Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ფირცხალავა: მთავრობას უფლება თუ მივეცით, ჰიტლერი კრემატორიუმებში ებრაელებს რომ წვავდა,...

გურამ ფირცხალავა: მთავრობას უფლება თუ მივეცით, ჰიტლერი კრემატორიუმებში ებრაელებს რომ წვავდა, დედას გეფიცები, ამასაც გააკეთებენ

850

ცნობილ ქართველ კინომსახიობს, პოპულარულ ხელოვანს და კაი ყმას _ გურამ ფირცხალავას ინტერვიუს ჩამორთმევაზე რომ ვუთანხმდებოდი, მობოდიშებით მითხრა _ 26 მაისს, მის თავს გადამტყდარი ამბების შემდეგ სმენა დაქვეითებოდა და, თუ შეიძლება, ცოტა ხმამაღლა მელაპარაკეთო. დავყრუვდიო, იცინოდა. თან იმას წუხდა, გოგი ქავთარაძეს “არალეტალური იარაღის” რეზინის ტყვია ყურში მოხვდა და, ნეტავი, კარგად გადარჩესო.

_ 26 მაისის შემდეგ, _ თავს უფლება მივეცი, “შავი იუმორი” ჩამერთო, _ ეგებ, უკეთესიც იყოს, არ გაიგონოს ადამიანმა ის, რაც საქართველოში ხდება.
პასუხად ბატონი გურამი თავისი დისშვილის _ თამარის ამბავს მომიყვა. თამარს ბავშვობიდან ზრდის. ყრუ-მუნჯიაო, მაგრამ მუნჯის ენა დედამ იცისო, და მუნჯის ენაზე ესაუბრება ამ ადამიანს გურამ ფირცხალავა.
_ ბედნიერი ხარო, _ უთქვამს მისთვის, _ რომ არ გესმის, რა უბედურებაც ჩვენს თავს ტრიალებს.
_ მესმისო, _ უპასუხია და აუხსნია, პირველ არხზე, საინფორმაციო პროგრამას სურდოთარგმანი რომ მისდევს, იმის წყალობით საქმის კურსში ვარო.
_ მაგ არხზე რასაც ამბობენ, ყველაფერი ტყუილია და ხელისუფლების წისქვილზე წყლის მიშვებასავითაა.
ამდგარა და წვრილად აუხსნია, სად, რა და როგორ ხდებოდა _ მადლობა ღმერთს, მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებდა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და განიცადა.
_ ბატონო გურამ, თქვენ მიერ განსახიერებული რომელი გმირის მდგომარეობაში იმყოფებით ამჟამად?
_ (პაუზა). გმირისა რა მოგახსენოთ, სიტუაცია კი იმაზე გაცილებით უარესია, რომელშიც ჩემი გმირი, ადგილობრივი რევკომის თავმჯდომარე ტრიალებდა.
შეუდარებლად უარესი!
ამ ფილმის სცენარისტსა და დამდგმელ რეჟისორს, ეტყობა, ფანტაზია არ ეყოთ, იმ დონის უბედურება გადმოეცათ, რომელიც 26 მაისს რუსთაველზე დატრიალდა.
“მოცურავეში”, თუ გახსოვთ, ჩამშვები კაცი განვასახიერე. ის ამათთან შედარებით გლუკოზაა. ჩვენს სასამართლოს ნორმალური ადამიანი რომ დაესწროს, ან გაგიჟდება, ან _ “სროკს აიკიდებს”, ჟარგონი რომ ვიხმარო.
_ ვინ უწერს ამათ ისეთ სცენარებს, რომელთა შესაქმნელად პროფესიონალი კინემატოგრაფისტების ფანტაზია საკმარისი არ აღმოჩნდა?
_ მე მგონი, უნიჭო დრამატურგს უფრო გამოსდის ასეთი რამ. რადგან ნორმალური პროფესიონალი, უწინარეს ყოვლისა, თავის თავს არ აკადრებს ასეთი ბოროტების გადმოცემას. რეგვენი კი ისეთ რამეს დაწერს, ნორმალურ ადამიანს შიში აიტანს. მე მინახია ასეთი გიჟები.
_ “ყვარყვარეში” თქვენ თამაშობთ თავადს, რომელიც თუთაბერს იჭერს.
_ პოლიკარპე კაკაბაძის პიესა გენიალური ნაწარმოებია. ყვარყვარე თუთაბერი ამათთან შედარებით ერთგვარად კეთილიც კია. საცოდავი იყო ის, თავის თავის უბედური. მაგრამ როგორ შეიფერა დიდკაცობა! ყვარყვარე ამათთან შედარებით ნორმალურია. თუმცა… ჩვენი პრეზიდენტი და Yყვარყვარე ძალიან გვანან ერთმანეთს.
_ დღეს თქვენ კინომსახიობზე არანაკლებ ცნობილი საზოგადო მოღვაწე ხართ…
_ დიდი კომპლიმენტია!.. (იცინის).
_ მინდა გკითხოთ, როგორც საზოგადო, გნებავთ, პოლიტიკურ, მოღვაწეს.
_ სცადეთ, სცადეთ (იცინის).
_ შარშან, ნოემბერში “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში განაცხადეთ, რომ თუ ახლა არ შევცვალეთ ეს ხელისუფლება, შემდეგ შეუძლებელი იქნებაო. ჰოდა, სცადეთ, მაგრამ ხელისუფლება თავის ადგილზეა. გაქრა იმედი მომავლის?
_ რასაც ახლა ვიტყვი, თუ ასე არ არის, მაშინ მართლა დაღუპულები ვართ. მე მგონი, 26 მაისით თავი დაიმარხა ამ მთავრობამ.
ის, რაც ამათ მოიმოქმედეს, ის დაუნდობლობა და დაპირისპირება ხალხთან, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო გახდა, საკუთარი ხელით ყელის გამოჭრაა.
რამდენი დაიღუპა, ჯერ კიდევ არ ვიცით, ეძებენ თურმე. გული მისკდება. სოსო ჯაჭვლიანი შიმშილისგან ისეა დასუსტებული, გუშინ ერთ ადგილას რომ მოვყევი, კაცებმა იტირეს.
_ ინახულეთ?
_ ყოველთვის ვნახულობ. სოსოს ვუთხარი, ნუ იზამ ამას-მეთქი, სოსო, იქნებ ჯობდეს, რომ შიმშილობა შეწყვიტო, რადგან ამათ უფრო გაუხარდებათ, შენ რაც უფრო დასუსტდები. არაო, არ შემიძლია ამათ ისევ ვუყურო და ჩემი თავი რაღაცით უნდა დავსაჯოო. ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, გურამიო.
კარგი, სოსო-მეთქი. იმ წუთასვე დავეთანხმე.
_ თავგანწირვაა.
_ რა თქმა უნდა. ძალიან მანერვიულებს ჩვენი საოცარი კაცის, ლუკა კურტანიძის მდგომარეობა, რომელსაც არნახული შეურაცხყოფა მიაყენეს. მაგრამ ვაჟკაცია და, იმედია, გადაიტანს. არ მინდა იმის მოყოლა, რაც აკადრეს თემურ შაშიაშვილს _ თავში რომ ურტყამდნენ და ბორკილები რომ დაადეს… გოგის ყურში რომ მოარტყეს ტყვია, ხომ შეიძლება, საფეთქელში მოხვედროდა!
_ პირაქაფებულები ამტკიცებენ, რომ ლიდერები პირველები გაიქცნენო…
_ მაგ სიმართლით იარონ!
_ რაჟა სარჩიმელიასთან _ თქვენს კინოგმირთან, ყაჩაღთან შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ?
_ რაჟას თავისი წესები ჰქონდა და იმათ არ გადააბიჯებდა. ჩვენი მთავრობის სურვილსა და “გაქანებას”, ეტყობა, ვერ აკმაყოფილებს მოქმედი სახელმწიფო კანონები. ამიტომ არღვევენ. 26 მაისმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენმა საზოგადოებამ ამათ უფლება რომ მისცეს, როგორც გინდათ, მოიქეცითო, დახვრეტასაც შემოიღებენ. ჰიტლერი კრემატორიუმებში ებრაელებს რომ წვავდა, დედას გეფიცები, ამასაც გააკეთებენ. ამათი მისწრაფება ბოროტებისკენ უსაზღვროა. არავითარი მორალური ნორმა და სამართალი ამათთვის არ არსებობს. იმას, რაც ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა 26 მაისს გააკეთა, პირდაპირ გეტყვით, რაჟა სარჩიმელია არ იკადრებდა, არც რაჟა, არც ის მეორე ყაჩაღი _ ბონდო. არც ერთი ყაჩაღი არ იკადრებდა. თვითონ ჭედენ კანონებს, როგორიც ხელს აძლევთ, ისეთებს. ახლა კიდევ აპირებენ ახალი წესების შემოღებას ჯერ ოცი მტრის მანძილზე არ შეიზლება სამთავრობო შენობსათან პროტესტის გამოთქმაო, მერე 10მეტრიო, მერე სამუდამო პატიმრობით დაგსჯით, თუ პოლიციელს ან მისი ოჯახის წევრს თითს დააკარებო…
_ სხვებს _ მიდი და ურტყიო?
_ მე მგონი, ესენი ხალხს სამოქალაქო ომისკენ უბიძგებენ. არა მგონია, ქართველები ამაზე წავიდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, წინააღმდეგობა და შეურიგებლობა მდუმარე დაპირისპირებით უნდა გამოვხატოთ. ხომ გახსოვთ, რაჟა სარჩიმელიას მიერ დაყაჩაღებულთაგან ერთი ქალბატონი მეორეს რომ ეუბნება, ვიკივლებ და ამყევი, ეგებ, ვინმემ გაიგონოს და მოგვეშველოსო. კი ვიკივლებ, მაგრამ ამყვებიან ესენიო?
ამ დღეში ვართ. ან უნდა ვიკივლოთ, ვიბღავლოთ და ვიდგეთ, ან დავიბანოთ ხელი, ჩავწვეთ ლოგინებში, ვუყუროთ და შევეგუოთ ამათ.
_ გიორგი შენგელაიას ფილმში “მიდის მატარებელი” სარდალი ხართ…
_ გენერალს ვთამაშობ.
_ ამ ფილმთან დაკავშირებით, რაიმე ასოციაცია ხომ არ გაგჩენიათ?
_ როგორ არა! გიორგის ვენაცვალე, “ჩემო კარგო ქვეყანავ” ბრმების გუნდს რომ ამღერა, ხომ გახსოვთ? აი, ზუსტად ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ონში, თითქმის ხელებზე  ჰკოცნიდნენ კარგად ორგანიზებული გახარებული რაჭველები. ამის დაპირებები, დედაქალაქი აგერ ყურის ძირში გექნებათო, ავაშენე ქვეყანა, ბატონებო! ამ ხალხს რომ ვუყურებდი, იმ პატარა ბავშვებს, რომლებსაც ცუდად დაზეპირებულ “მისა! მისას!” აყვირებდნენ, ერთი სული მქონდა, მერჩია: დაიწყეთ ახლა “ჩემო კარგო ქვეყანავ!”.
ასეთი პარალელებია.
_ ჰოდა, “მიდის მატარებელი”… ხომ გახსოვთ სააკაშვილის სენტენცია _ ჩვენი მატარებელი მიდის, სანამ დროა, მოასწარით და ჩაჯექითო! მიდის სააკაშვილის მატარებელი და შლაგბაუმის ჩამკეტი არ ჩანს.
_ შეშინებულ ადამიანთან, რომელსაც ძალაუფლება და იარაღი აქვს, დაპირისპირება რთულია. მაგრამ, თუ კაცი ხარ, თუ ზნეობის დაუწერელი კანონებით მოქმედებ, არ უნდა გაჩერდე.
რევოლუციას თავი დავანებოთ!
დავიწყოთ მოქმედება. კი, ბატონო, დავიწყოთ. “საარჩევნო გარემოს შესაცვლელად”, როგორც ცნობილია, “რვიანი” მოქმედებს: ისე იქცევიან, თითქოს ამ ხელისუფლებას პატიოსან სიტყვაზე ნდობით შეიძლება ელაპარაკო. ამ ბოლო დროს კი საერთოდ გაუგებრად იქცევიან: ჯერ ბითუმად მოვილაპარაკოთო, “ოპტომ”, შემდეგ _ ცალ-ცალკეო. შოშიას ბარტყივით პირს აბჩენენ, ლუკმის ჩადებას ელოდებიან.
ყმაწვილობისას შოშიას ბუდე ვიპოვე და, თითი რომ გავუწოდე, ბარტყებს ეგონათ, დედაჩიტი მოვიდაო და აწივწივდნენ, ნისკარტები დააბჩინეს. მოტყუვდნენ.
ასე ატყუებენ “რვიანს”.
შეშინებულ ადამიანებთან ბრძოლა რაღაც სხვა მეთოდებითაა საჭირო. ერთხელ ვთქვი, ჩავიცვათ თეთრი ხალათები, როგორც ფსიქიატრებმა და ისე გავიდეთ აქციაზე-მეთქი.
არაორდინალურად უნდა ვიმოქმედოთ.
გოდერძი ჩოხელის ფილმში “ადამიანთა სევდა” სარდალს ვთამაშობ. კინო სატირაა. სოფლებს ვიპყრობ ქალების “ლაშქრით”. მივადექით ერთ კულტურულ სოფელს. გოდერძიმ მკითხა, რა ვქნათ, როგორ ავიღოთ ეს სოფელი ისე, რომ სხვების აღებას არ დაემსგავსოსო. კულტურული სოფელი უკულტუროდ უნდა ავიღოთ-მეთქი. როგორო? როგორ და სახით წინ კი არ შევუტიოთ, არამედ უკან-უკან სვლით, ზურგშექცევით. მოეწონა. უკაცრავად და, წავიკუზეთ და უკანა სვლით გადავედით შტურმზე. ავიღეთ ეს სოფელი.
ზუსტად ასეთი ამბავია ჩვენთან.
_ წავიკუზოთ და შევუტიოთ?
_ (იცინის).
_ ბატონო გურამ, 2009 წლის ერთ-ერთ პუბლიკაციაში თქვენ გაკიცხეთ მავანი ქალბატონი, რომელიც თავისი “ჯიპით” სანაპიროზე მიმავალ საპროტესტო აქციის მონაწილეთა კოლონაში შეიჭრა.
_ მახსოვს. მთავრობის რომელიმე წევრის ან დედა, ან სიდედრი იქნება-მეთქი.
_ დიახ, დიახ… ოფიციალურ ვერსიას თუ ვენდობით, 26 მაისს ნინო ბურჯანაძე “ჯიპით” შეიჭრა სპეცრაზმელთა როგებში.
_ “ჯიპი” არ შევარდნილა. ტყუიან. კიდევ კარგი, რომ ეს მომენტი გადაღებულია. სპეცრაზმელები თვითონ შეახტნენ მანქანას, ძალიან უნდოდათ თავის გამოჩენა ხელმძღვანელების წინაშე, ერთგულების დამტკიცება უნდოდათ. ერთი უკნიდან შეახტა, სამი _ მარჯვნიდან, სამი _ მარცხენა მხრიდან. თავისუფლების მოედანზე, სადაც რუსთაველის პროსპექტის ასფალტი ქვაფენილს უერთდება, მანქანა შეხტა. ამ დროს ჩამოიფერთხნენ ესენი. ის საწყალი, უბედური, ღმერთმა აცხონოს იმისი სული, უკანა მხრიდან იყო შემხტარი მანქანაზე, ის რომ ჩამოვარდა, უკან მიმავალმა მანქანამ გადაუარა, გვერდი ვერ აუქცია შოფერმა.
ნინოს დააბრალეს. მასეთები შეუძლიათ კი არა… გაოგნებულია მთელი ხალხი.
_ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან თქვენ ნორმალური დამოკიდებულება გქონდათ…
_ ყოველთვის _ არა. უწინ ამათ, როგორც ყოველთვის, ვლანძღავდი. ნინოზე უარყოფითი რეაქცია მქონდა, იმიტომ, რომ ეს ჭკვიანი ქალი ამათთან როგორ ძლებს-მეთქი. ამათთან როგორ უნდა იმუშაოს ნორმალურმა ადამიანმა?! ამას ვამბობდი ყოველთვის. სახალხო კრებაში ერთმანეთს რომ შევხვდით, ვუთხარი, არ მიყვარდი-მეთქი.
_ ახლა?
_ საოცარი ქალები არიან. ისეთი მამაცი ქალები, როგორებიც აჭარაში, ბათუმში ვნახე, მხოლოდ წიგნებში თუ წამიკითხავს. ვაჟკაცებივით იქცეოდნენ. მეორე საოცრება კი ნინო და ნონა იყო. ასეთ სიმამაცეს ბევრი კაცი ვერ დაიტრაბახებს.
თემურ შაშიაშვილის ვაჟკაცობამ გამაოცა. ადრე ახლო ურთიერთობა არ მქონდა. მაგრამ, რაც ბათუმში ვიხილეთ, მე და ელიზბარ ჯაველიძე ერთმანეთს გამოვუტყდით, ასეთი თუ იყო, არ გვეგონა.
მაგრამ ქალებმა გადამრიეს! მოწიწებით თავსა ვხრი მათ წინაშე.
ბათუმში, ტელევიზიასთან ვიწრო ქუჩაა. იქ რომ მივედით, რამდენიმე წუთით პირდაპირი ეთერით გამოსვლა მოვითხოვეთ. შევუგზავნეთ წერილი და ველოდებით. ამ დროს წამოვიდა ქვების წვიმა: ჩვენს აქციას შერეულმა პროვოკატორებმა დაიწყეს მიღებული დავალების შესრულება _ ქვები დაუშინეს ტელევიზიას პოლიციას რომ მისცემოდა მიზეზი აქციის მონაწილეთა დასარბევად.
ვაი, ჩემი ბრალი-მეთქი, ვაი, საქართველო! ეს ხომ აჭარაა, ეს ხომ ერთი ოჯახივითაა, ყველა ერთმანეთის მოყვარე და ნათესავია. ასე როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?!
შემდეგ გავიგე, რომ პროვოკატორები სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ. ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ ეს უპატრონოები.
იქ მე ვნახე ქალების ბრძოლა: ვინ მოუშვა ჩვენამდე პოლიცია! დატრიალდნენ, ერთი _ განსაკუთრებით. კუდით ქვა ასროლინესო, რომ ამბობენ, ისე იყო. სასწაული!
შემდეგ ის ქალბატონები თბილისში ჩამოვიდნენ, ყველა წინააღმდეგობა გადალახეს, რაც გზაზე მოუწყევს. პარტიზანებივით ჩამოვიდნენ. მათ გმირობაზე კარგი მწერალი დაწერს, ალბათ. აღფრთოვანებული ვარ ამათით, ნონათი, ნინოთი! ახლა არჩევნები რომ იყოს,  ორივეს ავირჩევდი.
პოეტების მშურს _ ლექსებს ვერ ვწერ. ერთი გოგო მიყვარდა ყმაწვილობისას. ძალიან მოვინდომე, მიმეძღვნა ლექსი. დავიტანჯე. არაფერი გამომივიდა. ვერც სხვას ვთხოვე.
ვერ ვწერ ამ ლექსს, თორემ დავუწერდი ნინოსაც, ნონასაც.
_ ლევან თუთბერიძის ფილმში “წარსულის აჩრდილები” თქვენ თამაშობთ ავღანეთში ლაშქრობიდან დაბრუნებულ ქართველ მეომარს, რომელიც ფლობს და ინახავს ქართული, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საიდუმლოს. იგი და მისი საბრძოლო მეგობრები ყოველ წუთს მზად იყვნენ თავიანთი ხელოვნება სამშობლოს დასაცავად გამოეყენებინათ. დღეს ბრძოლის ეს ნიჭი, ცოდნა და უნარი ქართველ ერში ფერფლწაყრილია, მაგრამ ღვივის. მგონი, ასეა?
– გეთანხმებით.
– მაშინ მიპასუხეთ: მზად ხართ თქვენ და თქვენი მეგობრები იშიშვლოთ ხმალი მაშინ, როცა სამშობლოს ღირსების დაცვა ამას მოითხოვს?
_ პირდაპირი მნიშვნელობით არ ლაპარაკობთ ხმლის ამოღებაზე, მესმის.  მაგრამ სულიერი ძალა რომ უნდა ავამოქმედოთ, ძალა, რომელიც ერშია მინავლებული, ვფიქრობ, დროა უკვე.
ვაი, იმ ქვეყანას, იმ საქართველოს, სადაც ხალხია დაშინებული. მაგრამ როდემდე იქნება დაშინებული ხალხი?
_ არიან კი საქართველოში “წარსულის აჩრდილების” გმირების მსგავსი ადამიანები, რომლებიც უანგარო თავგანწირვისთვის იქნებიან მზად? სულიერებისკენ მიმყავს საუბარი.
_ “სახალხო კრების” წარმომადგენლები და დარბაზის წევრები რუის-ურბნისის მეუფე იობთან ვიყავით, და უნდა ვთქვა, რომ თვალწინ ისტორიული, ძველი ქართველი მამულიშვილი წარმომიდგა. იმიტომ მიხარია სიცოცხლე, რომ მეუფე იობივით კაცები არსებობენ ამ ქვეყანად.
ხშირად იტყვიან, ცოტანი არიანო ასეთები.
მაგრამ, ჯერ ერთი, ერისთვის, როგორც მაგალითის მიმცემი, ეს ცოტანიც საკმარისია. მეორე. არც ისე ცოტანი არიან.
მეუფე იობმა გამაკვირვა თავისი შემართებით. დაგვლოცა. სულიერი ოკუპაცია მიმდინარეობსო, შვილებო, უნდა შეებრძოლოთ ამ სიავეს. წმინდა გიორგის ხატი გადმოგვცა. დააბრძანეთ თქვენს ოფისში და თქვენ გაიმარჯვებთო.
_ ოკუპაცია ახსენეთ. თავგამოდებული ლანძღვით შევძლებთ რუსეთის დამარცხებას?
_ ბავშვმაც კი იცის, რომ ასეთი პოლიტიკა არაფრის მომცემია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ ასეთი უგნურობა  დანაშაულია. მე მგონი, განგებ იქცევიან ასე, თავიანთი შეცდომების თუ სიბრიყვის გასამართლებლად. აბა, სხვა რა იყო ახალგორის დაკარგვა? ის ქმედება, რაც მას წინ უსწრებდა?!
დასვეს ჯაყოსავით კაცი, ეს “ნაჩალნიკიაო” სამხრეთ ოსეთის, დალის ხეობიდან გააგდეს საოცარი ვაჟკაცი ემზარ კვიციანი. დასვეს იქ აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობა. არაფრის მაქნისები _ ერთიც და მეორეც. და _  ჩააბარეს კოდორის ხეობა, ზემო აფხაზეთი რომ დაარქვეს, აფხაზეთს, ახალგორი _ ე.წ. სამხრეთ ოსეთს.
გეკითხებით, მე ვარ მოღალატე, თუ ესენი?!
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 
P.S. ბატონო გურამ! წააკითხეთ ეს ინტერვიუ თქვენს გაზრდილ თამარს და, ვფიქრობ, უკეთ გაიგებს, რა უბედურებაც ტრიალებს ჩვენს თავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here