Home რუბრიკები პოლიტიკა ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა...

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი… (გალაკტიონ ტაბიძე, «მესაფლავე»)

906

8 წლის წინ საქართველოში «ვარდების რევოლუცია» მოხდა. მსგავს წლისთავებზე, როგორც წესი, მიღებულია იმ უბედურებების ემოციური ჩამოთვლა, რომლებიც სააკაშვილმა ქვეყანას დამართა. მაგრამ ყველაფერი ეს ისედაც ცნობილია და, ალბათ, აჯობებს, სხვა მიმართულებით წავიდეთ. რეჟიმი აშკარად არ იმსახურებს, რომ მასზე საუბარს ჩვენი ძვირფასი დრო დავუთმოთ.

საინტერესოა, არსებობდა თუ არა მოვლენათა განვითარების ალტერნატიული ვარიანტი? ცხადია, უშუალოდ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ საქართველოში სანიმუშო დემოკრატიული სახელმწიფო მყისიერად ვერ ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ხელისუფლებაში კეთილი ნების ადამიანები (ვინ?!) მოსულიყვნენ, რომლებიც ზედმეტი ექსცესების გარეშე ქვეყანას დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის გზაზე დააყენებდნენ?
ან, უკიდურეს შემთხვევაში, ვიქტორ იუშჩენკოს მსგავსი ლიდერი გვყოლოდა, რომლის გუნდი ზომიერად (ჯანდაბას, თუნდაც უზომოდ) დააზარალებდა ქვეყნის ეკონომიკას, გააკეთებდა სულელურ განცხადებებს, გაატარებდა რეფორმებს (თუნდაც წარუმატებელს, რიგ შემთხვევებში კი _ წარმატებულს, რატომაც არა), შედარებით მოკრძალებულად იმაიმუნებდა და მოიპარავდა, ოღონდაც ყოველივე ეს ომის, ქვეყნის დანაწევრების, ნგრევის, პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების, განსხვავებული აზრის ჩახშობის, საკუთრების წართმევის, თანამოქალაქეთა მრავალფეროვანი წამებისა და ერთპარტიული მარაზმის გარეშე (იგულისხმება ფაქტობრივი ერთპარტიულობა, თორემ ფორმალურად, სხვა პარტიები, მმართველის გარდა, ჩრდილოეთ კორეაშიც არსებობს). შემდეგ კი, ეს ჯგუფი გაყალბებას არ მიმართავდა, ამომრჩევლების ნებას დაემორჩილებოდა და ხელისუფლებას ფეხაკრეფით დატოვებდა. რამდენად ხელშესახები იყო პირველი (თითქმის იდეალური) და მეორე (არასასურველი, თუმცა ასე თუ ისე ასატანი) სცენარი საქართველოსთვის?

ამას წინათ, დავით უსუფაშვილმა ერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა: «ახალი პოლიტიკური ძალა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» დეკლარირებულ კურსს დაუბრუნდება». ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს ფრაზა, ალბათ, შეიძლება წამგებიანად ჩაითვალოს. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდ ნაწილზე სიტყვები «ვარდების რევოლუცია» ისე მოქმედებს, როგორც წითელი ფერი _ გამძვინვარებულ ხარზე, რადგან სააკაშვილის რეჟიმთან ასოცირდება. აქვე, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი განცხადებები ამერიკელი პარტნიორებისთვის გასაგები და მისაღებია. ხსენებული კურსი ხომ, იდეაში, არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას, არამედ ვაშინგტონის მიმართ განსაკუთრებული ტიპის ლოიალურობასაც გულისხმობს.

«ვარდების რევოლუცია», უპირველეს ყოვლისა, ამერიკული პროექტი იყო. ამერიკელების პოლიტიკურ, საინფორმაციო და ფინანსურ მხარდაჭერას «ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის» ხელისუფლებაში მოსვლის და მისი შენარჩუნების პროცესში განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, როდესაც ალტერნატიული სცენარის შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, ალბათ, უნდა დავადგინოთ, თუ რამდენად ჯდებოდა ის ვაშინგტონის გეგმებში; მისი თანხმობის გარეშე, სავარაუდოდ, არაფერი გამოვიდოდა, რადგან ამერიკელების კონტროლი შიდაქართულ პროცესებზე ბოლო წლებში თითქმის აბსოლუტური იყო. გარკვეული დროის განმავლობაში, თეთრ სახლს სწორედ სააკაშვილი სჭირდებოდა და მას მხარს ყველაზე კრიტიკულ მომენტებში უჭერდა.

რატომ სააკაშვილი და არა ჟვანია ან ბურჯანაძე, ან ვინმე სხვა? ამერიკელ პარტნიორებს სააკაშვილის ამოგდება პროცესებიდან, «ვარდების რევოლუციამდე» გაცილებით ადრე შეეძლოთ, ისევე, როგორც მისი გაკოჭვა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ; ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილისგან მომავალი საფრთხე გაცილებით ადრე იგრძნობოდა, ვიდრე ის ხელისუფლებაში მოვიდა, ამერიკელები მაინც «ქაჩავდნენ» და იცავდნენ მას. საინტერესოა, რატომ?

1997-99 წლებში რამდენიმე არაფორმალურ შეხვედრაზე დასწრება მომიწია, რომლის დროსაც ამერიკელი სტუმრები ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების შესახებ უამრავ კითხვებს სვამდნენ, აშკარად ჩანდა, რომ მათი დახასიათება და სავარაუდო პერსპექტივები აინტერესებდათ. ის დისკუსიები, როგორც წესი, ზურაბ ჟვანიაზე საუბრით იწყებოდა. იმ შეხვედრების ქართველი მონაწილეები მას, ძირითადად, დადებითად ახასითებდნენ, თუმცა იქვე სახელდებოდა მიზეზები, რომელთა გამო ჟვანია ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გახდებოდა. საუბარი სააკაშვილზე ოდნავ მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსზე მსჯელობის შემდეგ იწყებოდა.

იმ ამერიკელი სტუმრების დიდ ნაწილს ეტყობოდა, რომ «ცივი ომის» ხიფათიან გზებზე არაერთი კილომეტრი ჰქონდათ გავლილი. აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ის უახლესი პოლიტიკური ისტორია ხუთი თითივით იცოდნენ, ერთ-ერთ მათგანს კი, შედარებით ასაკოვანს, ვიეტნამთან დაკავშირებული ამბები ისე კარგად ახსოვდა, თითქოს თბილისში უშუალოდ ალმოდებული საიგონიდან ჩამოფრინდა. ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ საუბრების და, ზოგადად, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზის დროს, ამერიკელები (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში უმცროსი ბუში დაბინავდა) ამა თუ იმ ქართველი პოლიტიკოსის კეთილგონიერებას განმსაზღვრელ ან თუნდაც პოზიტიურ ფაქტორად არ განიხილავდნენ. შესაძლოა, პირველ ადგილზე მათთვის «ყველაფერზე ხელის მოწერის» და მორჩილების უნარი იდგა.

როგორც ჩანს, ყველაზე კარგად «იდეალური მარიონეტის» როლს, მისი ყველა მინუსის მიუხედავად, მაინც მიხეილ სააკაშვილი მოერგო.

ალბათ, ნაკლებად სერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა თავიდანვე ვერ გააცნობიერეს, თუ რამდენად პრობლემურია სააკაშვილი, და თუ ეს მართლაც ასე იყო, 2007 წლის მიწურულს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ. მაგრამ მათ სააკაშვილი კბილებით დაიცვეს. ამაზე ირიბად იმ დროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის ცნობილი კომენტარიც მიანიშნებს: «ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტური იყო, მაგრამ ამაზე ყველამ თვალი დავხუჭეთ. მე მშვენივრად მახსოვს, ჩვენი დასავლელი მეგობრების ასეთი… დაჟინებული რჩევები, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეცხადებინა მეორე ტური». არჩევნების გაყალბების შემდეგ ძალიან მალე მოულოდნელად გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც ოპოზიციის ხელახალი მობილიზება და სააკაშვილისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლის გამართვა შეეძლო. იმავე წლის აგვისტოში სააკაშვილმა საქართველო რუსეთთან ომში ჩააბა.

სააკაშვილის შეცვლის კიდევ ერთი რეალური შესაძლებლობა 2009 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. ამ პროცესებზე და მათში ამერიკელი პარტნიორების ორაზროვან როლზე ძალიან ბევრი ითქვა და ამის გამეორება, ალბათ, არ ღირს.

იყო კიდევ ერთი, ადრინდელი, თითქმის დავიწყებული ეპიზოდი, რომელზეც საუბარი მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია. 2004-05 წლების მიჯნაზე საზოგადოებაში დაიწყო პრაქტიკულად ღია საუბრები იმაზე, რომ ჟვანია და სააკაშვილი ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ და პრემიერ-მინისტრი ახლო მომავალში ოპოზიციური ძალების ფარულ მობილიზებას (და, შესაბამისად, კოორდინირებას) გეგმავს, რათა თავგასული პოლიტიკური პარტნიორი როგორმე შებოჭოს. ზურაბ ჟვანია 2005 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. თუ მსგავსი გეგმები მას მართლაც ჰქონდა (ამას დანამდვილებით, ალბათ, ვერასოდეს დავადგენთ), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის შეცვლის ან მისი საიმედოდ შეკავების რეალური შესაძლებლობა ჯერ კიდევ 2007-08 წლების მოვლენებამდე გაჩნდებოდა.

საერთო ჯამში, მოვლენათა განვითარების ალტერნატიულ, შედარებით უმტკივნეულო სცენარზე გადასვლის შანსი საქართველოს რამდენიმეჯერ მიეცა, თუმცა შეიძლება შეიქმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ რაღაც «უხილავი ხელი» მას ისევ უფსკრულისკენ მიმავალ რელსებზე აბრუნებდა.

ზემოთ ერთი საპენსიო ასაკის ამერიკელი ვახსენე, რომელიც ვიეტნამის (და არა მხოლოდ) სპეციფიკაში მშვენივრად ერკვეოდა და მასთან დაკავშირებული ერთი ეპიზოდი გამახსენდა. ერთ-ერთი არაფორმალური შეხვედრის დროს ის ძლიერ შეზარხოშდა, ხანდახან წაუმღერებდა კიდეც და უამრავ საინტერესო ისტორიას ყვებოდა ნიქსონზე, რეიგანზე და რატომღაც ლეხ ვალენსაზე. «პარტიის გენერალურ ხაზთან» შეუსაბამო არაფერი უთქვამს, უბრალოდ, საგულისხმო დეტალებს აფრქვევდა, რომლებშიც არა მარტო ერთი ეშმაკი, არამედ მთელი ლეგიონი იმალებოდა. ბოლოს ისეთ კონდიციამდე მივიდა, რომ ერთმა კარგმა, თუმცა ფრიად გამოუცდელმა ქართველმა ახალგაზრდამ ჰკითხა: «და მაინც, ვინ მოკლა კენედი»? ამ მომენტში დავაფიქსირე, რომ სტუმარი მყისიერად 100%-ით გამოფხიზლდა და გარკვევით წარმოთქვა: «ახალგაზრდავ, ჯონ ფიცჯერალდ კენედი ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა». ოფიციალური ვერსიის ამ საზეიმო გაჟღერების შემდეგ ის ისევ ლხენას დაუბრუნდა და ათიოდე წუთში თავი ლამის სალათაში ჩარგო. არა რა, ძველი გვარდია მაინც სულ სხვა იყო…

ამხელა შესავალი, ალბათ, იმ მარტივი ფაქტის კონსტატაციისთვის იყო საჭირო, რომ არის ამქვეყნად სიტუაციები, როდესაც ოფიციალური ვერსიის ფარგლებს ვერ გასცდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელთ უტყუარი ფაქტები არ გაქვს (ან თუნდაც გაქვს). ამერიკული კვალის დანახვა საქართველოში მომხდარი ბევრი ნეგატიური მოვლენის მიღმა შეიძლება, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები ახლო პერსპექტივაში, ნებისმიერ შემთხვევაში, იძულებული იქნებიან, ვაშინგტონის აზრი გაითვალისწინონ და მისი კრიტიკისგან თავი შეიკავონ. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, «ვარდების რევოლუციის» ობიექტურ შეფასებას და მისი შემდგომი მოვლენების სრულყოფილ გამოძიებას ადგილი ახლო მომავალში ჰქონდეს. ყველაფერი ცუდი, სავარაუდოდ, მხოლოდ სააკაშვილს დაუკავშირდება, მის უცხოელ პარტნიორებზე კი განსაკუთრებულს არაფერს შევიტყობთ. ახალ პოლიტიკურ მითოლოგიაში მათ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების და მათ შორის «ვარდების რევოლუციის» უკიდეგანო სიდიადე, სავარაუდოდ, ეჭვქვეშ არ დადგება. ახალი ხელისუფლების პოზიცია, ალბათ, ასე თუ ისე მიახლოებული იქნება იმ განწყობასთან, რომელიც უსუფაშვილმა თავის განცხადებაში ჩადო. ძალიან ბევრ ადამიანს ეს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ სხვანაირად, სავარაუდოდ, არ გამოვა. «ვარდების რევოლუციის» ხსენება დადებით კონტექსტში ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ საკმაო დროის განმავლობაში მოუწევთ და უსუფაშვილის გამტყუნება განხილული ფრაზისთვის, ალბათ, არ ღირს. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია სხვა განცხადებისთვის კუთხეში მივიმწყვდიოთ და დალურჯებამდე გავამტყუნოთ.

დამთრგუნველი გარე გავლენისგან გათავისუფლება მყისიერ ხასიათს ამ ეტაპზე, ალბათ, ვერ მიიღებს; მას შეიძლება მხოლოდ თანდათანობითი, ევოლუციური ხასიათი ჰქონდეს. დეკოლონიზაცია ჯერ საზოგადოების ცნობიერებაში უნდა მოხდეს და, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი დრო გავა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მართვას ისე შევძლებთ, რომ ძია სემის აზრი ამასთან დაკავშირებით ნაკლებად დაგვაინტერესებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვაშინგტონი დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას ხელი შეუშალოს და მისი გაღიზიანება, უბრალოდ, არარაციონალურია. ვერაფერს ვიზამთ, არის ამქვეყნად სიტუაციები, როდესაც პირში სიმართლის თქმას პრაგმატიზმის გამოვლენა სჯობს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here