Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: არც გაუმჯობესებული და არც გაუარესებული მიშა საჭირო არ არის

აკაკი ასათიანი: არც გაუმჯობესებული და არც გაუარესებული მიშა საჭირო არ არის

728

GEWORLD.GE:
გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა «საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი აკაკი ასათიანი.
_ ბატონო აკაკი, ჩვენს წინა ნომერში გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველოში არათუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის პრობლემა დგას, იგულისხმება ქვეყანაში რეალური ოპოზიციის არარსებობა. თქვენ რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?
_ აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შეფასებას. ოპოზიცია დღეს ერთს გაიძახის, ხვალ საქმით საპირისპიროს ამტკიცებს. ოპოზიციონერობა არ ნიშნავს ხელისუფლებასთან უმნიშვნელო დეტალებზე კამათს ან მხოლოდ იმას, რომ  ხელისუფლებაში არ ხარ და მასთან საერთო ენის გამონახვას არ ცდილობ. ასეთი ოპოზიციის მატარებელმა, დიდი ხანია, ჩაიარა. დროა, ქვეყანაში რეალურმა ოპოზიციურმა ძალამ იარსებოს, რომელსაც მკაფიოდ გამიჯნული, ალტერნატიული გეგმები ექნება ხელისუფლების ლეგიტიმურად მოშორებისთვის. სწორედ ასეთ ძალად ჩამოყალიბებას ვცდილობთ ჩვენ _ «ტრადიციონალისტები», «ეროვნული ფორუმი» და «ქალთა პარტია».

დღესდღეობით ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ «ქრისტიან-დემოკრატები», «ახალი მემარჯვენეები» და სხვები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ის ბევრ რამეში მართალია, მაგრამ გამოხატვის ასეთი პირდაპირი მეთოდები გაუმართლებელია ყველა თვალსაზრისით _ ტაქტიკური, სტრატეგიული, პროპაგანდისტული თუ ფსიქოლოგიური კუთხით. ქვეყანაში ისედაც სამართლიანობის პრობლემაა და კიდევ უსამართლო გზებით ბრძოლა იქნება ოპოზიციის მხრიდან?! ხელისუფლების შეცვლის საუკეთესო გზა  მხოლოდ სამართლიანი არჩევნებია.
_ ეს მოთხოვნა წლების წინაც არსებობდა. რა გარანტიები არსებობს საიმისოდ, რომ სამართლიანი არჩევნები ამჟამად მაინც ჩატარდება და საზოგადოება ისევ გაბრიყვებული არ დარჩება?
_ წლების წინ  ოპოზიციამ მთელი თავისი ძალების კონსოლიდირება ვერ მოახერხა და შედეგებიც სავალალო მივიღეთ.
საამისოდ ნორმალური საარჩევნო კანონის შემუშავებაა საჭირო. მე მგონია, რომ საუკეთესო გამოსავალი სწორედ სამართლიან არჩევნებზე კონცენტრირებაა, მაგრამ შემდეგ რა სახეს მიიღებს ყოველივე ეს, არავინ იცის. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. კარგი იქნება, თუ ამაში რადიკალური ფრთაც ჩაერთვება, რომელიც აქამდე ან გაურკვეველ მოთხოვნებს აყენებდა, ან საერთოდ არ აყენებდა მოთხოვნებს. მაგალითად, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, ბურჯანაძის ფლანგი რა რევოლუციებისკენ მოუწოდებდა ამ ხალხს, რა მოთხოვნებს აყენებდა, რის მიღწევას აპირებდა. პოლიტიკოსმა, მინიმუმ, თვითონ მაინც უნდა იცოდეს, რა სურს. მე ვერაფრის სურვილი დავინახე ბურჯანაძის ქმედებაში. რაიმე მიზანი რომ ჰქონოდა და იმ მიზნისთვის ებრძოლა, კიდევ მესმის. თუ დააკვირდით, 25-ში ბურჯანაძის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვა «გადადექი» არც კი გაჟღერებულა. საბოლოოდ ბურჯანაძემ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი, მსხვერპლზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ ბურჯანაძე დარბევას არ ელოდა, მიამიტი ყოფილა, თუ ელოდა და მაინც გაწირა ხალხი, ამ შემთხვევაში უპასუხისმგებლო გამოდის. პოლიტიკოსისთვის ორივე დამღუპველია.
გაურკვეველი იყო მეორე რადიკალური ფრთის _ ოქრუაშვილის ქმედებაც. ჩამოვალო, რომ იძახდა, რა ჰქონდა გეგმაში ჩამოსვლის შემდეგ, საერთოდ რა სურდა, რა მოჰყვებოდა ყოველივეს?! ეს თემები დღემდე ბუნდოვანი რჩება.
ასე რომ, დღეს თუ მართლა რაიმეს გაკეთება სურს რადიკალურ ოპოზიციას, კეთილი ინებოს და საარჩევნო კოდექსისთვის ბრძოლაში წვლილი შეიტანოს. ჩვენ ამის შესახებ რადიკალურ ოპოზიციასაც ვესაუბრეთ.
_ რა კონკრეტული გეგმები შეიმუშავეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აიძულებს?
_ კონკრეტულ გეგმებს ჯერ არ ვაცხადებთ. ამჯერადაც მუშაობის პროცესში ვართ. ამ ჯერზე ჩვენი პირველი საზრუნავი ისაა, რომ საზოგადოება კვლავ მობილიზებული გავხადოთ. მათი საპროტესტო ტალღა კვლავ ხელისუფლების წინააღმდეგ წარვმართოთ.
_ ბატონო აკაკი, თქვენ სამართლიანი არჩევნების გზას მიიჩნევთ ალტერნატიულად. პარალელურად 27 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეთ. როგორ გავიგოთ ეს და რა დატვირთვა აქვს ამ აქციას?
_ ეს აქცია შეგნებულად დავამთხვიეთ სოხუმის დაცემის დღეს და უდიდეს დღესასწაულს _ ჯვართამაღლებას, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ ის ხალხი, რომელიც სოხუმის დაცემას შეეწირა. აფხაზეთის პრობლემა დღესაც მოუგვარებელია, ხელისუფლება კი ამისთვის არაფერს აკეთებს. ახსოვს კი საზოგადოებას ამ პრობლემის არსებობა საერთოდ? რაღაც ეჭვი მეპარება.
27 სექტემბერს გამართული აქციით მხოლოდ აფხაზეთის პრობლემები კი არ გავაპროტესტეთ, არამედ ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯები საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, ასევე სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, კულტურული და ა.შ. მიმართულებით. ამით საზოგადოებასა და ხელისუფლებას შევახსენეთ, რომ ჩვენ არ მოვმკვდარვართ და ისევ ბრძოლას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, _ ალტერნატიული გზებით.
_ როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება?
_ ერთადერთი გზა აფხაზეთთან კომპრომისზე წასვლაა, _ უპირობო მოლაპარაკებების დაწყება. სააკაშვილმა თავისი აგრესიული რიტორიკით ამ პრობლემის გამწვავებას შეუწყო ხელი. ზუსტად მისმა ბაქიაობამ მიგვიყვანა რუსეთთან ომამდეც. აგრესია კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ისევ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდოდით. კიდევ კარგი, ბოლო პერიოდში დასავლეთმა სააკაშვილს ყური აუწია, რომ ტონი შეერბილებინა არამარტო აფხაზებთან და ოსებთან, არამედ რუსეთთანაც კი, მაგრამ მას ნდობა იმდენად აქვს დაკარგული, რომ ამ «გარდაქმნით» სასიკეთოდ უკვე არაფერი შეიცვლება.
საქართველომ რაიმე კონსტრუქციული წინადადებები უნდა შესთავაზოს როგორც აფხაზებს, ასევე ოსებს და კონტაქტები გამოძებნოს რუსეთთან.  საერთაშორისო საზოგადება ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დაეთანხმება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
_ ისევ ოპოზიციის თემას დავუბრუნდეთ. როცა ბლოკი «რვიანი» არსებობდა, ირწმუნებოდით, რომ ის ერთი სუბიექტი იყო, თუმცა სრულიად საპირიპირო აღმოჩნდა. დღეს სახეზეა «ექვსიანი», რომელიც საზოგადოებისთვის ერთ მთლიან ნაწილთან ასოცირდება, თქვენ კი, მის ერთ სუბიექტად ჩამოყალიბებას ისევ ვერ ახერხებთ. ამ ფონზე როგორ აპირებთ შეჯერებულ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე?
_ საზოგადოებას არ ჰგონია, რომ ეს მისი პრობლემაა. საზოგადოება რომ ბევრ რამეში ვერ ერკვევა და რა უნდა, რომ არ იცის, იმიტომაც არის კარგად ჩვენი ქვეყნის  საქმე.
ჩვენ «ექვსიანის» ბლოკად ჩამოყალიბების წინააღმდეგი ვართ. ამაზე საუბარი გამორიცხულია. «ექვსიანი» არის მხოლოდ საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში არსებული გაერთიანება. ჯერ სამართლიანი არჩევნებისთვის მიგვაღწევინა და მერე, ვისაც როგორ უნდა, ისე იყოს _ უნდა ცალკე, უნდა ბლოკში. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
_ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია საზოგადოებისგან იმას იღებს, რასაც იმსახურებს?
_ მართალია, საზოგადოება ბევრ რამეში ვერ ერკვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ვეთანხმები. ის, რომ ოპოზიცია მიზანდასახული არ არის და არათანმიმდევრულია, დავა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში მოლაპარაკებებს არამარტო «ექვსიანში», არამედ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც ვაწარმოებდით, ერთიანი აზრის ჩამოყალიბება ვერა და ვერ მოვახერხეთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ზაფხული მართლაც დაიკარგა. ოპოზიციაში კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მიზეზი საკუთარი ამოცანის გაუთვითცნობიერებლობაა. საზოგადოება გადაბრალებებითა და ოპოზიციის ლანძღვა-გინებით არ უნდა იყოს დაკავებული, იგი თავის წილ ნაკლსაც უნდა ამჩნევდეს. ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას.
_ გაეროში სააკაშვილის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
_ სააკაშვილის გამოსვლას რა შეფასება უნდა; დიქტატორი ვარ და ცუდი ბიჭიო, ხომ არ იტყოდა. არა მგონია, მისი გამოსვლა ვინმესთვის მნიშვნელოვანი და შესამჩნევი ყოფილიყო.
პრობლემა ის იყო, რომ დასავლეთის წინა ადმინისტრაცია ორმაგი სტანდარტებით თამაშობდა და სააკაშვილს «დემოკრატიის შუქურას» უწოდებდა. ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციას (რომლისგანაც მსგავს ქმედებას ვერ ვხედავთ) ჭეშმარიტების გაცნობიერება მოუწევს. თუ ის დემოკრატიისთვის იბრძვის, მაშინ ყველგან იბრძოლოს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილს თავად მისცა შენიშვნა, _ შერჩევით პოლიტიკას ნუ აწარმოებო და, ალბათ, იმავე შენიშვნას თავად არ დაიმსახურებს.
დასავლეთი საქართველოს აქამდე რუსეთის გამაღიზიანებელ გოშიად იყენებდა. ახალი ადმინისტრაციის პირობებში კი მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ვიმედოვნებ, შტატები ხალხის აზრს გაითვალისწინებს და სააკაშვილის თავგამოდებული დამცველი არ იქნება. არც ისაა საიდუმლო, რომ მსოფლიო საზოგადოება სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგია. საქართველო მტკივანი კბილი გახდა მსოფლიო პოლიტიკისთვის.
რაც შეეხება ნატოში შესვლას, ეს თემა საერთოდ უნდა მოიხსნას. ილუზიაა ევროკავშირიც. ხალხს საბჭოთა კავშირით აშინებენ; რა დაპყრობაზეა საუბარი, რუსეთს რომ ეს მოესურვებინა, ვინ დააკავებდა?! ყოფილ საბჭოურ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობა სასურველი კი არა, აუცილებელია, ისევე, როგორც დასავლეთთან.
_ სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვით, ბუნებრივია, კანდიდატიც შერჩეული გეყოლებათ…
_ ღვთის წყალობით, საამისოდ ნამდვილად მოიძებნება რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ყველა შემთხვევაში აჯობებენ სააკაშვილს, მაგრამ, ბუნებრივია, ჯერ ამ საკითხს საჯაროდ არ განვიხილავთ. ამაზე საუბარი ნაადრევია. მანამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც მთავარია, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.
_ დამოკიდებულებამ _ ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და ნებისმიერი მოვიდეს მის ნაცვლად _ მძიმე შედეგები გვაწვნია. ამის მიუხედავად, ეს დამოკიდებულება ოპოზიციაში მაინც არსებობს…
_ სამწუხაროდ, ეს ასეა და ამას რადიკალური ფრთა ემხრობა, რაც ჩემთვისაც მიუღებელია.
_ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ადამიანთა უფლებებზე რა შეფასებას გააკეთებთ?
_ საქართველოში ტერმინი «ადამიანთა უფლებები» მაინც არსებობს?! რა შეფასება უნდა გავაკეთო, როცა 40 ათასი პატიმარი გვყავს?! ჯერ კაცს იჭერენ, მერე უყენებენ ბრალს. ჯერ იყო და ფოტოკორესპონდენტები დაიჭირეს, ჯაშუშები არიანო, მერე გამოუშვეს. თუ მათი ლოგიკით, ისინი მართლა ჯაშუშები იყვნენ და 15 წელი უნდა მიესაჯათ, 3 დღეში ერთწლიანი პირობითი სასჯელით როგორღა გამოუშვეს?! სამართალთან ამათ არაფერი ესაქმებათ. კატასტროფული მდგომარეობა ამიტომაც გვაქვს, თორემ 9-მილიონიან აზერბაიჯანში სამჯერ ნაკლები პატიმარი ჰყავთ, ვიდრე აქ, საქართველოში, სადაც 4 მილიონი კაციც  არაა სრულად. ნახევარ საქართველოზე მეტი კი პირობით სასჯელს იხდის. ეს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც შესამჩნევი გახდა.
_ ხელისუფლების შიგნით დაპირისპირებებს თქვენ რა ახსნას უძებნით?
_ სააკაშვილთან ერთად ჩაძირვას არავინ ფიქრობს, ხელისუფლებიდან წამოსვლა არავის სურს, ამიტომ ყველა თავის გადასარჩენად იბრძვის. მაგალითად, უგულავამ თქვა, გაუმჯობესებული მიშაა საჭიროო, ცხადია, საკუთარი თავი იგულისხმა. ეგრეა ყველა. არც გაუმჯობესებული და არც გაუარესებული მიშა საჭირო არ არის. «მიშიზმი» საბოლოდ უნდა დასრულდეს. ვერ ხვდებიან, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულადაც კი განწირულია.
ესაუბრა
ეკა რობაქიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here