Home რუბრიკები საზოგადოება 18 წელი აფხაზეთის ტრაგედიიდან

18 წელი აფხაზეთის ტრაგედიიდან

709

GEWORLD.GE:
ტრაგედიის მიზეზები და დაძლევის გზები
18 წელი გავიდა აფხაზეთის ტრაგედიიდან. ამ გადმოსახედიდან «საქართველო და მსოფლიოს» თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ პიროვნებები, რომლებმაც კარგად იციან ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები და ამ ტრაგედიის დაძლევის გზებიც.
მურმან ნაჭყებია, საზოგადოება «ზუგდიდელის» თავმჯდომარის მოადგილე:

«სამწუხაროდ, როგორც ქართველების, ისე აფხაზების მოუქნელმა, ხისტმა და, მე ვიტყოდი, ახლომხედველურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა ამ ტრაგედიამდე. დღეს აუცილებელია კონკრეტული გზების მოძებნა დიალოგის დასაწყებად. დღეს მუშტისა და ხმლის მოქნევის დრო არ არის. დღეს ჭკუას ჭკუა უნდა დავუპირისპიროთ.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღდგეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. რატომ არ გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ჩარჩო-ხელშეკრულება? იმიტომ, რომ რუსები ამბობდნენ, ჩვენ კი გავალთ საქართველოდან, მაგრამ აქ არ უნდა ჩადგნენ სხვა ქვეყნის ძალებიო, რაზეც საქართველომ თავი შეიკავა. შედეგად კი მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები. რაც შეეხება დიალოგის დაწყებას აფხაზებთან, ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი შუამავლობის გარეშე. შუამავალი მაინც შუამავალია, რადგან ის ეწევა ორმაგ თამაშს. რეალობიდან გამომდინარე,   საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ და მხოლოდ თავის სასარგებლოდ, ყოველმხრივ ცდილობენ, გაიხანგრძლივონ თავიანთი ყოფნა კონფლიქტის ზონაში, რადგან მათ თითოეულ წარმომადგენელს  მაღალი ანაზღაურება აქვს».
რეზო ბენდელიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია «ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების» ხელმძღვანელი:
«ძალიან დასანანია, რომ არც ქართველებს და არც აფხაზებს იმდენი ჭკუა არ ეყოთ, რომ ერთმანეთისთვის ტყვიები არ დაეშინათ. ქართველებს და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად დიდ როლს თამაშობს ქართველი და აფხაზი ნათესავების, შერეული ოჯახების წარმომადგენლების შეხვედრები. ჩემი ორგანიზაციის 8 წლის არსებობის მანძილზე ათასობით ქართველი და აფხაზი  შერეული ოჯახის წარმომადგენელი შეხვდა ერთმანეთს. ასევე მიმაჩნია, რომ ამ ორ ერს შორის უნდა განვითარდეს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობები, რის მიმართაც ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ აფხაზები. ამას კი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება».
ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
«სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი, დაემთხვა ჯვართამაღლების დღესასწაულს და ეს, ალბათ, სასჯელი იყო უფლისაგან მოვლენილი. რეალურად კი ჩვენი დაცემა მაშინ დაიწყო, როცა ევრო-ამერიკული და რუსული იმპერიალიზმის მიერ წაქეზებულმა ოპოზიციამ რუსთაველზე ზარბაზანი გამოაგორა და პირდაპირი დამიზნებით ჭურვები დაუშინა ზვიად გამსახურდიას კანონიერ და ეროვნულ ხელისუფლებას. სოხუმის დაცემაც, აფხაზეთის დაკარგვაც და ყველა სხვა დანარჩენი უბედურებაც შედეგია იმ დიდი ტრაგედიისა, რაც დატრიალდა 1991-92 წლებში. მე ორაკული არა ვარ, მაგრამ ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრდება, ჩვენ წინ უარესი ტრაგედიები გველოდება, თუ ერში არ ამუშავდა თვითგადარჩენის რეფლექსი და სასწრაფოდ თუ არ მოეღო ბოლო იმას, რასაც სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმი ჰქვია».
ლადო ქირია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here