Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი კვარაცხელია: ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია სააკაშვილის აქ ყოფნა, მანამდე მას...

ვალერი კვარაცხელია: ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია სააკაშვილის აქ ყოფნა, მანამდე მას რევოლუციებით ვერაფერს დავაკლებთ

921

GEWORLD.NET:
ჯავშნოსანი პოტიომკინი, უფრო ზუსტად, «თავადი პოტიომკინ ტავრიჩესკი», საბრძოლო ხომალდი, რომლის მეზღვაურები რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის დროს აჯანყდნენ. ლეგენდარული მარტოსული ან თვითკმარი რევოლუციური აქტი იმპერიის შეიარაღებულ ძალებში, რომლის მთავარ ანძაზე 11 დღის განმავლობაში ფრიალებდა თავისუფლების წითელი დროშა. მხოლოდ ამ, სხვა ხომალდების მიერ მხარდაუჭერელმა საბრძოლო ერთეულმა, გაბედა, აღმდგარიყო ცარიზმის წინააღმდეგ. გმირობა – გამონაკლისი. ძალა, რა თქმა უნდა, ერთობაშია, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ერთეულის მაგალითი განსაკუთრებული ძალის მუხტია, საზოგადოებრივი კატაკლიზმების ჟამს. «პოტიომკინი» რუმინეთის ხელისუფლებას ჩაბარდა ისე, რომ რუსეთის იმპერიის წინაშე ქედი არ მოუდრეკია. რომანტიკული თავზეხელაღებულობისა და იდეის ერთგულების ეს უნიკალური ისტორიული მაგალითი მახსენდება პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერთან, ცნობილ ჟურნალისტთან და პუბლიცისტთან – ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუს ჩამოსართმევად მიმავალს. ამ პიროვნების მოღვაწეობის თავისებურება, ჩემი აზრით, «პოტიომკინთან» პარალელის გავლების უფლებას იძლევა.

– ხომ არ ვცდები, ბატონო ვალერი?
– ჯავშნოსანი «პოტიომკინი» – ეს ძალიან მაღალი შეფასებაა. თუ არ ვცდები, ამ ხომალდს მოგვიანებით სახელი შეუცვალეს და თავისუფლებისთვის მებრძოლი («ბორეც ზა სვობოდუ») უწოდეს. ჩვენც პოტიომკინივით პირველები და მარტონი ვიყავით… სალაპარაკო ბევრია. ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ და სირთულის ერთი უმთავრესი მახასიათებელი ისაა, რომ სიმართლე დავკარგეთ. ყველამ ჩვენ ჩვენი სიმართლის პოვნა მოვინდომეთ და მთავარ ხაზს, გეზს ავცდით, ღირებულებების იერარქია აგვერია, სამშობლო აღარავის ახსოვს, მომრავლდნენ ყვარყვარეები, მედროვენი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწორედ ახლა შეუძლიათ კარგ მატერიალურ ცხოვრებას გამოჰკრან ხელი. გამოჰკრა კიდეც ხელი ძალიან ბევრმა. აივსო ქვეყანა პოლიტიკური ნაგვით როგორც ხელისუფლებაში, ისე ე. წ. ოპოზიციაში. მიდის შეჯიბრი, სათავისოდ ვინ მეტის მიღებას მოახერხებს. სამშობლო, ქვეყნის ბედი და ჩვენი შვილების მომავალი მეორეხარისხოვანი და, ხშირ შემთხვევაში, დასაცინი გახდა.
თუ სწორად იქნება გაგებული თქვენი მოხმობილი ალეგორია, მართლა არ გვიღალატია მრწამსისთვის. მარტო არ ვყოფილვარ: მე და ვახტანგ გოგუაძე ხელიხელჩაკიდებულნი მოვდიოდით და სიმართლე იყო ჩვენს მხარეს.
– თავიდან ისე ჩანდა, რომ იყავით ორი პიროვნება, განდეგილებივით. როგორ მოხდა პარტიად თქვენი ტრანსფორმაცია?
– თავიდანვე მართლაც პიროვნების დონეზე იყო ეს ყველაფერი. შემდეგ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრი დავარქვით. ვცდილობდით, რომ ამ მიმართულებით რაღაც საყრდენი წერტილი არსებულიყო ქვეყანაში.
ქვეყანა დაგვენგრა იმიტომ, რომ ისტორიული ორბიტიდან მოვწყდით, ჩვენი განვითარების მთავარ ხაზს ვუგანეთ – ერეკლედან და ერეკლემდე, თამარის ეპოქიდან მოყოლებულს, და სხვა ორბიტაზე გადასროლილი აღმოვჩნდით. ზოგს ჰგონია, რომ ესაა ისტორიული სამართლიანობა, მაგრამ რეალობა საწინააღმდეგო აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ სამ ნაწილად დაშლილი საქართველო, ბოლომდე განადგურებული ეკონომიკა და სოციალური რეალობა, მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი საზღვარგარეთაა გაქცეული ლუკმაპურის საშოვნელად, და სრული უპერსპექტივობა.
ჩვენ მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას ხელი უნდა შეეწყო იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კონფრონტაციის გზით კი არ წარმართულიყო, არამედ – ინტერესთა ჰარმონიზების მიმართულებით.
მაგრამ ერთ მხარესთან – რუსეთთან ინტერესთა ჰარმონიზებას არ უნდა გამოეწვია მეორე მხარესთან დაპირისპირება. ესაა, ჩვენი აზრით, ნეიტრალიტეტი. ჩვენ უარს ვამბობთ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრებაზე, ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს, რითაც სულ უფრო მაღლდება ჩვენი სუვერენიტეტის ხარისხი, გვარდება რუსეთთან ურთიერთობა, არ ვუპირისპირდებით დასავლეთ სამყაროს.
მოგვიანებით დავაფუძნეთ პარტია «ნეიტრალური საქართველო». დღემდე ვარსებობთ, მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, როცა ფინანსების გარეშე ეფექტიან პოლიტიკურ მუშაობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ჩვენი მიმართულების დამფინანსებელი ადამიანი კი განსაკუთრებით ძნელი მოსაძებნია. ასეა იმიტომ, რომ ეს მიმართულება საქართველოს ხელისუფალთა მიერ პრორუსულ მიმართულებასთან არის გაიგივებული, აქედან გამომდინარე ყველა უბედურებით.
გავუძელით. ამ კუთხით ჩვენი შედარება ჯავშნოსან «პოტიომკინთან» შეიძლება სწორიც არის. პრაქტიკულად გავწირეთ თავი, ოჯახები, ჩვენი საზოგადოებრივი  მდგომარეობა და ა.შ.
– თქვენ რაც თქვით, ნიშნავს ეს ორიენტაციას რუსეთზე თუ ორიენტაციას საქართველოს მომავალზე?
– რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალზე, უწინარეს ყოვლისა!
საქართველო არსებობს ამ ცოდვილ დედამიწაზე სხვა სახელმწიფოებთან ერთად. მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შევძლებთ ჩვენის გატანას? ვერა, რადგან ამას უდიდესი სახელმწიფოებიც ვერ ახერხებენ: რუსეთი ითვალისწინებს აშშ-ის ინტერესებს და პირიქით, ამერიკა – რუსეთისას.
ხშირად მსმენია ასეთი მსჯელობა: ჩვენ შევალთ თუ არა ნატოში, რუსეთს ვინ ეკითხება? ნუ კითხავ რუსეთს, მაგრამ, თუ მოხდა ასეთი სასწაული, ხომ შეეხება მის ინტერესებს? უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლა რომ არ ჩაშლილიყო, ეს ნიშნავდა ნატოს რკალში რუსეთის მოქცევას, სოჭის მისადგომებამდე ჩრდილოატლანტიკური შეიარაღების მოტანას. რუსეთი ამას, ბუნებრივია, არ მიესალმებოდა და არც დაუშვებდა. ჩვენ არ გვაქვს ძალის პოზიციიდან ლაპარაკის შესაძლებლობა. 2008 წლის აგვისტომ ამაში უტყუარად დაგვარწმუნა…
– თუ შეიძლება, აგვისტოს ომის თქვენეული შეფასება…
– ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ამა თუ იმ რეგიონის სეპარატისტული გამოხდომის თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთის უფლება, მაგრამ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს მოსახლეობის უაზრო სისხლისღვრაში ჩათრევის უფლება. ცხინვალში სააკაშვილის შეჭრა იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოჰყვებოდა საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება. ამ უგუნურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ის შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რომელიც მოჰყვა: ერთის მხრივ, უზარმაზარი მსხვერპლი, მეორეს მხრივ კი, ფაქტობრივად დაკარგულის იურიდიულად დაკარგვა. ასეთია იმ ტრაგიკული მოვლენის ჩემეული შეფასება, რომელიც, სხვათა შორის, ემთხვევა ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნას… საბოლოო ჯამში, ესაა რუსეთთან კონფრონტაციის სავალალო შედეგი. არ დააყოვნებს კიდევ უფრო მძიმე შედეგიც, ამ ქვეყანასთან ურთიერთობას რადიკალურად თუ არ შევცვლით. რუსეთთან ერთად ჩვენ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო უამრავი პროექტის განხორციელება შეგვიძლია…
– დავაზუსტოთ, თუ შეიძლება: საქართველოსთვის რუსეთთან ერთად, მაგრამ ამერიკის წინააღმდეგ?
– არავითარ შემთხვევაში. ნეიტრალიტეტი არ შეიძლება ვინმესთან დაპირისპირებას ნიშნავდეს. რაც შეეხება რუსეთს, ფორმულა გვაქვს ასეთი: რუსეთთან მტრობას რუსეთთან მეგობრობა სჯობს! არც ერთი ჭკუათმყოფელი, დარწმუნებული ვარ, არ შეგვეკამათება.
– შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მეგობრობა ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მოხდა, და როგორი ვითარებაც ჩვენ შორისაა ჩამოყალიბებული დღეს?
– ხელისუფლებას რომ ჰკითხოთ, არაა შესაძლებელი. ოპოზიციის დიდი ნაწილიც ამასვე გვიმეორებს. ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლებელია. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთთან პარტნიორობისა და მეგობრობის ამოუწურავი რესურსი არსებობს, თუ მივაგნებთ და სწორად გამოვიყენებთ.
სადავო არ უნდა იყოს, რომ რუსეთს ხელს აძლევს, თავის სამხრეთ საზღვართან ჰყავდეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა. ეს მის ინტერესებშია. ოღონდ რუსეთის მიმართ უნდა იყო კეთილად, პარტნიორულად განწყობილი, სათანამშრომლო მზაობით.
მაგრამ, როცა ვართ ინსტრუმენტი ვიღაცის ხელში, მუდმივად რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი, მის გასაღიზიანებლად, მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის საწარმოებლად, რა თქმა უნდა, საპასუხო ქმედებაც ადეკვატური იქნება.
– თქვენ გჯერათ პუტინის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის მიზეზთა-მიზეზი პირადად სააკაშვილია, რომ უიმისოდ ქართველ ხალხთან ყველა პრობლემის გადაწყვეტაა შესაძლებელი?
– პრობლემა სააკაშვილის პერსონა კი არ არის, ის პოლიტიკაა, რომელსაც ამერიკელები მისი ხელით აქ ახორციელებენ.
თუ ჩვენ რუსეთთან მტრობის პოლიტიკას ვარჩევთ, რა თქმა უნდა, ისიც გვმტრობს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ასი პროცენტით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელში შეგვრჩება არა მარტო სამ ნაწილად დაშლილი საქართველო, არამედ – უფრო მეტად დანაწევრებული. ამის პერსპექტივა რეალურად არსებობს. გაშიფვრის აუცილებლობას ვერ ვხედავ, ისედაც ყველასთვის ნათელია.
– პირდაპირ თქვით: სანამ სააკაშვილი საქართველოს სათავეშია, ეს დამოკლეს მახვილი მუდმივად ეკიდება ჩვენს თავზე? თუ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ამის თქმის უფლებას არ გაძლევთ?
– არა, რატომ?! ნეიტრალიტეტის პოლიტიკა არაფრით მზღუდავს… დამოკლეს მახვილი ე. წ. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც დარჩება ჩვენს თავზე ჩამოკიდებული, რადგან ისინიც იქიდან იმართებიან, საიდანაც ხელისუფლება. მახვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება ჩვენს თავზე, როცა ჩვენ დასავლური მირაჟის ტყვეობიდან გავთავისუფლდებით და მტკიცედ დავმკვიდრდებით იმ გეოპოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც ვეკუთვნით.
– თქვენ, როგორც ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ვინც თქვენი «პირისპირით» ზეობდით საქართველოს ტელევიზიაში, როგორ ფიქრობთ, დიქტატურა გარდაუვალია? შეძლებს ოპოზიცია ამ საშიშროების ნეიტრალიზებას?
– ჩვენი უმთავრესი საშიშროება დიქტატურა კი არ არის, საქართველოს ნგრევაა. დემოკრატიას, რომელიც სამშობლოს მინგრევს, დიდად მირჩევნია დიქტატურა, რომელიც სამშობლოს გადამირჩენს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ უარესთა შორის უარესი ავირჩიეთ – დიქტატურა, რომელმაც სამშობლო დაგვინგრია!
– ქართული ენის სიწმინდის დაცვაზეც შეგეკითხებით…
– ეს არის ერთ-ერთი უმტკივნეულესი საკითხი. მე მგონი, ეს არის ის მღვრიე სათავე, საიდანაც იწყება ქვეყნის რღვევა, მისი გაუბედურება და მისი ზნეობრიობისთვის ძირის გამოთხრა. საყოველთაოდ ცნობილ საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რეალობაა ასეთი და უნდა ვილაპარაკოთ!
არადემოკრატიული (კომუნისტური) ეპოქის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, პრესა და ტელევიზია, ენის თვალსაზრისით, განა შეიძლება შევადაროთ იმას, რაც დღეს გვაქვს?!
იყო ის მასმედია არადემოკრატიული, მაგრამ საქართველოსთვის მზრუნველი და ქართული ენის სიწმინდის ხმალამოღებული დამცველი იყო. ენობრივი ლაფსუსები თუნდაც იმდროინდელ ტელევიზიაში სპეციალური რეცენზირებისა და განხილვის საგანი ხდებოდა.
დღეს ამის გაკეთება აზრადაც არავის მოსდის. პირიქით, დღეს წახალისებული და ნებადართულია ენის წარყვნა, მიზანმიმართულად მიდის ქართული ენისთვის საფუძვლის გამოცლა. ახლა ისიც კი დაგვიწესეს, რომ ბავშვი «აი ია»-სთან ერთად, პარალელურად, ინგლისურს უნდა დაეუფლოს. ეს ენის დანგრევაცაა და ეროვნული ფსიქიკის თავიდანვე მოშლაც.
არავინ იფიქროს, რომ ან ინგლისურს, ან რომელიმე სხვა ენას ვებრძვი. მთელი ჩემი ცხოვრება სიტყვასთან და კალამთან ვარ დაკავშირებული და შეუძლებელია შექსპირის ენის წინააღმდეგ გამოვდიოდე…
– მაგრამ არც ის გვინდა, რომ «ძაღლის ენის» დონემდე დაგვიყვანონ ქართული.
– აბსოლუტურად გეთანხმებით. როცა სხვა ენა წალეკვით ემუქრება ჩემს მშობლიურს, ნურავის გაუკვირდება, მის დასაცავად უკომპრომისოდ თუ ვიბრძოლებ. არ მინდა, რომ მომავალმა თაობამ «ვეფხისტყაოსანი» ორიგინალში ვერ წაიკითხოს.
– არადა, აქეთ მივდივართ.
– ქართული ენისადმი ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენი ხელისუფლება იჩენს, პირდაპირ გეტყვით, უხამსობა, უვიცობა და სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედებაა.
როცა ილიასეული ტრიადის – მამული, ენა, სარწმუნოების რევიზიას ჩვენ თვალწინ იწყებენ, ის ფაქტი, რომ ვიღაც ვერაგულად, ფარისევლურად ენის დაცვაზე წამოიკნავლებს ან მართლმადიდებლობის დასაცავად ორ სიტყვას იტყვის, ანტიქრისტეს მოსვლას ჰგავს, ქრისტეს სახით რომ გამოგვეცხადება.
ვაშენებთ ეკლესიებს და…ეკლესიური სული ხელიდან გვეცლება!
ვაშენებთ ვითომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს და… საქართველო ხელიდან გვეცლება! ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. თქვენს მკითხველებს შევახსენებ ბჟეზინსკის ფორმულას – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენთვის ნომერ პირველი სამიზნე არის მართლმადიდებლობა.
მართლმადიდებლობა იდენტიფიცირებულია სამართლიანობასთან, სხვათა შორის, – სოციალისტურ სამართლიანობასთან. ამიტომ ეს იდეოლოგიური მოწინააღმდეგე არ უნდა არსებობდესო.
მართლმადიდებლობა, ბჟეზინსკების თვალთახედვით, იდენტიფიცირებულია რუსეთთან, უდიდეს მართლმადიდებელ სახელმწიფოსთან, რომელსაც, სულიერებას თუ გამოაცლი, შემდეგ ადვილად დაშლი კიდეც, მის წიაღისეულ, ბუნებრივ სიმდიდრეებს იოლად ჩაიგდებ ხელში. ამას ვეწირებით ჩვენ, თორემ მათი სამიზნე, პირველ რიგში, რუსული მართლმადიდებლობაა.
მაგრამ ჩვენ მოვყევით ამ ორბიტაში.
– მარტო გლობალური «წისქვილის ქვები» კი არ შლის და აქუცმაცებს ქართულ ცნობიერებას, – ჩვენი შინაური პრიმიტიული პოლიტიკაც: აქეთ თბილისს უკარგავენ დედაქალაქის ფუნქციას, იქით ბათუმს აღაზევებენ, ტურისტების მომსახურებას გვისახავენ პირველ საქმედ, მეცნიერებას ყურადღების ღირსად არ მიიჩნევენ, ისტორიული მეხსიერება წასაშლელია და ა.შ. ესე იგი, მიზანმიმართულად გვინგრევენ იმ წარმოდგენებს, რასაც ჩვენი ეროვნულობა ეფუძნებოდა. არის ეს ერთი კაცის ახირება? ვკითხულობ მიამიტურად…
– ყველას კარგად ესმის, რომ ასე არ არის, მაგრამ არც უამისობაა.
ეს არის დიდი პოლიტიკის დეტალები. ხოლო ერთი კაცი ამ პოლიტიკის შეიძლება კარგი შემსრულებელი იყოს ან – ნაკლებად კარგი.
სააკაშვილი კარგი შემსრულებელი აღმოჩნდა.
როცა ჩვენი ოპოზიცია ამ პერსონას რადიკალურად უპირისპირდება, ეს გამოსავალი არ არის. ვიმეორებ: გვარების ჩანაცვლება შედეგს ვერ გამოიღებს.
– ესე იგი, მოწოდება «სააკაშვილის გარეშე!» უშედეგოა?
– იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ვაცნობიერებთ, თუ საიდან მოდიან სააკაშვილები, უშედეგოა. რად უნდა თქმა, რომ სააკაშვილი აბსოლუტური ზომბი და ყურმოჭრილი მონაა ამერიკული დირექტივებისა. მას აბსოლუტურად არ აინტერესებს საქართველოს მომავალი. ასეთი კაცი სჭირდებოდათ და ამიტომ  ჩაანაცვლეს სააკაშვილით შევარდნაძე.
– ამერიკას სჭირდებოდა და დასვა. ჩვენ გვჭირდებოდა? რატომ დავსვით, თითქმის ერთხმად?
– ამ შეკითხვაში ჩანს ცოტა გაზვიადებული წარმოდგენა ხალხის შესაძლებლობაზე, საზოგადოების შესაძლებლობაზე.
ისეთი ტექნოლოგიები აქვთ მათ, უწინარესად, ქართული მედიასაშუალებანი (ცალკეულის გარდა) ისე აქვთ უზურპირებული, რომ უდიდესი გავლენის მოპოვება შეუძლიათ.  რეალურად, არავითარი ქართული მასმედია არ არსებობს. არსებობს ამერიკულ მედიასაშუალებათა ფილიალი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად თავისი პროგრამით მუშაობს. მათ შექმნეს ვირტუალური საქართველო და ყოველდღე გვაყურებინებენ, როგორ ვშენდებით და ვმშვენდებით და რა ბედნიერები ვართ… როცა ასეთი ძალა გააჩნია იმას, ვინც მოდის, იგი თავისუფლად მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, პირდაპირ და უხეშად ერევა არჩევნების შედეგებში.
ჩემი დაკვირვებით, ამერიკელები ხუთი კომპონენტით მუშაობენ ყველგან, სადაც შედიან – ან თოფით და ბომბით, როგორც ერაყში, ავღანეთში, ადრე – სხვაგან და სხვაგან, ან მეგობრის იმიჯით და დემოკრატიის დროშით, ფინანსებით და ა.შ., როგორც ჩვენთან არიან შემოსულები: მოჰყავთ თავიანთი ხელისუფლება, მოჰყავთ თავიანთი ოპოზიცია (ნამდვილი რომ არ გაჩნდეს სადმე), მოაქვთ თავიანთი მედიასაშუალებანი, თავიანთი არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეცსამსახურები.
აი, ასეთი თაიგულია.
არ მინდა რამე წამომცდეს, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ: ქართველი ხალხი არ იყო მზად იმისთვის, რომ თვითონ გადაეწყვიტა თავისი ბედი.
ჯერ რუსეთის იმპერია წყვეტდა, როგორ უნდა ეცხოვრა საქართველოს, შემდეგ – საბჭოთა იმპერია, უფრო ადრინდელ ისტორიაზე არაფერი რომ არ ვთქვათ.
ამას მიჩვეული ადამიანები ვერ გავუძლებდით ფსიქიკაზე იმ ფორსირებულ შემოტევას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით და ავირჩევდით სწორედ იმას, ვისაც შემოგვთავაზებდნენ.
სამი პრეზიდენტი ავირჩიეთ და სამივე შემთხვევაში ასე მოხდა. ჩვენ ხომ გვგონია, რომ ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ? სინამდვილეში ჩვენ მისი კანდიდატურა გარედან მოგვახვიეს თავს დასავლეთმაც და საბჭოთა კავშირმაც. ქართველმა ხალხმა რა გააკეთა? – 87 პროცენტით აირჩია. სწორად მოიქცა, რადგან იმ დამუხტულ ველში ქართველი კაცი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
– ესე იგი, ეროვნული მოძრაობის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ?
– დღეს ჩვეენი ქვეყანა ჰგავს იმ ქვეყანას, სადაც ოცი წლის წინ ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა? არა, რა თქმა უნდა! აქ გაიმარჯვა «ცრუ»-ს პროექტმა, მაგრამ გამსახურდიამ ის მაინც გააკეთა, რომ არ მიიღო ამერიკული დირექტივები. ეს მისი პირადი ვაჟკაცობა იყო. მაგრამ ამას შეეწირა საქართველო: ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, ამას მოჰყვა მისი დამხობა და სიკვდილი. ზვიად გამსახურდია თვითონ ამბობდა რადიო «თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში: «საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების დირექტივით, ბუშის ლოცვა-კურთხევითა და სახელმწიფო მდივან ბეიკერის უშუალო მონაწილეობით». სწორი იყო.
მაგრამ ეს ყველაფერი დაბრალდა რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთში იყო შტატების მარიონეტი ხელისუფლება. იდეა იყო ამერიკული, ავტომატი – რუსული.
შემდეგ კვლავ ამერიკის ხელდასმით მოვიდა ედუარდ შევარდნაძე.
ასე მოვიდა ახალი ხელისუფალიც.
ასე რომ, ქართველი ხალხის ნების გატეხვას ამ შემთხვევაში დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა.
ახლა, მე ვფიქრობ, ოცწლიანი ტრაგიკული, სისხლიანი და ცრემლიანი გზის გავლის შემდეგ, დადგა ის დრო, როცა ქართველ ხალხს მოუწევს დაირაზმოს და, თუ მოახერხებს იმ მასშტაბის პროტესტით არჩევნებში მისვლას, რომლითაც თავის დროზე ხმა მისცა სამ პრეზიდენტს, მაშინ ასეთი შედეგების გამყალბებელი ძალა საქართველოში ვერ იარსებებს.
– მოახერხებს ამას?
– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ვერანაირი რევოლუცია, ვერანაირი სახალხო აჯანყება, მღელვარება, ახლო მომავალში სააკაშვილის ხელისუფლებას ძვრას ვერ უზამს. ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია მისი აქ ყოფნა, მანამდე მას რევოლუციებით ვერაფერს დავაკლებთ. «ცრუ»-ს, «ფბრ»-სა და პენტაგონს ძალას ვერ დავუპირისპირებთ.
ასი ათასობით ადამიანის გამოსვლაც გვინახავს, საპროტესტო დემონსტრაციების დაფანტვაც და დარბევის გამართლებაც – კი იყო ძალის გადამეტება, მაგრამ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით მიდისო.
– ხალხი რომ ცოტა დაბნეულია იმ კითხვით, რომელიც შემოგვიგდეს: მიშა არა, მაშ, – ვინ? ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის მაღალპროცენტიან დარაზმულობას.
– შემოგდებული შეკითხვაა. დავანებოთ თავი გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა – ძეზე, შვილზე ან იაზე დამთავრებულ გვარს. ჩვენ რეალობა უნდა შევცვალოთ. ამ შეცვლის გზა კი ასე გვაქვს ჩამოყალიბებული: ნეიტრალური სახელმწიფოს მშენებლობა, ამის შეთავაზება მსოფლიოსთვის არ არის ადვილი: დღეს რომ გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, ხვალ არ გვაღიარებენ. მაგრამ ეს გზა არ არის უფრო რთული, ვიდრე ნატოს წევრობა ჩვენთვის. ნატოს წევრი ვერ გავხდით, მაგრამ ნეიტრალური სახელმწიფო გავხდებით!
ცალმხრივი მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით რეალურად არც არის დასავლეთისკენ მოძრაობა. ჩვენ რუსეთის მტრად უფრო ვიქეცით, ვიდრე – დასავლეთის პარტნიორად.
ამიტომ უნდა შევცვალოთ არა პერსონა, არამედ ვითარება.
რუსეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენგან მოითხოვოს ის, რასაც ამერიკა ითხოვს, ანუ არ მოითხოვს, რომ ჩვენ გავხდეთ აშშ-ის მტერი.
ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პროვოკატორები სჭირდება, პროვოკატორის ფუნქცია ჩვენ დაგვაკისრეს.
– ამასვე ამტკიცებს ცნობილი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭიაც.
– ალექსანდრე ჭაჭია ჭკვიანი კაცია, პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსია და, რაც მთავარია, პატრიოტია. მას ძალიან კარგი კავშირები აქვს არა მარტო რუსეთში, მაგრამ მისი პოტენციალი გამოუყენებელი რჩება, ვინაიდან ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელია მისი პატრიოტიზმი.
– ხვალინდელ დღეზე რას იტყვით, ბატონო ვალერი?
– ძნელია ძალიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააცნობიერებს ქართველი ხალხი იმას, რაც მოხდა, რაც გვემართება, საით მივდივართ და რა არის აუცილებლად შესაცვლელი. ამიტომ ყველამ, ვისაც სიტყვა გვეთქმის, უნდა დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ამის გაცნობიერებაშია.
თუ ასე მოხდება, მაშინ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი თვითონ მოახერხებს შეცვალოს არსებული დამანგრეველი მდგომარეობა.
ამის პოტენციალი მას აქვს. ეს მისი გადასაწყვეტია და არა – ცხინვალიდან შემოსული ოქრუაშვილის ან მის მიერ გამოგზავნილი ტანკების.
უნდა დავდგეთ საარჩევნო ყუთებთან და ვთქვათ, რომ ხმას არ ვაძლევთ მატყუარა ოპოზიციას. ხმას ან ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ გზას – საქართველოს დაშლისკენ მიმავალ გზას ვაძლევთ, ან მის ერთადერთ ალტერნატივას – «ნეიტრალურ საქართველოს», ანუ იმ ძალას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური აღორძინების რეალურ პროგრამას გვთავაზობს!
ესაუბრა არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ეს სიმართლე 25 წლის წინ უნდა გამოგეყენებინათ ბ-ნო ვალერ და ეროვნული ხელისუფლება არ უნდა დაგემხოთ ამერიკული დირექტივით აშკარად პრორუსულს ძალებს, რასაც იურიდიულ-ფიზიკურად ტერიტორიების დაშლა და დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა… გეგონათ გამსახურდიას განადგურებით ღვაწლი დაგიფასდებოდათ, მაგრამ კრემლი უკვე გაყიდული შეგრჩათ ხელში და შესაბამისად დარჩით შიმშილისა და უშუქობის ამარა… ეს თქვენი დიდი შეცდომა იყო, რასაც ამ სტატიაში ვკითხულობთ ახლა, ისღა დაგვრჩენია მოგიწოდოთ, როგორც დაამხეთ ისევე აღადგინეთ, თორემ ნეიტრალიტეტი საქართველოს მხოლოდ დაამშვენებს და მოუხდება, რა თქმა უნდა თუ ისევ რუსს არ გაუფენთ წითელ ხალიჩებს საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here