Home რუბრიკები ეკონომიკა კონტროლის პალატის დასკვნით, საქართველოში არსებული ინფლაცია ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

კონტროლის პალატის დასკვნით, საქართველოში არსებული ინფლაცია ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია

მინისტრთა კაბინეტში მოულოდნელად სერიოზული ცვლილება განხორციელდა, როგორც პრემიერმა გილაურმა განგვიცხადა, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ფოსტაში გადასვლა მოინდომა სამუშაოდ. ეს ცვლილება საეჭვოდ დაემთხვა კონტროლის პალატის ანგარიშს, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა. მართალია, მედიის ყურადღება მხოლოდ საავადმყოფოების შესახებ შენიშვნებმა მიიპყრო, მაგრამ ამ დასკვნაში სახელმწიფო სამსახურების არაერთ დარღვევასა და ფინანსთა სამინისტროს უგუნურ პოლიტიკაზეა საუბარი. კონტროლის პალატა აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ერთი და იგივე სიტუაციაა. განსაკუთრებით კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის დაღვევებზე და პროგრამების თანხების პრემიებად დარიგებასა თუ სხვა გადაცდომებზე განსაკუთრებით ვრცლადაა საუბარი.
“აუდიტის შედეგებმა ცხადყო, რომ დროის მცირე მონაკვეთში საბიუჯეტო რესურსი მიემართება მანამდე დაუგეგმავი საჭიროებების დასაფინანსებლად და მარაგების (რომელთა საჭიროება არ არსებობს) შესაქმნელად. ამ პერიოდის შესყიდვების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხორციელდება, რაც საბიუჯეტო რესურსის მართვის გამჭვირვალობის ხარისხზე დადებით გავლენას არ ახდენს. საკითხის პრობლემურობაზე მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ ამ პრაქტიკის შედეგების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაში ფულადი მასის ზრდის მდგომარეობაზე, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდაზე, სხვა უფრო საჭირო ხარჯების დაუფინანსებლობაზე, აგრეთვე, საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობაზე,” _ ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.
წლის განმავლობაში დაუფინანსებელი ხარჯების (წლის გეგმასთან შედარებით) მოცულობამ 141 მილიონი ლარი შეადგინა. შრომის ანაზღაურების, პროცენტის, სუბსიდიების, გრანტების სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ხარჯების მუხლით ჯამურმა დაუფინანსებლობამ 174,7 მილიონი ლარი შეადგინა, სამაგიეროდ “საქონელი და მომსახურების” მუხლით გაწეულმა ხარჯებმა დამტკიცებულ გეგმას 104 %-ით, ანუ 33,7 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საბიუჯეტო დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე.  მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, მუხლში “საქონელი და მომსახურება” გაწერილი თანხები ხმარდება ჩინოვნიკებისთვის ავეჯის, ავტომანქანების თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. კონტროლის პალატის მასალებით კი ირკვევა, რომ მადა ჩვენს ჩინოვნიკებს საკმაოდ კარგი აქვთ. გასულ წელთან შედარებით გაზრდილია შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები 24,1 მილიონი ლარით, მივლინებები _ 24,9 მილიონი ლარით, სხვა საქონელი და მომსახურება _ 42,8 მილიონი ლარით, ოფისის ხარჯები _ 54,6 მილიონი ლარით.
სოფლის მეურნეობის მინისტრს ადმინისტრაციაში შემავალი პროგრამებიდან (“სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია” და “სოფლის მეურნეობის დარგის გამოფენების მოწყობის ღონისძიებები”) 27 ათასი ლარი პრემიებად დაურიგებია. პროგრამა “რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარება” კანონში პირველივე ცვლილებების შემდეგ ამოღებული იქნა ისე, რომ სამინისტროს მიერ არც დამტკიცებული ყოფილა და არც განაცხადით არ ყოფილა მოთხოვნილი. მოკლედ, კონტროლის პალატის მასალებში კარგად ჩანს სახელმწიფო სახსრების თვითნებური განკარგვა ბაკურ კვეზერელის მიერ.
კონტროლის პალატის დასკვნით, საქართველოში არსებული ინფლაციაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია: გარე ფაქტორებთან (მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა) ერთად, ინფლაციის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად იგი მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას ასახელებს.

სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here