Home რუბრიკები ისტორია სიცრუის ფასი და ევროპული ორპირობა

სიცრუის ფასი და ევროპული ორპირობა

878

“არავინ ისე არ არის დაბრმავებული, როგორც ის, ვისაც არ სურს, დაინახოს”
ინგლისური ანდაზა
ნაწილი IV. “ადამიანური” მტრები
სსრკ სახკომსაბჭოს მიერ 1941 წლის 1 ივლისს დამტკიცებული “დებულებით სამხედრო ტყვების შესახებ” აკრძალული იყო ტყვეების შეურაცხყოფა, სასტიკი მოპყრობა, იძულება, დაშინება მათი ქვეყნის სამხედრო თუ სხვა ხასიათის ცნობების მოპოვების მიზნით. მერვე მუხლით, სამხედრო ტყვეები უზრუნველყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ საცხოვრებელი შენობებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, ფეხსაცმლით, საკვებით და პირველადი აუცილებლობის ნივთებით…
ომის პირობებში ხდებოდა ისიც, რომ საბჭოთა მეომრებს სენტიმენტებისთვის არ ეცალათ, რაც ვერმახტის სამხედრო ტყვეების მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახებოდა. ამას საბჭოთა დოკუმენტებიც ადასტურებს. კერძოდ, სევასტოპოლში ზღვისპირეთის არმიის შტაბის #0086 1941 წლის 2 დეკემბრის ბრძანებაში ნათქვამია: “ტყვეები შეიძლება დაიხვრიტოს მხოლოდ მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გაქცევის მცდელობის შემთხვევაში.
ამჟამად პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული ტყვეების ადგილზე ან მოწინავე ხაზის რაიონში დახვრეტა მოწინააღმდეგის ჯარისკაცებს უკარგავს ჩვენს მხარეზე გადმოსვლის სურვილს და ჩვენს ტყვეობაში მოხვედრის პერსპექტივა თავზარსა სცემს”.
მაგრამ საბჭოთა კავშირში არ გამოუციათ ჰიტლერის დირექტივებისა და მითითებების მსგავსი დოკუმენტები: “შეიარაღებული ძალები პირველსავე შემთხვევაში უნდა გათავისუფლდნენ სამხედრო ტყვეებს შორის მყოფი ყველა ელემენტისგან, ვისშიც შეიძლება გამჟღავნდეს ბოლშევიკური მამოძრავებელი ძალები”.
საბჭოთა კავშირში სამხედრო ტყვეების შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა 1939 წელს შექმნილი სამხედრო ტყვეებისა და ინტერნირებულთა სამმართველოს, რომელიც 1945 წლის იანვრიდან, ტყვეთა რაოდენობის დიდად გაზრდის გამო, მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1945 წლის ბოლოსთვის ამ მთავარი სამმართველოს გამგებლობაში ოფიციალური მონაცემებით იყო 267 ბანაკი და 3200 სტაციონარული განყოფილება.
თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1943 წლის 2 იანვრის ბრძანებით ფრონტიდან სამხედრო ტყვეები გადმოჰყავდათ ეშელონებით, “რომლებიც გამოთავისუფლდებოდა საბრძოლო შემადგენლობის გადაყვანის შემდეგ და რომლებშიც მოწყობილი იყო საწოლები, ღუმელები, უნიტაზები”, და არა საქონლისთვის გათვალისწინებული ვაგონები ან ღია პლატფორმები, როგორც ეს წესად ჰქონდათ გერმანელებს.
კვების ნორმებიც მკაცრად იყო განსაზღვრული. იმავე ბრძანებით სამხედრო ნაწილების მეთაურებს ევალებოდათ, სტაციონარში გადაყვანამდე ტყვეები უზრუნველეყოთ საკვებით, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა საბჭოთა მეომრის საკვებისგან. გერმანელ სამხედრო ტყვეებს  შიმშილით სპეციალურად არავინ ხოცავდა.
შინსახკომის ბანაკებში ტყვეთა ყოფნის ინსტრუქცია, რომელიც 1941 წლის 13 აგვისტოს გამოიცა, ითვალისწინებდა სამხედრო ტყვეების განთავსებას სპეციალურ ბანაკებში, რომელთა ტერიტორიაზე მოწყობილი იყო შენობები ორიარუსიანი, ვაგონის ტიპის საწოლებით, ღუმელების საკმაო რაოდენობით, რომლებიც უზრუნველყოფდა შენობის შიგნით ნორმალურ ტემპერატურას, ასევე, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ინვენტარით. ბანაკის ტერიტორიაზე ნებადართული იყო ტყვეთა თავისუფალი გადაადგილება დილიდან დაწოლის სიგნალამდე. საჭირო სამუშაოები უნდა შეესრულებინათ რიგით ჯარისკაცებს და უმცროს მეთაურთა შემადგენლობას. ამასთან, მომუშავე სამხედრო ტყვეებზე ვრცელდებოდა შრომის დაცვისა და სამუშაო დროის შესახებ დადგენილებები, რომლებიც შრომის ამ დარგში დასაქმებული საბჭოთა მოქალაქეების მიმართ იყო გათვალისწინებული. დასჯის ზომები კი წითელი არმიის დისციპლინარული წესდების ჩარჩოებს არ სცილდებოდა.
რა შედეგი მოჰყვა ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს?
ოფიციალური საბჭოთა მონაცემებით, 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 9 მაისამდე გერმანიის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილ 3 მილიონ 576 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან ტყვეობაში დაიღუპა 442 ათას 100 კაცი (12,4 პროცენტი), ხოლო გერმანიის მოკავშირე ქვეყნების 800 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან _ 137 ათას 800 კაცი (17,2 პროცენტი). ამ ფონზე ცოტა, მეტი რომ არ ვთქვათ, არაობიექტური ჩანს ყოფილი სამხედრო ტყვის _ გენრიხ შიპმანის განცხადება, რომელიც თავის წიგნში “ჩემი გზა რიაზანის ტყვეობისკენ” აღნიშნავს: “უნდა გქონოდა ბედი, ყოფილიყო ხელსაყრელი პირობები და გყოლოდა “ადამიანური” მტრები, სამხედრო ტყვეს საბჭოთა კავშირიდან შინ, გერმანიაში მშვიდობით რომ გამოეღწია”. უთუოდ პირიქით იყო: ბედი უნდა ჰქონოდა საბჭოთა ტყვეს, ცოცხალი რომ გადარჩენილიყო: გერმანელთა ტყვეობაში მყოფი საბჭოთა შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებიდან სიკვდილს მხოლოდ ნახევარი გადაურჩა.
აი, ასეთი არითმეტიკაა.
ფეხმოკიდებულია მითი იმის შესახებ, რომ გერმანელების ტყვეთა ბანაკებიდან საბჭოთა სამხედრო ტყვეები შინსახკომის სპეცბანაკებში მოხვდნენ.
სტატისტიკა ასეთია: ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა 1 მილიონ 836 ათას 562 კაცი. შემოწმების შემდეგ, მათგან 1 მილიონი კვლავ გააგზავნეს წითელი არმიის ნაწილებში სამსახურის გასაგრძელებლად, 600 ათასი მრეწველობაში სამუშაოდ და მხოლოდ 339 ათასი, რომლებიც კომპრომენტირებული აღმოჩნდა ტყვედ ყოფნის პერიოდში ფაშისტებთან თანამშრომლობის გამო, შინსახკომის სპეცბანაკებში გაიგზავნა.
საბოლოო ჯამში, გათავისუფლებულ სამხედრო ტყვეთაგან 90 პროცენტზე მეტი შინსახკომის საფილტრაციო ბანაკებში შემოწმების შემდეგ, ან სამხედრო ნაწილებში ბრუნდებოდა, ან იგზავნებოდა მრეწველობაში სამუშაოდ. და მხოლოდ 4 პროცენტი იყო დაპატიმრებული და დაახლოებით ამდენივე გაიგზავნა საჯარიმო ნაწილებში.
გერმანული მონაცემებით, 1944 წლის 1 მაისისთვის “დახვრიტეს და გაქცევის მცდელობისას მოკლეს 1 მილიონ 30 ათას 157 საბჭოთა სამხედრო ტყვე. უცნობია, ვერმახტის რამდენმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა შეძლო საბჭოთა ბანაკებიდან გაქცევა. შინსახკომის მონაცემებით, 1945 წლის 27 ივნისისთვის გაქცევის მცდელობისას მოკლეს, დაიღუპა საწარმოებში, დაიხრჩო, მოიწამლა, თავი მოიკლა და სხვა ამგვარი მიზეზით დაიღუპა 753 ადამიანი. თუ შევადარებთ ერთმანეთს _ გერმანული მონაცემებით, 5,7 მილიონი საბჭოთა ტყვე და შინსახკომის მონაცემებით 2 მილიონ 388 ათას 443 გერმანელი ტყვე _ ადვილი გამოსაანგარიშებელია, რომ ტყვეობიდან გაქცევა სცადა ყოველმა მეხუთე საბჭოთა ჯარისკაცმა და მხოლოდ 3170-ე გერმანელმა სამხედრო მოსამსახურემ! აი, ასეთია სამშობლოს სიყვარულის ძალიან უხეში კოეფიციენტი დაპირისპირებული მხარეების ჯარისკაცებს შორის. ნიშანდობლივია, რომ წითელარმიელები დასავლეთში კი არ გარბოდნენ, არამედ თავიანთ ქვეყანაში _ საბჭოთა კავშირში.
ნაწილი V. “დირე” ევროპის თვალში
ევროპარლამენტის წევრებს, განსაკუთრებით, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წარმომადგენლებს ვურჩევდი, სანამ სტალინსა და ჰიტლერს გაუთანაბრებენ ერთმანეთს, თავიანთი სესიები დაიწყონ ოსვენციმის, ბუხენვალდის, სალასპისის, კლაიპედის, კლოოგუს, სოსიბორის, ბაბი იარის და ათობით სხვა, ჰიტლერის მითითებით შექმნილი ადგილების მონახულებით. შებრძანდით “ბერგენ-ბელზენის” მემორიალის “სიჩუმის ოთახში”, დაბრძანდით და დაფიქრდით იმაზე, რა და რისთვის ხდებოდა ევროპაში 1939-1945 წლებში, და, ეგებ, აორთქლდეს თქვენი თავებიდან სტალინის და ჰიტლერის გათანაბრების მკრეხელური აზრი.
პატიება სთხოვეთ ჰიტლერიზმთან ბრძოლაში დაღუპული ევროპის გამათავისუფლებელთა სულებს. არ იქნება ურიგო, თუ ლიტვის სეიმიის ევროპულად განათლებული დეპუტატი ქალბატონი ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენე გაემგზავრება სადღაც შორს კი არა, იქვე _ ლიტვის ქალაქ ვილნიუსის მახლობლად, ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადაც ნაცისტებმა დახოცეს არა რამდენიმე ათასი სამხედრო ტყვე, როგორც მიჩნეული იყო, არამედ 100 ათასი ადამიანი, მოიყაროს მუხლი და შენდობა სთხოვოს გარდაცვლილებს.
ასეთი მოქალაქეობრივი ნაბიჯი მისგან, სამწუხაროდ, მოსალოდნელი არ არის (არც საქართველოდან ევროპარლამენტში წარგზავნილი დეპუტატების მხრიდან. _ რედ.).
სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს რომ გავუთანაბროთ, ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ორ სიდიდეს შორის: 58 პროცენტსა (ტყვეობაში დაღუპული წითელი არმიის ჯარისკაცების) და 13,3 პროცენტს (გერმანიისა და მისი მოკავშირეების სამხედრო მოსამსახურეების ტყვეობაში დაღუპულების) შორის. მაგრამ ამ, ასე განსხვავებული სიდიდეების ურთიერთგათანაბრების ნებას კლასიკური მათემატიკა არ გვაძლევს. ევროპული არითმეტიკა კი, როგორც ირკვევა, ამ ამოცანას იოლად წყვეტს XXI საუკუნის დასაწყისში! მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 26,6 მილიონი საბჭოთა მოქალაქე, კლასიკური მათემატიკის მიხედვით, არ უდრის გერმანიის და მისი სატელიტების 11,9 მილიონ დაღუპულ მოქალაქეს.
მაგრამ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ლოგიკით, ეს ორი სიდიდე აბსოლუტურად ტოლი და ურთიერთშემცვლელია…
ამიტომ, სანამ ტოლობის ნიშანს დასვამენ ჰიტლერსა და სტალინს შორის, ჩაიხედონ დოკუმენტებში და გაიგონ სად, როგორ და რამდენი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. ეწვიონ ერთ-ერთ ნებისმიერ საკონცენტრაციო ბანაკს იმ 22 ათასიდან, რომლებიც ჰიტლერმა და მისმა ხელის ბიჭებმა მთელს ევროპაში მოჰფინეს. ეგებ, იმან, რასაც იქ ნახავენ, თვალები აუხილოს იმ საშინელ ტრაგედიაზე, რომელიც 70 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო და თითქმის 5 კოშმარულ წელიწადს გაგრძელდა.
იური მატვიენკო,
თადარიგის პოლკოვნიკი
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here