Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის ყრმობის უცნობი დეტალები

ბიძინა ივანიშვილის ყრმობის უცნობი დეტალები

2008

GEWORLD.GE:
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აპირებს დამკვიდრებას და მალე საჯარო პირიც გახდება, ინფორმაცია მისი ცხოვრების, გამორჩეულად წარსულის, ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდის შესახებ, საზოგადოებისთვის უცნობია. დღემდე ჩვენი საზოგადოება მხოლოდ იმ ლეგენდამოსილი ამბებით იკვებება, რომლებიც ჟამი-ჟამ მედიით გავრცელდება ხოლმე დღემდე იდუმალებით მოსილი ბიზნესმენის შესახებ. «საქართველო და მსოფლიო» შეეცდება ამ პატარა წერილით ზემოაღნიშნული საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას. მოგითხრობთ ბიძინა ივანიშვილის სიჭაბუკის _ მოწაფეობის პერიოდზე და მისი პედაგოგები, მომავალი მილიარდერის ყმაწვილკაცობის დროინდელ საკმაოდ საინტერესო დეტალებსაც გაიხსენებენ.

ამ რამდენიმე წლის წინათ ვეწვიე საჩხერეს, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონს. უკვე ვიცოდი, რომ ივანიშვილმა ჯერ ჭორვილის 8-წლიანი სკოლა დაასრულა, ბოლო ორი წელი კი მეზობელი სოფლის, საირხეს საშუალო სკოლაში გაატარა და ატესტატიც იქ აიღო. ეს ორი წელი, კვირაში 6 დღე, ბიძინა ივანიშვილი ფეხით დადიოდა ჭორვილიდან საირხეში და მასწავლებლები ვერ იხსენებენ, ოდესმე სკოლაში დაეგვიანებინოს ან გაკვეთილი გაეცდინოს. ამას ივანიშვილის საქებრად არ ვწერ _ მაქებარნი და მეხოტბენი უჩემოდაც არ აკლია. ამგვარი მუყაითობისა და სიბეჯითის გარეშე, ცხადია, მილიარდერები არ ხდებიან. ეს იმ ადამიანის სახასიათო შტრიხია, რომელმაც ქართველთაგან ყველაზე დიდი ფული იშოვნა. ჰო, წინ და უკან, ყოველდღე _ პატარა ბიძინა 6 კილომეტრს კეცავდა _ ჭორვილიდან საირხემდე 3 კილომეტრია.
საირხის სკოლას რომ ვესტუმრე, თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის მასწავლებლებმა არ ისურვეს ჩემთან საუბარი _ აკრძალული არ გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ბიძინას ვაწყენინოთ, ვიცით, ამ კაცს არ სიამოვნებს, როცა მასზე პრესაში იწერება, თუნდაც მისი სახოტბო წერილები იყოსო. ბოლოს, ბევრი იფიქრეს და მაინც დამყაბულდნენ, რაღაც-რაღაცები მოეთხროთ თავიანთი ყველაზე სახელოვანი მოსწავლის შესახებ _ თბილისიდან საჩხერეში ჩამოსული კაცი როგორ გავაწბილოთ, ხელცარიელი როგორ გავუშვათ, იმერული სტუმართმოყვარეობა არ გვანებებსო.
ვიდრე მასწავლებლები ბიძინა ივანიშვილის სიჭაბუკის პერიოდს გაიხსენებდნენ, მანამდე საირხის საშუალო სკოლის 1972-73 სასწავლო წლის გამოშვების მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნი მაჩვენეს. ეს, პრაქტიკულად, ყველა მოსწავლის ატესტატის ასლია. ბიძინა ივანიშვილის ატესტატის ნომერია 603973. კლასში 42 მოსწავლე ირიცხებოდა.
ისევ ატესტატის ასლს დავუბრუნდეთ. ბიძინა ივანაშვილს 13 ოთხიანი და 5 ხუთიანი უწერია ატესტატში და არც ერთი _ სამიანი. ხუთიანები ივანაშვილს დაუწერეს ფიზიკაში, ხაზვაში, ფიზკულტურასა და შრომით სწავლებაში. ხუთიანი გამოჰყვა ყოფაქცევაში.
საირხის სკოლის დირექტორი, დოდო კობეშავიძე, იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ სკოლაში სწავლობდა, სკოლის ე. წ. ორგანიზატორი იყო და ისტორიას ასწავლიდა მის კლასს. «წესიერი, ზრდილი ახალგაზრდა იყო ბიძინა. მუდამ მოწესრიგებული იყო. სხვისი დახმარების სურვილი და შემწეობა ბავშვობიდანვე მოსდევდა. თითქმის ყველა კლასელთან მეგობრობდა, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ჩხუბი და აყალმაყალი არ უყვარდა, პირიქით, თუ ბიჭები წაიჩხუბებდნენ, ბიძინა მათ შერიგებას ცდილობდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბიძინა საჩხერეზე გადაყოლილია და მასზე აუგს მთელ საჩხერეში ვერავის დააცდენინებთ. არა, რეალურად ასეთი ბიჭი იყო. ყველა საგანს სწავლობდა კარგად, მართალია, ყველაფერს ხუთიანებზე არ თუ ვერ სწავლობდა, მაგრამ, რომ იტყვიან, კაი, გამართული ოთხიანი ჰყავდა, რაშიც ჰყავდა. მეტიც შეეძლო, მაგრამ მარტო წიგნისთვის, სწავლისთვის არ ეცალა, სამწუხაროდ. მის ოჯახს დიდად არ ულხინდა და ბიძინაც ოჯახს გვერდით ედგა. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. მახსოვს, გაკვეთილები დასრულდებოდა თუ არა, მაშინვე სახლში გარბოდა _ დედას უნდა მივეხმაროო. როგორია, სამი კილომეტრი დილით საირხემდე იარე, მერე 5-6 გაკვეთილს დაესწარი, მერე უკან _ ჭორვილამდე ისევ ფეხით ჩადი და საქმეს მიეძალე? ისე, მარტო ბიძინა არ იყო ამ დღეში: ჭორვილიდან თუ ახლომახლო სოფლებიდან ბევრს უწევდა ფეხით წინ და უკან სიარული და, ამასთან, ოჯახური ჭაპანის წევა.»
თენგიზ სადუნიშვილი ბიძინა ივანიშვილს ფრანგულს ჭორვილის 8-წლიან სკოლაშიც ასწავლიდა და საირხის სკოლაშიც. მას კარგად ახსოვს ბიძინას ბავშვობა.
_ ძალიან მიხარია, რომ ბიძინამ ფრანგული ძალიან კარგად იცის. ვერ ვიტყვი, რომ მას განსაკუთრებით ვასწავლიდი ენას ან ბიძინა იყო გამორჩეული ფრანგულის სიყვარულით, მაგრამ ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა: რასაც სწავლობდა, ხარისხიანად, საფუძვლიანად. ოთხიანი გამოვაყოლე ბიძინას ფრანგულში, კარგ ოთხიანზე იცოდა, ისე, ცოტაც რომ მოენდომებინა, ხუთიანსაც მიიღებდა.
_ ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ხუთიანი არ გამოაყოლეთ? დიდი კაცია თქვენი მოსწავლე და…
_ არა, არაფერი მაქვს სანანებელი! რას მისცემდა ახლა ერთი ფრანგული ენის ხუთიანი ბიძინას? არც არაფერს. მთავარია, იმდენი ცოდნა მივეცი, რომ ფრანგულის სწავლა არ გასჭირვებია _ საფუძველი ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. ახლა ჩინებულად და ჩემზე უკეთ რომ მეტყველებს ფრანგულად, ბევრი თუ არა, ამ საქმეში მისხალი მაინც ხომ არის ჩემი?
_ აქტიური ბავშვი იყო?
_ კი, ზომიერად აქტიური. რაც მთავარია, ძალიან ზრდილი და წესიერი ახალგაზრდა იყო. იცით, ძალიან მიჭირს ახლა ლაპარაკი _ იტყვის ვინმე, ბიძინა თან გადაჰყვა თავის ყოფილ პედაგოგებს და, აბა, მასზე აუგს ვინ იტყვისო?! არა, გეფიცებით, გულწრფელად გეუბნებით: მაგას ისეთი მშობლები ჰყავდა, იმ ოჯახიდან უწესო კაცი არ გამოვიდოდა. ბიძინას 4 და-ძმა ჰყავს, 2 და და 2 ძმა. ერთმანეთზე წესიერი და განათლებული ხალხია. მამამისი _ გრიშა ივანაშვილი პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო, დედა _ ქალბატონი ციცინო, უზადო დიასახლისი, შვილების კარგად გამზრდელი. ყველაზე თვალში საცემი თვისება, რაც ბიძინა ივანაშვილს ბავშვობიდან მოსდევდა, ეს იყო პასუხისმგებლობის გამახვილებული გრძნობა.
_ ცელქობდა?
_ კი, ცელქი ბიჭი იყო. პატარა, გამხდარი და მოძრავი იყო და ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ბავშვი ყველა ცელქია, მთავარია, უზრდელი და თავგასული არ იყოს. ექვსი წელი ვასწავლიდი ბიძინას და მისგან უწმაწური სიტყვა არ გამიგონია.
_ მსმენია, რომ ბავშვობაში ბატონ ბიძინას ექსკურსიაზე წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გადაუხადა საექსკურსიო თანხა. ეს სიკეთე არ დავიწყებია და ერთი ათასად გადაუხადა _ ჭორვილაში პირველი სახლი მას აუშენა და სხვა ათასი სიკეთე გაუკეთა მის ოჯახსო.
_ კი, გცოდნიათ ეგ ამბავი, მაგრამ პატარას შეგისწორებთ, მით უმეტეს, რომ თავად გახლავართ ამ ფაქტის მომსწრე. ჭორვილის სკოლაში, 8 კლასი რომ დაამთავრეს, დირექციამ გადაწყვიტა, ბორჯომსა და ბაკურიანში გაეშვა ბავშვები ექსკურსიაზე, ეს გამოსაშვები კლასი იყო, სკოლა ხომ 8-წლიანი იყო და მერე ბევრმა აღარ გააგრძელა სწავლა. ჭორვილის სკოლის დირექტორმა თამაზ ქემერტელიძემ განუცხადა ბავშვებს, 10-10 მანეთი მოიტანეთ ექსკურსიისთვისო. 13-14 წლისანი იყვნენ მაშინ ბავშვები. ბიძინამ ეს რომ გაიგო, მოშორებით დადგა. დირექტორმა ეს შენიშნა და დაუძახა, რა მოხდა, ბიძინა, რაშია საქმეო? ბიძინამ უთხრა _ მე ვერ წამოვალ, პატივცემულოო! მაშინ მიზეზზე არაფერი თქმულა. მერე გაირკვა, რომ 10 მანეთი არ ჰქონდა მის ოჯახს, რომ ბავშვი ექსკურსიაზე გაეშვა. მადლიანი კაცი იყო ცხონებული თამაზ ქემერტელიძე, თურმე მან დადო ბიძინას მაგიერ ეს ფული, თუმცა ეს არავინ იცოდა ბიძინას და თამაზის გარდა, საექსკურსიო ფულს ხომ თავად დირექტორი აგროვებდა. გული არ დაწყვიტა ბიჭს, რა მოხდა, ფული ხან აქვს ადამიანს, ხან _ არა და ეს თუმანი ჩუმად დადო ბიძინას ნაცვლად, ისე, რომ არავის გაეგო და ბავშვს თავმოყვარეობა არ შელახვოდა. ბიძინა წამოვიდა ამ ექსკურსიაზე, მერე კი, მართალი ხართ, შვილო, ეს ამბავი მრავალჯერ გაუხსენა ბიძინამ თამაზსა და მის ოჯახს, უამრავი კეთილი საქმე გაუკეთა».
ბატონმა თენგიზ სადუნიშვილმა მეტის მოყოლა არ ისურვა, ისედაც ბევრი გითხარითო. თამაზ ქემერტელიძეს კი, ჯერ მართლა აუშენა სახლი, მერე სოლიდური ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა, ჭორვილაში ევროსტანდარტების სკოლა რომ ააშენა, რაკიღა ბატონი თამაზი აღარ იყო ცოცხალი, დირექტორად მისი ვაჟი დანიშნა _ საჩხერლები ამბობენ, მინისტრის ხელფასს უხდიდაო. ჰო, როცა თამაზ ქემერტელიძე გარდაიცვალა, ოჯახს ერთი თეთრიც არ დაახარჯვინა და საყვარელი სკოლის დირექტორი დიდი პატივით დაკრძალა. ჭორვილაში დღემდე ლაპარაკობენ, რომ ბიძინამ თამაზ ქემერტელიძეს არანაკლები პატივი მიაგო უკანასკნელ გზაზე, ვიდრე მამამისს _ გრიშა ივანაშვილსო.
საჩხერეში ყოფნისას ორი ფოტოსურათიც მოვიპოვე, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა აღბეჭდილი. ფოტო 1971 წელს საირხის სკოლის ეზოშია გადაღებული. საირხის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ფიზკულტურაში ნორმატივებს აბარებენ. თავად ბიძინას ეს ნორმატივები წინა დღეს ჰქონდა ჩაბარებული და იმ დღეს თანაკლასელთა საქომაგოდ იყო მისული. ბიძინა ივანიშვილის სპორტულ გატაცებებზე მისი ფიზკულტურის მასწავლებელი, თამაზ ლაშხი გვიამბობს.
_ ბატონო თამაზ, ეკუთვნოდა ის ხუთიანი ბიძინა ივანიშვილს, ფიზკულტურაში რომ დაუწერეთ? თუ ფიზკულტურაში ყველას ხუთიანებს უწერდით?
_ კი, კაცო, როგორ არ ეკუთვნოდა. ცოცხალი, ყოჩაღი ბიჭი იყო, ძალიან მოძრავი და სპორტის თითქმის ყველა სახეობას წარმატებით ითვისებდა, რასაც ვასწავლიდი. აი, ძალისმიერი სახეობები დიდად არ იტაცებდა _ შტანგა, ჭიდაობა და სხვა ასეთები, რადგან ღონიერი ბიჭი არ იყო, თხელი ტანის გახლდათ, მოძრავი, სხარტი.
_ სპორტის რომელი სახეობა უყვარდა განსაკუთრებით?
_ კალათბურთი გამორჩეულად უყვარდა. ცაციაა ბიძინა და მარცხენა ხელით იცოდა მოჭრილი ბურთების სროლა კალათში, ფარქვეშ შევიდოდა და თავსზემოთ სტყორცნიდა ბურთს კალათში. «ლიფსოს» ვეძახდით მაშინ, ასეთ ტყორცნას, რაკი ვილნიუსის «ჟალგირისში» იმხანად თამაშობდა კალათბურთელი, გვარად ლიფსო. სწორედ მან შეასრულა პირველად ამგვარი მოჭრილი სროლა. ბიჭები ერთხანს «ლიფსოს» ეძახდნენ ბიძინას. როცა მის კლასს ორად გავყოფდი და კალათბურთს ვათამაშებდი, ბიძინა რომელ გუნდშიც იყო, ის გუნდი იგებდა ძირითადად, თუმცა, წაუგიათ კიდეც.
_ როგორ ეგუებოდა წაგებას ბიძინა ივანიშვილი?
_ ჩვეულებრივად, ცოტას ინერვიულებდა, მერე გაუვლიდა წყენა. ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა _ თანაგუნდელებს არასდროს აბრალებდა წაგებას, მე ვითამაშე ცუდად, თორემ მოვიგებდითო, _ იტყოდა ხოლმე. არა, კალათბურთს მართლა კარგად თამაშობდა.»
ბიძინა ივანიშვილმა თავისი კლასელები ჭორვილისა თუ საირხის სკოლებიდან _ ზოგი დაასაქმა, ზოგს სახლი აუშენა, ზოგს მანქანა უყიდა ან სოლიდური თანხით დაეხმარა. ისეთებიც არიან, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად გაუკეთა. ზოგიერთები დღეს, მის ბიზნესში საქმიანობენ. თავისი ბავშვობის ვალის გასასტუმრებლად კი ჭორვილაშიც და საირხეშიც თანამედროვე სკოლები ააშენა, ყველა სიკეთით აღჭურვილი.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირველად სწორედ ჭორვილაში ვნახე, ევროსტანდარტულსა და კომპიუტერიზებულს რომ ეძახიან, ისეთი სკოლა, რადგან სხვაგან ამგვარი სკოლა არსად იყო, მათ შორის, არც თბილისში. ჭორვილას სკოლას კი, სასწავლო შენობის გარდა, სპორტული კომპლექსი აუშენა. ეს არ არის ჩვეულებრივი სპორტული დარბაზი, ეს არის სუპერთანამედროვე კომპლექსი, რომელიც საქართველოში არც ერთ სკოლას არ აქვს და მეტიც, სპორტული პროფილის სკოლებსაც შეშურდება. ამ კომპლექსში არა მარტო ფიზკულტურის გაკვეთილს გაივლის ბავშვი, თუ სურვილი აქვს, სპორტის ნებისმიერ სახეობას დაეუფლება. აქ არის რამდენიმე დარბაზი, აუზი, ჩოგბურთის კორტები და, რაც მთავარია, კვალიფიციური მწვრთნელები. მწვრთნელებს ხელფასს ბიძინა ივანიშვილი უხდის, ინვენტარის შესაძენ, კომპლექსის მომსახურე პერსონალის ხელფასებსა და სხვა ხარჯებსაც თავად იხდის. ბავშვებს კი ისღა დარჩენიათ, იარონ სპორტზე, გაკაჟდნენ. დიდ სპორტსმენებად თუ ივარგებენ, ხომ კაი, არადა, ჯანმრელობა მაინც შერჩებათ. და არ აქვს მნიშვნელობა, ჭორვილელი ხარ თუ საჩხერის სხვა სოფლიდან _ მიდი, ივარჯიშე, გადასახადს არავინ გთხოვს, ეგ კი არა, ჭიათურელი ბავშვებიც დადიან ჭორვილაში სავარჯიშოდ.
…და ისევ კაცი, რომელიც ბავშვობას ვერ ივიწყებს _ ახლადგახსნილ სპორტკომპლექსს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფიზკულტურის მასწავლებელი, თამაზ ლაშხი ჩაუყენა სათავეში.
ლევან ჯავახიშვილი
 

1 COMMENT

  1. ლევან ჯავახიშვილო, ბიძინა ივანაშვილია თუ ივანიშვილი? გაარკვიე თუ კაცი ხარ ჯერ და მერე წერე ხოლმე წერილები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here