Home რუბრიკები პოლიტიკა SOS! მერაბიშვილის უწყებამ ინტერნეტის ტოტალური კონტროლი დააკანონა

SOS! მერაბიშვილის უწყებამ ინტერნეტის ტოტალური კონტროლი დააკანონა

750

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ალბათ, იცით, თქვენი ტელეფონი რომ ისმინება. თუ ხელისუფლება დაინტერესდება, საკუთარ სახლშიც შეუძლია “ჟუჩოკი” დაგიმონტაჟოს. ესეც ცნობილია. სახელმწიფო დაწესებულებები რომ ვიდეო სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი, ესეც იცით და, ალბათ, ერიდებით პოლიტიკური შეხედულებების პირად საუბრებში ხმამაღლა გამოხატვას, რადგან ეს შეიძლება თქვენი კარიერის დასასრული აღმოჩნდეს.

მაგრამ ჯერ, ალბათ, არ იცით, რომ არათუ ხმამაღლა, ჩუმად, პირად მიმოწერაშიც კი შეიძლება გამოგიჭირონ, რადგან კანონში გაჩენილი ცვლილება, შს სამინისტროს თანამშრომელს უფლებას აძლევს, თქვენი პირადი საუბარი ამოიკითხოს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ ფოსტაზე ან სულაც თქვენი კომპიუტერის დოკუმენტებში და ამისთვის მას მოსამართლის ნებართვაც კი არ სჭირება, ისევე, როგორც პოლიციის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია გაგჩხრიკოს გონივრული ეჭვის საფუძველზე. ქვეყანაში ნებისმიერ სივრცეზე კონტროლი მყარდება.
ვერ გეტყვით, სააკაშვილისეული დემოკრატიის რომელ ტალღას მივაწეროთ, მაგრამ, ფაქტია, საქართველოში,  საკუთარი აზრის გამოთქმა უკვე ინტერნეტის საშუალებითაც კი საშიშია, რადგან “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის” კანონში შესული ცვლილებებით, რომელიც აქამდე მოსამართლის ბრძანებით კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნას, ფიქსაციასა და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაციას ითვალისწინებდა, ცვლილება შევიდა, “ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი _ გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა” ახლა უკვე მოსამართლის ბრძანებასაც აღარ მოითხოვს.
ქართულ კანონმდებლობაში ქაოტური ცვლილებების შეფასება ადვოკატ ქეთი ბექაურს ვთხოვეთ:
_ ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი განკარგულება, რომ საერთოდ ვერავინ შეძლოს ვერც პროტესტისა და ვერც თავისუფალი აზრის გამოხატვა. Aარ შეიძლება ასეთი კანონის მიღება, რადგან ეს არის პირდაპირ ნულოვანი ტოლერანტობისა და ტერორის დაკანონება ქვეყანაში, ამასთანავე _ კონსტიტუციის 25-ე მუხლის უხეში დარღვევა.  ხელისუფლება, რომელმაც ბართლომეს ღამე მოუწყო სამოქალაქო საზოგადოებას 26 მაისს, აგონიაშია. მან იცის, რომ აქციის დარბევისას არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული იქნა ჩადენილი, მათ შორის ისეთი დანაშაული, როგორიც განზრახ მკვლელობაა. კარგად იცის, რომ ექვსამდე პირი არის განზრახ მოკლული, იცით, როგორ დასდევდნენ ჟურნალისტებს რეზინის ტყვიებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხვდება, რომ დაუსჯელი არ დარჩება და ამიტომაც იღებს ასეთ დრაკონულ კანონებს. შეიძლება მოკლე ხანში ჰაერით სუნთქვა აგვიკრძალოს. ნაციონალებს  ერთი დიდი მავთულხლართი უნდა შემოავლო გარშემო და დააწერო: საგიჟეთი! ფრთხილად, საშიშია!
მუბარაქი რომ მუბარაქია, ისიც კი  გამოვიდა და მოსახლეობას, რომელიც დაარბია და სისხლიც დაიღვარა, ბოდიში მოუხადა. ესენი ბოდიშს იხდიან კი არა, იღებენ უფრო დრაკონულ კანონებს და ანტიკონსტიტუციურ გარემოს ქმნიან _ გნებავთ, სისხლის და გნებავთ, ადმინისტრაციულ სამართალში.
_ ინტერნეტ საშუალებებზე კონტროლის დამყარებას როგორ შეაფასებთ?
_ ესეც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. არ შეიძლება სოციალურ ქსელებზე იბატონო, მედიაზე იბატონო, ჟურნალისტებს ტყვიებით სდიო, ადვოკატები დააშინო.
საქართველოში  ყველაფერი პოლიტიკური მოტივით კეთდება, ყველა ეს საკანონმდებლო ცვლილება პოლიტიკური ოპონენტების დათრგუნვას, მათ დევნასა და ანგარიშსწორებას ემსახურება, რადგან ასეთია ხელისუფლების პოლიტიკური ნება, მას უნდა ნულოვანი ტოლერანტობა!
 
ამონარიდი საქართველოს კანონიდან
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
თავი 2.მუხლი 7. პუნქტი 2. ქვეპუნქტი “თ”
… ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი…
ი) … ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს;
მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.
თავი 2; მუხლი7; პუნქტი 4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე.
(როგორც ხედავთ, კანონი თ და ი პუნქტებით გათვალისწინებულ ოპერატიულ ღონისძიებებს (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა) მოსამართლის ბრძანება მხოლოდ ფორმალურად სჭირდება, რადგან, ამავე კანონის მეოთხე მუხლის თანახმად გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ტელეფონის მოსმენაც და ფარული გადაღებაც “შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე“, რაც შეეხება კანონის ი ქვეპუნქტს, ინტერნეტ აქტივობისა და მათ შორის პირადი ელექტრონული მიმოწერის კონტროლის განსახორციელებლად შსს-ს მოსამარტლის ბრძანება აპრიორი აღარ სჭირდება. ს.გ.).
მოამზადა სოფო გელაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here