“საქსტატის” 2016 წლის მონაცემებით, განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა (3 064) იმ წყვილებზე მოდის, რომლებიც დაახლოებით 4 წელს იყვნენ დაქორწინებული.
მას მოსდევს 20 და მეტი წლის ხანგრძლივობის ქორწინების მქონე წყვილთა განქორწინება _ 2 296 შემთხვევა, 2 274 განქორწინება აღირიცხა 5-დან 9 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინების წყვილებზე. 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმრავლესობა პირველად იყო დაქორწინებული.
2016 წელს რეგისტრირებული განქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა _ 3 688 შემთხვევა _ თბილისზე მოდის, 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 87 ერთეულით გაიზარდა. შარშან 1 450 რეგისტრირებული განქორწინება აღირიცხა იმერეთში, 982 კი _ ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა (56) განქორწინება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა. რაც შეეხება ქორწინებებს, შარშან საქართველოში 25 101 ადამიანი დაქორწინდა და 2015 წელთან შედარებით ქორწინების რაოდენობა 4 056 ერთეულით შემცირდა.
“საქსტატის” ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 20-დან 24 წლამდე 7 978 ქალი, ხოლო 25-დან 29 წლამდე 7 174 კაცი დაქორწინდა. 2016 წელს ყველაზე მეტი ქორწინება (7 304) თბილისში დარეგისტრირდა, თუმცა ეს 2015 წლის მონაცემზე (8 249 ქორწინება) 945 ერთეულით ნაკლებია. 3 832 ქორწინება დარეგისტრირდა იმერეთში, 2 631 კი _ აჭარაში. 2016 წელს ყველაზე ცოტა (203) ქორწინების რეგისტრაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში აღირიცხა.