Home რუბრიკები საზოგადოება 2016-2017 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

2016-2017 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

გაუნათლებელი ერის დამონება და დამორჩილება ადვილია

650
2016-2017 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

ეროვნული გამოცდების მორიგი ეტაპი დასრულდა და ის ახალგაზრდები, რომლებსაც, სულ რაღაც, ორი თვის წინათ სკოლის მოსწავლეები, შემდეგ კი აბიტურიენტები ერქვათ, ორიოდე კვირაში უმაღლესი სასწავლებლების კარებს სტუდენტების სტატუსით შეაღებენ.

მოლოდინი ბევრს გაუცრუვდა _ თავად განსაჯეთ, უნივერსიტეტებში ვაკანტური 14 ათასი ადგილი დარჩა, თუმცა ამას ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ, რადგან საქართველოში 50-მდე უმაღლეს სასწავლებელს აქვს რეგისტრაცია გავლილი, მაშინ, როცა თავის დროზე ეს რიცხვი ათეულს არ სცდებოდა და ამის მიუხედავად, სწავლულებისა და პროფესიონალების კუთხით, საქართველო ერთერთი მოწინავე იყო. სამწუხაროდ, ახლა პროფესიული ტექნიკუმების ნაკლებობაა, მუშაობა აღარავის სურს, ყველას უმაღლესი მიზნებისკენ უჭირავს თვალი და ეს, ერთი მხრივ, თუ კარგია, მეორე მხრივ, კატასტროფაა, რადგან მუშახელი, ანუ საშუალო ფენა საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

ცალკე პრობლემაა სკოლებიდან ნაადრევად გასული მოსწავლეები, ანუ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებენ. როცა ამ თემაზე პედაგოგები წუწუნებდნენ, ბევრი მოსწავლე სწავლას შუა გზაში ტოვებსო, არ გვეგონა, თუ საქმე ასეთ საგანგაშო სტატისტიკასთან გვექნებოდა. თავად განსაჯეთ, 2016-2017 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა. სამწუხაროდ, ეს ოფიციალური მონაცემებია და ციფრებს ვერსად გავექცევით. აღნიშნულ პერიოდში საშუალო საფეხურზე (X-XII კლასები) სწავლა ვერ განაგრძო 8300-მა, ხოლო საბაზო საფეხურის (VII-IX კლასები) დასრულებამდე 3441-მა მოსწავლემ.

საინტერესოა, რომ დედაქალაქში, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტმა მოსწავლემ მიატოვა სკოლა. თბილისის მასშტაბით ეს ციფრები ასე გამოიყურება: საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 2168 მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე _ 1348-მა მოსწავლემ. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა ქვემო ქართლსა და კახეთში დატოვა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი როლი აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ითამაშა, რადგან გოგონების უმრავლესობა დამამთავრებელ კლასებში თხოვდება და სკოლაში აღარ დადის. ქვემო ქართლში საშუალო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 1835-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე _ 828-მა მოსწავლემ. კახეთში საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 891-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე _ 327-მა მოსწავლემ.

რაც შეეხება კონკრეტულ რეგიონებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2016-2017 სასწავლო წელს საშუალო საფეხურზე აფხაზეთში სკოლა დატოვა 64-მა მოსწავლემ, აჭარაში _ 764-მა, გურიაში _ 270-მა, იმერეთში _ 738-მა, მცხეთა-მთიანეთში _ 181-მა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 37-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 636-მა, სამცხე-ჯავახეთში _ 312-მა, ხოლო შიდა ქართლში _ 404-მა მოსწავლემ.

საბაზო საფეხურის დასრულებამდე აფხაზეთში სკოლა დატოვა 18-მა მოსწავლემ, აჭარაში _ 226-მა, გურიაში _ 36-მა, იმერეთში _ 235-მა, მცხეთა-მთიანეთში _ 32-მა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 2-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 128-მა, სამცხე-ჯავახეთში _156-მა, ხოლო შიდა ქართლში _ 105-მა მოსწავლემ.

სხვათა შორის, ეს პრობლემა მხოლოდ წელს არ გვიდგას. ყოველწლიურად, სტაბილურად ათი ათასზე მეტი მოსწავლე ამბობს უარს სწავლაზე. ამის მიზეზი, იმავე სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვაა. ათასამდე მოსწავლე პირდაპირ ამბობს, რომ სწავლას მუშაობის (?!) გამო ვეღარ ახერხებს, ორი ათასამდე მოსწავლე მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად (შეგახსენებთ, რომ ეს ყოველწლიურად ხდება), ხოლო დანარჩენი რვა ათასი მოსწავლის მიერ სწავლაზე უარის თქმის მიზეზი უცნობია. თუმცა, რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, უცნობი მიზეზი არ არსებობს და მთავარი პრობლემა უფულობაა. დიახ, მოსწავლეებს არ სურთ სკოლაში დახეული ტანსაცმლით სიარული; არ სურთ, ძირგავარდნილი ფეხსაცმლის გამოჩენა; არ სურთ მშიერი თვალებით ყურება; აპროტესტებენ, უარს ამბობენ და მშობელიც იძულებულია, შეეგუოს ბედს. მით უმეტეს, მშობელს სწავლაზე მეტად ის ადარდებს, რა აჭამოს შვილებს, შიმშილით სული რომ არ გაძვრეთ.

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასკოლო წიგნები უფასო გახადა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს საკმარისი არ არის, ბატონებო. გასავითარებლად და სააზროვნოდ ბავშვებს საკვებიც სჭირდებათ, ის საკვები, რომელიც, უბრალოდ, არ აქვთ და მშობლებიც ვერაფერს ახერხებენ. ალბათ, ყველას გახსოვთ სულისშემძვრელი კადრი სარფის საბაჟოსთან, როცა მამას არასრულწლოვანი შვილი თურქეთში ჩაისა და ხილის საკრეფად მიჰყავდა და ამბობდა: სხვა გზა არ მაქვს, რადგან ოჯახი შიმშილის ზღვარზეაო. ასეთი ოჯახები ათასობით არის საქართველოში. ამ პირობებში ვისი მოთხოვნით აფინანსებს ხელისუფლება თუნდაც იმ ფესტივალს, რომელსაც რეალურად არანაირი კულტურული ღირებულება არ აქვს და ნარკოტიკების გასასაღებელ ქარვასლად არის ქცეული? იმ ფესტივალს, რომელმაც შარშანაც და წელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და საამისოდ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა? ჰო, ფული დაიხარჯა ახალგაზრდების სიკვდილში და არ იხარჯება მათ გადარჩენაში. მით უმეტეს, სულ რაღაც ერთი კვირის წინათ თურქეთიდან გამოქცეული ქართველების კადრებმა წალეკა სოციალური ქსელი. ჩვენი თანამემამულეები მონებივით ამუშავეს და ხელფასი არ გადაუხადეს, ანუ საშიმშილოდ განწირულ ხალხს მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ საკონტროლო გასროლა გაუკეთა და გაწირა.

ხომ წარმოუდგენელია, რომ ეს სტატისტიკა ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა არ იცოდნენ?! ხომ არ შეიძლება, რომ ახალი პრემიერისთვის არ ეთქვათ, რაც ხდება, მაგრამ გსმენიათ, სადმე ვინმეს წამოსცდენოდა ამ პრობლემის შესახებ და მისი მოგვარების გზებზე ეზრუნა?! არა, ბატონებო, არა… სამაგიეროდ, ხელისუფლება ჯიუტად “აპრავებს” უცხოელი ვიზიტორებისთვის რესტორნებში დახარჯულ მილიონობით ლარს და საკუთარი მომავალი შიმშილით უკვდება. ციფრები არასდროს ტყუის და ამ ციფრებით, გადაშენების გარდა, გაუნათლებლობის გზაზე დიდი ნაბიჯებით მივდივართ. გაუნათლებელი ერის დამონება და დამორჩილება კი ყველაზე ადვილია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here