Home რუბრიკები საზოგადოება პარლამენტის ორი თავმჯდომარე და ოკულტური ქვები

პარლამენტის ორი თავმჯდომარე და ოკულტური ქვები

727

საქართველოს მოსახლეობა სულით ხორცამდე შეძრა ცნობამ იმის შესახებ, რომ პარლამენტს დღეს ორი თავმჯდომარე ჰყავს. ერთმა ხომ დანა-ჩანგლის საბრძოლო გამოყენების სრული კურსი ჩაგვიტარა, მეორე, ალბათ, „ფეისბუქში“ ომის წარმოების ტექნოლოგიას შეგვასწავლის. ასეც და ისეც მოგებული ვიქნებით!

პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარის საიტზე ვირტუალური არჩევნები ჩატარდა, რომლის გამარჯვებულსაც დავით ბაქრაძე საკანონმდებლო ორგანოში შეხვდა. სოციალური ქსელით არჩეული თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი გახდა, რომელიც პროფესიით იურისტია და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზების დეპარტამენტში მუშაობს. ვირტუალურ არჩევნებში მონაწილეობა 1500 კანდიდატმა მიიღო. ღლონტმა კი დაახლოებით 1960 ინტერნეტ მომხმარებლის ხმა დაიმსახურა. 
 
You are welcome, ირაკლი! მაგდენი ხმა არც ბაქრაძეს მიუღია და არც ბურჯანაძეს, მაგრამ ვერ შეიშვნეს, თუ – რა?

ვიდრე ბაქრაძე დუბლიორთან ერთობოდა, დეპუტატებმა „აიწყვიტეს“ და ერთმანეთის პულტებით აძლიეს და აძლიეს ხმები. პარლამენტში კენჭისყრის გაყალბების ფაქტები „პალიტრაTV“-ის ობიექტივში მოხვდა.

„პალიტრაTV“-ის საპარლამენტო კორესპონდენტი იუწყება, გადაწყვეტილებების მიღებისას კენჭისყრის გაყალბების ფაქტები ახალი არ არის – სხვა დეპუტატის ნაცვლად დეპუტატი მაშინ აძლევს ხმას, როცა ეს სხვა დეპუტატი დარბაზში არ იმყოფება, სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს ან დარბაზში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ არის და სხვისი პულტის გამოყენება საკითხის გატანის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, „პალიტრაTV“-მ აღმოაჩინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დარბაზში ზის, პულტს თავად არ აჭერს თითს და ამ ფუნქციას მისი გვერდით მჯდომი გიორგი იმნაძე ასრულებს. თავად ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ მის მაგივრად ხმას ხანდახან აძლევენ და იქვე დასძენს, რომ ასე, „ოკულტური ქვების რჩევით“ იქცევა. როგორც ჩანს, დუბლიორები ბაქრაძის გარდა, სხვა დუპუტატებსაც ჰყავთ და მალე „მეორე შემადგენლობით“ ითამაშებენ საპარლამენტო თამაშებს.

სამაგიეროდ, თამაშს არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი. იგი ფრანგულ „ლე მონდში“ წერილს აქვეყნებს „საქართველოს პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა“. სააკაშვილის მცოცავი ავტორიტარიზმის შესახებ უკვე ფრანგებმაც გაიგეს. ახლა, შეიძლება საკუთარ პრეზიდენტს მოუბრუნდნენ და კითხონ: – თუ ასეთი ფინთი იყო ის მაღალი კაცი, შენ რაღას ჩარბოდი და „პალაჟენიას უმაგრებდიო“?

„2008 წელს საქართველო ჩაება და დამარცხდა რუსევის წინააღმდეგ ომში, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ეს დისფუნქციური სისტემის პირდაპირი შედეგი იყო: მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების სისტემა არ არსებობს და ძალაუფლება მთლიანად ერთი კაცის ხელშია“, – წერს ივანიშვილი.

სააგენტო „ბლუმბერგი” კი იტყობინება, რომ ივანიშვილი მზადაა პოტენციურ მყიდველს სერიოზული ფასდაკლება გაუკეთოს, რათა შეასრულოს დანაპირები, რომელიც პოლიტიკაში მოსვლისას პირველივე განცხადებაში განაცხადა. კერძოდ, რომ მზადაა უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე და გაყიდოს თავისი რუსული აქტივები. ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილის მხოლოდ დეველოპერული აქტივები მისი ქონების („ფორბსის“ შეფასებით 5,5 მლრდ. დოლარი) ნახევარს შეადგენს.

ამჟამად ივანიშვილის ბიზნესი წარმოდგენილია ისეთ სექტორებში, როგორიცაა დეველოპმენტი („უნიკორი”), ფინანსები („რასიისკი კრედიტი”), კოლექტიური ინვესტიციების მმართვა („ინტერფინ კაპიტალი”, ინტერფინ ტრეიდი”), სოფლის მეურნეობა (კორპორაცია „სტოილენსკაია ნივა”), ფარმაცევტულ ბიზნესი („ეკრაფარმი”, მართავს სააფთიქო ქსელს „დოქტორ სტოლეტოვი”). სავარაუდოდ, ივანიშვილი რუსეთში არსებულ თავის ბიზნესს ეტაპობრივად გაყიდის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი ინტერესი ინვესტორებში შესაძლოა სააფთიაქო ქსელმა გამოიწვიოს, რომელსაც მოსკოვის ჩათვლით რუსეთის 11 რეგიონში 422 სავაჭრო პუნქტი გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის ყველაზე ძვირადღირებულ აქტივს „უნიკორი” წარმოადგენს, რომელიც ფლობს კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების 7 პროექტს, საერთო ფართით 1 მლნ. კვ/მ.

ჩვენს მთავრობას რომ ჭკუა ჰქონდეს, ამ უპრეცენდენტო ფასდაკლებით ისარგებლებდა, თუმცა ესენი ხომ ყიდვას კი არა, წართმევას არიან ჩვეული! წართმევას და მითვისებას ბაგრატოვანთა სამეფო კარის კანცლერ კახა ქორიძესაც ედავებიან, თანაც საეჭვოდ მაშინ, როცა ბაგრატიონების თემა კვლავ აქტუალური გახდა.

შპს „ჩივაძე 2010“-ის გენერალური დირექტორის, ბუბა ჩივაძის განცხადების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის, კახა ქორიძის საქმიანობას ეხება.

ჩივაძის ინფორმაციით, კახა ქორიძემ , ხელში ჩაიგდო საქციო საზოგადოება „სარკმელი“. იმხანად, სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენდნენ ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, კახაბერ ქორიძე და მისი შვილი მარიამ ქორიძე. მათ გაყიდეს ქონება, რომელიც 15 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. 2002 წლის 3 მაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მთელ ტერიტორიას ადევს ყადაღა. ყადაღა დაფიქსირდა ოფიციალურად არა 2002 წელს, არამედ 2007 წელს. ამით კახა ქორიძემ , მარიამ ქორიძემ, ლეილა აბულაძემ და გია გაბიძაშვილმა. სახელმწიფოს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი. ბუბა ჩივაძე აცხადებს, რომ მამამისმა, ვიტალი ჩივაძემ, როცა ის მძიმედ იყო ავად და ფიზიკურად ვერ ახერხებდა სააქციო საზოგადოების მართვაში მონაწილეობას, გარდაცვალებამდე პირადად კახა ქორიძეს გადასცა 20 000 დოლარის ნაღდი თანხა, რადგან ქორიძეები მსხვილი აქციონერები იყვნენ (58 პროცენტის მფლობელები), მათგან უნდა შეესყიდა შენობა-ნაგებობები, თუმცა, ჩივაძეებს დივიდენდი არ მიუღიათ. ამ ინფორმაციას ბუბა ჩივაძე ავრცელებს.

კარგი, დავუშვათ, ამ ჩვენს „ყოვლისმცოდნე“ სახელმწიფოს 2009 წლამდე ეძინა, მას შემდეგ კიდევ ორი წელი თავი არ მოუფხანია, მაგრამ ეს დაზარალებული ვის სიგნალს ელოდა ამდენ ხანს? თუმცა, ამ უცნაური ამბის ამოხსნა თავად ინფორმაციაში გაიპარა: „ამით კახა ქორიძემ , მარიამ ქორიძემ, ლეილა აბულაძემ და გია გაბიძაშვილმა. სახელმწიფოს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი“. ახლა გასაგებია, ვინ „გამოაღვიძა“ მოქალაქე ჩივაძე?

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ოპერატიულად იმოქმედა და საქართველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია საქართველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი გიორგი რთველაძე, რომელიც სხვადასხვა კერძო კომპანიებისთვის ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს და ამ სამუშაოების დროს უსასყიდლოდ იყენებდა საქართველოს რკინიგზის ტექნიკას, მატერიალურ რესურსებს და მუშახელს. იგი დააკავეს ერთ-ერთი ასეთი უკანონო ოპერაციის ფაქტზე, რა დროსაც მან მეწარმისაგან მიიღო 6 000 ლარი და სამუშაოები საქართველოს რკინიგზის ხარჯზე ჩაატარა. წინასწარი ინფორმაციით, გიორგი რთველაძის ქმედებებით რკინიგზას 210 000 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. დაკავებულია მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი გიორგი თუშიშვილი და პაპუნა ლომთათიძე. ასევე დაკავებულია საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი ალბერტ ტყებუჩავა და ყოფილი თანამშომელი ვალერიან ანდრიაძე, რომლებიც სისტემურად იპარავდნენ საქართველოს რკინიგზის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალურ ქონებას და მის რეალიზაციას ახდენდნენ.  დანაშაული ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

წარმოგიდგენიათ, რამდენი რამე უნდა აეშენებინა რთველაძეს, რომ რკინიგზას ამხელა – 210 ათასი ლარის ზარალი მიდგომოდა? მაგაზე დიდი ვირთხა საქართველოს რკინიგზაზე ვერ ნახეთ?

წინსვლისა და აღმშენებლობის სამინისტრო კი ამასობაში იუწყება, რომ აჭარაში 1 მლნ. 138 ათას 774 ვიზიტორი ჩასულა. 2011 წლის 10 თვეში აჭარაში სულ 1 მლნ. 138 ათას 774 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარაში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3-ჯერ გაიზარდა.

2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარაში, სულ 892 ათას 149 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში – 497 ათას 526. 2011 წლის ათ თვეში, აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 404 ათას 830, რაც 2010 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით, 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით კი თითქმის 3-ჯერ მეტია. 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარას სტუმრობდა 288 ათას 856 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2009 წლის ამავე პერიოდში კი – 148 ათას 598. 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა – 43% თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტორთა 15%).

2011 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 25%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 9%), აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 13%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 5%). აღსანიშნავია, რომ 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში, მთლიანად საქართველოს 2 320 434 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 42%-ით აღემატება.

ამ ციფრების მომწოდებლები არ აზუსტებენ, რამდენჯერ შევიდა და გამოვიდა აჭარიდან სააკაშვილი. რა ქნან, სტატისტიკას ხომ არ გაიფუჭებენ?

რუსეთში კი საქართველოს საელჩოს მუშაობა ისევ შეფერხებულია. საელჩოს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ჩვენ მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩვენი საკონსულოს მუშაობა აღდგეს, რომ იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს. თუმცა, მოლაპარაკებებს ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ 11 ნოემბერს შვეიცარიის მხარეს გადავეცით რუსეთის მხარისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ნოტა, თუმცა თუ შედეგი ამჯერადაც ვერ მივიღეთ, მაშინ ალბათ უფრო რადიკალურ ზომებს მივიღებთ”, – აცხადებს ნინო კალანდაძე.

ნოტის გადაცემას ის გერჩივნათ, ელექტროენერგიის საფასური გადაგეხადათ, – მარტო საკუთარ მოქალაქეებს უნდა ამოგვხადოთ სული?

იმ პირთა სიის გამოქვეყნება, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა, ხელისუფლებაში დაპირისპირების საბაბად იქცა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ უმრავლესობა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს.

ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ კულტურის სამინისტროში ამ ადამიანებს ჯგუფებად იბარებდნენ და აფრთხილებდნენ, ამ დაფინანსებაზე უარი თქვით, თორემ რაც მოგივათ, თქვენ თავს დააბრალეთო. ამასთან, თითოეულს პირდებდნენ, რომ იმ თანხაზე, რასაც იღებდნენ, ასი ლარით მეტს მიიღებდნენ, ცხადია, სათანადო სიჩუმისა და ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ.

სხვათა შორის, ასე გააფრთხილეს არა მარტო კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არამედ სპორტსმენებიც. ამ კატეგორიისთვის ისიც უთქვამთ, რომ, თუკი მათ რჩევას არ გაითვალისწინებენ, ვერც ერთ შეჯიბრში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და კარიერასაც უმალ დაასრულებენ. როგორც ჩანს, მათზე ხელისუფლების გაფრთხილებამ კარგად იმოქმედა, რადგან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ საქართველო პატარაა და ასეთი რამეები გაუგებარი არ რჩება.

პარლამენტში უმრავლესობა ერთმანეთს მხოლოდ ივანიშვილის გამო არ დაპირისპირებია. ერთმანეთს სიტყვიერად აკაკი მინაშვილი და დავით დარჩიაშვილი დაუპირისპირდა. დარჩიაშვილმა მინაშვილს იმის გამო უსაყვედურა, რომ მინაშვილმა ერთ–ერთ ელჩთან შეხვედრისას, ხელისუფლების პოზიცია კარგად ვერ დაიცვა. დარჩიაშვილის საყვედრის საპასუხოდ, მინაშვილმა დარჩიაშვილს იქეთ შეჰყვირა, შენ თავს მიხედეო“.
ეჰ, პატივცემულო მკითხველო, ესენი საკუთარ თავს მიხედავენ, ბრალი იმას, ვინც ვერც ივანიშვილის დახმარებას იღებდა და არც ეს მთავრობა პირდება, ასი ლარით მეტს მოგცემო!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here