Home რუბრიკები საზოგადოება ტურისტული ოაზისი თუ დასაკარგად განწირული ტერიტორია?!

ტურისტული ოაზისი თუ დასაკარგად განწირული ტერიტორია?!

828

GEWORLD.GE:
სააკაშვილის ხელისუფლება თურქული ფულის მეშვეობით აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით თავს იწონებს და წარმოდგენა არ აქვს, რა მორიგ საფრთხეს უმზადებს ქვეყანას. მის მიერ გატარებულმა რეგიონულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, საქართველო რიგით მესამე ტერიტორიული ერთეულის გარეშე დატოვოს; კერძოდ, აჭარა დედასამშობლოს მოსწყვიტოს, რაც, შესაბამისად, მისი დაკარგვით დამთავრდება.
სანამ უშუალოდ შევუდგებოდეთ აჭარის პრობლემატიკის განხილვას და თურქეთის რეგიონული პოლიტიკის ანალიზს კავკასიაში, აუცილებელია, მოკლედ მიმოვიხილოთ გლობალური პოლიტიკა, რადგან კავკასია წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკის შემადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს. კავკასიაში მომხდარი ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე მოვლენებზე აისახება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ რეგიონში თავის სამხედრო-პოლიტიკური ძალაუფლების გასაფართოებლად რამდენიმე დიდი სახელმწიფოა ჩართული ურთიერთდაპირისპირების კონტექსტში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მსოფლიოს ინაწილებდა ორი ზესახელმწიფო (ერთის მხრივ, საბჭოთა კავშირი და, მეორე მხრივ, აშშ), ამ ორ სუპერ ძალას შორის დაიწყო ბრძოლა სამყაროს სხვადასხვა წერტილში უპირატესობის მოსაპოვებლად. გამონაკლისი არც ხმელთაშუა ზღვისპირეთი იყო. თურქეთმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში გადამწყვეტი სახელმწიფოს როლი მიიღო, როგორც პლაცდარმი და საბჭოთა კავშირის შემაკავებელი ფაქტორი ამ უკანასკნელის სამხრეთ საზღვრებთან.
თურქეთი, როგორც «ანაკონდის რკალის» (ამერიკული გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომელიც მიმართულია, რაც შეიძლება მეტი სანაპირო ტერიტორია გამოსტაცოს რუსეთს, რათა შეაკავოს მისი გეოპოლიტიკური ექსპანსია შემდგომში საკუთარი გავლენის გაფართოების მიზნით) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ამერიკელებისთვის. ამერიკელები მას იყენებდნენ როგორც დასაყრდენს, ამერიკული გავლენის გასაფართოებლად საბჭოთა კავშირის გარშემო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. თურქეთის ტერიტორია, აგრეთვე, გამოიყენებოდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციისათვის რეგიონში. იგი ჯერ გამოყენებულ იქნა ლიბანში 1958 წელს, 1991 წელს _ სპარსეთის ყურეში ომის დროს. მოკლედ რომ ვთქვათ, თურქეთი ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ამერიკის სრული გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რასაც ამერიკა საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე იყენებდა.
ვითარება შეიცვალა საბჭოთა კავშირის, ერთ-ერთი სუპერ ძალის, ლიკვიდაციის შემდეგ. ამერიკულ ინტელექტუალურ წრეებში არსებობდა მოლოდინი, რომ მსოფლიოში ცივი ომის დასრულებისა და კომუნისტურ საბჭოთა კავშირზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, მსოფლიო ერთპოლუსიანი გახდებოდა და აშშ იქნებოდა მსოფლიო პოლიტიკის ერთადერთი ჰეგემონი. თუმცა ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის პირველ წლებში, გარდამავალი ფაზა აღმოჩნდა ორპოლუსიანობიდან მრავალპოლუსიანობისკენ. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ახალი რეგიონული ლიდერების გაჩენას, კავკასიაში კი თურქეთი ცდილობს, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია. მსოფლიო რომ მრავალპოლუსიანობისკენ მიექანება, აღიარებენ თვითონ აშშ-შიც. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს შარშან ბარაკ ობამას მიერ კონგრესისადმი გადაცემული ნაციონალური უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს, რომ მსოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი.
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს თურქეთი გეოპოლიტიკურად პასიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ნელ-ნელა აქტიურ მდგომარეობაში გადასვლა დაიწყო. თუ დავაკვირდებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, ამ მხრივ, თურქეთის ამბიციური პოლიტიკა თვალშისაცემია. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა რეგიონში დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი როგორც ერთ-ერთმა რეგიონულმა პოლუსმა. ამას ხელი შეუწყო 2008 წლის ცხინვალის რეგიონში მომხდარმა კონფლიქტმა, რამაც კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალა და დასაბამი მისცა ახალი რეგიონული გადანაწილების დასაწყისს, რამაც შესაბამისად თურქეთის გააქტიურებაც გამოიწვია.
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებით, საქართველოდან გასვლა (თუ არ ჩავთვლით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომელსაც უკვე რუსეთი აღარ თვლის საქართველოს ტერიტორიად) აღიარა როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად. თურქეთს ჩრდილოეთიდან უკვე საფრთხე არ ემუქრება, რადგან რუსეთმა მას შემდეგ, რაც კავკასიის ათვისება დაიწყო და რომელიც თურქეთის შემაკავებელ ფაქტორად ითვლებოდა რეგიონში, საკუთარი გავლენის სფერო შემოსაზღვრა და მის ფარგლებში ჩაიკეტა. რაც შეეხება აშშ-ს, იგი გეოგრაფიულად შორს არის, რაც ხელს უშლის მას, შეაჩეროს მისი მზარდი ამბიციები რეგიონში. თურქეთი, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა და გაეხსნა სრული კარტბლანში, რათა საკუთარი თამაში ითამაშოს, ექსპანსიური სვლა დაიწყოს ჩრდილოეთისკენ და გააფართოოს საკუთარი გავლენის სფეროები.
ასეთ ვითარებაში, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს აჭარის რეგიონი და მისით დაინტერესებული თურქეთი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პოტენციური დაკარგვის საფრთხე ემუქრება. თურქული პოლიტიკა, რომელიც ამ რეგიონში ხორციელდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერით, წარმოადგენს ეკონომიკურ ექსპანსიას, რაც საშუალებას აძლევს თურქეთს, აჭარის რეგიონზე ნელ-ნელა დაამყაროს ტოტალური კონტროლი.
აჭარაში თითქმის ყველაფერი თურქ ინვესტორებზეა გაყიდული და ეს ქართული რეგიონი თურქეთის მოქალაქეების კერძო საკუთრება ხდება.
კავკასიაში არსებობს არამყარი სამხედრო პოლიტიკური ბალანსი, რაც ერთმა უმნიშვნელო კონფლიქტურმა სიტუაციამ შეიძლება შეცვალოს. კავკასიაში ერთი უმნიშვნელო კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, რაც, ალბათ, ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და რამაც, არ არის გამორიცხული, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვას, რასაც რეგიონში დაინტერესებული დიდი ქვეყნების ჩართვა მოჰყვება.ეს ყველაფერი კი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ შექმნილ ძალთა წონასწორობას ძირეულად შეცვლის და არ არის გამორიცხული, კავკასიაში არსებულ სახელმწიფოთა საზღვრებიც შეცვალოს.
კავკასიაში დაკონსერვებული კონფლიქტებიდან რიგში დგას ყარაბახი. ყარაბახის კონფლიქტი მუდმივად დაკონსერვებულ მდგომარეობაში ვერ იქნება. დადგება დრო, როდესაც აზერბაიჯანელები შეეცდებიან საერთაშორისო სამართლით აღიარებული, საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას. მშვიდობიანი გზით ამ კონფლიქტის მოგვარება წარმოუდგენელია, რჩება ერთადერთი სამხედრო გზა, რაზეც აზერბაიჯანის მმართველი კლასი ხშირად ამახვილებს ყურადღებას თავის საჯარო გამოსვლებში. «თუკი სომეხი ოკუპანტები ჩვენს მიწებს არ გაათავისუფლებენ, სამხრეთ-კავკასიაში დიდი ომის დაწყება გარდაუვალია» (საფარ აბიევი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი). ან კიდევ: აზერბაიჯანის პრეზიდენტის _ ილჰამ ალიევის საჯარო განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მაგრამ არც ძალისმიერი გზით კონფლიქტის მოგვარებაზე ამბობს უარს. «ჩვენ მზად ვართ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ… მაგრამ, თუკი მოლაპარაკებების გზით დარეგულირება შეუძლებელი გახდება, ჩვენ გამოვალთ მოლაპარაკებათა პროცესიდან და კონფლიქტს სხვა გზით გადავწყვეტთ» (ილჰამ ალიევი).
ომს სჭირდება დიდი ფინანსები, რაც აზერბაიჯანს აუცილებლად ექნება კასპიის აუზში არსებული ნავთობის ექსპლუატაციიდან. სანავთობო ბუმის შედეგად განხორციელებული ინვესტიციებითა და მიღებული მოგებით აზერბაიჯანი ეკონომიკური განვითარების დონით საგრძნობლად უსწრებს სომხეთს, რაც ამ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტზეც აისახება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც აზერბაიჯანს შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხის  სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ უბიძგოს. ეს შეიძლება იყოს შიდა და საგარეო ფაქტორი.
შიდა ფაქტორში იგულისხმება ეკონომიკური განვითარების დონე, რითაც ის საგრძნობლად უსწრებს სომხეთს, რაც აისახება სამხედრო ბიუჯეტზე და რაც პირდაპირპროპორციულად გავლენას ახდენს სამხედრო ძლიერებაზე. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობით აზერბაიჯანს სომხეთზე უფრო მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, 72 ათასი 43 ათასთან შეფარდებით.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, აზერბაიჯანი რეგიონში მზარდი ამბიციების მქონე თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეა, რომელიც ნელ-ნელა ზრდის საკუთარ გავლენას კავკასიაში. თურქეთში სერიოზულად მიდის მსჯელობა აზერბაიჯანთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაზეც თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული კვლევების ანალიტიკოსი, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი არიფ კესკინი აცხადებს. მისი თქმით, «სამხედრო შეთანხმების გაფორმებით, ანკარა ერთბაშად გადაჭრის რამდენიმე სტრატეგიულ ამოცანას: ჯერ ერთი, ის თავის დაცვის ქვეშ აიყვანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიაზე გამავალ ენერგეტიკულ მილსადენებს, ამით იგი კვლავ გააკეთებს განაცხადს, რომ არის მძლავრი რეგიონული სახელმწიფო. და ბოლოს, ანკარასა და ბაქოს შეუძლიათ დამოუკიდებლად ააგონ კავკასიაში თავიანთი პოლიტიკა რაიმე შიშის გარეშე». არ არის გამორიცხული, სწორედ ამ ფაქტორებმა კომპლექსში, უბიძგონ აზერბაიჯანს სომხეთთან ომისკენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყარაბახის კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში, მას ჯაჭვური რეაქცია ექნება და, შესაძლოა, რეგიონში არსებული სახელმწიფოები ჩათრეულნი აღმოჩდნენ ფართომასშტაბიან კავკასიურ ომში, რაც სხვა მოთამაშეებთან ერთად თურქეთის ჩართვასაც გამოიწვევს. მოვლენების ასეთმა განვითარებამ კავკასიაში, დიდი ალბათობით, შესაძლებელია თურქეთის სამხედრო ინტერვენცია გამოიწვიოს აჭარაში. ნებისმიერი ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს საკუთარი მოქალაქეებისა და მათი კერძო საკუთრების დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თურქეთი კი აუცილებლად საკუთარი მოქალაქეებისა (როგორც მოგეხსენებათ, უკვე 18 ათას თურქეთის მოქალაქეს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აჭარაში) და მათი კერძო საკუთრების დაცვის ეგიდით შემოიყვანს აჭარაში საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, რითაც საქართველო მესამე უმნიშვნელოვანეს რეგიონს დაკარგავს. იქნებ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ თურქულ ჯარს ქართული არმია, ჩვენი მთავარსარდლის მეთაურობით, განდევნის აჭარის ტერიტორიიდან? ქართულმა საზოგადოებამ 2008 წლის აგვისტოში უკვე ნახა, თუ როგორ შეუძლია ქართულ არმიას საკუთარი ტერიტორიების დამოუკიდებლად დაცვა; ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელები საქართველოს გულისთვის თურქეთს შეეწინააღმდეგებიან და უარს იტყვიან საკუთარ გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ვითარდებოდა?!
როგორც უკვე აღინიშნა, თურქეთი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ამერიკელებისთვის მათი გეოპოლიტიკის მამამთავრის _ ალფრედ მეჰენის მიერ შემუშავებულ «ანაკონდის რკალში». ამერიკელები, ზემოთ ხსენებული გეოპოლიტიკური რკალი რომ არ დაირღვეს ევრაზიის კონტინენტის სამხრეთი ნაწილის გასაკონტროლებლად და, შესაბამისად, თურქეთმა შეინარჩუნოს პროდასავლური კურსი, თურქეთის ყველა მოთხოვნას შეეგუებიან და წინააღმდეგობას არ გაუწევენ. ამ არგუმენტის გასამყარებლად აუცილებელია, ისტორიულ წარსულში დავბრუნდეთ და გავიხსენოთ კვიპროსის მაგალითი, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზია.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები მთლიანად აკონტროლებდნენ ორპოლუსიანი მსოფლიო სისტემის პირობებში ერთ-ერთ პოლუსს, მაშინაც კი იძულებული იყვნენ, თურქეთის ინტერესები უფრო მეტად გაეთვალისწინებინათ, ვიდრე ბერძნების. ბერძნებმა 1974 წელს, ამერიკელების უმოქმედობის გამო, უარიც კი თქვეს ნატოსთან თანამშრომლობაზე. ეს ხდებოდა ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დროს, როცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთ პოლუსს სრულად აკონტროლებდა აშშ. დღეს კი, როდესაც მსოფლიო მრავალპოლუსიანობისკენ მიექანება, რასაც თვითონ ამერიკელებიც კი აღიარებენ, წარმოუდგენელია, ამერიკელებმა საქართველოს გულისთვის თურქეთი გაანაწყენონ.
დავუშვათ, აშშ-მა რომ მოინდომოს თურქეთზე ზემოქმედების მოხდენა, იგი მას იძულებულს გახდის, საერთოდ ანტიამერიკული პოლიტიკა აწარმოოს რეგიონში, რაც თავისთავად გამოიწვევს ამერიკელებზე განაწყენებული ისლამური სამყაროს კონსოლიდაციას სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი მუსლიმანური სახელმწიფოს, თურქეთის გარშემო. ასეთი ტიპის პოლიტიკა ამ სამყაროში ამერიკულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს დიდ ზიანს მიაყენებს.
თუ ეს პოლიტიკური ძალა კიდევ რამდენიმე წლით დარჩება ხელისუფლებაში, რომელიც მოსვლის დღიდან ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას ეწევა, არ არის გამორიცხული, საქართველომ გერმანიის ბედი გაიზიაროს. გერმანია, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პირველ წლებში რამდენიმე საოკუპაციო ზონად დაიყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა იგი ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ და საბჭოთა ზონებად დაყვეს; საქართველო კი, შესაძლოა, სამ «საოკუპაციო» ზონად დანაწევრდეს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსები უკვე დაეპატრონენ, აჭარას თურქები დაიქვემდებარებენ, ხოლო დარჩენილი ანკლავი, რომელსაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები რატომღაც ქართულ სახელმწიფოს უწოდებენ, აშშ-ის ტოტალური კონტროლის ქვეშ აღმოჩდება.
ირაკლი უბილავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here