Home რუბრიკები საზოგადოება ჯიმი ჯალიაშვილი: საქართველომ უნდა სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

ჯიმი ჯალიაშვილი: საქართველომ უნდა სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

840

GEWORLD.GE:
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯიმი ჯალიაშვილი.
_ ბატონო ჯიმი, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან თვრამეტი წელი სრულდება. ეს კი, ვფიქრობ, საკმარისი დროა გარკვეული დასკვნების გამოსატანად. თქვენი აზრით, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა გზით ვითარდებოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და, წმინდა დიპლომატიური თვალსაზრისით, რა შეფასება შეიძლება მიეცეს იმ მდგომარეობას, რომელიც ამ ეტაპზე გააჩნია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით?

_ საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ამ თემაზე დეტალურად რომ ვისაუბროთ, მერწმუნეთ, ერთი საგაზეთო ინტერვიუ ამას ნამდვილად არ ეყოფა, ამიტომ მკითხველს ამთავითვე ბოდიში მინდა მოვუხადო, თუ კი ჩვენი საუბარი ბოლომდე ამომწურავი არ იქნება. უპირველესად, უნდა ითქვას ის, რომ მთელი ეს თვრამეტწლიანი პერიოდი, დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, თავიდან ბოლომდე მუშაობდა საქართველოს საზიანოდ. არადა, ეს არ იყო თვითდინებაზე მიშვებული პროცესი, არამედ ამ ყველაფრის უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, რომელთა საბედისწერო შეცდომებმაც მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.
ფაქტია, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა შანსი, რომ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაეწყო, ეს შესაძლებლობა მინიმალურადაც კი ვერ გამოიყენა, პირიქით, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, იმის ნაცვლად, რომ წინამორბედის შეცდომებზე ესწავლათ, ზედმიწევნით გაიმეორეს ყველა შეცდომა, რაც, პირველ რიგში, თვითონ აფხაზებისთვის იყო დიდი მოულოდნელობა, იმდენად, რამდენადაც ისინი საქართველოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებს ელოდნენ მათდამი დამოკიდებულებაში, მიდგომაში და მთლიანად საგარეოპოლიტიკურ კურსში, თუმცა ამის ნაცვლად მათ  ასეთი სურათი დაინახეს: ენგურის მოპირდაპირე მხარეს დგანან «პატრიოტი» ქართველები, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ, ზეიმობენ და ამით ცდილობენ, თავი მოაწონონ აფხაზებს. ამას გარდა, მათ, აგრეთვე, დაინახეს, რომ ოფიციალური თბილისი არ აპირებს რაიმე კომპრომისზე წასვლას, რასაც მოწმობდა იმავე სააკაშვილის აგრესიული განცხადებები, _ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსო, და ასევე აგრესიული ტონი მთლიანად ჩვენი ხელისუფლებისა, რაც გამოიხატებოდა გამალებულ შეიარაღებაში. ამ ყველაფერმა ჯამში აფხაზი ხალხი და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ჩვენს ურთიერთობას, უბრალოდ, პერსპექტივა არ ჰქონდა, რის ლოგიკურ შედეგსაც უკვე იმკის კიდეც საქართველო.
დღეს უკვე იმდენად არეულია პოლიტიკური ვითარება და იმდენად არათანმიმდევრულად ვითარდება პროცესები, რომ იმის თქმაც კი მიჭირს, რამდენი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, აფხაზებსა და ოსებს ჩვენ მიმართ რამე ნდობის ნიშანწყალი რომ გაუჩნდეთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და მინდა დიდი გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ ყოველი დღე, ამ პოლიტიკური კურსის პირობებში, საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ აშორებს როგორც აფხაზეთთან, ისე ოსეთთან და ოს ხალხთანაც…
_ რას იტყვით რუსეთის ფაქტორზე, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ერთადერთ დაბრკოლებად მიიჩნევს?
_ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამაოდ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება, დაპირისპირება რუსეთთან წარმოაჩინოს თანამედროვე ცივ ომად, ომად მოსკოვსა და დასავლეთს შორის, ხოლო ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზეთთან და ოსეთთან რკინის ფარდა უწოდოს. ეს აბსურდია, ვინაიდან დღესდღეობით არც დასავლეთია (განსაკუთრებით ევროპა) საქართველოს საკითხით იმდენად დაინტერესებული, რომ ამით რუსეთს რაიმე სერიოზული დიპლომატიური დისკომფორტი შეუქმნას და მითუმეტეს არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც, შესაძლოა, დიდ სახელმწიფოთა შორის რეალურად განხეთქილების ვაშლად იქცეს; ასე რომ, რაც უნდა ამტკიცოს «ნაციონალური მოძრაობის» პროპაგანდისტულმა მანქანამ, ერთადერთი დაბრკოლება რუსეთიაო, რეალობა გვკარნახობს, რომ ჩვენი პრობლემების გასაღები, უწინარესად, აფხაზ ხალხში, მათთან ურთიერთობის დამყარებაში უნდა ვეძებოთ და არა _ კრემლის მესვეურთა დაუსრულებელ ლანძღვა-გინებაში, რამაც ერთხელ უკვე მიგვიყვანა კატასტროფის ზღვარამდე…
_ არ ვიცი, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს შეხედულება, მაგრამ ექსპერტთა გარკვეულ წრეში ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე რეალური წინაპირობა საქართველოს მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარებაა. თქვენი აზრით, რა ლოგიკა შეიძლება იყოს ამ მოსაზრებაში?
_ სხვათა შორის, ეს მოსაზრება რამდენიმე თვის წინათ თავის ერთ-ერთ განცხადებაში მამუკა არეშიძემ გაახმიანა და გახსოვთ, მაშინ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ეს აღიქვა როგორც სიახლე, ანუ როგორც რაღაც ახალი შეხედულება, რომელიც აქამდე არავის აზრადაც არ მოსვლია. არ მინდა, ვინმემ ტრაბახში ჩამომართვას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მამუკა არეშიძემდე ბევრად უფრო ადრეც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ხმამაღლა ამბობდნენ, მათ შორის _ მეც. ამის დასტურია შარშან და შარშანწინ იმავე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუები, რომლებშიც სწორედ იმაზე ვსაუბრობ, რომ საქართველომ უნდა სცნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი…
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რას მოგვცემს ეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, თუკი საქართველო დღის წესრიგში დააყენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს, ამით ჩვენსა და ამ რეგიონებს შორის რეალური პოზიტიური ძვრები დაიწყება. აქ ლაპარაკია არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე, ამ ეტაპზე ამაზე საუბარიც კი ზედმეტია, არამედ პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე, ურთიერთობების დამყარებაზე და, ზოგადად, კონტაქტზე დაპირისპირებულ მხარესთან. რას მოგვცემს ეს? მინიმუმ იმის განსაზღვრას მაინც შევძლებთ, თუ რა გზით უნდა წარიმართოს მომავალში ჩვენი ურთიერთობა და რა პერსპექტივა აქვს საბოლოოდ ამ ყველაფერს, ანუ გაეცემა პასუხი კითხვას, რომელიც დღიდან ტერიტორიების დაკარგვისა გაისმის _ აღდგება თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? ჩემი აზრით, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ვინაიდან, ჩვენ თუ ამას განვსაზღვრავთ, როგორც გითხარით, გვეცოდინება, რას აქვს ამ პროცესში რეალური აზრი და რას _ არა! შესაბამისად, ის დაბნეულობაც და რაღაც ბუნდოვანი დამოკიდებულებაც სოხუმისა და ცხინვალის მიმართ, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, აღარ იქნება…
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ «ვარდოსანთა» «დასავლურ პრინციპულობას», რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, სააკაშვილმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს? ეს ხომ იმ ყველაფრის უარყოფა იქნება, რასაც ამ ხელისუფლების მესვეურები აქამდე ქადაგებდნენ და რისთვისაც ვაშინგტონიდან უხვად ღებულობდნენ ფინანსურ თუ დიპლომატიურ დივიდენდებს?
_ როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ძირეულად უნდა შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი, რათა დავამყაროთ პირდაპირი ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან, ეს თავისთავად გულისხმობს იმასაც, რომ ჯერ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება; ვინაიდან სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირობებში, ჯერ ერთი, შეუძლებელია იმ ნდობის აღდგენა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საბოლოოდ დაიკარგა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მეორეც, ამ ხელისუფლებას, უბრალოდ, სურვილიც კი არ აქვს, რამე კორექტივები შეიტანოს თავის პოლიტიკაში. პირიქით, ბოლო დროს სააკაშვილი სულ უფრო ხშირად აცხადებს ხოლმე ხაზგასმით, ჩვენი არჩევანი პრინციპულია და არჩეული გზიდან არ გადავუხვევთო, რაც პირდაპირ სიგნალია იმავე აფხაზებისა და ოსებისთვის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ დაშვებულ შეცდომებს და ისევ ვრჩებით საშიშროებად განდგომილი რეგიონებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ჯამში ეს ყველაფერი იმაზეც მეტყველებს, რომ საქართველოს დამოკიდებულება სოხუმისა და ცხინვალის მიმართ, იყო და კვლავ არის იმპერიული, ანუ ისეთი, როგორი ურთიერთობებიც მყარდება ხოლმე ცენტრსა და კოლონიას შორის; ეს კი ჩვენთვის არც დიპლომატიურ ასპარეზზე და, მით უფრო, არც კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში არანაირად მომგებიანი პოზიცია არ არის, პირიქით, ეს ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მადისკრედიტებელი მდგომარეობაა და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს უკვე ამის შედეგები ყველასათვის თვალსაჩინოა…
_ ვთქვათ და აღიარა საქართველომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, თქვენი აზრით, როგორ მიიღებს ამას დასავლეთი ან თუნდაც ქართული საზოგადოება?
_ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ხელისუფლება, პირველ რიგში, მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა _ იმ ქვეყნებისა, რომლებმაც, მაქსიმუმ, რაც შეიძლება შენთვის გააკეთონ, მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერაა. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ის ხმამაღალი განცხადებები, რომლებსაც ამერიკელი პოლიტიკოსები აკეთებენ ხოლმე, სხვა არაფერია, გარდა საქართველოს საკითხისადმი ყურადღების დადასტურება, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური ფორმალობაა და არანაირი რეალური შედეგი ამას ვერ მოჰყვება; საქართველოს კი ამაზე გაცილებით უფრო მეტი სჭირდება, ვინაიდან, როგორც საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნე, უახლოეს მომავალში, თუკი ძირეული ცვლილებები არ მოხდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ეს თვრამეტი წელი ხომ სრულ უძრაობაში ვიყავით, კიდევ თვრამეტი წელი შეიძლება არც დასჭირდეს იმას, რომ აფხაზეთი და აფხაზი ხალხი სამუდამოდ დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის საფრთხე, რომელიც დღითიდღე სულ უფრო რეალური ხდება. უბედურება კი ისაა, რომ ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რეალურად რას ნიშნავს ტერიტორიის დაკარგვა იმ მსოფლიოში, სადაც ერთი გოჯი მიწაც კი თავისუფალი არ არის და ამ დროს ყველა სახელმწიფო გამალებით იბრძვის გაფართოებისათვის, რათა უფრო მეტი სივრცე და მოქმედების არეალი მიეცეს განვითარებისთვის…
ესაუბრა
ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here