Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვეულებრივი ბარბაროსობა ვინ და რისთვის მოკლა მუამარ კადაფი?

ჩვეულებრივი ბარბაროსობა ვინ და რისთვის მოკლა მუამარ კადაფი?

2791

GEWORLD.GE:
“სიკვდილი თავისას ყოველთვის აღწევს, რამდენიც უნდა გაგრძელდეს ორთაბრძოლა მასთან. სიკვდილი მოწინააღმდეგეს მაშინაც არ ინდობს, როდესაც ის დანებდა, _ წერდა მუამარ კადაფი 1993 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში მარტივი და ტევადი სათაურით “სიკვდილი”, _ სწორი პოზიცია წინააღმდეგობის გაწევაა, ხოლო სიკვდილისგან გაქცევა, თუნდაც საზღვარგარეთ, მისგან ვერ გადაგარჩენს. სადაც არ უნდა იყო, თუნდაც გამაგრებულ ციხესიმაგრეში, მაინც გიპოვის”. კადაფიზე ბევრი ნეგატიური რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ფაქტია, ის საზღვარგარეთ არ გაქცეულა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდა. სიკვდილმა პოლკოვნიკი 20 ოქტომბერს ღვთისაგან მივიწყებულ ლიბიურ ქალაქ სირტთან იპოვა.

“გაივლის წლები და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგარი პოლკოვნიკი იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც მამამ ყინულის სანახავად წაიყვანა”. ნურას უკაცრავად, ის დრო დასრულდა, ხოლო მსოფლიო შეიცვალა: არანაირი დახვრეტა, მოლოდინი და მოგონებები, მხოლოდ მყისიერი ჩაქოლვა და Youtube-ზე სასწრაფო წესით ატვირთული ვიდეო, რომელსაც  მრავალმილიონიანი, მძაფრ შეგრძნებებს მოწყურებული აუდიტორია ელოდება.
21 ოქტომბერს ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გამოჩნდა: ქალაქ ბენღაზის 22 წლის მკვიდრმა სანად ალ-სადეკ ალ-ურეიბიმ მოყვა, თუ როგორ მოკლა ყოფილი დიქტატორი: “სახეში ჩავარტყი და მან მითხრა: “ჩემი შვილის ტოლი ხარ”. კიდევ ერთხელ ჩავარტყი, მან კი მითხრა: “მამისტოლი კაცი ვარ”. ამის შემდეგ თმაში ხელი წავავლე და წავაქციე”. შემდეგ, ალ-ურეიბის თუ დავუჯერებთ, მან კადაფის ორჯერ ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.
ამ ისტორიის ქვეტექსტი და სიმბოლური დატვირთვა რომ გავიგოთ, ყურადღება შემდეგ გარემოებას უნდა მივაქციოთ: კადაფი ლიბიის სწრაფი ინდუსტრიალიზაციის კურსს ატარებდა და ამას, ბუნებრივია, თან ზვავისებური ურბანიზაცია სდევდა. 40 წლის განმავლობაში ქალაქების მოსახლეობა 8-10-ჯერ გაიზარდა. ქალაქებში ჩასახლებულთა პირველი თაობა თავისი მენტალობითა და ადათ-წესებით უდაბნოში მცხოვრები ბედუინებისგან არაფრით განსხვავდებოდა, თუმცა ამ ადამიანების შვილები ძველ ტრადიციებს მოსწყდნენ და თავი ქალაქური ცივილიზაციის ნაწილად იგრძნეს. ცხოვრების შედარებით მაღალი დონის მიუხედავად, ამ ახალგაზრდებს აღარ აკმაყოფილებდა ის, რის შეთავაზებაც კადაფის რეჟიმს შეეძლო. ეს გუშინდელი პროვინციალებისა და ჯერაც არშემდგარი ქალაქელების გენერაცია ოპოზიციის საყრდენად იქცა.
განხილულ ეპიზოდში კადაფი და მისი სავარაუდო მკვლელი აშკარად “სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ”. ლიბიის ყოფილი მმართველი ბედუინების ტრადიციული ადათ-წესების მიმართ აპელირებდა, რომელიც ალ-ურეიბისთვის განსაკუთრებულს, როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავდა. დავუშვათ, რომ უშუალოდ მკვლელობის მომენტში ის აფექტის მდგომარეობაში იყო, თუმცა მოგვიანებით გადაღებულ ვიდეოში, აშკარად ჩანს, რომ ამ ისტორიას თანამებრძოლებს სიამაყით უყვება. ტრადიციული ღირებულებების მატარებელი არაბი არასოდეს იამაყებდა იმით, რომ ბაბუისტოლა კაცს ცემით კლავდა მაშინ, როდესაც ის უფროს-უმცროსობაზე მიუთითებდა, თუნდაც მოსისხლე მტერი ყოფილიყო, მაგრამ ის ხომ “ახალი ტიპის ლიბიელი” გახლდათ; ყველაზე პარადოქსული კი, ალბათ, ისაა, რომ ამ გენერაციის აღმოცენებას ხელი თავად კადაფიმ შეუწყო.
ერთ-ერთი ვერსიით, კადაფის ბოლო სიტყვები იყო: “რასაც აკეთებთ, არამია”. ცხადია, სამოქალაქო ომი ძალზე სასტიკი რამ არის და მასში მონაწილე ადამიანებმა შეიძლება უკიდურესად ანტიჰუმანური რამ ჩაიდინონ.  კადაფის მკვლელობა და მისი ცხედრის შემდგომი დემონსტრაციული შეურაცხყოფა კი ამ გარემოების გათვალისწინებითაც უპრეცედენტოა.
მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი, ალბათ, გამორიცხული იყო. კადაფის სასამართლოს წინაშე, მითუმეტეს ჰააგაში, წარდგომა, მისთვის ტრიბუნის მიცემას ნიშნავდა. მან კი, სავარაუდოდ, ლიბიის ახალ მმართველებზე და უცხო ქვეყნების ლიდერებზე, თუნდაც სარკოზისა და ბერლუსკონიზე, ძალიან ბევრი რამ იცოდა;
მის განცხადებებს, მაგალითად, შეეძლო ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიაზე დრამატული ზეგავლენა მოეხდინა. მოკლედ, ბევრ გავლენიან ადამიანს აწყობდა, რომ კადაფი სამუდამოდ დადუმებულიყო.
ლიბიური ოპოზიცია ნატოსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, პრაქტიკულად გამორიცხულია (განსაკუთრებით, ომის დასკვნით ეტაპზე), მხარეებს არ ემსჯელათ იმაზე, რა უნდა მოიმოქმედონ, თუ კადაფის ტყვედ აიყვანენ. თუ ოპოზიციის მებრძოლები რამდენიმე საათით მაინც დააყოვნებდნენ, დასავლეთის ქვეყნები იძულებულნი გახდებოდნენ, მოეთხოვათ, რომ ლიბიის ახალ ხელისუფლებას დატყვევებული კადაფის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით ემოქმედა. მყისიერმა ანგარიშსწორებამ კი ამის აუცილებლობა მოხსნა. მუამარ კადაფის ბევრი ცუდი რამ ჰქონდა ჩადენილი, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა იმას, რომ ის სასამართლოს გარეშე, ლინჩის წესით უნდა გაესამართლებინათ.
შემდეგ კი ლიბიაში აბსოლუტური სიგიჟე დაიწყო. კადაფის ცხედარი ქალაქ მისურატას ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მაცივარში დაასვენეს, სადაც მის სანახავად და მის ფონზე ფოტოს გადასაღებად უამრავი ადგილობრივი მოსახლე მივიდა. ბოლო შემთხვევას, როდესაც გარდაცვლილის ფონზე ფოტოს გადაღების სურვილი ასე მასობრივად გამოვლინდა, ადგილი II მსოფლიო ომის დროს ჰქონდა, მაგრამ გერმანელ ფაშისტებსაც კი საკუთარი შვილებისთვის სურათი გვამების ფონზე არ გადაუღიათ. ის, რაც მისურატაში ხდებოდა, ისლამის ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა და ადამიანურობის ჩარჩოებსაც გასცდა. კადაფის დაუძინებელი მტრების, საუდიტების დინასტიის წარმომადგენელმაც კი, პრინცმა ტალალ ბენ აბდელ აზიზმა განაცხადა, რომ “კადაფი იმსახურებდა სიკვდილს, მაგრამ ის, როგორც ეს მოხდა, ზოგადსაკაცობრიო თვალსაზრისით, დაუშვებელია”.
ყველა ნორმალური ადამიანის შოკური რეაქცია მომხდარზე ყველაზე ზუსტად, ალბათ, გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარემ რობერტ ცოლიჩმა გამოხატა: “ეს მორალურად მიუღებელია. კადაფის მოწინააღმდეგეებს არა იმდენად მისი სიკვდილის დადასტურება, რამდენადაც სენსაციის გამოწვევა სურდათ”.
ნუთუ რამდენიმე ზარს ვაშინგტონიდან არ შეეძლო ეს შეეჩერებინა? ალბათ, შეეძლო, მაგრამ, როგორც ჩანს, ყურმილი ხელში არავის აუღია.
იქნებ საქმე ლიბიელების რაღაც განსაკუთრებულ ველურობაშია? მაგრამ დიდად თუ განსხვავდებიან მათგან სააკაშვილის პოლიციელები, რომლებიც 26 მაისს დაპატიმრებულ, სასტიკად ნაცემ ლუკა კურტანიძესთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. მართალია, პირველ შემთხვევაში საუბარი გარდაცვლილზეა, ხოლო ლუკა კურტანიძე, მადლობა ღმერთს, ცოცხალია, თუმცა არსებითი სხვაობა ამ ორ ეპიზოდს შორის არც ისე დიდია. ამ დროს, ალბათ, უნდა ვისაუბროთ არა ქართველებისა და ლიბიელების მენტალობაზე, არამედ ზნეობრივ ორიენტირებს მოწყვეტილ “ახალი ტიპის ადამიანებზე”, გლობალურ ბიომასაზე, რომელმაც არ იცის, თუ სად გადის ზღვარი ალალსა და არამს, კაცობასა და არაკაცობას შორის და ეს სულაც არ ანაღვლებს.
დასავლეთმა არ აიძულა ლიბიის ახალი ხელისუფლება, დაუყონებლივ შეეწყვიტა კადაფის ცხედრის შეურაცხყოფა და ამის მიღმა შესაძლოა იდგეს მკაფიო გზავნილი სხვა ქვეყნების მმართველების მიმართ, რომ, თუ ისინი დამჯერები, 100%-ით მორჩილები არ იქნებიან, შეიძლება იგივე ხვედრი გაიზიარონ. შევადაროთ ერთმანეთს სამი არაბული ქვეყნის ყოფილი მმართველების ბედი: კადაფი, რომელიც გააფთრებით იბრძოდა, ლინჩის წესით გაასამართლეს. ტუნისის პრეზიდენტმა ბენ ალიმ მხოლოდ მცირედი წინააღმდეგობა გაწია და დღეს ემიგრაციაში, საუდის არაბეთში ცხოვრობს. ჰოსნი მუბარაქი ერთობ გაჯიუტდა და დღეს სასამართლოს განაჩენს ელოდება. ეგვიპტური მედიის ცნობით, “როდესაც მას მოკლული კადაფის ფოტოები აჩვენეს, ყოფილი პრეზიდენტი ატირდა და გული შეუწუხდა, რადგან შეეშინდა, რომ შეიძლება ასეთივე ბედი ეწიოს”. ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ შემთხვევაში ეგვიპტურ წყაროებს, რადგან ადრე მუბარაქი სიმამაცის დეფიციტს არ უჩიოდა. თუმცა ერთი ფაქტია, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მსგავსი მასალების გაცნობისას, თუნდაც ერთი წამით საკუთარ თავს მსხვერპლის ადგილას წარმოიდგენს.
სავარაუდოდ, კადაფის სასტიკად მოკვდინების კადრებმა მსოფლიოს ყველა დიქტატორზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. გამონაკლისი, ალბათ, არც მიხეილ სააკაშვილი გახლდათ; თუ მისი წარმოსახვის ზოგად სიმდიდრეს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ კადრებმა მასზე სერიოზულად იმოქმედა.
ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილის მმართველობა შეიძლება საკმაოდ მალე, მაქსიმუმ 1-2 წლის განმავლობაში დასრულდეს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ხდება. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ არსებობს გლობალური მოთამაშეების შეთანხმება იმაზე, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ასპარეზი უნდა დატოვოს, ალბათ, მისთვის ოპტიმალური იქნება, ცვლილებებს რამდენადმე სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწიოს, არჩევნების შედეგები არ გააყალბოს და ა. შ.
გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილი, ისევე, როგორც კადაფი, არის “მოწმე #1” და, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს საქართველოს ფარგლებს გარეთ არ სურთ, რომ ის განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს და სასამართლოს დარბაზში “ზედმეტი ლაპარაკი” (რაც ზოგადად სჩვევია) დაიწყოს. მართალია, კადაფისგან განსხვავებით, სააკაშვილი არ ფლობს ნავთობთან და მრავალმილიარდიან საიდუმლო გარიგებებთან (ან საერთაშორისო დონის პოლიტიკურ კორუფციასთან) დაკავშირებულ ინფორმაციას, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის წინარე პერიოდზე მან, სავარაუდოდ, ბევრი რამ იცის. წარმოიდგინეთ, ბრალდების მიერ კუთხეში მიმწყვდეულმა სააკაშვილმა რაღაც მომენტში რომ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ესა თუ ის ამერიკელი მაღალჩინოსანი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდა; ეს პერსპექტივა ვაშინგტონში, ცხადია, არავის ხიბლავს.
სავარაუდოდ, სააკაშვილის შემდგომი ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რამდენად კეთილგონიერად მოიქცევა ის ხელისუფლებიდან წასვლამდე დარჩენილ პერიოდში; ყველაზე რეალისტური და ხელშესახები მისთვის, ალბათ, მაინც ემიგრაცია, ანუ “ბენ ალის ვარიანტი” ჩანს, მაგრამ ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ სადღაც იქ, ატლანტიკის მეორე მხარეს, დამტვერილ სეიფში არ ინახება საქაღალდე, რომლის ყდას აწერია “ვარიანტი ბ”. ასე რომ, სააკაშვილმა, ალბათ, ძალიან ფრთხილად, წინდახედულად უნდა იმოქმედოს.
მისი დარჩენა საქართველოში კი ნაკლებად სავარაუდო ჩანს, რადგან აქ შეიძლება დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცეს, თანაც რეჟიმისგან დაზარალებული მოქალაქეები მის გასამართლებას მუდმივად მოითხოვენ, რაც ახალ ხელისუფლებას მეტად ორჭოფულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
ყოველივე ეს შორეული, ზოგისთვის, შესაძლოა, ძნელად წარმოსადგენი პერსექტივაა. თუმცა, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი ამ თემაზე გამუდმებით ფიქრობს.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here