GEWORLD.NET:
ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებამ საზოგადოებისა და ჟურნალისტების უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოთხივე მათგანი გათავისუფლებულია, საზოგადოებაში კამათი არ ცხრება და ზოგიერთი ჯაშუშური ისტერიის გაგრძელებასაც არ გამორიცხავს, თუმცა ასე არ ფიქრობს presage.tv-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი გია იაკობაშვილი. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა და მსგავს სულელურ ნაბიჯებს აღარ გადადგამს. «საქართველო და მსოფლიოს» ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე საკუთარ მოსაზრებებს presage.tv-ის მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი უზიარებს.
– მედიის მიზანი, თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მიღწეულია – დაპატიმრებული ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს, საზოგადოების აზრი კი ორად გაიყო. შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად ხელისუფლება დამარცხდა?
– ფაქტია, რომ ფოტორეპორტიორები თავისუფლები არიან და საზოგადოებამ საბოლოოდ დაინახა ხელისუფლების სრული უსუსურობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და მედიის დაშინება ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტები დამარცხდნენ. ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლება მკვეთრად განსხვავდება შევარდნაძის ხელისუფლებისგან, ჩვენც არსებული ვითარების გათვალისწინებით უნდა ვისაუბროთ.
დღეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, ყოველი მისი დამარცხება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.
– ჟურნალისტები აცხადებენ, რომ, ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მიუხედავად, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და საქმე შუა გზაზე არ უნდა მივატოვოთ. თქვენ როგორ წარმოგიდენიათ ბრძოლის გაგრძელება?
– ჩვენ საზოგადოებას მუდმივად უნდა შევახსენოთ ფოტორეპორტიორების საქმე, ამაზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ და, რაც ამ ბრძოლაში გამოცდილება შევიძინეთ (იყო ეს მედიის პროტესტი პრესის ფურცლებზე თუ საპროტესტო აქციები), კიდევ უფრო უნდა გავამდიდროთ.
სადაც ნიკა გვარამიას გადავეყრებით, უნდა შევახსენოთ, შენ არ ამბობდი, რომ კოკო გამსახურდია აგენტი იყოო, და ვკითხოთ, ახლა რას ფიქრობს? მოუხადა ბოდიში? ყოველთვის უნდა გავახსენოთ ხელისუფლებას, რომ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერები იყვნენ კობა ბექაური და მაია ნადირაძე. ყოველთვის უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ თბილისის პრემიერი ბიძინა ბრეგაძე იყო, ხოლო, ისეთი დახვეწილი ნაძირალა, როგორიც ბესო ჯუღელია, «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ. ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რათა ამ ხელისუფლების სახე არამარტო კარგად დაინახოს, არამედ კარგადაც დაიმახსოვროს. მოვა დრო და ამ ხელისუფლებას განსასჯელის სკამზე დავსვამთ.
ფაქტია, რომ, 8 წელია, ხელისუფლება მედიას უპირისპირდება და, მგონი, უკვე დროა, მედიაც დაუპირისპირდეს. დაბალანსებული ჟურნალისტიკის დრო წავიდა, თუმცა პირადად ჩემთვის ეგ დრო არც არასდროს მოსულა…
დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ: სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს მტერია და მედიამ უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარეს იქნება. დაბალანსებული ჟურნალისტიკა ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ოღონდ არ ვგულისხმობ ტელეკომპანიებს: «რუსთავი 2»-ს, «იმედს», «რეალტივის», ვინაიდან მათ მე საერთოდ მედიადაც არ მივიჩნევ. იმ დროს, როცა რელიგიური საკითხებისა თუ ფოტორეპორტიორების ირგვლივ ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდა, ეს ტელეკომპანიები სატელევიზიო სიუჟეტებს იმით იწყებდნენ, რომ თურმე ევროპაში პლასტიკური ბარათების გამყალბებლები აღმოაჩინეს.
– გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულმა ფოტორეპორტიორებმა გამოძიებას «სხვა ჯაშუშების» შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია და შესაძლოა, მალე «სხვა ჯაშუში» ჟურნალისტებიც დააპატიმრონ. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს დღეს ასეთი საფრთხე?
– თუ დავიჯერებთ, რომ ფოტორეპორტიორებმა ამგვარი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას, მაშინ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ისინი აგენტები არიან. მე კი მათი აგენტობის არ მჯერა და, შესაბამისად, არც იმას დავიჯერებ, რომ მათ გამოძიებას ამგვარი ინფორმაცია მიაწოდეს. ამას გარდა, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ვფიქრობ, ასეთ სულელურ ნაბიჯს აღარ გადადგამს. თუ ვინმე აგენტია, ის მართლაც უნდა დაიჭირონ, მაგრამ ამ შემთხვევამ დაგვანახა, რომ არანაირი ჯაშუშები ეს ფოტორეპორტიორები არ იყვნენ. ახლა მათი საქმეებიც უნდა გადაიხედოს, ვინც აქამდე იყო ჯაშუშობაში ბრალდებული, ვინაიდან მე თუნდაც ვახტანგ მაიასიას ჯაშუშობა არასდროს მჯეროდა.
როდესაც ჯაშუშობის ბრალდებით აპატიმრებს ადამიანებს, ხელისუფლებამ მათი აგენტობის დამადასტურებელი ერთი არგუმენტი მაინც უნდა წარმოადგინოს. თუ გავიხსენებთ იმ ყბადაღებულ დოკუმენტურ ფილმს «ნოემბრიდან-ნოემბრამდე», სადაც ასევე ქართველ ჯაშუშებზე იყო საუბარი, ფილმის გმირები დღეს არათუ დაპატიმრებულები არიან, ერთ-ერთი მათგანი, კოკო გამსახურდია, რაღაც სასაცილო ორგანიზაციაში ელჩადაც დაინიშნა. აგვიხსნან, სად არის აქ ლოგიკა?
– თუმცა საზოგადოებაში აღნიშნული საფრთხის საფუძველს, ალბათ, ისიც ქმნის, რომ ხელისუფლება უკვე ღიად ილაშქრებს მედიის წინააღმდეგ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც აღარ ერიდება. როცა მინისტრი ვაშაძე მედიას «ეგრეთ წოდებულს» უწოდებს, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი «ვაი თქვენს პატრონსო» ეძახის, ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ჟურნალისტების წინააღმდეგ ღია ბრძოლის დასაწყისს?
– პრეზიდენტი არის არაადეკვატური. ვფიქრობ, მას სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება და რატომღაც მგონია, რომ «ნაციონალურ მოძრაობაში» ამაზე იზრუნებენ.
გრიგოლ ვაშაძეს რაც შეეხება, მის იდიოტურ გამონათქვამებზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება და ისიც გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ის რუსეთის მოქალაქე იყო და, თუ გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიას გადავხედავთ, მას ისეთი ნაბიჯები აქვს გადადგმული, რომ ის ან ყოფილი აგენტი უნდა იყოს, ან ახლაც აგენტია. იმედი მაქვს, ეს ხელისუფლება როცა შეიცვლება, ეს საკითხი ადმინისტრაციული ორგანოების მსჯელობის საგანი გახდება.
– თქვენ ხელისუფლების პრობლემებზე ისაუბრეთ. აქვე ისიც ვთქვათ, რა პრობლემები აქვს ქართულ მედიას?
– თუ სტატიებისა და სიუჟეტების ხარისხით ვიმსჯელებთ, დღეს მედიაში არაპროფესიონალიზმის პრობლემაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გული შემტკივა. ასევე პრობლემაა მედიასაშუალებებისთვის პოზიციის არქონა, საკუთარი პროფესიისადმი ერთგულების საკითხი. ჟურნალისტების 90% ოცნებობს, სადმე პრესსამსახურში გადაბარგდეს. განსაკუთრებული პრობლემაა ჟურნალისტების ერთიანობაც, რასაც, რა თქმა უნდა, გამომცემელთა განსხვავებული პოზიციები წარმოშობს. გამომცემელთა უმრავლესობისთვის მედია ჯერ ბიზნესია და მერე სხვა რამ. ამიტომ სოციალურ პასუხისმგებლობას ხშირ შემთხვევაში საერთოდ უგულებელყოფენ, ეს კი მედიასაშუალებებს გარკვეულ ქცევის წესებს კარნახობს.
– როდესაც მედიის პრობლემებზე ვსაუბრობთ, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს პრობლემად ის მიაჩნია, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა ინგლისური არ იციან, ქართული ენის არცოდნასა და მედიაში არსებულ სხვა პრობლემებს კი ვერ ხედავს?
– ეს არის პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ცინიზმი, სხვა არაფერი. ახლოვდება აგვისტოს ომის სამი წლისთავი, ის დღე, როცა ქართველმა ხალხმა რუსთაველზე, დამარცხებულ ომში გამარჯვების დღე იზეიმა. ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტი ფიქრობს, რასაც მინდა, იმას ვიზამ და ვიტყვიო, რადგან ბევრჯერ შერჩა.
– ხელისუფლებამ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად სატელევიზიო ანძა წარადგინა, რამაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის?
– ბუნებრივია, საფრთხეს შეიცავს, რადგან უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მედიასაშუალების გათიშვა შეუძლიათ.
– ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის «ექვსიანმა», მართალია, დაპირებული «ცხელი პოლიტიკური გაზაფხული» ვერ აგვისრულა, მაგრამ ამჯერად «ცხელ შემდგომას» დაგვპირდა. როგორია თქვენი, როგორც ჟურნალისტის, პოლიტიკური პროგნოზი?
– საქართველო უცნაური ქვეყანაა. აქ ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ «ექვსიანმა» იჩქარა, როდესაც «ცხელ ზაფხულს» დაგვპირდა, მაგრამ ფაქტია, რომ მარტო «ექვსიანი» და პოლიტიკოსები ვერაფერს მიაღწევენ, საზოგადოება თუ არ გააქტიურდა.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი