Home რუბრიკები საზოგადოება 23 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

23 სექტემბრის ინფოდაიჯესტი

მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნაზე ტირანების შიშზე ალაპარაკდა
„თანდათანობით ტირანებს შიში ეუფლებათ, რომ პასუხს აგებენ მათსავე ჩადენილ დანაშაულზე. დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ნაკლებ ტოლერანტობას გამოიჩენენ ეთნიკური წმენდის, თუ ომის დროს ჩადენილი სხვა სახის დანაშაულების მიმართ, რომლებმაც დაღი დაასვა ჩემს ქვეყანას და არა მხოლოდ მას“.

 
მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 66-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა – ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა ისტორიის ყველაზე შემზარავი დანაშაულებისა და კაცობრიობის კონფრონტაციის უნარის გამო, ისევე როგორც ამ დანაშაულების შედეგების დაძლევის საშუალება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  
საქართველოს პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოთა ეპოქის ნოსტალგიით შეპყრობილმა ერთ-ერთმა ლიდერმა საბჭოთა კავშირის დაშლას „მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, რაც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასე ნამდვილად არ ყოფილა.
„11 სექტემბერი მუდამ გვახსენებს, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ რჩება ბრძოლის ველად და ბრძოლა მიმდინარეობს არა რელიგიებსა და ერებს შორის, არამედ ყველა რელიგიის, ყველა ერისა და ყველა კულტურის წიაღში. ბრძოლაა გაჩაღებული მათ შორისაც, ვინც შენებას ცდილობს და მათ შორისაც, ვისაც დანგრევა სურს; მათ შორისაც, ვინც თავისუფლებას ირჩევს და მათ შორისაც, ვინც მის განადგურებას ცდილობს. ეს არის ნიჰილიზმისა და ცივილიზაციის იდეის ბრძოლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საუკეთესო მდგომარეობაში ის სახელმწიფოები აღმოჩდნენ, რომლებმაც მალევე მოახერხეს ევროპის კავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.
პრეზიდენტის განცხადებით, ცალკეული სახელმწიფოები ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებას ისე უყურებენ, როგორც – საფრთხეს. სააკაშვილის თქმით, „ცივი ომი“ 1991 წლის დეკემბერში დასრულდა და მათ არ უნდა ეშინოდეთ დემოკრატი მეზობლების, რომლებსაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება სურთ. პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონში და ბრიუსელში არავითარი ფარული გეგმა და ზრახვები არ არსებობს, რომლებიც მათ სუვერენიტეტს უთხრის ძირს.
„ორი წლის წინათ, ამ ტრიბუნიდან, განვაცხადე: იმისთვის, რომ კომუნისტური წყობა წარსულში დაგვეტოვებინა, მხოლოდ ორი გზა გვქონდა – ვაცლავ ჰაველისა და სლობოდან მილოშევიჩის. ერთი მხრივ, ეს იყო ლიბერალური დემოკრატიისა და ტოლერანტობის გზა, მეორე მხრივ კი, ავტორიტარიზმისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არიან ადამიანები, რომლებსაც შესისხლხორცებული აქვთ თავისუფლება და არიან ადამიანები, რომლებიც აღმართავენ მენტალურ და ფიზიკურ კედლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი: ტანკების ძალით უიარაღო ხალხი ითელება
მიხეილ სააკაშვილი: „ტანკების ძალით ითელება უიარაღო ხალხის – მამაკაცების, ქალების, ბავშვების უფლებები. უფრო მეტიც, ეს ძალები დასცინიან კიდეც საერთაშორისო კანონებს, სიმართლე რომ ითქვას, – თითოეულ ჩვენგანს“.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას  პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი საერთაშორისო სამართლის ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით აქვს ოკუპირებული.
„რა არის საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ მასში არ აისახება ზოგადსაკაცობრიო ნება, სიბრძნე და წესები? მსგავს ცინიზმსა და უხეშობას ჩვენ ვპასუხობთ სამართლიანობის გამოძახილით და შეუპოვარი თავდადებით მშვიდობისათვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ სულ მალე ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე.  რუსეთის ხელმძღვანელობისგან პასუხად იმავე სამშვიდობო ჟესტს ჯერ კიდევ ველით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ დიალოგის ნაცვლად, პასუხად უამრავი ტერორისტული აქტი მიიღო. სააკაშვილის განცხადებით, დამტკიცდა, რომ შეტევების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, უშუალოდ რუსეთის საიდუმლო სამსახურების ოფიცრების მიერ ხდებოდა.
„მობილიზებულ სამხედრო ძალებს საქართველო პასუხობს იმ პროგრამებით, რომლებიც ბავშვებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამით, სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას უქმნის, ასევე ახალი სასტუმროებითა და ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ველოსიპედების გზებით, ახალი ბულვარებით. საქართველო წარსულის მეთოდებს პასუხობს იმით, რომ სამომავლო დაპირებებს ასრულებს – ჯანდაცვის ახალი სისტემა, ასობით ახალი საავადმყოფო, უკურნებელი სენით დაავადებულთათვის გაუმჯობესებული პროგრამები და ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოში საშუალო ფენა არ არსებოს
ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს, ან მცირერიცხოვან საშუალო კლასს შეადგენს. 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ 2011 წლის პირველი ნახევრის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შედის, რომლებშიც  მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს, ან საშუალო კლასია ძალზე მცირერიცხოვანია.
ჯინის კოეფიციენტი, მიმოხილვის ავტორების განმარტებით, საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია. ამ კოეფიციენტს საქართველოს სტატისტიკის სამსახური არ იყენებს. ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება, ხშირად პროცენტის სახით 0-დან 100%-მდე გამოიხატება.
მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8%-ს უდრის, და სომხეთის მაჩვენებლს აჭარბებს. კერძოდ, სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30,2%-ია. ამასთან, რუსეთის კოეფიციენტი  43,7%-ს, ხოლო თურქეთის – 41,2%-ს შეადგენს.
საქართველოს ინდიკატორი, როგორც მიმოხილვის ავტორები აცხადებენ, ლათინური ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ქვეყანაში საშუალო კლასის არარსებობა ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასი.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლიდან დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშის – „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ გამოცემა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ყოველკვარტალურ გამოცემებში წარადგენს. პირველი გამოცემის მთავარი თემა კი, უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტია.
გილაურის მტკიცებით, საქართველოში უმუშევრობა 16,5 პროცენტით შემცირდა
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მტიცებით, 2011 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 16,5 პროცენტით შემცირდა.
როგორც გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უმუშევრობის მაჩვენებელი ამჟამად 15,5 პროცენტს შეადგენს.
„უმუშევრობის დონის შემცირებასთან მიმართებაში პოზიტიური ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა. გასული წლიდან მოყოლებული, საქართველოში უმუშევრობა ეტაპობრივად მცირდება და ეს – იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაცია არცთუ სახარბიელოა. თუ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს ან თუნდაც ევროპულ ქვეყნებს შევადარებთ, საქართველოს სტაბული ეკონომიკური მდგომარეობა თვალსაჩინოა“, – განაცხადა გილაურმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე პატიმრობაში მყოფი ებრაელი ბიზნესმენის მონახულებას ითხოვს
დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პატიმრობაში მყოფი ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის მონახულებას ითხოვს და შესაბამისი ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართავს.
„რონი ფუქსის ინტერესების დამცველმა არჩილ კბილაშვილმა ქსნის #15 დაწესებულებიდან ფუქსის დეტალური ჩანაწერები გამოიტანა, რომელშიც ის ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს. კერძოდ, 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით მასთან ყოველ ღამე შავ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირები შედიოდნენ, ჩხრეკის ჩატარების მოტივით ფუქსს პირით კედლისკენ აყენებდნენ, დედას აგინებდნენ, საწოლზე წყალს უსხამდნენ და სასჯელის ვადის გაზრდითა და მისგან დიდი ოდენობის კოკაინის „ამოღებით“ ემუქრებოდნენ“ – განაცხადა დიმიტრი ლორთიქფანიძემ.
მისივე ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ ფუქსს კბილის აუტანელი ტკივილი აწუხებს, მასთან არ შეჰყავთ სტომატოლოგი, უზღუდავენ გასეირნებისა და სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებას“.
შესაბამისი წერილით ლორთქიფანიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიასაც მიმართა.
ებრაელი ბიზნესმენები გასულ წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს – 6,5, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აქციაზე რეჟისორ ზაზა სვანაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
დღეს კულტურის სამინისტროსთან რეჟისორ ზაზა სვანაძის მიერ გამართულ აქციაზე ინციდენტი მოხდა. რუსული სიმღერების აკრძალვის გასაპროსტებლად სამინისტროსთან მისულ სვანაძესთან მოულოდნელად  ხნიერი მამაკაცი მიიჭრა და სახეში დაარტყა.
რეჟისორმა მოხუცთან  ფიზიკურ დაპირისპირებას თავი აარიდა და გაერიდა. ასაკოვანი  მამაკაცი მას  გამოედევნა,  თუმცა მალევე თავი  დაანება. კულტურის სამინისტროს შესასვლელთან დაბრუნდა, სადაც  აშშ-ს დროშა შემოხვეულმა რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგების სკანდირება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის მიერ რობერტ სტურუას ქსენოფობიურ განცხადებებში დადანაშაულების შემდეგ, რეჟისორმა ზაზა სვანაძემ რესტორნებში  რუსული სიმღერების აკრძალვის გამო ხელისუფლება ქსენოფობიური პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეჟისორმა დღეს პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელთან ერთად კულტურის სამინისტროსთან  აქცია გამართა და ხელისუფლებას რუსულ სიმღერებზე აკრძალვის გაუქმება მოსთხოვა, რადგან, მისი თქმით, ეს ქსენოფობიის გამოვლინებაა.
თავისუფალი დემოკრატები ევროპას ენდობიან
„თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასთან ნდობის აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილემ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული  სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სოლიდარობა გამოუცხადა და ევროსაბჭოს მოუწოდა, ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ნდობის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილების განაჩენი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს გამოუტანა და დაადასტურა ის, რასაც სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე წლების განმავლობაში ამტკიცებდა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, მოსამართლეებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა პირი შეკრეს იმისათვის, რომ ამ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.
„ამით დასტურდება, რომ საქართველოში  შერჩევითი სამართალი არსებობს. გვინდა გამოვუცხადოთ ნდობა ევროსაბჭოს და გამოვთქვათ იმედი, რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან ერთად და მისი დახმარებით გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამართლს ვიზეიმებთ. ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ამ საქმეზე ხელახალი გამოძიებით ჩატარებასთან დაკავშირებით.  ვითხოვთ, ხელახალი ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავების დასჯას. სწორედ ამას მოითხოვს ქართველი ხალხი. სამართალს წინ ვერავინ დაუდგება“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ  გირგვლიანთან ერთად  რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვა, ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეების გამოძიებაც მოხდება.
„ვერავინ ვეღარ გაბედავს ჩვენს შვილებზე ხელის აღმართვას“, _ განაცხადა მან.
ამ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში გირგვლიანის ოჯახის  ინტერესების დამცველის, შალვა შავგულიძის განმარტებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საქმეზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს  და დღევანდელი ნდობის აქცია თბილისში ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან სწორედ ამიტომ იმართება. მანვე იმედი გამოთქვა, ევროპის საბჭოს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამართალი იზეიმებს. შავგულიძის თქმით, აუცილებელია, რომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდეს.
დღევანდელ აქციაში „თავისუფალი დემოკრატების“ გარდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი მოძრაობა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, „გადაარჩინე სიცოცხლე“ და „სამოქალაქო ფრონტი“ .
აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ უფლებადამცველები. აქციის მონაწილეებმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თავიანთი სოლიდარობა ხელმოწერებით დაადასტურეს. შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს გადაეგზავნება.
გაერთიანებულმა პროფკავშირებმა გაეროს წარმომადგენლობასთან მეტალურგთა სოლიდარობის აქცია გამართა
დღეს საქართველოს  გაერთიანებულმა პროფკავშირებმა თბილისში გაეროს ოფისთან მეტალურგთა მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ქუთაისის ქარხანა „ჰერკულესის“ დაკავებული სამი თანამშრომლის გათავისუფლებას და იმ ადამიანების სამსახურში აღდგენას, რომლებიც გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
26 სექტემბერს პროფკავშირები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს, თუმცა ჯერ–ჯერობით არ არის დაზუსტებული რომელი ორგანიზაციის წინ ჩატარდება სოლიდარობის  აქცია.
შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის აქცია გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზებით გუშინ ქარხანა „ჰერკულესის“ მფლობელის,  კომპანია „ევრაზიან სტილის“ ოფისთან დაიწყო. აქციის მონაწილეები „ევრაზიან სტილის“ დირექტორთა საბჭოსგან მეტალურგთა საქმისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვდნენ.
პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ბაკურ კვეზერელის წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა  ფრაქციის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის  მოწვევის  საკითხი დასვა.
დეპუტატი დაინტერესებულია საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის შემოტანისა და გავრცელების კამპანიის დეტალებით. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოლოდინი  სიმინდის უხვ მოსავალთან დაკავშირებით არ გამართლდა, არადა, სააკაშვილი მის ექსპორტირებასაც კი გეგმავდა.
„ რადგან ფერმერებს თესლი დაკრედიტების წესით დაურიგდათ, ახლა მათ თესლის საფასურის გადახდა უწევთ, მოსავალი კი არ არის“,– აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი. იგი პრობლემის მიზეზად ასახელებს იმას, რომ თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საწვავი არ დაარიგა, სარწყავი არხები და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა არ შეაკეთა, ნიადაგისა და კლიმატის თავისებურებები არ გაითვალისწინა.
ცაგარეიშვილის თქმით, კიდევ ერთი  მიშვნელოვანი პრობლემა, რამაც სოფლის მეურნეობას დიდი ზარალი მიაყენა, ამერიკული თეთრი პეპელაა, რომლის წინააღმდეგაც სამინისტრომ რაიმე ეფექტური ღონისძიებების ჩატარება ვერ შეძლო.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტის რეგლამენტის 96–ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ამ საკითხებზე სასაუბროდ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს ფრაქციის უახლოეს სხდომაზე იწვევს, რომლის თარიღიც ამ დღეებში გახდება ცნობილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here