Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი უძილაური: თუ ივანიშვილი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს…

გიორგი უძილაური: თუ ივანიშვილი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს…

709

GEWORLD.GE:
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამ უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რიგითი მოქალაქეები დღეს მხოლოდ მასზე საუბრობენ… ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების ნაწილში კი ხელისუფლების შეცვლისა და უკეთესი მომავლის იმედი გაჩნდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» საკუთარ მოსაზრებებს ჟურნალისტი გიორგი უძილაური უზიარებს.
_ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად შეძლებს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ნიჰილისტურად განწყობილი ქართული საზოგადოების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას და პოლიტიკაში წარმატების მიღწევას?

_ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს, მისი ბიზნესში მოღვაწეობიდან გამომდინარე, უკვე აქვს გარკვეული ისტორია, რომელიც მას ძირითადად დადებითად ახასიათებს. ეს ადამიანი იყო ქველმოქმედი, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა, ეს არ გამჟღავნებულიყო, თუმცა მისი გაკეთებული საქმეები დღეს ყველასთვის ცნობილია. ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადება მეხის გავარდნას ჰგავდა, ვინაიდან ყველა ფიქრობდა, რომ ის პოლიტიკაში არასდროს ჩაერეოდა. ახლა კი, პოლიტიკური პარტიების მიმართ არსებული იმედგაცრუების ფონზე, საზოგადოების დიდ ნაწილს ცვლილებებისა და უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდა.
შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა სულ რაღაც ორი წერილით ქართული პოლიტიკა შეცვალა. ისეთი ინტერესი გააჩინა, რომ, ფაქტობრივად, ქართული პოლიტიკა მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს. თუ შემდგომი ნაბიჯებიც ასეთივე იქნება, ვფიქრობ, პოლიტიკაში სერიოზული პერსპექტივა გააჩნია.
_ მაგრამ, თუ NDI-ის მიერ ახლახან გავრცელებულ კვლევებს დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს კვლავ მოსახლეობის 64%, ხოლო «ნაციონალურ მოძრაობას» 52% უჭერს მხარს. შეძლებს ბიძინა ივანიშვილი კონკურენცია გაუწიოს სააკაშვილს?
_ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოებაში აქამდე არსებული ის ნიჰილზმი, რაც თქვენც ახსენეთ. გასათვალისწინებელია შიშის ფაქტორიც. აღსანიშავია ისიც, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბებული არ არის, ასეთი კვლევები არაფერს ნიშნავს, რადგან, თუ ათი დღის წინ სხვა სიტუაცია იყო, ახლა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა და ვფიქრობ, სააკაშვილის ერთადერთი რეალური კონკურენტი ივანიშვილი იქნება.
_ რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ თამამ განცხადებაზე მედიასთან დაკავშირებით, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია? რამდენად სწორი სვლა იყო მედიის კრიტიკით პოლიტიკური კარიერის დაწყება?
_ როდესაც ივანიშვილი საკუთარ წერილებში  მედიაზე საუბრობს, თავისუფალ ტელეარხებს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ისინი არ არის საკმარისად ობიქტური და პრინციპული, რაც არ ნიშნავს მათი, როგორც ცუდი არხების კრიტიკას. ტელეკომპანიების: «მაესტროსა» და «კავკასიის» მისამართით, მართალია, პირველ განცხადებაში იყო რადიკალური გამონათქვამები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამას მედიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, მან მეორე განცხადებაში უკვე დააკონკრეტა და, შეიძლება ითქვას, შეარბილა ტონი და მიანიშნა, რომ ის მომხრეა თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის, და წინააღმდეგია, როცა მედია გარკვეულ თამაშს თამაშობს.
თუმცა ახლა ჩვენ შეიძლება ამას ვუყურებთ როგორც შეცდომას, მაგრამ ადამიანი, რომელსაც საკმაო ჭკუა აქვს, გააანალიზოს, რა დაწერა, არ გამოეპარებოდა, რომ მედიის ამგვარი კრიტიკა მწვავედ და მტკივნეულად აღიქმებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი, გარკვეული პროვოკაცია და არა დარტყმა მედიაზე. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა აქვს მას გათვლილი ამა თუ იმ განცხადებაში, მაგრამ არა მგონია, ივანიშვილი პოლიტიკაში იმდენად უვიცი იყოს, ვერ ხვდებოდეს, მის ამა თუ იმ ფრაზას რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს.
_ მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობა შესთავაზა ჟურნალისტებს, რაც ზოგიერთმა, ბიზნესმენის მხრიდან მედიის მოსყიდვის მცდელობად აღიქვა.
_ ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია _ ვისთან ითანამშრომლებს. ასე თუ ვიმსჯელებთ, ნებისმიერ კერძო, თავისუფალ მედიასაშუალებას ჰყავს მფლობელი და დამფუძნელი, გარდა იმ მედიასაშუალებებისა, რომლებიც ამა თუ იმ ფონდის პროექტის ფარგლებში იღებს დაფინანსებას. ასე რომ, მას უფლება აქვს, შესთავაზოს ჟურნალისტებს, დაიწყონ მის ამა თუ იმ სტრუქტურაში მუშაობა.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე უარის თქმა, როცა საზოგადოებაში ამხელა ინტერესი არსებობს ამ პიროვნების მიმართ?
_ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერს დაუთმობდნენ, მაგრამ არ გააშუქებდნენ პრესკონფერენციას. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებას, ხალხს ეკუთვნის, ის ვალდებულია, ხალხის ინტერესები გაითვალისწინოს. აქედან გამომდინარე, ის უნდა დათანხმებოდა ივანიშვილის თხოვნას, რადგან ხალხს აინტერესებს, მიიღოს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ადამიანზე, რომელიც ამხელა პრეტენზიებით მოდის პოლიტიკაში. შესაბამისად, მარტო გია ჭანტურიასა და ტელევიზიის რომელიმე ხელმძღვანელის სურვილით არ უნდა წყდებოდეს ასეთი საკითხები და ისინი საზოგადოების განწყობას უნდა ითვალისწინებდნენ.
_ უკვე ხშირად ავლებენ პარალელს ბადრი პატარკაციშვილთან. რა საერთო აქვთ ამ ორ ადამიანს და რა შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს ივანიშვილმა?
_ მიმაჩნია, რომ ბადრი პატარკაციშვილის მთავარი შეცდომები იყო ემოციურობა, აფექტურობა, გარკვეულ მომენტებში ამბიციურობაც და იმის გაუთვალისწინებლობა, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მის ძველ მოკავშირეებს. ასევე შეცდომა იყო, ძალიან დიდი აქცენტის გაკეთება მის ფინანსებზე. ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ამ შეცდომას და არ დაიწყებს საკუთარი ქონებით სპეკულირებას.
ჩემი პოზიტიური განწყობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაგებია, რამდენადაც მე არ ვმალავ არსებული რეჟიმის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას და ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია ეს დიქტატორული რეჟიმი დაასუსტოს, ჩემთვის მისაღებია და ვგულშემატკივრობ.
ის ჭაობი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არსებობდა, დღეს აღარ არსებობს. ოპოზიცია, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო, ხელისუფლება კი იმ არჩევნებს ელოდებოდა, რომელთა შედეგები უკვე ზაფხულშივე გადაწყვეტილი ჰქონდა. ოპოზიციას, ხალხი აღარ ენდობა და მის მოწოდებაზე საპროტესტო აქციებზე არ მიდის, რაც კარგად გამოჩნდა რამდენიმეჯერ. მაგრამ თუ ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, ბევრი ადამიანი გამოვა.
_ ამბობთ, რომ ივანიშვილის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი. თავად თუ ითანამშრომლებთ მასთან?
_ ჩემთვის ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი საკითხი. მე ჩემი იდეები გამაჩნია, რაც ძალიან განსხვავდება კაპიტალისტებისა და ოლიგარქების ინტერესებისგან და ის უფრო სოციალური სამართლიანობისა და ადამიანებს შორის სოლიდარობისკენაა მიმართული.
ეს შეიძლება არ ეხება პატარკაციშვილს და ივანიშვილს, რომლებსაც საქართველოში არ დაუგროვებიათ ფული, მაგრამ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც «ვარდების რევოლუციიდან» დღემდე მილიარდერებად და მილიონერებად იქცნენ, ჩემი განწყობა ერთმნიშვნელოვანია და, როდესაც მომავალში ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, მათი მოღვაწეობა შესწავლილი უნდა იქნას და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან, რაც უფრო მდიდარია და მეტი შემოსავალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების წინაშე.
_ რა მეთოდები შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა წაართვა…
_ გამომდინარე იქიდან, თუ რა დიდია საზოგადოების ინტერესი ამ პიროვნების მიმართ, არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რას ამბობს ხელისუფლება ივანიშვილის მოქალაქეობაზე. თუ საქართველოში დაიწყო მოქალაქეების აქტიური, მასობრივი მოძრაობა, ეს საკითხიც ადვილად გადაწყდება. თუ ივანიშვილი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, მას იმხელა მხარდაჭერა ექნება საზოგადოების მხრიდან, რომ ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ გაბედავს, ის მეთოდები გამოიყენოს, რომელთაც აქამდე სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ მიმართავდა.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here