Home რუბრიკები საზოგადოება ჭაბუა ამირეჯიბი _ 90

ჭაბუა ამირეჯიბი _ 90

969

«საქართველო და მსოფლიომ» 12 ოქტომბერს მკითხველებს აცნობა, რომ 18 ნოემბერს დიდი ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი 90 წლის გახდება.

გაზეთის ეს ნომერი გამოდის 16 ნოემბერს, საიუბილეო თარიღამდე ორი დღით ადრე, და თუმცა მიღებული არ არის დაბადების დღის წინასწარ მილოცვა, სამჯერ გადავიწერთ პირჯვარს და ქართველი მწერლობის მშვენებას, დიდოსტატ ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს მივულოცავთ ამ შესანიშნავ თარიღს, ჯანსა და ღონეს, ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებთ მისი ოჯახის, სათაყვანებელი სამშობლოსა და თაყვანისმცემელი განათლებული საქართველოს გასახარად. 
დღეს გთავაზობთ ბლიცინტერვიუს იუბილართან და ნაწყვეტს მისი მომავალი წიგნიდან, რომლის სამუშაო სათაურია «ჩემი ავტობიოგრაფია».

ბატონმა ჭაბუამ თაობის ვალი მოიხადა საქართველოს წინაშე, თაობათა ვალი, უწინარეს ყოვლისა, თავისი უბადლო შემოქმედებით, კაცურად ცხოვრების წესითა და მაგალითით.

_ მეთანხმებით, ბატონო ჭაბუა?

_ გმადლობთ უბადლო ქათინაურისთვის, მაგრამ არც თავად მე ჩამითვლია მამულისადმი ვალი მთლიანად მოხდილად და ამას ნურც ვინმე დაიტრაბახებს, რადგან ვალის გრძნობა თუ გაქვს და, განსაკუთრებით, სამშობლოს წინაშე, ერთი ადამიანისგან ამის მოხდა შეუძლებელი მგონია. ამ ვალის ხდა სიკვდილამდე მიმდინარეობს და ნაწილობრივ მაინც მოუხდელი რჩება, მით უმეტეს, თუ სამშობლოს ვალზეა ლაპარაკი.

_ «დათა თუთაშხიაში» გიწერიათ: «ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს».

აქვს, თქვენი აზრით, საქართველოს დღევანდელ საზოგადოებას ზნეობრიობის შინაგანი ძალის ის მარაგი, რომელიც არსებულის შესაცვლელად საკმარისი იქნება?

_ ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ქართველთა შორის არ გამოჩნდა კაცი, რომელიც ზემოხსენებული შინაგანი ძალის ერში არსებულ, მიმოფანტულ მარაგს ერთ მუხტად, თუ გონებად შეჰკრავდა და ქართველ ერს სულიერ გამარჯვებამდე მიიყვანდა. ვგულისხმობ ადამიანს, ვინც ჩვენს მართლმადიდებლობას «ბანს მისცემდა» და გაერთიანებული ძალღონითა და შეგნებით განახორციელებდა წინსვლას. მე მწამდა, რომ როგორც ყოველთვის ჩვენი ბედკრული ერის წარსულში ხდებოდა, გამოჩნდებოდა კაცი, ვინც ამ უღელს დაიდებდა და ახალი ბედ-იღბლით შეაიარაღებდა ქართველ ერს და აკი გამართლდა კიდეც ჩემი მოლოდინი _ ღმერთმა ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის სახით გამოგვიგზავნა _ ეს ჩემი რწმენაა, რომელიც უეჭველად გამართლდება.

_ ვინ მიგაჩნიათ ჭეშმარიტ მამულიშვილად?

_ ჭეშმარიტ მამულიშვილად ჩვენს წარსულში მუდამ ის ითვლებოდა, ვინც უანგაროდ ემსახურებოდა ერის აწმყოსა და მომავალს და არა ის მემთავრობე გარეწარი, ვისაც ვნებისა და ზარალის მეტი არა მოუტანია რა თავისი ერისათვის და ტრაბახითა და საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფით უტარებია ერის წინამძღოლის წოდება. ასეთები ჩვენს სამშობლოში მრავლად იყვნენ და კეთილდღეობენ ამჟამადაც.

_ როგორ შეაფასებთ მავანთა მცდელობას, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის უკანასკნელ იმედად წარმოგვიდგინონ? რას ეტყვით იმათ, ვინც მისი გამოჩენა «კიდევ ერთ სპექტაკლად» მონათლა?

_ ეს ის ხალხია, ვინც ბიძინა ივანიშვილი რეალურ კონკურენტად, სამთავრობო კიბეებზე შემცვლელად სამართლიანად მიიჩნია. შეხედეთ, როგორ დაფაცურდნენ ქართველი ერის მტრები, რაღას არ კისრულობენ, რომ ხალხს ღირსეულ მთავრობად მოაჩვენონ თავი. ისინი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყოველნიარ ხერხს მიმართავენ, მათ შორის, რუსეთის აგენტობასაც სწამებენ. მიაქციეთ ყურადღება, როგორ ემსგავსებიან ისინი რუს ბოლშევიკებს. ალბათ, დადგა დრო, როცა სააკაშვილი და მავანნი მისნი კომუნისტებად უნდა მოვნათლოთ.

_ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, განაცხადა: «რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში… მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემ სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას». რას ფიქრობთ, საიდან მოდის ასეთი თავდაჯერება?

_ მაპატიეთ, თავდაჯერება დამარცხებულთა ხვედრია. ბიძინა ივანიშვილის ყოველი ნათქვამი მისი რწმენიდან მოდის, რწმენიდან, რომელიც მას საკუთარმა საქმის ცოდნით გამარჯვებებმა შესძინა. ის ნათქვამი _ გამარჯვებული კაცის, გამარჯვებისთვის ღმრთივ მოვლენილი კაცის მიერ წარმოთქმული ჭეშმარიტებაა.

_ ჩერნობილიდან რეპორტაჟების გაკეთებისას ოცამდე რენტგენის დასხივება მივიღე და კინაღამ დამშალა. თქვენმა «რენტგენებმა», თუ არ ვცდები, ათასს გადააჭარბა. როგორ გაუძელით?

_ ხშირად მიხდება პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ, რა მიზეზით აღვიკვეცე ბერად. ერთ-ერთი მიზეზი ღმერთის მიერ მფარველობაა. მადლობა ხომ უნდა გადამეხადა ღმერთის, ერისა და ბედ-იღბლისთვის. თექვსმეტი წლის მანძილზე ექვსი გაქცევა მქონდა ბანაკებიდან, ამათგან სამი უხეირო, იქვე ამიყვანეს, მაგრამ სხვა სამში ორ შემთხვევაში დაწესებულების, უკეთ ვთქვათ, საწარმოს დირექტორობაში მომაგნო ჩეკამ.

ის რენტეგენებიცა და სამჯერ მოსჯილი ორი დახვრეტა და ოცდახუთი წელი და ერთი ფუჭი გაქცევის რვა წელი, სულ კი ოთხმოცდასამი წლიანი განაჩენები მაღალმა ღმერთმა მომიტევა, რადგან ცოდვა არ დამიდვია იმ გაქცევებისა და მათ მსვლელობაში.

_ მისჯილი წლების რაოდენობითაც «გინესის რეკორდსმენი» ხართ…

_ გინესისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემს წიგნებში ყოველივე ეს, მგონია, ასახული მაქვს.

_ როგორ გესახებათ საქართველოს ხვალინდელი დღე?

_ ბატონო არმაზ, დღეს რომ ცოცხალს მხედავთ, ეს ჩემი ოპტიმიზმით აიხსნება. მუდამ მჯეროდა, რომ უკიდურესი განსაცდელიდანაც კი «საღ-სალამათი» გამოვიდოდი და ასეც ხდებოდა. საქართველოს ერთი პაწაწკინტელა ნაწილი ვარ და ჩემი ასაკით კი არა, ჩემი დამსახურებით მომავლისა მწამს ისევე, როგორც ჩემი ღირსეული ერისა და სამშობლოს მომავალი.

_ რას უსურვებდით 90 წლის ჭაბუა ამირეჯიბს?

_ «იდექ მკვიდრად და ურყეველად». ამას სახარება გვასწავლის.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

 

ფრაგმენტი ავტობიოგრაფიიდან

შიშის ძლევის უნარი ბავშვობაშივე თავს გადამხდარმა შემთხვევებმა შემძინა. ეს არ ნიშნავს, რომ შიში არ ვიცი _ მის ძლევას ვგულისხმობ. შიში სხვადასხვანაირი მიგემია. აი ერთი მათგანი.

ხუთი წლისა თუ ნაკლებისა ვიქნებოდი, შიში მხვდა და სამუდამოდ დამამახსოვრდა კიდეც. ჩემი აზრით, სწორედ იმ შემთხვევით დაიწყო ჩემი ცხოვრება, რადგან ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს _ დანარჩენი არსებობაა.

მოგეხსენებათ, რევოლუცია კინოსეანსი როდია, რომ დაიწყოს და წინასწარ ცნობილი საათ-ნახევრის შემდეგ დამთავრდეს. იგი კომეტას ჰგავს, უზარმაზარი კუდი იცის. ჩემთვის იმ კუდის დასაწყისი იყო ათას ცხრაასოციანი წლების გვიანი შემოდგომა. ღამის სამ საათზე ჩვენს ბინას ოთხი ფორმიან-ნაგანიანი კაცი ესტუმრა. მამაჩემი ერეკლე ქალაქგარეთ იყო. მოსულებს ერეკლეს დარდი ამჯერად არცა ჰქონდათ, მის ძმას ეძებდნენ. პროფიული რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე იყო ჩემი ბიძა შალვა ამირეჯიბი, ეროვნულ-დემოკრატი. რუსეთის ჯარების შემოსვლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ერთობ მძაფრად გამოამჟღავნა. ჩეკისტები დაეძებდნენ, მისი მოკვლისთვის ფულადი ჯილდოც კი იყო გამოცხადებული. ჩვენ ექვს თუ შვიდოთახიან ბინაში ვიდექით. ყველა ოთახი და სათავსო გაიჩხრიკა, ჯერი საძილეზე მიდგა. იქ მე და ჩემს დას, როდამს გვეძინა. დედა ჩეკისტებს დაჰყვებოდა ოთახიდან ოთახში. შინ სხვა არავინ იყო. საძილეში შევიდნენ. ტანსაცმლის კარადიდან, უჯრებიდან, ზანდუკებიდან ყველაფერი გადმოიყარა და იატაკს მოეფინა, როგორც ყველა ასეთ შემთხვევაში ხდებოდა. დაამთავრეს ჩხრეკა. სამნი გავიდნენ, ოთახში ერთიღა იყო. ისიც გასვლას აპირებდა, რომ ჯგუფის უფროსმა ღია კარს იქიდან უბრძანა, _ მაგ ბავშვის ლეიბი ნახეო!

მჩხრეკავმა შარვლის ჯიბიდან დიდი, კაუჭიანი, ბასრი სასხლავი დანა ამოიღო და გაშალა. ის დანა მე კომეტის კუდის ნაწილაკი მგონია. მჩხრეკავი რევოლუციაში პირდაპირ ვენახიდან იქნებოდა მოსული _ მდიდარი გლეხის მოჯამაგირეობიდან, ან საკუთარი, მაგრამ პატარა ვენახიდან. დიდს ვერ შეელეოდა. ლეიბის თავში დანის კაუჭს პირი მოაკიდებინა, გამოუსვა და ბოლომდე ჩაჭრა. ლეიბიდან მატყლის კურკუმელებმა გადმოიხედეს. მჩხრეკავმა ლეიბში ხელი შემოყო, ძებნის აზარტს აჰყვა, მულჯუგუნებმა გამაღვიძა და ვიკივლე, _ დედიკო, მუცელი გამიჭრეს-მეთქი. მჩხრეკავს ორგანოების პრესტიჟის გრძნობა ბავშვის კივილმა თუ ჩაუხშო, თორემ ისე მკვირცხლად არ მოცუცხავდა.

მეორე შემთხვევა უფრო გვიან, რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. უკვე ექვსისა თუ შვიდის ვიქნებოდი, მეორე უმძიმესი ელდა რომ განვიცადე. ამ შემთხვევასაც შიშის ძლევის საწყისად ვთვლი.

როგორც ყოველ წელს, ზაფხულს კიკეთში ვატარებდით, საკუთარ აგარაკზე. სადღაც მიწერია კიდეც, მაგრამ ეს შემთხვევა გამეორებად ღირს. აგარაკი ხეხილის დიდ ბაღში იყო განლაგებული, ჰექტარზე არანაკლები იქნებოდა. მამა მთიბავებს ქირაობდა _ ენაგეთელ გლეხკაცებს. თივის საფასურად მუშაობდნენ. ვიჯექი, მათი ცქერით ვერთობოდი. ჩემი მისვლისას საუზმე დამთავრებული ჰქონდათ, ისვენებდნენ. ერთ მათგანს ჩაეძინა და ერთობ ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა, მეორე ადგა, მიეპარა, მხვრინავის სახეზე ჩაიმუხლა და როგორც დიდი სულხან-საბა ბრძანებდა კარგა მოზრდილი «კუს ძვრით» უპასუხა ხვრინვას. დამსწრეებმა ამას ხმამაღალი სიცილ-ხარხარით უპასუხეს, რამაც შეურაცხყოფილი გამოაღვიძა და იკითხა, _ რა მოხდაო? უთხრეს. ამას თიბვა მოჰყვა. შეურაცხმყოფელს შარვლის ტოტები აკეცილი ჰქონდა. დაზარალებულმა, რაღაცნაირად იყო, დრო იხელთა, შეურაცხმყოფელს ზურგიდან მოექცა და ცელი წვივებში მთელი ძალ-ღონით გამოჰკრა. წვივებიდან სისხლის ღვარმა იფეთქა. დაზარალებულმა ჭრილობებზე მშრალი ქვიშა «მიილესა». თიბვა გაგრძელდა და მე მხოლოდ კარგა ხნის მერეღა მოვედი გონს, ხმამაღალი ტირილით გავიქეცი შინისკენ. მამამ მკითხა, _ რა გატირებსო? ვუამბე, რასაც შევესწარი. მამა მთიბავებთან ჩავიდა და მე მას მერე კაი ხუთი წელიწადი მესიზმრებოდა ნახული განუკითხაობა.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here