Home რუბრიკები საზოგადოება ნატოს ქოლგა ცირკის თავზე

ნატოს ქოლგა ცირკის თავზე

668

საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჩვეულებას არ ღალატობს და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ეჩქარებათ სადეპუტატო სავარძლების რაოდენობის გაზრდა, ასე ხომ პარლამენტში კვლავ მოხვედრის შანსი იზრდება! ხელისუფლებასთან ასეთივე დაჩქარებული წესით „დამეგობრებული“ ოპოზიციაც სწორედ ამას ელის: დამატებითი 40 მანდატი მათ უკვე სათავისოდ იგულეს.

ამასობაში სააკაშვილი და გამყრელიძე ბრიტანეთში, IDU–ს (ეს აბრევიატურა „საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირს“ ნიშნავს, მაგრამ მეტისმეტად რუსულად ჟღერს: – Иду, иду! ანუ, „მოვდივარო“, – როგორც გრეჩიხა ამბობდა) ტრადიციულ თავყრილობაზე გაემგზავრნენ, ოღონდ ცალ–ცალკე. იქ კი ერთად იქნებიან და, ალბათ, კიდევ რამეზე შეთანხმდებიან. ამ IDU–ს დამფუძნებლები მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ბუში–მამა და ჰელმუტ კოლი არიან და, სააკაშვილს, ალბათ, თავისი მასწავლებელი და მათი მეგობარი – შევარდნაძე რომ გაეგზავნა, აჯობებდა. თუმცა ახლა არც მამა–შვილობის დროა და არც უფროს–უმცროსობის  – ყველას თავისი გასჭირვებია. 
მაღალი დონის შეხვედრებს მონატრებული სააკაშვილი ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა! IPN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი სადღაც კუთხეში მიუმწყვდევია. ჩასვლის მიზანი სწორედ საკუთარი თავის დაფიქსირება და სასარგებლო კონტაქტების გაღრმავებაა. ამ მხრივ დავით გამყრელიძის წარმატებებზე ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ჩამოვა და გვაუწყებს, ალბათ. ყოველ შემთხვევაში, საკაშვილთან კონტაქტის გაღრმავების სრული შანსი აქვს.

თავად სააკაშვილი კი, თურქეთის პრემიერთან სასაუბრო მიზეზს პოულობს: შარშან სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული 15 ქართველი მეზღვაურის დახსნაში დახმარებას თხოვს. მანამდე საბერძნეთის მთავრობას თხოვა, მაგრამ რად გინდა, – უშედეგოდ. იმათაც თავიანთი პრობლემები აქვთ და შეიძლება, ევროკავშირიდან სულაც გარიცხონ. აფსუს, რა დროს განუდგა ბიძინა ივანიშვილი, თორემ გადაუხდიდა სააკაშვილი მეკობრეებს მოთხოვნილ 9 მილიონ დოლარს და საკუთარ მოქალაქეებზე გადამკვდარი პრეზიდენტის მანტიასაც მოირგებდა.

მანტია (სხვადასხვა ვარიანტებში – პიჯაკი, მოსასხამი, ლაბადა და ა.შ.) სააკაშვილმა რასმუსენსაც თხოვა, მაგრამ იმან წაუყრუა. „ბოლოს აქ თქვენი წინამორბედი 2007 წელს იყო და მან მაჩუქა ჰალსტუხი (ნატოს ჰალსტუხი), რომელიც ახლა მიკეთია. ვიმედოვნებდი, რომ თქვენ, სულ ცოტა, ნატოს მოსასხამს ჩამომიტანდით, რათა სიცივეში, გარეთ, ნატოს მოსასხამის გარეშე არ დავრჩენილიყავი. ჩვენ ჯერ არ გთხოვთ ნატოს ქოლგას და, ამჯერად, მისი მოსასხამიც საკმარისი იქნებოდა“, – შესჩივლა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ არცერთი პასუხისმგებელი პირი სააკაშვილს ჰალსტუხს რომ აღარ აჩუქებს, – ცხადია. მანტიას, მოსასხამს და ლაბადას კიდევ რა უჭირს, მაგრამ ქოლგის გადაყლაპვა თუ დააპირა, მერე ნახეთ თქვენ არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში!

არასტაბილურია საინფორმაციო ველიც. იმ სიის საქვეყნოდ გამომზეურება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დახმარებაგაწეული არაერთი ცნობილი ადამიანია, უკვე უარყო ფონდმა „ქართუმ“.

სიის გასაჯაროება ფონდ „ქართუს” ინიციატივით არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, გამოქვეყნებული სია არაზუსტი და ფრაგმენტულია. სიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა ნიშნით იღებდნენ სიაში მოყვანილი ადამიანები დახმარებას.

„კანონმდებლობის მიხედვით, ფონდის საქმიანობა საჯაროა და მედიის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში შეეძლოთ გაცნობოდნენ ფონდის საქმიანობას, თუმცა ამ ინფორმაციით დღემდე არც ერთი მედიასაშუალება არ დაინტერესებულა, რათა მიეღო სწორი და ამომწურავი ინფორმაცია. ფონდი „ქართუ” საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, თავს ვალდებულად თვლის მეტი სიცხადე შეიტანოს საკითხში:ფონდი „ქართუ” დახმარების თანხებს ანაწილებს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, რომლის ამოსავალიც არის ამ ადამიანთა ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე“.

შემდეგ ფონდი ერთგვარად თავს იმართლებს, რომ  თეატრებში, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებში გადარიცხული თანხის თანამშრომლებზე გადანაწილებაში ფონდი არანაირ მონაწილეობას არ იღებს. რაც შეეხება გამოთქმულ აზრს, რომ ფონდი „ქართუ” არ აფინანსებდა ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ პირებს და დაკავებული იყო ცნობადი სახეების დახმარებით, ფონდი თავს მოვალედ მიიჩნევს, მხოლოდ რამდენიმე ასეთ პროექტზე გაამახვილოს ყურადღება – „წლების განმავლობაში, ფონდის მიერ ფინანსდება რამდენიმე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი; ფონდის დაფინანსებით ათეულობით ათას ხელმოკლე ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; ათასობით ადამიანი იღებს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ სოციალური პროექტებისა, რომელსაც ფონდი „ქართუ” ახორციელებს და რომელშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 120 მილიონი ლარი აქვს დახარჯული“- ნათქვამია ფონდ “ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში სიაში მოხსენიებული ადამიანები ერთ ამბავს ატეხდნენ იმის გამო, რომ მათი პირადი მონაცემები და შემოსავლები მესამე პირმა გამოაქვეყნა, აქ კი – ვითომც არაფერი! სამაგიეროდ, ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ, ვისაც სხვის ჯიბეში ხელის ფათური წესად ექცა.

სამაგიეროდ, იუნესკოს მიერ მეცნიერების დღედ გამოცხადებულ 10 ნოემბერს ათი კვლევითი ინსტიტუტის და 17 აკადემიკოსისთვის გადაცემული ფულადი ჯილდოები და პრემიები, მათ შორის 3 ათასიანი და 5 ათასლარიანი ფულადი ჯილდოებით თითქმის არავინ დაინტერესებულა. არც ის უკითხავთ, ვინ და რისთვის მიიღო ეს პრემიები. არც იმაზე განსჯით შეუწუხებიათ თავი, რომ ერთჯერადად გაცემულ თითქოს სოლიდურ პრემიებს ივანიშვილის მიერ გაცემული დახმარება მრავალჯერ აჭარბებს.

მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ იმ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ მოსკოვში წასასვლელად ემზადება. იგი მოსკოვში შეხვდება რუსეთის პატრიარქ კირილს და სხვა პასუხისმგებელ პირებს. საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრები. 

სავარაუდოა, რომ ამ განცხადების შემდეგ მიჩუმებული თეა თუთბერიძე კვლავ თავით გადაეშვას „კრემლის აგენტების“ ძიებაში. ვიდრე ივანიშვილი „კრემლის უკანასკნელი იმედის“ მაღალი წოდებით სარგებლობს, მის პრესკონფერენციაზე უხამსი ქცევით გამორჩეული ჟურნალისტები ნატოს გენერალურ მდივანთან „კონსტრუქციული“ შეკითხვებით იწონებენ თავს: „მოგესალმებით. გვსურს, ორივე მხარის პოზიცია მოვისმინოთ, თუმცა, უპირველესად, გენერალურ მდივანს მივმართავ. საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თვალსაზრისით, როგორ არის გადანაწილებული პოზიციები თავად ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის“?

ეს „შინაარსიანი“ შეკითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს – ნინო გომართელს ეკუთვნის. აი, იმ გომართელს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ასე მიმართავდა: „ბატონო ბიძინა, თქვენზე საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, საზოგადოებამ იცის, რომ თქვენ მდიდარი ადამიანი ხართ და ბევრი ფული გაქვთ, აქ ალბათ ბევრი შეკითხვა დაისმება, მაგრამ მე მინდა დავიწყო თქვენი მედიასთან ურთიერთობებით. თქვენ პირველ წერილში თავს დაესხით ჟურნალისტებს, უკლებლივ ყველა ტელეკომპანიის და უარი თქვით მედიასთან თანამშრომლობაზე, თქვენ უარი თქვით მიგეღოთ მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ თოქშოუში . ამის შემდეგ თქვენ სახლში მოიწვიეთ და ინტერვიუ მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ კონკრეტულ ჟურნალისტებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ღიზიანდებოდით თქვენ თქვენთვის არასასურველი კითხვების მოსმენისას, როგორც ეს ხდებოდა ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს. ამის შემდეგ თქვენი წარმომადგენლები საკმაოდ დიდ იხნის განმავლობაში ევაჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და წამოგვიყენეს ბევრი წინაპირობა და ძალიან დეტალური საბუთების წარმოდგენა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის სამიტებზეც არ ხდება ხოლმე. აქ მოსვლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ მკაცრი ინსტრუქციები თქვენი დაცვის თანამშრომლების მხრიდან, იყო მითითებები და გავიარეთ შემოწმების უპრეცედენტო ნორმები. არ მახსენდება სხვა რომელიმე ბრიფინგზე მომხდარიყო ეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აქ დაგვირიგეს წიგნი „ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქოთი“. ამ ქრონოლოგიური მოვლენების ჩამოთვლის შემდეგ თქვენ მინდა გკითხოთ…

როგორია? იპოვეთ ათი მსგავსება ამ ორ კითხვაში!
თავის დროზე ასევე „ყურადღებიანად“ მოექცნენ საკუთარი ჟურნალისტები ბადრი პატარკაციშვილსაც. ასევე ესხმოდნენ მას თავს ხელისუფლების ჯიბეში ჩამსხდარი ჟურნალისტებიც და ხელისუფლების სახეებიც. მისი გადაცვალების შემდეგ კი ქონების წართმევა–დაყაჩაღებას მიჰყვეს ხელი. 2007 წელს ცირკი ისევე დალუქეს, როგორც პატარკაციშვილის სხვა მრავალი ობიექტი. ოთხი წლის შემდეგ, როგორც ბადრის და – ნანა პატარკაციშვილი აცხადებს, თბილისის ცირკი წარმოდგენებს განაახლებს. ამ ეტაპზე ცირკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „მსახიობებისა და აკრობატების შესარჩევად ქასთინგი უკვე ჩავატარეთ და ძირითადი ბირთვი უკვე შერჩეული გვყავს. ჩვენი დიდი სურვილია, საცირკო წარმოდგენები რაც შეიძლება, მალე განვაახლოთ. თუ არაფერმა შეგვიშალა ხელი, ცირკი ფუნქციონირებას ახალი წლის პერიოდში დაიწყებს“, – განაცხადა პატარკაციშვილმა და კატეგორიულად უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატარკაციშვილების ოჯახი ცირკის გაყიდვასა და მის ადგილზე მეჩეთის აშენებას აპირებს.   მეჩეთის რა მოგახსენოთ, მაგრამ ის, რაც საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხდება, სწორედ ცირკია და სხვა არაფერი, – თავის მთავრობიან–ოპოზიციიანად და დამშეული ხალხიანად, რომელიც თავის გადასარჩენად ისეთ აკრობატულ ნომრებსა და ფოკუსებს ატარებს, როგორსაც ვერცერთ ცირკში ვერ ნახავ. ეგ არის, ოღონდ, ბავშვები ამით ვერ ერთობიან!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here