GEWORLD.NET:
საქართველოს ეკონომიკა ხელისუფლების მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგებს იმკის. მძიმე ეკონომიკური ვითარება ქვეყნისთვის არა თუ დასასრული, შესაძლოა, პირიქით, დასაწყისიც აღმოჩნდეს, თუკი ხელისუფლებამ არსებული პოლიტიკური კურსი და ეკონომიკისადმი მიდგომა არ შეცვალა. აღნიშნული პრობლემის ანალიზს ჩვენი მკითხველისთვის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური აკეთებს.
– ქვეყანა ინვესტიციების შიმშილს განიცდის. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 2007 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო ინვესტირებული, 2008 წლის პირველ ნახევარში ეს ციფრი მილიარდ-ნახევრამდე შემცირდა, 2009 წელს – 660 მილიონზე ჩამოვიდა, ხოლო შარშან ინვესტირებულმა თანხამ მხოლოდ 550 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც ხედავთ, 2008 წლიდან ინვესტიციების ოდენობა ოთხჯერ შემცირდა. პირველი, რაც ინვესტორებს აფერხებს, გაყინული კონფლიქტების ხელახლა “გაცხელებისა” და ომის განახლების საშიშროებაა.
ინვესტიციის ნაკლებობას, ასევე, განაპირობებს გასაღების ბაზარი – რისთვის შემოიტანოს ინვესტორმა პროდუქცია, თუ არ გაყიდა?! ჩვენს ქვეყანაში მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია. საქართველოში სულ 4 მილიონი მოსახლეა, რომლებიც წელიწადში მხოლოდ 15 მილიარდი ლარის პროდუქციას მოიხმარენ. მაშინ, როცა ბროდვეი და მანჰეტენი იმაზე მეტ შიდა პროდუქციას მოიხმარს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ერთად.
ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2 ათას 600 დოლარია, სომხეთში – დაახლოებით 2 ათას 800 დოლარი, ხოლო აზერბაიჯანში 4-ჯერ აღემატემა ჩვენი შიდა პროდუქტის მოცულობას. დასახელებაც კი უხერხულობას ქმნის.
ამ სამარცხვინო და საგანგაშო მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ბაზრებზე გასვლითაა შესაძლებელი, რასაც ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებთ. პრობლემები არამარტო რუსეთის ბაზარი, არამედ ევროპის ბაზარიცაა, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ აყენებს საკუთარ მოთხოვნებს.
მიუხედავად მსოფლიო რეიტინგებისა და ხელისუფლების ბაქიაობისა, წარმატებული ქვეყანა ვართო, რეალობა სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს.
– კონტროლის პალატის განცხადებით, საქართველოში მაღალი ინფლაცია ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია. რაკი სახელმწიფო სტრუქტურამ ეს აღიარა, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია?
– ხელისუფლება ინფლაციის მიზეზად მხოლოდ გარე ფაქტორებს ასახელებდა. არადა, ინფლაციის მაჩვენებლის გამოსავლენად წლიური შედეგების დათვლისას 184 ქვეყნიდან საქართველო 165-ე ადგილზე იყო. ჩვენთან 12%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ნამდვილად კატასტროფაა. ნავთობი, ხორბალი და ა.შ. მსოფლიო ბაზარზე მართლაც გაძვირდა, მაგრამ დანარჩენ 164 ქვეყანაზე რატომ არ აისახა ასეთი დიდი ინფლაცია, მათზე რატომ არ იქონია გავლენა ამ გარე ფაქტორებმა?! იმიტომ, რომ ისინი, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორ პოლიტიკას აწარმოებენ.
საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის არსებობაში გადამწყვეტი როლი შიდა ფაქტორებმა ითამაშა, რაც სამ ნაწილად იყოფა: მონეტარული პოლიტიკა (ანუ მოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის ზრდა), ბიუჯეტის დეფიციტი (რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის კომპეტენციაა) და მონოპოლიების (საბაზრი ძალაუფლების მქონე კომპანიების) არსებობა.
ძალინ მნიშვნელოვანი და აქტუალურია ხორცის თემაც. თბილისში რეალურად აიკრძალა ხორცის გაყიდვა, თუ ის ნატახტარის ან თელეთის სასაკლაოებზე არ არის დაკლული. მაგალითად: თუ სვანეთიდან ჩამოსულ გლეხს საკუთარი საქონლის ხორცის გაყიდვა თბილისში უნდა (რადგან თბილისში, ავად თუ კარგად, ცხოვრების დონე შედარებით მაღალია), საქონელი ჯერ ნატახტარის სასაკლაოზე უნდა მიიყვანოს, გადაიხადოს ტრასპორტირების საფასური, შემდეგ მისი დაკვლისას სასაკლაოს გადაუხადოს კილოგრამში ლარი, ბოლოს უნდა შემოიტანოს დედაქალაქში და კვლავ ტრასპორტირების თანხა გაიღოს. გამოდის, რომ გლეხს ტყუილად გაუზრდია საქონელი, რადგან მისი დაკვლით ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე სარგებელი.
საბოლოოდ, თბილისის ბაზრებზე გაჩნდება ხორცის ნაკლებობა, რაც კიდევ ახალი მონოპოლისტური კომპანიის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
– რას გვეტყვით ქვეყნის საპენსიო და სახელფასო ფონდთან დაკავშირებით?
– დღეს ჩვენს ქვეყანას 800 ათასი პენსიონერი ჰყავს, მაშინ, როცა ხელფასს მხოლოდ 600 ათასი ადამიანი იღებს. გამოდის, რომ 600 ათასმა ადამიანმა იმდენი გადასახადი უნდა გადაიხადოს, რომ 800 ათასი ადამიანი შეინახოს, რაც წარმოუდგენელია. მინიმალური პენსია 55 ლარია, მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი 160 ლარს უტოლდება. პენსია დღეს თავის პირდაპირ დანიშნულებას ვერ ასრულებს. წარმოუდგენელია აქ ადამიანის უსაფრთხო სიბერე, რომ ელემენტარული ლუკმაპურის ფული საწვალებელი არ ჰქონდეს. წარმოუდგენელად რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს პრობლემები რომ დაბალანსდეს, ეკონომიკური ზრდა უნდა მოხდეს.
საქართველოში 2 მილიონ 200 ათასი ადამიანია შრომისუნარიანი, მაგრამ ხელფასს მხოლოდ 600 ათასი იღებს, ანუ 27%. დანარჩენი 73% თვითდასაქმებულია (მაგალითად: რეპეტიტორები, გლეხები, თუ შეიძლება გლეხებს დასაქმებული ვუწოდოთ, იმდენად მწირია მათი შრომის ანაზღაურება). დაახლოებით 330 ათასი შრომისუნარიანი კი საერთოდ დაუსაქმებელია.
საქართველოს მთავრობა იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე გადასახადებიდან იღებს. არ არის აუცილებელი, ყველა მინისტრი ბოლო გამოშვების ჯიპით დადიოდეს, სამინისტროებში რემონტები ხშირად ტარდებოდეს, ავეჯს ცვლიდნენ ან ყოველ თვეში შენობებს იცვლიდნენ და ა.შ. ფაქტია ამ ფულს ხელისუფლება შოულობს, მაგრამ სად იშოვის, თუ არა პრივატიზებითა და სესხით? დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი კი სწორედ სესხს წარმოადგენს. თუ ასე გაგრძელდა, არ მინდა პესიმისტები ვიყოთ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
2013 წელს 800-900 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევდა, დღეს ამის პრობლემა, როგორც მოგეხსენებათ, აღარ გვაქვს, რადგან მის მოსახსნელად ახალი ვალი ავიღეთ, მაგრამ 2021 წელს ხომ მაინც ჩვენი გადასახდელი იქნება?! ხელისუფლებამ ამით ქვეყანას კი არ შეუმსუბუქა მდგომარეობა, საკუთარ თავს მოაშორა ამ ვალის პასუხისმგებლობა და 2021 წლის მთავრობას გადაულოცა ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით, რადგან 2008 წელს აღებულ 500 მილიონ დოლარს 2021 წლისთვის კიდევ ერთი 500 მილიონი დოლარი დაემატება პროცენტის სახით. როცა საქართველომ ევროობლიგაციების სახით 500 მილიონი დოლარი ისესხა, მერე დასხდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები დასაფიქრებლად, თუ რაში დახარჯულიყო ეს თანხა. ზოგმა წყალსაცავის გაკეთება მოინდომა, ზოგმა ელექტროგადამცემი ხაზების, ზოგმაც მომავლისა და განვითარების ფონდების შექმნა, ანუ სესხის აღების კონკრეტული მოტივი ქვეყანას არ ჰქონდა. აბსოლუტურად არალოგიკური და არასერიოზული მიდგომაა საკითხისადმი. არა მგონია, მსგავსი პრეცედენტი მოეძებნოს ამ ფაქტს. ჩემი აზრით, ამ ვალის აკიდება ქვეყნისთვის აუცილებლობა ნამდვილად არ იყო.
უბედურება ისაა, რომ, ამდენი ვალის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ისევ კრედიტორებზე მიმართვას და ვალის დამატებას აპირებს. ეს კი ჩვენნაირი გადახდისუნარიანი ქვეყნისთვის კატასტროფაა.
ესაუბრა ეკა რობაქიძე