Home რუბრიკები საზოგადოება გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ანუ მადლობა პარტიას, რომ ველოსიპედზე დავით აღმაშენებელი არ...

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ანუ მადლობა პარტიას, რომ ველოსიპედზე დავით აღმაშენებელი არ დასვა!

880

დღეს მადლიერმა და ბედნიერმა თბილისელებმა შეიტყვეს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა იდგმება. ის სიმაღლეში დაახლოებით 10 მეტრი, ხოლო სიგრძეში 20 მეტრია. ველოსიპედს ორი საჭე და ორი ერთმანეთისკენ მიმართული სკამი აქვს.

ერთი სიტყვით, ეს გიგანტური სამშვენისი „უძრაობის ხანის“ ძეგლს წააგავს; ორი საჭე საპირისპირო მიმართულებით იყურება და პედალები რამდენიც უნდა ატრიალო, ველოსიპედი მაინც ადგილზე დარჩება. თუ ასეთი უფუნქციო სკულპტურის დადგმას აპირებდნენ, ეთქვათ ადრე და დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანაზე ამდენს არ იდარდებდნენ თბილისელები.

ყველაზე სახალისო კი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ველოსიპედიდან გადმოვარდნილმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ეს პირადად მის დაცინვად შეიძლება მიიჩნიოს. დიახაც, აბა, რა გეგონათ, ნატოს მისაღებში რომ გვაყურყუტებენ ამდენ ხანს?! 

კიდევ უფრო შორს წავიდა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი ჰოულ ჰენრი ფორესტერი. მან დღეს სასტუმრო „რედისონში“ გამოცემა „ეკონომისტის“ ორგანიზებით გამართულ Economist Conference-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “საქართველოში რეფორმების მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.”

ფორესტერმა სიტყვა–სიტყვით გაიმეორა გიგი უგულავას საარჩევნო ლოზუნგი, რომელიც თავის მხრივ, სწორედ „უძრაობის ხანის“, 1982 წლის გაზეთ „კომუნისტის“ მოწინავე სტატიის სათაურიდან იყო მოპარული. საქართველოს მოსახლეობამ თავადაც კარგად უწყის, რომ ყველაფერი წესრიგში არ გვაქვს, მაგრამ ახლა ამაზე უკვე ევროპის განვითარების ბანკიც ალაპარაკდა:

„მიუხედავად ბევრი რეფორმისა, საქართველო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ჯერ კიდევ ვერ იზიდავს. გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, წელს კი, ჩვენი პროგნოზით, ეს ციფრი 700 მილიონამდე გაიზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გახლავთ იმის ნახევარი, რაც 2008 წელს იყო. რეალისტები უნდა ვიყოთ და დავსვათ კითხვა, მიუხედავად ამდენი რეფორმისა, რატომ ვერ იზიდავს საქართველო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს?“, – განაცხადა ფორესტერმა და საკუთარ კითხვას თავადვე უოპასუხა: “საქართველოში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”.

 

გასაკეთებელი ადრეც ბევრი რომ იყო და ახლაც ჯერ კიდევ ბევრია, ყველაზე უკეთ ბიძინა ივანიშვილმა იცის. ჰოდა, რომ იცის, ამიტომაც უთხრა  რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომ მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს აგრარული სექტორის განვითარებისთვის 1 მილიარდი შესთავაზა. სააკაშვილმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“ და ამ შეთავაზებას არც არაფერი მოჰყოლია.

„მე სოფელში გავიზარდე და გლეხის შვილი ვარ. ამიტომ განვიცდი გლეხის შრომას. საბჭოთა კავშირის დროს იყო შედარებით ღარიბი და ძლიერი სოფლები. ახლა კი ასე აღარ არის. ყველა გლეხი ერთმანეთს დაემსგავსა და ყველა საოცრად გაჭირვებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოფელს დავეხმაროთ. მე მქონდა შეთავაზება 2004 წელს პრეზიდენტისთვის. 1 მილიარდს ვთავაზობდი, რაც საჭიროებდა პირველად ინვესტიციებს აგრარული სექტორის გასავითარებლად. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მყისიერად დავიწყებთ სოფლის მეურნეობის რეფორმას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ის კი, ვინც დღეს უნდა აკეთებდეს ამას, ანუ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნავდეს, ლიბერალური ეკონომიკის ახალ წესებს ამკვიდრებს. ნიკა გილაურმა ბრძანა: რუსული ბაზარი რომც გაიხსნას, ქართულ კომპანიებს ვეტყვი, რომ არ შევარდნენ იქო! ანუ, მოგება კი არ ნახოთ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით კი ნუ იხელმძღვანელებთ, არამედ ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო! კი მაგრამ, დალოცვილო, ადმინისტრაციულ–მბრძანებლური სისტემა ხომ გვქონდა „უძრაობის ხანაში“, ოღონდ სამუშაო და ლუკმა–პური არ გვაკლდა და ახლა რას გვთავაზობთ: თქვენ და თქვენი მთავრობა კაპიტალისტები იქნებით, ჩვენ კი – გაღლეტილი პროლეტარიატი?

სასტუმრო „რედისონში“, იმავე კონფერენციაზე, სადაც ფორესტერმა კომუნიზმის ნათელი მომავლისკენ მიგვანიშნა, პრემიერმა გილაურმა განაცხადა: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ რუსეთთან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ვნახოთ,  რუსეთი როგორ შეასრულებს დაპირებებს. რაც შეეხება ქართული კომპანიების რუსულ ბაზარზე შესვლას, უნდა განვაცხადო. რომ რუსული ბაზარი არ არის სანდო. გრძელვადიან პერსპექტივაში იქ ვერაფერს დაგეგმავ. 2006 წელს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდებოდა, ამ დროს ქვეყნის შემოსავალმა 40 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შარშან ღვინის ექსპორტისგან მიღებულმას შემოსავალმა, რუსული ბაზრის გარეშე 70 მილიონი დოლარი შეადგინა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა კარგი იქნება, მაგრამ საქართველო მასზე დამოკიდებული არ არის.

ნიკა გილაური ციფრებს ისევე მსუბუქად ეკიდება, როგორც მისი შეფი – მიხეილ სააკაშვილი. სინამდვილეში ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები ოფიციალურ სტატისტიკაში ასე გამოიყურება: 2006 წელი – 41,05 მილიონი აშშ დოლარი, 2010 – 39,2 მილიონი აშშ დოლარი. ერთი სიტყვით, ან გილაურმა რეალური მონაცემები არ იცის, ან იცის, მაგრამ მწარედ ცრობს. თუმცა რა, რამდენიც უნდა იცრუოს გილაურმა, ამ საქმეში სააკაშვილს მაინც ვერ აჯობებს. დღესვე სააკაშვილმა ქედაში ყოფნისას, „აჭარის ღვინის სახლში“ განაცხადა, რომ რუსეთის ემბარგომდე საქართველო უკრაინაში მილიონ ბოთლ ღვინოს ყიდდა, მაგრამ წელს 8 მილიონი გაიყიდება, ხოლო გაისად – 10. მისი თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი ასევე 7–ჯერ გაიზრდება ბელარუსში, 8–ჯერ კი – ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. მან აღნიშნა, რომ,  მართალია, საქართველო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს, მაგრამ კვლავაც ბევრი რჩება გასაკეთებელი ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და აშშ–ის ბაზრების ასათვისებლად. ისე კი, საინტერესოა, 40 მილიონი დოლარი მეტია, თუ 8 მილიონი ბოთლი?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომაზე იყო დაბარებული “ბანკ ქართუში” შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა იგივე დროს ქადაგიძე არა ფრაქციის, არამედ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მივიდა. დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, ექნებოდა თუ არა გიორგი ქადაგიძეს დღესვე ფრაქციის სხდომაზე მისვლის შესაძლებლობა, თუ თავად ფრაქცია მისულიყო კომიტეტის სხდომაზე და იქ დაესვათ კითხვები.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა და დეპუტატს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მელიქიშვილმა ლორთქიფანიძის განცხადება ცინიზმად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე ნებისმიერ დეპუტატს შეეძლება კითხვის დასმა, ხოლო ვინ და რა ფორმით დაესწრება ამ კომიტეტს, მისი გადასაწყვეტია.

“ფრაქცია არა, თქვენც ახლა არმია არ იყოთ”, – მიმართა ზურაბ მელიქიშვილმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც საბოლოოდ განცხადების დასრულების შესაძლებლობა არ მიეცა და მიკროფონი გამოურთეს. ლორთქიფანიძეს ასევე ხმამაღალი შეძახილებით გამოეხმაურნენ უმრავლესობის წევრები.

მიკროფონის გამორთვის შემდეგ კი, დიმიტრი ლორთქიფანიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა.

 

გიორგი ქადაგიძისგან განსხვავებით, საბანკო საქმეში ღრმა გათვითცნობიერებულობას ვახტანგ ბალავაძე ავლენს. იგი „ბანკ ქართუდან“ ანაბრების გატანის პროცესს ბუნებრივ რეფლექსს უწოდებს. ამის შესახებ ბალავაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დებატები „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ საბანკო სექტორი არის ძალიან სენსიტიური და ის უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე. ბალავაძემ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ კომიტეტის სხდომაზე საკითხის პოლიტიზირებასა და შოუების დადგმაში დაადანაშაულა.

„თქვენი ამოცანა იყო ეს“, – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ და დასძინა, რომ „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელი არის პოლიტიკური ფიგურა და ეს ყველასთვის ცნობილია. ანაბრების გატანის პროცესზე კი ბალავაძე ამბობს, რომ ეს ბუნებრივი რეფლექსია, რადგან მეანაბრეებს სურთ სტაბილურობა.

ბატონ ვახტანგ ბალავაძეს სკოლაში ბიოლოგია არ უსწავლია, თორემ ეცოდინებოდა, რომ ბუნებრივი რეფლექსია, მაგალითად ხველება, რათა სასუნთქი გზები უცხო სხეულისგან გაითავისუფლო. არსებობს აგრეთვე პირობითი და უპირობო რეფლექსები. საქართველოს მოსახლეობა პავლოვის ძაღლი არ არის, მაგრამ ბალავაძის განცხადებაში ერთი პირდაპირი აღიარება არ შეიძლება, არ დაინახოს: „ეს ბუნებრივი რეფლექსია, რადგან მეანაბრეებს სურთ სტაბილურობა“. ანუ, რაკი ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა განიზრახა, მისი ბანკი სტაბილური აღარ იქნებაო, ბრძანა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა. ისე, ჩვენში დარჩეს და ანაბრების ამ ორგანიზებულ გატანას „ნაცმოძრაობის“ ძირითადი ინსტინქტის სახელი უფრო მოუხდებოდა, ოღონდ ძირითად ინსტინქტში სექსი კი არა, თვითგადარჩენა უნდა იგულისხმოთ.

 

დღეს გაირკვა, რომ პატრიარქთან ივანიშვილის შეხვედრამდე თურმე საპატრიარქოში შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილის საპატრიარქოში მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა. ეს ინფორმაცია შალვა ნათელაშვილმა გაასაიდუმლოვა. თუმცა, ამ ფაქტმა მაინც გაჟონა. ნათელაშვილის მტკიცებით, პატრიარქს მისი და  ბიძინა ივანიშვილის  შერიგების თაობაზე არაფერი უთქვამს. „როცა პატრიარქისგან გამოვედი, მხოლოდ ამის მერე შევიტყვე,  რომ 18 საათზე უწმინდესთან ივანიშვილი უნდა მისულიყო“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

როგორ ახერხებს ნათელაშვილი, ვერ გაიგოს ის, რაც მთელმა საქართველომ იცის? ან თუ იცის, რად გვატყუებს? თუმცა დღეს იმდენი ტყუილი ითქვა, რომ ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები, დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here