ პარლამენტში და მერე მასვე გესლავდნენ. დღეს ლევან ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას აქილიკებს და ამბობს, რომ მას არ აქვს თანდაყოლილი უნარი, იყოს არჩეული. თითქოს რომელიმე «რესპუბლიკელს» ჰქონდეს ეს უნარი! ისინიც ყოველთვის სხვისი სიით გადიოდნენ პარლამენტში და შემდეგ მასვე უპირისპირდებოდნენ.

მარად სხვისი ჭკუის დამრიგებელი იმის უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს, რომ განაცხადოს, _ ბოკერიას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ ადრე პატიოსანი კაცის როლს ასრულებდა და მერე უპატიოსნოს როლში გადავიდაო. თავად ლევან ბერძენიშვილს ბევრად უფრო ადრე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ამას სულაც არ აბრალებს იმას, რომ უპატიოსნო ადამიანის როლი მოირგო!

ლევან ბერძენიშვილი მენტორის ტონით მუდამ სხვას მოუწოდებს, გააანალიზონ წარსული და შეცდომები აღიარონ, ოღონდ ეს წესი თავად მასზე და «რესპუბლიკელებზე» არ მოქმედებს: თურმე «რესპუბლიკელებმა» ისე მკაცრად გააპროტესტეს სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, რომ უსუფაშვილისა და ხიდაშელის ოჯახურმა წყვილმა ისეთ მაღალ თანამდებობებზე თქვა უარი, როგორიც გენპროკურორობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაა. აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ბერძენიშვილი საუბრობს, 2004 წლის თებერვალში სააკაშვილმა და ბურჯანაძემ მიაღებინეს უკვე ვადაგასულ პარლამენტს, ხოლო «პროტესტანტი» «რესპუბლიკელებისთვის» ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ სულ რაღაც ერთ თვეში, 2004 წლის მარტში, იმავე სააკაშვილის პარტიული სიებით მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში!

მხოლოდ ეს რომ იყოს, იქნებ არც კი ღირდეს ამის წამოძახება, მაგრამ ტრაგიკომედია სწორედ იმაშია, რომ «სამართლიანი არჩევნებისთვის» თავგამოდებული «რესპუბლიკელები» იმავე სიაში ჩაეწერენ, რომლითაც არჩევნების გაყალბების დიდოსტატი – ხათუნა გოგორიშვილი იყრიდა კენჭს და ამას სულაც არ შეუშლია ხელი მათთვის, კერძოდ კი, ლევან ბერძენიშვილისთვის, მომდევნო თვეებში მხურვალედ დაეჭირა მხარი კახა ლომაიას განათლების რეფორმისთვის და თან პარალელურად იმგვარი განცხადებები ეკეთებინა, როგორიცაა «მე არ ვიცნობ ისეთ მწერალს, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე»!

სინამდვილეში სააკაშვილისგან რესპუბლიკელების დაშორება 2004 წლის 6 მაისიდან, ასლან აბაშიძის განდევნის შემდეგ, დაიწყო, როცა ძმებ ბერძენიშვილებს ცხვირწინ ააცალეს აჭარა, რომელსაც ისინი რევოლუციაში შეტანილი წვლილისთვის პრიზად მიიჩნევდნენ. ასე ხელდახელ ასწორებენ ისინი ისტორიას და, თუ თავად ლევან ბერძენიშვილს დავესესხებით, ჰგონიათ, რომ არავის აღარაფერი გვახსოვს. დღეს იგი იმავე ტაქტიკას მიმართავს და აცხადებს, რომ 2003 წელს გონივრული ნაბიჯები გადადგეს ზომიერმა ელიტის წარმომადგენლებმა, როცა შევარდნაძის გარემოცვა დატოვეს. მათ შორის მოიხსენიებს ზაზა შენგელიას, ირაკლი მენაღარიშვილს, თედო ჯაფარიძეს, გია შერვაშიძეს, თვითონ შევარდნაძესაც უწონებს, რომ მან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე განუმარტა დავით თევზაძეს, არ დაეშვა სისხლისღვრა. ერთი სიტყვით, ყველანი დგამდნენ გონივრულ ნაბიჯებს, ერთადერთი დამნაშავე კი ცესკო ყოფილა _ მას რომ არ გამოექვეყნებინა «გაყალბებული შედეგები», რევოლუცია არ მოხდებოდა!

თავად თუ სჯერა, ნეტავ, ეს ყველაფერი? მან უკვე იმდენჯერ ილაპარაკა პირადად ჩემი პასუხისმგებლობის შესახებ, რომ ახლა, 8 წლის შემდეგ, ეს უკვე აკვიატებულ აზრს ემსგავსება. ჯერ ერთი, თავად არ იცის, მაგრამ იურისტები ჰყავს პარტიის უმაღლეს რგოლში და მათ დაეკითხოს: რა უფლება ჰქონდა მაშინ ცესკოს, არ შეეჯამებინა უბნებიდან მოსული მონაცემები და არ გამოექვეყნებინა შემაჯამებელი ოქმი? ჰკითხოს იმ საარჩევნო კოდექსის ავტორს _ მისსავე მეგობარ ვახტანგ ხმალაძეს და იგი აუხსნის, რომ ცესკოს ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნდა. არსებობდა მხოლოდ ერთი გზა _ სასამართლო, რომელსაც შეეძლო ამ შედეგების გაუქმება ან ბათილად ცნობა, მაგრამ განა ისინი სასამართლოს დაელოდნენ? სასამართლომ, ოღონდ უზენაესმა და არა საკონსტიტუციომ, რომლის განსჯადიც იყო ეს საკითხი, მხოლოდ რევოლუციის შემდეგ «გააპრავა» მათ მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება.

თუმცა მივუბრუნდეთ იმას, რასაც დღემდე თავგამოდებით ამტკიცებს ბერძენიშვილი: თურმე ეგზიტპოლებმა და პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ «ნაცმოძრაობა» პირველ ადგილზე იყო გასული. განა 2008 წელს გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლებმა და მათი გამხმოვანებლების მყისიერმა დაწინაურებამ არ აჩვენა მთელ საქართველოს, რა ღირდა 2003 წელს ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლები? მათი ღირებულება თბილისის მერობა და შემდეგ ელჩობა იყო რევოლუციისთვის გაწეული ღვაწლის გამო. ისევე, როგორც ნოდიასა და იაკობაშვილისთვის ნაბოძები მინისტრის პორტფელები 2008 წელს!

ბერძენიშვილი ჭმუნავს, რომ შეცდომების აღიარების ნაცვლად «აქეთა მხრიდან ესმის, რომ წმინდანები არიან». ეს სიცრუეა. არასოდეს გადამიბრალებია ვინმესთვის რამე, არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არ მითქვამს, რომ წმინდანი ვარ. რაც შეეხება შეცდომებს, დღე არ გავა ისე, რომ შეცდომა არ დავუშვათ. არ მიმაჩნია, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი ორთვიანი ყოფნა შეცდომა იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ბევრი რამ არც მე მცოდნოდა და ლევან ბერძენიშვილის ტელეშელოცვებისთვის დამეჯერებინა. მით უფრო არ იყო დანაშაული ის, რომ არც მანამდე, არც მას შემდეგ საქართველოს პარლამენტში ექვსი პარტია არ გასულა (გარდა 1992 წლის პარლამენტისა, რომელშიც «ყველა მინუს ერთი» პრინციპით აირჩა).

არც იმას იმჩნევს ბატონი ლევანი, რომ ცესკო კოლექტიური ორგანო იყო და გადაწყვეტილებებს კენჭისყრით იღებდა. თუ ქართული დემოკრატიის გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, რომ 15-წევრიანი მრავალპარტიული ცესკოს მაგივრად პირადად მე ვაგო პასუხი (მართალია, ამგვარი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს), _ მე მზად ვარ! ოღოდ თქვენ ის ბიჭები არ ხართ, მე რომ დამიჭერთ. თქვენ ის ბიჭები ხართ, ერთმანეთს რომ დაიჭერთ!

ნანა დევდარიანი

P.S. დავუშვათ, ამეღო თავზე ხელი და გადამეკეთებინა ცესკოში შემოსული ციფრები, გამეყვანა სააკაშვილი პირველ ადგილზე, საკითხავია, არ ვიქნებოდი დასაჭერი? უთუოდ! ან რა ვალი მქონდა რომელიმე პარტიის, რომ პირველ ადგილზე გამეყვანა? არავითარი! ხომ არ გეჩვენებათ, რომ 2003 წლის არჩევნებზე ლაპარაკი, როცა მას შემდეგ ჩატარებული ერთპარტიული პარლამენტის «ნოტარიალურად დამოწმებაზე» არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ დასჯილა, ამორალურობის გარდა, სულელურია?

არც ამჯერად ჩავთვლიდი პასუხის ღირსად პოლიტიკური კონიუნქტურის ამ მოძველებულ ნიმუშს, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მან უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე, თუ, რასაკვირველია, უნდა, რომ იცოდეს. სხვაგვარად ჩვენ შეიძლება კიდევ ერთხელ გავუშვათ შანსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here