Home რუბრიკები საზოგადოება როგორ შეტენა პრეზიდენტმა პედაგოგებს ღვინო

როგორ შეტენა პრეზიდენტმა პედაგოგებს ღვინო

948

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უპრეცედენტოდ წარმატებულად გამოცხადებული «რთველი-2011» რომ სრული კრახით დასრულდა და გლეხების უდიდეს ნაწილს მოსავალი სახლებშივე დაულპათ, ყველასთვის ცნობილია, თუმცა ,,ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტული მანქანა კვლავინდებურად ცდილობს, მოსახლეობა «სეთურის ორმოში» ამყოფოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კახეთში არც ერთი მტევანი ყურძენი, ფაქტობრივად, გაუყიდავი არ დარჩენილა. მეტიც, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იმ თხუთმეტთეთრიანი სამათხოვრო სუბსიდიის მიუხედავად, რომელიც «ბელადმა» გლეხებისთვის გაიღო, ყურძნის ფასი რეალურად ტუალეტის ქაღალდის ფასსაც ვერ გაუტოლდა. 
სააკაშვილმა ჯერ იყო და ბიზნესმენების გატყავების ნაცად ხერხს მიმართა, ხოლო როცა ამანაც ვერ გამოიღო შედეგი, საჯარო სამსახურებში მომუშავე რიგითი მიქალაქეების დატერორება დაიწყო; სამიზნე კი აღმოჩნდა ყველა _ დაწყებული ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიდან, დამთავრებული პედაგოგებითა და დამლაგებლებით, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიჯაჭვულია ხელისუფლებას და რომელსაც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მარწუხები პირდაპირ კისერში აქვს წაჭერილი.

გასულ კვირას დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან პედაგოგი დამიკავშირდა და უკიდურესად შეწუხებულმა მითხრა, შარშანდელი რთველის დროს ყურძენი ჩამოიტანეს და ძალით შემოგვასაღეს, ახლა კიდევ ღვინოს გვტენიან, გინდა თუ არა, იყიდეთ, თორემ ასე და ისე… ერთი სიტყვით, სამსახურიდან დათხოვნით გვემუქრებიანო. ამ დროს, როგორც თვითონ აღნიშნა, იმ პედაგოგის ხელფასი სულ ას სამოცი ლარია და, თუ კიდევ არ შეუმცირეს, მომატებას არც არავინ ჰპირდება.

იმავე პედაგოგმა საუბრის ბოლოს დაჟინებით მთხოვა, ჩემს ვინაობას ნუ გაამხელთ, თორემ მარტო სამსახურიდან დათხოვნას ვინ ჩივის, რამე უარესსაც გადავეყრები, ის კი არა, ახლა რომ გელაპარაკებით, მეშინია, ტელეფონიც არ ისმინებოდესო…

მოკლედ, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა იმხელა «მასშტაბებს» მიაღწია, რომ, ადრე თუ მხოლოდ მსხვილი ბიზნესის დატერორებით იყო დაკავებული, დღეს უკვე უკლებლივ ყველა სფეროს მოედო ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებივით და ისედაც გასაცოდავებულ პედაგოგებს პირიდან უკანასკნელ ლუკმას აცლის. ამას ხელისუფლება იმ ნამუსგარეცხილი ლაქიების მეშვეობით აკეთებს, რომლებიც ახლა სოფელ-სოფელ დაძრწიან და «კაპიკებზე» მომუშავე პედაგოგებს ხან ყურძენს სტენიან, ხანაც _ ღვინოს. ცხადია, ამის შემდეგ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ თითოეული პედაგოგი, რომელსაც ხელისუფლებამ ღვინო შეასაღა, მომავალ არჩევნებზე ხმას ისევ «ნაცმოძრაობის მამამთავარს» მისცემს, ვინაიდან სააკაშვილის რეჟიმმა, დიდი ხანია, ამ ადამიანებს საბოლოოდ დაუკარგა თავისუფალი მოქალაქეობის შეგრძნება და «ბელადის» მუდმივ, «უერთგულეს» ელექტორატად აქცია.

მავანში შეიძლება ერთგვარი აგრესიაც კი გამოიწვიოს იმან, რომ, თავის მხრივ, პედაგოგები დღემდე უჩუმრად ითმენენ ხელისუფლების მხრიდან მუდმივ წნეხსა და ტერრორს. რა თქმა უნდა, არის ამ აგრესიაში გარკვეული ლოგიკა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ თითოეული პედაგოგის უკან მათი ოჯახები, შვილები და ნათესავები დგანან; იმ პირობებში კი, როცა ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ბედი ჩალის ფასადაც არ უღირს, რაშიც დღემდე არაერთხელ დავრწმუნდით, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი ადამიანისთვის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე სახით გალაშქრება.

დასაწყისში ძალოვანი სტრუქტურა ვახსენე და დასასრულს ორიოდე სიტყვით ამაზეც მოგახსენებთ. იმ პედაგოგს, რომელიც გასულ კვირას რეგიონიდან დამიკავშირდა, ვკითხე, კონკრეტულად ვინ გაძალებთ ღვინის ყიდვას, პოლიცია ხომ არ გემუქრებათ-მეთქი; პოლიცია ჩვენზე უარეს დღეშია, თვე ისე არ გავა, მათაც რამე არ შეასაღონო, _ მიპასუხა. მოკლედ, სააკაშვილის რეჟიმი, როგორც ჩანს, უკვე იმდენად ღრმად ჩაიძირა ავტორიტარიზმის მორევში, თვითდინებაზე მიშვებულმა «ბელადმა» მთლიანად დაკარგა იმის შეგრძნება, თუ ვინ წარმოადგენს მისთვის რეალურ «საფრთხეს» და ვინაა დასაყრდენი. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსაჭრელად იმ ტოტს მიადგა, რომელზეც თვითონვეა შემომჯდარი. ამდენად, უკვე ამთავითვე შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ, თუკი «ვარდოსანთა მამამთავარი» გონს არ მოვა და თუნდაც ძალოვანებისთვის მაინც ღვინისა და ყურძნის შეტენვას თავს არ დაანებებს, მალე «მისმა უდიდებულესობამ» შეიძლება ქუჩაში ათასობით უკმაყოფილო პოლიციელიც იხილოს; თუ რა შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი რეჟიმისთვის, რომლის ერთადერთი დასაყრდენიც სწორედ ძალოვანებია, თავადვე შეგიძლიათ ცხადად წარმოიდგინოთ უახლესი ისტორიის დიქტატორთა სამარცხვინოდ დამხობის მაგალითებზე…

მოკლედ, ბევრი რაღა გავაგრძელო და, რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენა არ უწერია. საკითხავი კი ის არის, მისი დიდება იმ ფორმით თუ დასრულდება, რომ თამამად შეიძლებოდეს ამ დასასრულის თვით «ბელადის» საყვარელი სიტყვებით შეფასება: «პირველად საქართველოში». ისე კი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილისთვის მთავარია, ყურადღების ცენტრში მოექცეს და მნიშვნელობა არ აქვს, პირში ჰალსტუხი ექნება გაჩრილი თუ «ტელეგრეიკა». გამორიცხული არც ისაა, ხელისუფლების შეცვლა ისე მოგვიხდეს, რომ თაობებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეთქმოდეთ ამ მოვლენაზე: «პირველად მსოფლიოში».

ვაღიაროთ, რომ, თუ ეს მოხდება, ჩვენთვის ერთგვარი პატივიც კი იქნება ამ ურთულეს პერიოდში…

ჯაბა ჟვანია

 

P.S. რამდენიმე დღის წინათ თბილისის ფორუმზე დაიდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ კვირას ორასამდე ოფიცერი სამსახურიდან დაითხოვეს. მიზეზი კი, როგორც ირკვევა, ის ყოფილა, რომ მათ საბჭოთა სამხედრო განათლება ჰქონიათ მიღებული. ერთ-ერთი ოფიცერი წერდა, რომ ეს ყველაფერი მათ პირადად ბაჩო ახალაიამ გამოუცხადა, _ იმის გამო, რომ საბჭოთა განათლება გაქვთ, ჩვენთვის არასანდო და არასაიმედო ხართო.

ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტექსტი საიტიდან გაქრა…
ვფიქრობ, ეს ერთი კონკრეტული ფაქტიც ცხადყოფს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმი სრულ აგონიაშია და პოლიტიკური აღსასრულის მოახლოებას, როგორც არასდროს, ისე გრძნობს…
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here