Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავით ქვლივიძე: კომპრომატები აქვს სახელმწიფოს სასულიერო პირებზე _ ეპისკოპოსებზეც და მღვდლებზეც!

მამა დავით ქვლივიძე: კომპრომატები აქვს სახელმწიფოს სასულიერო პირებზე _ ეპისკოპოსებზეც და მღვდლებზეც!

828

GEWORLD.GE:
«საქართელო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ქვლივიძე.
_ მამაო, ამ რამდენიმე ხნის წინ პრესაში გამოქვეყნდა წერილი-მიმართვა უწმინდესისადმი და წმინდა სინოდისადმი, სადაც მღვდელმსახურები სთხოვდნენ მათ, უფრო მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინათ რელიგიების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. წერილზე ხელმომწერთა შორის თქვენც ბრძანდებოდით. რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამ მიმართვას საპატრიარქოს მხრიდან?

_ შეგვეწიოს უფალი! ჯერ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, უბრალოდ, ვიცით, რომ უნდა გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა და ვფიქრობ, ამ სხდომაზე განიხილავენ ამ საკითხს. ამ ხელმომწერთა გარდა, კიდევ უამრავი სასულიერო პირი იყო, რომელიც ჩვენს აზრს იზიარებდა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოხერხდა, თავიანთი აზრი ხელმოწერით დაეფიქსირებინათ. ეს მართლაც იყო თხოვნა შვილებისა მამისადმი. ეს არის ჩვენი ტკივილი დედაეკლესიის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მიმართ. ეკლესია ჩვენთვის დედაა! როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებდა, «ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება», ამიტომ ვალდებულნი ვართ ერიც და ბერიც, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი, ამიტომაც მივმართეთ ჩვენს სულიერ მამას, ჩვენს უწმინდესს ამ თხოვნით.
ჩვენს ეკლესიას ნამდვილად მძიმე ჟამი უდგას, რადგან ამ კანონპროექტით ხდება მართლმადიდებლობის დისკრედიტირება. სულ ახლახან გამოვიდა ასირიული კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი და თქვა, რომ ჩვენც იგივე უფლებები უნდა გვქონდეს, როგორიც მართლმადიდებლებს აქვთო. რატომ? განა ვატიკანში კათოლიკეებისნაირი უფლებები აქვთ მართლმადიდებლებს? კითხვა მიჩნდება, უბრალოდ: რომელ ქვეყანაში ხდება ეს? შეიძლება ასე ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მაგრამ ის ხომ სხვადასხვა ერებისგან შექმნილი ქვეყანაა, თანაც _ არც თუ დიდი ხნის წინ!
ვნახოთ, როგორაა ტრადიციულ ქვეყნებში _ ინგლისში, სადაც ანგლიკანური ეკლესია წარმმართველია და მეფეა თავი ეკლესიისა, ანგლიკანური ეკლესია უპირველესია თავისი უფლებებით. ახლახან ჩვენთან სტუმრად იყო  ბერძენი მღვდელი და გაუკვირდა, _ ჩვენ, ინგლისში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, რატომ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ისეთივე უფლება გვქონდეს, როგორიც ანგლიკანებსო?! შვეიცარიაში, სადაც ოთხასი ათასი მუსლიმანი ცხოვრობს, სულ ოთხი მეჩეთია და კიდევ ორის აშენების გამო რეფერენდუმი ჩაატარეს და მთავრობამ არ მისცა უფლება. საუბარია ნავთობის მაგნატებზე, შეიხებზე, რომლებიც საკუთარ ჭაბურღილებს ფლობენ და შემოსავლის უდიდესი ნაწილი შვეიცარიის ბანკებში აქვთ შენახული. გერმანიაში, კიოლნში კი საერთოდ შეაჩერეს მეჩეთის დაწყებული მშენებლობა; ახლა არჩევნები იწყება და ერთ-ერთი პარტია წინასაარჩევნოდ პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენ თუ მოვალთ, ამათ მეჩეთებს არ ავაშენებინებთო. ბრემენში კი რუსებს მართლმადიდებლური ტაძრის აშენება უნდოდათ და ამის უფლება, მოსახლეობის პროტესტის გამო, არ მისცეს _ ზარების რეკვა შეგვაწუხებსო! რუმინელ და ბულგარელ მართლმადიდებლებს კი წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ტაძრების ქირაობაზე უარს ეუბნებიან. ამის გამო გერმანელებს არავინ ეუბნება, თქვენ ნაცისტები ხართო.
საფრანგეთში მუსლიმან ქალებს ჩადრებით სიარულის უფლებას არ აძლევენ და მეტიც _ მეჩეთის გარეთ ლოცვაც კანონით აუკრძალეს; ვინც მეჩეთს გარეთ ილოცებს, დავიჭერთო! ვინმე გაბედავს და ან ინგლისელს, ან შვეიცარელს, ან ფრანგს, ან გერმანელს არადემოკრატიულობაში დაადანაშაულებს? იქ ყველა ჯერ თავისას სცემს პატივს და უფრთხილდება! წარმოგიდგენიათ, ჩვენ საქართველოში ქუჩაში მლოცველ მუსლიმანზე რომ ეს ვთქვათ, რას გვიზამენ? ან ბაზარში მწვანილს რომ ყიდიან აზერბაიჯანელი ქალები და მათ ავუკრძალოთ თავშლით დგომა, რა მოჰყვება ამას, გიფიქრიათ?
_ მამაო, იქნებ ეს ყველაფერი ზედმეტი ტოლერანტობის, გადამეტებული სტუმართმოყვარეობის, ქართული ხასიათის ბრალია? ნათქვამია, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო და ჩვენ პირიქით ხომ არ ვაკეთებთ _ ვინც ჩვენთან სტუმრად მოდის, ყველას ქუდს ვიხურავთ? იქნებ ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე?
_ მე ცოტა სხვანაირად დავაყენებ ამ საკითხს. ადამიანი რომ გიყვარდეს და მას პატივს სცემდე, ეს დანაშაული არ არის. ქართველებს კაცთმოყვარება სისხლში გვაქვს და ამიტომაც იყო, რომ 1830-იან წლებში თურქეთიდან გამოდევნილი სომხები შევიფარეთ; გარდაბანში და მარნეულში, სადაც დღეს აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს, ისინი ერეკლეს დროსაც იქ სახლობდნენ და ისეთი კეთილგანწყობა იყო ქართველებსა და მათ შორის, რომ კრწანისის ბრძოლაში ერეკლეს მხარეს აზერბაიჯანელთა ერთი ათასეული იბრძოდა. ჩვენი წინაპრები კაცთმოყვარენი იყვნენ, ადამიანურად პატივს მიაგებდნენ და გვერდში ედგნენ სხვა სჯულის ადამიანებს, მაგრამ, როდესაც საქმე სჯულს და სარწმუნოებას ეხებოდა, იქ ქართველი შეუპოვარი იყო. დღეს ასე არიან ებრაელები _ ებრაელი ყველანაირად მიგიღებს, გვერდში დაგიდგება, მაგრამ, თუ საქმე სარწმუნოებას ეხება, მას აქ თავისი მკაცრი მოთხოვნები აქვს. მე ვფიქრობ, ამ ხალხის ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სარწმუნოების მიმართ ჩვენთვისაც მისაბაძი უნდა იყოს.
მართლმადიდებელ ქართველს რომ უყვარდეს თავისი სარწმუნოება, სამშობლო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ისევე, როგორც ინგლისელს უყვარს ანგლიკანური ეკლესია, ებრაელს უყვარს თავისი სინაგოგა. ჩვენთვის ძალით ქმნიან პრობლემას, ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას და მერე, ამ სიტუაციის «მოსაგვარებლად» მართავენ კონფერენციებს და უკიჟინებენ ხალხს, რომ «ჩააცხრონ» ეს დაძაბულობა, რომელიც სინამდვილეში თავად შექმნეს. ქართველს არ სჭირდება სწავლება კაცთმოყვარეობისა, ეს მას სისხლში აქვს, მთელი საქართველოს ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უცხოტომელები იყვნენ. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური დევნა არასოდეს ყოფილა! ერთ ფაქტს ვერ მანახებთ, საქართველოში ან სინაგოგა დაენგრიოს ვინმეს, ან მეჩეთი, ან ყურანი დაეწვას; კათოლიკეები კი, რომლებიც ახლა ჭკუას გვარიგებენ, ცეცხლში წვავდნენ მუსლიმანებსაც და ებრაელებსაც, ჯვაროსნულ ლაშქრობებს აწყობდნენ. ჩვენ არ გვჭირდება მათგან სწავლება იმისა, თუ როგორ მოვექცეთ სხვებს.
_ მამაო, თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველები ყოველთვის ვიყავით კაცთმოყვარენი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვართ სჯულთშემწყნარებელნი. დღეს ძალიან ხშირად შეგვახსენებენ, რომ ჩვენი მეფე-წმინდანი დავით აღმაშენებელი მეჩეთშიც დადიოდა და სინაგოგაშიცო. მე ვფიქრობ, რომ აქ ისტორიული რეალობის მიზანმიმართულ დამახინჯებასთან გვაქვს საქმე, რამდენადაც ისეთი მართლმადიდებელი მეფე, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო, რომელიც წელიწადში ოცდაოთხჯერ სამოციქულოს კითხულობდა, მეეჭვება, მეჩეთში სალოცავად წასულიყო.
_ დავითის ცხოვრებას რომ გადავხედოთ, იქ არსად წერია, რომ ის მეჩეთში დადიოდა. მისი თანამედროვე არც ერთი ისტორიკოსი _ არც ქართველი, არც სპარსი, არც არაბი, არც სელჩუკი _ ამას არ წერს. ერთადერთი, ვინც აღნიშნავს დავითის მეჩეთში სიარულს, ეს არის სელჩუკი ისტორიკოსი ალ-ჯაუზი, კაცი, რომლის ისტორიულ მონაცემებსაც მსოფლიოში არავინ სერიოზულად არ მიიჩნევს. იგი ამბობს, ქართველებმა დიდგორის ბრძოლაში იმიტომ გაიმარჯვეს, რომ უფრო მრავალრიცხოვნები იყვნენ, ვიდრე მუსლიმანთა გაერთიანებული კოალიციაო. ამის მერე მისი რაღა უნდა დაიჯერო? დავითი რომ მეჩეთში არ დადიოდა, ამის ნათელი დადასტურება მთელი მისი ცხოვრებაა, დაწყებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრებიდან, რომელიც მისი ძალისხმევით ჩატარდა და რომელსაც ამოსავალ წერტილად დაუდო სიტყვები: «არა გეცრუვენით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო წმიდაო კათოლიკე ეკლესიაო! არცა გაგცემთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობავ!». დიდგორის ბრძოლიდან, მან მრავალრიცხოვანი მტრის წინ მდგარ ქართველ მეომრებს მიმართა: «ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთო». მისი «გალობანი სინანულისანი» _ ეს არის მეფის საჯარო აღსარება მთელი ხალხის წინაშე. იგი ტირის ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილ ცოდვების გამო _ მე ბევრი არასწორი რამ ჩამიდენია, ბევრჯერ მკაცრიც ვყოფილვარ, უსამართლოც, მოწყალებაც არ გამიცია, მკაცრად დამისჯია, მაგრამ უცხო ღმერთებისკენ არასოდეს გამიხედავს და, რაც ერთხელ მამა-პაპისგან მისწავლია, იმის ერთგული ვყოფილვარ ბოლომდეო. მხოლოდ ასეთ მეფეს შეაძლებინა უფალმა «ძლევაი საკვირველი» და აი, ასეთ მეფეს სწამებენ ცილს, რომ ის მეჩეთში დადიოდა!
მე გეტყვით, დავით აღმაშენებელი მეჩეთში როდის იყო. ის ორჯერ იყო იქ: ერთხელ განჯაში, როცა სულიერ საკითხებზე ხოჯას, მუსლიმანთა შორის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ სასულიერო პირს, ეკამათა და დაადუმა ისე, რომ მან პასუხიც კი ვერ გასცა. დავითმა ძველ აღთქმაზე დაყრდნობით დაუმტკიცა, რომ მესია მოვიდა და მესია არის ქრისტე. ის, მეთორმეტე იმამი, ვისაც მუსლიმანები ელოდებიან, არ იქნება მესია.
მეორედ დავითი მეჩეთში შევიდა მაშინ, როდესაც საქართველო თითქმის უკვე გაერთიანებული იყო და ქართველები გასათავისუფლებლად სომხურ ქალაქ ანისს მიადგნენ (დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა). იქ სელჩუკების დიდი გარნიზონი იყო გამაგრებული და გაუჭირდათ ქართველებს ქალაქის აღება. ისტორიკოსი წერს: «იმუქაფა დავით მეფემ», მოლათა და დარიშმანთა სისხლით მორწყო მთელი ქალაქიო. შევიდა სელჩუკთა მიერ მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში, სადაც ბერძენთა დედოფალი პატრონიკე განისვენებდა, ტაძარი ხელახლა აკურთხებინა და მის საფლავს სამჯერ ჩასძახა: «გიხაროდენ, დედოფალო, ურჯულოთა ხელიდან ვიხსენი ღვთის სახლიო». დედოფალმა კი საფლავიდან სამჯერ ამოსძახა: «გიხაროდენ! გიხაროდენ! გიხაროდენ!». აი,  როგორი იყო წმინდა მეფის «შესვლა მეჩეთში»!
ის თავისი სამშობლოს და ქრისტეს მტრებს ასე უსწორდებოდა. როდესაც თბილისი აიღო, სასტიკად დასაჯა ის მუსლიმანები, რომლებიც ამირას მხარეს იყვნენ, მაგრამ მაშინვე გამოსცა ბრძანება, რომ ქართველებს შეურაცხყოფა აღარ მიეყენებინათ მათთვის, აღარ დაეჩაგრათ. დავითი თავის თავს არა მარტო ქართველთა მეფედ მიიჩნევდა, არამედ ის იყო მეფე ქართველთა, აფხაზთა, ჰერთა, რანთა, კახთა; თბილისში მცხოვრები მუსლიმანების მეფეც იყო, თუმცა მათ უთხრა, _ ჩემთვის მეჩეთში ნუ ლოცულობთ, რადგან ჩემთვის ის ხალხი ლოცულობს, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურება! თქვენთვის ილოცეთ, მაგრამ მეჩეთს არ გამოსცდეთო. სახარებაზე გაზრდილი მეფე სხვანაირად ვერ მოიქცეოდა!
_ მამაო, როგორ ფიქრობთ: მაშინ, როდესაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობდა კონკორდატი, მაშინ, როდესც ხელისუფლების წარმომადგენლები ხმამაღლა გვეუბნებიან, რომ, როცა სხვები ქუჩაში ყვირიან, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთო; როცა ჩვენს უწმინდესთან ერთად ტაძარში დგანან დიდი კელაპტრებით ხელში, უფრო მეტიც _ უწმინდესი «ძალიან უყვართ,»… რატომ გახდა ამ კანონის ასე დაჩქარებული წესით მიღება საჭირო, უწმინდესთან შეთანხმების გარეშე? და საერთოდ, ვისთვის და რისთვის მიიღეს ეს კანონი, კანონი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ უკვე ამოქმედდა?
_ რატომ მიიღეს ასე დაჩქარებული ტემპით, არ ვიცი, ალბათ, ვიღაცის მითითება შეასრულეს… შედეგები კი სახეზეა _ კათოლიკები იმავე უფლებებს ითხოვენ, რასაც მართლმადიდებლები. სომხები საქართველოში 600 ტაძარს გვედავებიან. მათ კითხვა დავუსვი: თუ თქვენ საქართველოშო 600 ტაძარი ააშენეთ, ქართველები _ ჩემი წინაპრები, რაღას აკეთებდნენ-მეთქი? გამოდის, ქართველებს არაფერი აუშენებიათ! ეს _ იმ ფონზე, როდესაც სომხეთში ამაზე გაცილებით ნაკლები ტაძრები აქვთ! წაიკითხეთ «ქვათა ღაღადი» _ საკუთარი, მამაპაპისეული, საბრძოლო ციხე-კოშკიც კი არ აქვთ! ეჩმიაძინის სამრეკლოზე შაჰ-აბასის ბარელიეფია გამოსახული! გესმით? ქრისტიანების დაუძინებელი მტრის გამოსახულება მათი მთავარი სალოცავის სამრეკლოზეა! ამაზე არავინ ლაპარაკობს! წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში და ულვაშებიანი შაჰ-აბასის გამოსახულებიან სალოცავებს მიხედონ და ჩვენსას ნუ გვედავებიან!
სომხებმა იერუსალიმში წაგვართვეს წმინდა იაკობის ტაძარი XVII საუკუნეში, რომელიც ქრისტეს საფლავიდან სულ რაღაც ორმოცდაათ მეტრშია. ვეუბნებით, რომ დაგვიბრუნონ ის ტაძარი, რომელიც ჩვენი იყო, «ის სხვა ეპარქიაა და ვერ დაგიბრუნებთო,» _ ესაა მათი «ძმური პასუხი»!
_ მამაო, ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საინგილოში სკოლაში ქართული წიგნები დაუწვეს ბავშვებს. ქართულად ლაპარაკს, ქართული სახელების დარქმევას უკრძალავენ. ამ სიტუაციაში მხოლოდ ეკლესია ვერაფერს გახდება, რადგან ის სხვა სახელმწიფოა თავისი კანონებით, არ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს ინგილო ქართველების დასაცავად?
_ მე იმის იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოში არიან გონიერი ადამიანები, რომლებიც, ალბათ, ანალიზს აკეთებენ. ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის, მოძღვარი ჰყავს და ვიმედოვნებ, რომ ეს ხალხი მართლა დაფიქრდება… რაღაც თუ არ შეიცვალა, არაფერი აღარ დარჩება! მე არ ვიცი, კონკრეტულად დღეს და გუშინ საინგილოში რა მოხდა, მაგრამ ის ვიცი, რომ ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა და ამას ადგილობრივი პოლიცია გაუმართავ ელექტროგაყვანილობას აბრალებს. ის ვიცი, რომ ქართველ მღვდლებს ყოველთვის პრობლემა აქვთ წირვა-ლოცვის ჩატარებაზე. ქართული წიგნების, ხატების, სასულიერო ლიტერატურის შეტანაც პრობლემაა და ამის გამოა სწორედ გასაკვირი, როდესაც საქართველოში ყველა კონფესიას ასეთი თავისუფლება ეძლევა. თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მეგობრები და ძმები არიან, ძმობა და მეგობრობა მარადიულად ცალმხრივი ხომ არ შეიძლება, ორმხრივიც ხომ უნდა გახდეს?! ხომ არ შეიძლება, მხოლოდ მე ვიყო მისი ძმა და ის ჩემი მტერი იყოს?!
განა თურქეთში ნაკლები ხდება? როგორც ვიცი, რადგან თურქეთს ევროკავშირში უნდა შესვლა, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ, პირველი მოთხოვნა კი ის არის, რომ რელიგიური თავისუფლება უნდა მისცეს ყველას _ ტაძრები დაუბრუნეთ ყველასო. მე ვიცი, რომ სომხებმა უკვე ასამდე ტაძარი დაიბრუნეს. ჩვენს ქართულ ტაძრებზე კი ლაპარაკიც არ არის! როდესაც ამ კანონის მიღებამდე თურქები გვეუბნებოდნენ: «აჭარაში ოთხი მეჩეთის აშენების უფლება მოგვეცით და ჩვენ სანაცვლოდ ოთხ ტაძარს გაგაკეთებინებთ ტაო-კლარჯეთშიო,» მათ შორის ოშკზეც იყო ლაპარაკი, ახლა საერთოდ აღარ გვკითხავენ, ისე ააშენებენ, ოთხს კი არა, რამდენიც მოუნდებათ _ იმდენს! ამ კანონმა აი ეს მოიტანა _ საერთოდ არავინ არაფერს შეგვეკითხება, არანაირ მოლაპარაკებაზე აღარ წამოვლენ. აქამდე საპატრიარქო უწევდა წინააღმდეგობას და ვერ აშენებდნენ საპატრიარქოს ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ახლა აღარც საპატრიარქოს ჰკითხავენ, პირდაპირ ააშენებენ არა მარტო მეჩეთებს, მედრესებსაც!
_ მამაო, მრევლი ნიჰილისტურადაა უკვე განწყობილი საპატრიარქოს მიმართ. სინოდის გახმაურებულ სხდომამდე მრევლს ძალიან დიდი იმედი ქონდა, რომ გადაწყვეტილებაში მკაცრად დაფიქსირდებოდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. ჩვენ დიდი იერარქებისგან გვესმოდა მოწოდებები, დაგვეცვა ეკლესია და ამაზე უკან არავის დაგვიხევია. მაგრამ სინოდის შემდეგ, რომელზეც ამ კანონთან დაკავშირებით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ რაღაც შესწორებებს შეიტანენ კანონში… დღემდე არაფერი შეცვლილა… რა მოხდა სინოდზე? თუკი არაფერი შეიცვლება, ჩვენ მართლმადიდებლებმა და მორწმუნე მრევლმა რა უნდა გავაკეთოთ? ეკლესია ხომ მხოლოდ თქვენ _ სასულიერო პირები და დიდი თუ პატარა იერარქები არ ხართ? ეკლესია ხომ მრევლის გარეშე არ არსებობს? ნუთუ ჩვენ, მრევლს, არაფრის უფლება არ გვაქვს, მხოლოდ უნდა მიგვითითონ, რომ სასულიერო პირები არ განვიკითხოთ და ყველაფერზე თავი დავხაროთ? განა არ გვაქვს უფლება, სიმართლე ვიცოდეთ?
_ თქვენი დასმული კითხვა აბსოლუტურად მართებულია. ეკლესია არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს საკრებულოს. ეკლესია არის სასულიერო პირთა და ერისკაცთა ერთობლიობა! ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხევევბი, როცა სასულიერო პირები გაჩერებულან, სხვადასხვა მიზეზების გამო, რადგან ერთეულებზე ზემოქმედება ძალიან ადვილია. შეიძლება ეპისკოპოსი, მღვდელი შეაშინო, მოელაპარაკო, ზემოქმედება მოახდინო, გააჩერო, მაგრამ მრევლი არ ჩერდებოდა და იცავდა ჭეშმარიტებას. მრევლის თავდადების უამრავი მაგალითია საქართველოშიც და რუსეთშიც. როდესაც ახალ სტილზე გადავიდნენ რუსეთში პატრიარქი ტიხონი და საქართველოში ქრისტეფორე, მრევლი ტაძარში არ დადიოდა და ისევ ძველი სტილით ზეიმობდა შობას და აღდგომას! ისინი იძულებულნი იყვნენ, ისევ გადასულიყვნენ ძველ სტილზე, ანუ მრევლი არის სული და გული ეკლესიისა. მეტსაც გეტყვით, სასულიერო პირის არჩევისას გადამწყვეტ როლს თამაშობს მრევლი. როცა ხდება კურთხევა სასულიერო პირისა, მღვდელმთავრის მოწოდებაზე: «აქსიოს» (ბერძნ. «ღირსია») ჯერ ეპისკოპოსები პასუხობენ, მერე _ მღვდლები, და ბოლოს _ მრევლი. თუ მრევლმა დაიძახა: «ანაქსიოს», ანუ ღირსი არ არის, კურთხევა ჩერდება! აი, რა ძალა აქვს მრევლს! მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანსაღი ტრადიცია და ამ ტრადიციამ და მრევლის ამ დამოკიდებულებამ მოიყვანა მართლმადიდებლობა აქამდე უცვლელად.
თქვენ მეკითხებით, სინოდზე რა მოხდაო. როგორც გაირკვა, კომპრომატები აქვს სახელმწიფოს სასულიერო პირებზე _ ეპისკოპოსებზეც და მღვდლებზეც! დაუდეს ეს კომპრომატები და უთხრეს _ ეს ხომ თქვენა ხართ? ახლა რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ, თორემ ჩვენ ვიტყვით, თქვენ ვინ ხართ! ამიტომ არის, რომ, როდესაც ეკლესიაში სასულიერო პირს აკურთხებენ, ის აუცილებლად სუფთა ადამიანი უნდა იყოს. მას თავის განვლილ ცხოვრებაზე პასუხისგება არ უნდა უჭირდეს. რა თქმა უნდა, არის ადამიანური ცოდვები, რაც ახალგაზრდობაში ჩაუდენია, მაგრამ, როდესაც შემდგომშიც აკეთებ ამას და შენზე მთელი მასალები არსებობს და საქმეებია აღძრული, მაშინ შენზე ზემოქმედება, ზეწოლა ძალიან ადვილია! დასჭირდათ და «აამუშავეს ეს მანქანა». სინოდის ცალკეულ წევრებზე მართლაც იყო ზეწოლა! სინოდზე, როგორც ვიცი, დადგენილებაში დაიწერა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ კანონ-პროექტსო. ეს ცალსახად იყო ნათქვამი, მაგრამ, როდესაც ოქმი შედგა, ეს ფრაზა იქ უკვე აღარ ეწერა. სწორედ ამ ფრაზის დაფიქსირებას ვითხოვთ ჩვენ, სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესისადმი გაგზავნილ თხოვნაში.
_ სხდომის მდივანი იყო მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)… ალბათ, მას უკეთ ეცოდინება…
_ მე არ ვიცი, ვინ რა იცის, ვინ რა გააკეთა თუ არ გააკეთა, მაგრამ არ არის დაფარული, რომელი არა გაცხადდეს! ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ჩვენ ახლა გულისტკივილით ვსაუბრობთ ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, სინოდზეც. ეს ეპისკოპოსებიც ჩემი ეპისკოპოსები არიან. როცა ტაძარში ვხვდები, მათ მაკურთხებელ მარჯვენას ვემთხვევი. ასეთია წესი იერარქიული. შეიძლება ბევრი მათგანი არასწორად იქცევა, მაგრამ ნახეთ, რა ხდებოდა _ იუდას ებარა საერთო ფული, ის პარავდა ფულს იესო ქრისტეს და მოციქულებს, მაგრამ, როდესაც ქრისტემ 5 პურით 5000 დააპურა და თვითონ კი არ დაარიგა, მოციქულთა ხელით ურიგებდა, პური, რომელიც მრავლდებოდა მოციქულთა ხელში, ერთ-ერთი იყო იუდას მარჯვენა. ანუ რაზეა საუბარი, სანამ იუდა მოციქული იყო, მას ჰქონდა მღვდლობისა და მოციქულობის მადლი. ამიტომ ეპისკოპოსი, რაც უნდა ცუდად იქცეოდეს, ის უნდა განკვეთოს საეკლესიო კრებამ ან სინოდმა. არ არის სწორი მათი უშვერი სიტყვებით მოხსენიება, ეს ჩვენთვისვეა ძალიან ცუდი.
თან დააკვირდით, ეს ამდენი შეურაცხმყოფელი მიმართვები პრესიდან რის ფონზე ხდება _ როცა გუჯეროტის, ვატიკანის ელჩს ღირსების ორდენს ჩუქნიან! კათოლიკეს ღირსების ორდენით აჯილდოებენ, მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს კი აგინებენ! თუმცა დღეს მთელ მსოფლიოში მიდის ანტიკათოლიკური პროპაგანდა! ჩართეთ სი-ენ-ენი, ბი-ბი-სი, მთელი ფილმებია გადაღებული კათოლიკე მღვდლების პედოფილიაზე! ეპისკოპოსები ლამის დაიჭირეს! 4 მილიარდი აქვს საპროცესო გარიგებებში გადახდილი კათოლიკურ ეკლესიას იმ დაზარალებული მშობლებისთვის, რომელთა შვილებთანაც ამათ ურთიერთობა ჰქონდათ. ესპანეთში რომის პაპის ჩასვლა რატომ არ უნდოდათ? _ ამ მიზეზების გამო! რომის პაპი გერმანელია, მაგრამ გერმანიაში ჩასულს ესროლეს! კათოლიკებზე რატომ არავინ არაფერს წერს ჩვენს გაზეთებში, მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურების ლანძღვა-გინებით რომაა აჭრელებული პრესა? გასაგებია, რომ შეიძლება ყველა არ იყოს ეპისკოპოსობის ღირსი, იუდაც არ იყო მოციქულობის ღირსი, მაგრამ ეს განა გვაძლევს იმის უფლებას, რომ ყველა მოციქული ვლანძღოთ?
_ მამაო, თქვენ ბრძანეთ, რომ უბრალო ერისკაცს არ აქვს უფლება, ამხილოს მღვდელმთვარი, მაგრამ, როცა ძალიან ბევრ უკეთურებას ხედავს ხალხი, ბევრი ბრკოლდება კიდეც. დღეს ვეღარავის მოატყუებ, ხალხი მართლა ყველაფერს ხედავს, მაშინ, როდესაც მღვდელმსახურები ფუფუნებაში ცხოვრობენ, აღარ ვლაპარაკობ მათ სახლ-სასახლეებზე და აგარაკებზე, ამბიონიდან კი მრევლს უქადაგებენ, _ სიღარიბე უნდა დაითმინოთ და აიტანოთ შიმშილიც, რადგან ეს გაცხონებთო. ეს ეკლესიაში ახალფეხადგმული მრევლისთვის ადვილი მოსასმენი არაა. და თუ რომელიმე ჩვეულებრივმა ადამიანმა ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი, მას სასწრაფოდ შეახსენებენ, რომ არ შეიძლება განკითხვა, ამ დროს მრევლი მობრუნდება და აუცილებლად გეტყვის _ არც ასეთი სასულიერო პირები შეიძლება და განკვეთეთო… ეს მრევლი ამის გამო შეჩვენების ღირსია?
_ მე ასეთ ადამიანებს არ განვიკითხავ. ეს შეგონებაა და ჩემი, როგორც მოძღვრის, რჩევაა. მე, იცით, უბრალოდ, რა მინდა, გითხრათ, რომ ეკლესიის მტრებმა ეს სინოდის დადგენილება გამოიყენეს არასწორად და კამპანია წარმართეს ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ახლა ესენი ამზადებენ ნიადაგს, რომ მერე დაიჭირონ მღვდლები, ამისკენ მიდის ყველაფერი. ჯერ ვერ იჭერენ, რადგან ამაზე მთელი ამბავი ატყდება. როდესაც ხალხს დააჯერებენ, რომ მღვდლები ასეთები არიან და ენას შეაჩვევენ და ხალხის განწყობაც მკვეთრად უარყოფითი იქნება, ამ ფონზე მღვდლების დაჭერა აღარ გაუჭირდებათ. ამიტომ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ამდენი ლანძღვით უწმინდესისა, სასულიერო პირებისა, ეკლესიის მტრების საქმეს ნუ გააკეთებენ. აუცილებლად უნდა ამხილო, დიდი იერარქი იქნება თუ პატარა _ თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი და უთხარი; თუ არ დაგიჯერა, ორნი მიდითო და კიდევ თუ არ დაგიჯერა, მერე მთელი კრება მიდით და ამის მერეც თუ არ დაგიჯერებთ, იყოს იგი თქვენთვის, ვითარცა მეზვერეო.
თქვენ იცით, როგორი სიტყვებით მიმართავენ ათონელი მამები, როცა რაღაცებში ამხელენ მსოფლიო პატრიარქს _ ბართოლომეოსს? _ ჩვენო მაკურთხებელო მამაო, ვემთხვევი თქვენს მაკურთხებელ მარჯვენას, მაგრამ თქვენ მართალი არ ხართო… ანუ ეკლესიას აქვს თავისი მიმართვის ფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ჩვენც თუ ისეთები გავხდით, როგორებიც სხვები არიან, მაშინ რაღა ქრისტიანები ვყოფილვართ? ამას ღმერთი განა მოგვიწონებს? ვერც მოვიგებთ ამ ბრძოლას!
რაც შეეხება დასჯას, ზნეობრივი კომისიაა შექმნილი და ვფიქრობ (მინდა ვიფიქრო), რომ ის თავის საქმეს შეასრულებს. მათ რამდენიმე მღვდელი განაყენეს უღირსი ქმედების გამო. თუ ვინმეს რაიმე ფაქტები აქვს, დასაბუთებული წერილობით, უნდა მიმართოს ამ კომისიას და იქ განიხილავენ.
_ მამაო, რასაც ვუყურებ, იმ მღვდელმსახურთა ნელი-ნელ შევიწროება მიდის, ვინც ხმამაღლა გამოთქვა თავისი გულისტკივილი ეკლესიის ნაკლოვანებების შესახებ… ისევ ეს პატიოსანი მღვდლები ისჯებიან.
_ ჩვენ ქრისტიანები ვართ. იესო ქრისტე ბრძანებს _ რადგან მე მიმიღეს, თქვენც მიგიღებენ, რადგან მე მდევნეს, თქვენც გდევნიანო! მართლმადიდებლობის დამცველებს, რა, ყოველთვის არ დევნიდნენ? ეკლესია ასეა. ვინც სიმართლეს ამბობს, ეკლესიას იცავს, ის ხშირად ხდება დევნის მსხვერპლი. მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარია, უფალთან ვიყოთ მართალნი!.. ვამხილოთ, ვთქვათ ჩვენი სატკივარი, მაგრამ შეურაცხყოფა არავის მივაყენოთ, თუმცა სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას! ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენ ჩვენი დედა ეკლესია გვტკივა!
ჩვენ კი არა, უდიდესი მამები, წმინდანები იდევნებოდნენ. რა უქნეს იოანე ოქროპირს? _ იოანე ოქროპირი გადასახლებაში გარდაიცვალა. იოანე დამასკელიც განკვეთილი მოკვდა. გენადი კონსტანტინეპოლელი განკვეთეს, თანაც ცრუ VII საეკლესიო კრებამ! რა უქნეს მარკოზ ეფესელს, გრიგოლი პალამას? რომელი წმინდანი იყო დაწყნარებული? ამბროსი ხელაია, კირიონ მეორე… რომელი ერთი გავიხსენო? «სიყვარული ამა სოფლისა მტერობაა ღვთისაო,» _ წერია პირდაპირ და ამა სოფლის მოყვარული ხალხი ყოველთვის ებრძოდა ეკლესიას. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ მთელი სასოება ისევ ღმერთზე უნდა გვქონდეს, ვლოცულობდეთ. ამიტომაც ვიძახი, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს, აუცილებელია, ღმერთი არ განვარისხოთ ჩვენი სიტყვებით და მიმართვებით, შევარჩიოთ სიტყვები, რითაც მივმართავთ თუნდაც ყველაზე უღირს მღვდელს.
_ მამაო, როცა დაგირეკეთ, ასე მითხარით, რომ მე ვარ მოძღვარი და მრევლში მყავს პოზიციაც და ოპოზიციაც, ნაციონალიც და არანაციონალიც, კეთილიც და ბოროტიც, მეძავიც და მრუშიც, ქურდიც და რეციდივისტიც, მკვლელიც, მამათმავალიც კი და ჩემი მთავარი დანიშნულებაა არა მათი განკითხვა და კარგებად და ცუდებად დალაგება, არამედ მათი ღმერთთან მიყვანა და…ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ ეს შევძლოო… მამაო, არ გიჭირთ დღევანდელ დღეს ასეთ რთულ ვითარებაში, როცა არეულია მონასტერი, ამ ადამიანების ღმერთამდე მიყვანა?
_ თქვენ არ დაიჯერებთ და სწორედ ესაა მრევლი, რომელიც ეკლესიის პატიოსნებას იცავს. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ ეშმაკს დაუსხლტნენ, და ღმერთმა ისინი მიიღო და გულში ჩაიკრა, ყველაფერს აკეთებენ ეკლესიის დასაცავად. ასეთი ხალხი იცავს ჭეშმარიტებას. მათ იციან ბოროტების ფასი და სასჯელიც იციან, რა დღეში იყვნენ და როგორ დააღწიეს თავი ამ საშინელ ცოდვებს, ღმერთის კალთის ქვეშ დაივანეს, ღმერთმა მათ საკუთარი სისხლი და ხორცი მისცა, აზიარა და მათ ამის დაკარგვა აღარ უნდათ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკლესია დაიცვან, ღმერთთან ყოფნის სიტკბოება რომ არ დაკარგონ. ესეც იყო ეკლესიის ისტორია _ ასეთი ხალხი იცავდა მარკოზ ეფესელს. პირდაპირ წერია, რომ მარკოზ ეფესელს იცავდნენ რამდენიმე სოფლის მღვდელი და მრევლი. აი, ვინ იყო მარკოზ ეფესელის გვერდით _ მრევლი! რომელთა ნაწილიც, ღმერთმა იცის, როგორ ცხოვრობდა ტაძარში მისვლამდე. მრევლმა გადაარჩინა უნიისგან კონსტანტინეპოლის საპატირიარქო, რომ იცოდეთ. დღეს რომ მსოფლიო პატრიარქია კონსტანტინეპოლში, ეს ბერძენი მრევლის დამსახურებაა, რადგან მათ არ მიიღეს უნია, არ მიიღეს კათოლიკობა და იძახდნენ _ ჩვენ გვირჩევნია, ჩალმა დავიფაროთ თავზე, ვიდრე _ რომის პაპის ტიარაო. ამხელა ძალა აქვს მრევლს.
ადვილი არაა მათი მიყვანა ღმერთამდე. ეს ძალან რთული პროცესია, მაგრამ ისინი ღმერთს მიჰყავს თავისთან, მე მათაც ისევე ვესაუბრები, როგორც ახლა თქვენ, ციტატებით ისტორიიდან და წმინდა წერილიდან. სახარებისეული სიტყვები კი იმდენად გულშიჩამწვდომია, რომ სახარებას მიჰყავს ისინი ღმერთამდე. მთავარია, მღვდელმა არ გააუბრალოოს მათი ცხოვრება და «მერე რა»-ს არ შეაჩვიოს მრევლი.
დიდი სიფრთხილეა საჭირო და დიდი პასუხისმგებლობა აქვს ეკლესიას! ქრისტე მოციქულებს და, მათი სახით, მღვდლებს ეუბნება _ თქვენ მარილი ხართ, რათა ეს სოფელი დაამარილოთ, რაჟამს მარილი განქარდება და ძალას დაკარგავს, ეს მარილი უნდა გადაიყაროსო. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი, რომ ის მისია, რაც ღმერთმა დააკისრა საქართველოს ეკლესიას, შესრულდეს. ეს მისიაა ჭეშმარიტი სარწმუნოების, ეროვნულობის, ტრადიციების დაცვა. ეს თუ ჩვენ ვერ გავაკეთეთ, მაშინ ჩალის ფასი აქვს ჩვენს მღვდლებად ყოფნას!
_ დაგვლოცეთ, მამაო.
_ უფალმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, თქვენ და სრულიად მართლმადიდებელი სამყარო! ამინ!
ესაუბრა
შორენა სიხარულიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here