Home რუბრიკები საზოგადოება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე): ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, 26 მაისის ღამე...

ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე): ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, 26 მაისის ღამე იყო ბოროტება! ეს იყო კაენის ცოდვა და არა მხოლოდ ცოდვა, ეს დანაშაული იყო!

1009

“საქართველო და მსოფლიო” ამჯერად გთავაზობთ ბოლნელ ეპისკოპოსთან, მეუფე ეფრემთან (გამრეკელიძე) საუბრების ციკლს, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე.
– მეუფეო, ჩვენი ბოლო საუბრიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა. მაშინ ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებოდით და, ალბათ, ვერც წარმოიდგენდით, რომ სულ ცოტა ხანში თქვენთვის ამ საყვარელი მონასტრის დატოვება ბოლნელი ეპისკოპოსის ხარისხში მოგიწევდათ. როგორი იყო თქვე­ნი პირველი რეაქცია, როცა გაუწყეს, რომ წმინდა სინოდის განჩინებით ბოლნელ ეპისკოპოსად გამოგარჩიეს. ეს ხომ ურთულესი რეგიონია მუსლიმანი მოსახლეობის სიჭარბით?
 
– კარგად მახსოვს დეკემბრის ის თოვლიანი დღე; მეუფე იობი და მეუფე ილარიონი ამობრძანდნენ ქოზიფაში და სიხარულით მაუწყეს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება;…თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე და, მეუფეს რომ არ ეთქვა, მართლა ვერ დავიჯერებდი… მეუწყა თუ არა ეს ამბავი, იმავე წამს ვიგრძენი ტვირთი და სიმძიმე და სიხარული ამან გადაფარა… თუმცა ჩვენი, ბერების, უპირველესი მოვალეობა მორჩილებაა. რადგან თავი უარვყავით, ეკლესიაში მოვედით და ბერად აღვიკვეცეთ, ღვთის ნებას უნდა დავემორჩილოთ…
… აღმოვჩნდი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო მხარეში, სადაც მანამდე ნამყოფიც კი არ ვიყავი და მასთან არანაირი შეხება არ მქონია. უწმინდესმა, როგორც მას სჩვევია, ძალიან დიდი სიყვარულით დამამშვიდა, დამლოცა და ასე შევუდექი ბოლნისის სიონისკენ მიმავალ მღვდელმთავრულ გზას. ბოლნისის სიონმა უდიდესი ნუგეში მომცა და დღემდე ასეა. ეს ტაძარი ჩვენი ისტორიის გადაშლილი წიგნია; ეს კუთხე დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია – ნაკლებობაა ქართველობის, ქრისტიანობის, საზღვრისპირა რეგიონია და ამიტომაც სწორედ ეკლესიას სჭირდება გაძლიერება, რადგან ისტორიულად ასე იყო ყოველთვის – ეკლესია აძლევდა იმ სულიერ ძალას ერს, რომლითაც მას ნებისმიერი განსაცდელისთვის უნდა გაეძლო, თავი გადაერჩინა ძნელბედობის ჟამს.
ამიტომაც, დღეს ყველაზე ჯანსაღი, სწორი მიდგომა ისაა,რომ აქ ეკლესია გაძლიერდეს, გაძლიერდეს ქრისტიანობა, ქართული სულისკვეთება, რომ ეს მხარე მყარად დადგეს საქართველოს ერთიანობის სადარაჯოზე. და იმედი მაქვს, უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება.
– მეუფეო, როგორ დაგხვდათ ადგილობრივი მოსახლეობა? საშობაო წირვის (მახსოვს, 22 გრადუსი ყინვა იყო და ძვლივს გავძელით) შემდეგ ტრაპეზზე თბილისიდან ჩამოსულ მრევლს ერთი აზერბაიჯანელი და ერთი სომეხი გვემსახურებოდა. თუმცა მეეჭვება, ყველა ასე დაგხვედროდათ. როგორი იყო არა­ქართული მოსახლეობის დამოკიდებულება ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების აშკარად გამოცოცხლების შემდეგ აღმავლობის გზას დაადგა და ეს უკვე თვალშისაცემი იყო თბილისიდანაც კი…
– რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს და ან რა დამავიწყებს იმ პირველ შეხებას ბოლნისის სიონის დიდებულ ტაძართან, პირველ საშობაო წირვას. თუმცა, თქვენგან – მრევლისგან განსხვავებით, მე მაშინ ყინვასა და სიცივეს ვერ ვგრძნობდი, იმხელა ემოციებსა და განცდებში ვიყავი. იმხელა იყო მადლი ბოლნისის სიონისა. არც იმის დრო მქონდა, გამერჩია – ვინ სომეხი იყო, ვინ – აზერბაიჯანელი; ჯერ თვითგამორკვევის მდგომარეობაში ვიყავი – უცხო მხარეში ხარ, არც არავის იცნობ, ახლობელი არავინ გყავს. თუმცა, რომ წარმომედგინა, იმაზე უფრო ნათელი მდგომარეობა დამხვდა.  ქართველ მართლმადიდებლებს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარული ჰქონდათ. ძალიან თბილად და სიყვარულით დამხვდა მოსახლეობა.
მოგეხსენებათ, ეკლესიის იარაღი დაპირისპირება, მრისხანება და ეთნიკური ნიშნით გარჩევა არაა. ყველა ადამიანი ღვთის შვილია და ყველას სიყვარულით უნდა შეხვდე, ყველა სიყვარულით უნდა მიიღო. ჩვენი ხასიათიც და სარწმუნოებრივი მისწრაფებაც ესაა – სიყვარული, უპირველეს ყოვლისა! მერე კი დრო გამოაჩენს, ვინ მიიღებს, გაითავისებს ამ სიყვარულს, ვის სულს შეეხება სულიწმინდა. მერე ავტომატურად მოხდება გადარჩევა – ვინ დარჩება ამ სიყვარულთან, ვინ – წავა.
… ჩვენ აზერბაიჯანულ ეთნოსთან, ისტორიიდან გამომდინარე, არ გვქონია (ყოველ შემთხვევაში, ქართველების მიზეზით) რაიმე სახის მცდელობა დაპირისპირებისა. და ეს ეტყობა კიდეც ჩვენს ქვეყანას – ამიტომაა ასეთი მრავალეროვანი, ამიტომაა ამდენი სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარი. ამ რეგიონში კი კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სიყვარულია ყველაზე დიდი და დაუმარცხებელი იარაღი. ის, რომ ბოლნისის სიონი დღეს აბსოლუტურად აზერბაიჯანულ გარემოცვაში დგას, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ეკლესია მარადიულია, ურყევია და სწორედ ეკლესიიდან უნდა დაიწყოს ქვეყ­ნის გადარჩენა და გაერთიანება; ეს ადამიანები, მართალია, სხვა სარწმუნოების მიმდევარნი არიან, თუმცა ზოგადად, ასე ვიტყვი, ღვთის შიში (ღმერთს ვის უწოდებენ თავიანთ წარმოდგენაში, ეს სხვა თემაა) აქვთ, ღვთისმოშიში ხალხია; იციან, რომ ეს ტაძარია – ღმერთის სახლია და მას ცუდად არ უნდა შეეხონ, იქიდან რაღაც არ უნდა მოიპარონ, შეგნებულად არ უნდა დააზიანონ. ამდენი წელია, აქ ვარ და არ მახსოვს, ბოლნისის სიონიდან რაიმე დაკარგულიყოს – ისინი შემოდიან ტაძარში, სანთელს ანთებენ (ჩემზე მეტი მამა ბესარიონმა იცის, უკვე 20 წელია, ღვთის მსახური და ბოლნისის სიონის წინამძღვარია), თავისებურად ევედრებიან ღმერთს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, წმიდა გიორგის როგორ პატივს მიაგებენ  მუსლიმანები, თუნდაც ქურმუხის წმიდა გიორგის მაგალითი რად ღირს. აქაც, ხატისუბანია სოფელი, სადაც გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება და 23 ნოემბერს, გიორგობას, აზერბაიჯანელი მუსლიმანებიც ცხვარს სწირავენ, სანთელსაც ანთებენ, თავისებურად ევედრებიან, სასოებენ წმიდა გიორგის და მიაჩნიათ, რომ წმიდა გიორგი არის სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო და ყველა განსაცდელში მათი განსაკუთრებული მეოხი. და რახან უფალი ამას უშვებს, ეს შემთხვევით არ იქნება.
ქართული ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ პირველი წმინდანები არაქართველები, არაქრისტიანები იყვნენ და, თუკი სხვა სარწმუნოების მიმდევარს აქვს  სურვილი, ქრისტიანულ ტაძარში წმინდანებს ესასოოს, ეს ძაფი უხეშად არ უნდა გავწყვიტოთ.
… რამდენიმე მუსლიმანი მართლმადიდებლად მოინათლა კიდეც – ერთი ჩვენს ტაძარში სტიქაროსანია, ერთი გოგონა მედავითნეა. ჩემი აზერბაიჯანელი მართლმადიდებელი მძღოლიც დღემდე ჩვენ გვერდითაა და ნებისმიერ ქართველზე არანაკლები ერთგულებით ემსახურება ეკლესიას – ტაძრების მშენებლობაშიც იღებს მონაწილეობას. ასე რომ, ზოგადად ურთიერთობა ხალხის დონეზე ძალიან ნორმალური, სტუმარმასპინძლურია (ისინი მასპინძლებად მიიჩნევენ თავს). ხშირად მოსულან და უკითხავთ, რამე ხომ არ გვჭირდებოდა; ტყეებში, საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ძველი ტაძრები და ნამონასტრალებია, ქართველი ადამიანი ფაქტიურად არ დადის, აზერბაიჯანელებმა კი ფეხდაფეხ იციან თითოეული ხე და ბუჩქი, თითოეული ბილიკი და ბევრჯერ დაუზარებლად მეგზურობას გვიწევენ, გზაც გვიჩვენებენ  ჩვენი ტაძრებისკენ. ბევრჯერ თავიანთი სურვილითაც მოსულან და უთქვამთ – ამა და ამ ადგი­ლას თქვენი ქილისაა (ქილისას ეკლესიას ეძახიან) და გაჩვენებთო. არავის არასოდეს დაუმალავს ეს, პირიქით – გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენია, ქრისტიანულიაო; არც თუ იშვიათად, ტაძრების გაწმენდაშიც, გზების გაკვალვაშიც გვეხმარებოდნენ. უკან არასოდეს დაუხევიათ. ალბათ, ღვთის შიშით.
– და შიში შეიქმს სიყვარულსა?..
– ეს რამდენად გადაიზრდება სიყვარულში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მათში მზაკვრობა არ არის; ანტიგანწყობას, აგრესიას, სიუხეშეს, უპატივცემულობას ვერ ვგრძნობ უბრალო მოსახლეობისგან. თუმცა არის რაღაც დაჯგუფებები ან ცალკეული ადამიანები, რომელთაც ძალიან აღიზიანებთ, “არ აწყობთ” ჩვენ შორის ასეთი თბილი, ადამიანური დამოკიდებულება; რომელთაც  უნდათ, ეს ხალხი ჩვენ მიმართ აგრესიულად განაწყონ…
– და ვინ არიან, მეუფეო, ეს დაჯგუფებები, ეს ადამიანები?
– არ ვიცი… მაინც და მაინც ნუ იფიქრებთ, რომ ისინი არაქართველები არიან, შეიძლება ქართველებიც იყვნენ ან რაღაც არასამთოვრობო ორგანიზაციები, რომელთაც ეთნიკური შუღლის ჩამოგდება სურთ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ამ შემთხვევაში რელიაგია და ეროვნება განუყოფელია – თუ ერთ საკითხთან მიმართებაში იქნება დაპირისპირება, ამას ავტომატურად მოჰყვება მეორე და პირიქით! რამდენიმე ადამიანი თუ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც შოვინისტურად აზროვნებენ, ცდილობენ, მართონ აზერბაიჯანელები. იყო რამდენიმე შემთხვევა, ჯვარი აღვმართეთ. მოსახლეობისგან არანაირ წინააღმდეგობას არ წავწყდომივართ, მერე ვიღაცები უხეშად ჩაერივნენ (არ გამომიძიებია, ვინ იყვნენ) – იყო სატელეფონო ზარები, თურმე ამით აზერბაიჯანელებს შეურაცხვყოფდით. ყოველ შემთხვვაში, მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოსახლეობის განწყობა არ არის, ეს არის რაღაც მცირე ჯგუფის სურვილი და დამოკიდებულება, რომელიც ცდილობს, რომ  ერთმანეთს გადაჰკიდოს ეს ორი ერი.
– თქვენი სულიერი გადასახედიდან როგორ ხედავთ, მეუფეო, იქნებ, ამ არაკეთილმოსურნე  ადამიანთა შეშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ რამდენიმე ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა რჯული შეიცვალა და გაქრისტიანდა?
– ზოგადად, მე არ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში, რაც მე აქ ვარ, რაღაც ისეთი მასშტაბური და გრანდიოზული ხდება. მაგრამ ეპარქია რომ გამოცოცხლდა, ამას ყველა დაინახავდა, ქართველიც და არაქართველიც, მტერიც და მოყვარეც – რამდენი ჯვარი აღიმართა, რამდენი ტაძარი აღდგა, მონასტერი გაიხსნა, სამღვდელოება მომრავლდა, მოძრაობაა მრევლისა, ეს ამ არაკეთილმოსურნე ადამიანებისთვის  გასაკვირიც იყო და მოულოდნელიც, ამისთვის “მოუმზადებელნი” აღმოჩნდნენ და მოსვენება დაკარგეს. მერე ხმას ავრცელებდნენ, რომ თითქოს ძალით გაქრისტიანება გვინდოდა ვინმესი, ხალხს ეუბნებოდნენ: “ჯვრებს იმიტომ გიდგამენ, თქვენი ძალით გაქრისტიანება, თქვენთვის მიწების წართმევა, თქვენი უფლებების შეზღუდვა უნდათო”. შეგნებულად ასე თესავდნენ შუღლსა და ბოროტებას. ამ დროს ჩვენი იარაღი მხოლოდ ჯვარია უფლისა, ჯვარი და სიყვარული. მე ისიც კი არ გამომიძიებია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რადგან, ვინც უნდა ყოფილიყვნენ, ადამიანთა შორის მტრობის ჩამოგდება იმხელა ბოროტებაა, რომ ამ ბოროტებას მხოლოდ სიყვარულით თუ დაუპირისპირდები, ამხელა სიბოროტეს მხოლოდ სიყვარული ამარცხებს.
– რამდენად იმოქმედა ამან მოსახლეობის განწყობაზე, დამოკიდებულებაზე თქვენ მიმართ?
– მოსახლეობის განწყობა, უფლის წყალობით, ისევ ისეთია, არ შეცვლილა, რადგან მიხვდნენ,  რომ არც ჯვარია მათი მტერი, არც მოქმედი ტაძარი და არც მღვდელი. ამიტომაც მივიჩნევ, რომ “ვიღაცას” ჩვენი იარაღის – სიყვარულის შეეშინდა. ყველაზე გამართლებული და ძლიერი იარაღი ბოროტებასთან ბრძოლაში სიყვარულია… ბოროტი სიყვარულს ვერ ერევა! აი, რამ შეაშფოთათ! კიდევ ერთხელ გეტყვით: არ გამომიძიებია იმათი ვინაობა, ვინ ამღვრევდა წყალს, რადგან ვინც უნდა იყვნენ ისინი, მათ წინააღმდეგ ჩვენი იარაღი მხოლოდ ლოცვა და სიყვარულია..
– მეუფეო, ცოტა უფრო სხვა ჭრილში განვიხილოთ ქართულ-აზერბაიჯანული საკითხი. აქ, საქართველოში, აზერბაიჯანელებს ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ – აქვთ საკუთარი სკოლები, მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მეჩეთებს იშენებენ, საინგილოში კი ქართველებს  ადგილობრივი ხელისუფლება, ეკლესიების გახსნას კი არა, ლამის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავს. ცოტა უფრო მეტად ხომ არ უნდა ვიმოქმედოთ მათ დასაცავად? ისინიც ხომ ჩვენი სხეულის ნაწილები არიან და თანაც ყველაზე ტკივილიანი. იქნებ, ჩვენ ყველანი ვცოდავთ ინგილოების წინაშე? აზერბაიჯანული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა საინგილოში ქართველების მიმართ ძალიან აგრესიულია, კატეგორიულია; მაშინ, როდესაც აგერ, ბოლნისის სიონის გვერდით, მეჩეთებს გვიშენებენ, ამის სანაცვლოდ ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა მოეთხოვა თუნდაც ერთი ტაძრის გახსნა საინგილოში ქართველებისათვის?
– მართალი ბრძანდებით, ამ მხრივ ჩვენ ძალიან არათანაბარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სახელმწიფოებრივად კი ვაღიარებთ, რომ თანასწორუფლებიანი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აღმოჩნდება ისე, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვთმობთ და სანაცვლოდ ძალიან ნაკლებს ან არაფერს ვიღებთ – თუნდაც საინგილოში, სადაც იქაური მთავრობა ხატისა და სასულიერო ლიტერატურის შეტანის უფლებასაც არ გვაძლევს. გვეუბნებიან, რომ ეს სხვა სახელმწიფოა და ჩვენთან ასეთი კანონებიაო, ჩვენ კი ვამბობთ, რომ მეტი დემოკრატები ვართ, მეტად შემწყნარებელნი, უფრო ტოლერანტები. მაგრამ ეს უკვე შემწყნარებლობა აღარ არის, ეს უკვე საკუთარის დაუცველობაა, სიბრიყვეა და ამ მხრივ ნამდვილად გამოსასწორებელია მდგომარეობა.
– ჩვენი ეკლესია როგორ არ ითხოვს, რომ საინგილოში ამოქმედდეს ტაძრები?
– არაერთგზის მოუთხოვია, მაგრამ აზერბაიჯანის მხრიდან ყრუ კედელს ვაწყდებით მუდამ – ჩვენ ასეთი სახელმწიფო კანონი გვაქვსო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უფრო მკაცრად უნდა დააყენოს საკითხი და კიდევ ერთხელ შეახსენოს აზერბაიჯანულ მხარეს, თუ რა საოცარ, შეუზღუდავ პირობებში იმყოფებიან აქ, საქართველოში, აზერბაიჯანელები და სანაცვლოდ მათაც მოსთხოვონ ფერეიდნელი ქართველებისთვის ის, რაც ამ ხალხისთვის ასე აუცილებელია, მაგრამ ასე არ ხდება, სამწუხაროდ. ეკლესიის მხრიდან არის მზაობა, მცდელობა, მაგრამ აქ მხოლოდ ეკლესია სხვა სახელმწიფოში ვერაფერს გახდება… ეკლესიამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, სახელმწიფომ კი თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და ასე, ერთობლივად გადაწყდება ერისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნის სასიკეთოდ! მოვლენები კი ჩვენდა საზიანოდ ვითარდება, ამისათვის თუნდაც დავით გარეჯის სამონასტ­რო კომპლექსის მაგალითიც კმარა – დავით გარეჯი გაგვიხდა სადავო და დღემდე ბუნდოვანი განცხადებები გვესმის, რომ “მხოლოდ სტრატეგიული სიმაღლეები ეკუთვნით” აზერბაიჯანელებსო. არადა, სწორედ ამ “სტრატეგიულ სიმაღლეებშია” მოქცეული ჩიჩხიტურის კოშკი, აღდგომის ტაძარი. ჩვენ იმდენს ვთმობთ, ყველანაირ პირობას ვუქმნით აქ აზერბაიჯანელებს. საინგილოში ქართული ტაძრისა და მონასტრის გახსნას ვინ ჩივის, როცა გარეჯი გაგვიხდა მათთან სადავო?! ხელისუფლება ცდილობს, “დაგვამშვიდოს”, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მოგვარების ნაცვლად დღითი დღე ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები ილახება, ქართველი ხალხის უფლებები იზღუდება. ამასობაში ქართული მიწებიც იკარგება და ასე ბრმად “მივყვებით და ვეგუებით” ამ ყველაფერს. იმას ვფიქრობთ, “სტუმრებს” არ ვაწყენინოთ. კი, ბატონო, ნუ ვაწყენინებთ, მაგრამ, სტუმარსაც ხომ თავისი ადგილი აქვს? დღეს კი რა ხდება? ქართველს უფრო ნაკლები უფლება აქვს თავის საკუთარ მიწაზე, ვიდრე სხვა ეთნოსს. ჩვენთან სტუმარი უფრო პრივილეგირებულია “რაღაცის” თუ “ვიღაცის პირადი ინტერესების” გამო. ეს არის მტკივნეული, თორემ ჩვენ რომ ვიცით სტუმრის დახვედრა და მიღება, ისეთი მსოფლიოში არავინ იცის. ეს ხელოვნურად ხდება, რადგან “ვიღაცებს” ეს ხალხი თავიანთი ამბიციური  მიზნებისთვის სჭირდება. აზერბაიჯანელს საქართველოში ყველაფერი უნდა ჰქონდეს – მეჩეთიც, სკოლაც, არ უნდა ვაწყენინოთ, ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა. არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ერთხელ მათმა ხელისუფლებამაც გვიმეგობროს და თანაც საქმით, რომ საინგილოში ეთნიკურმა ქართველმა დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი! მაგრამ სათანადოდ არ ითხოვს, ალბათ, ის, ვინც უნდა მოითხოვოს, რადგან საქართველოში აზერბაიჯანული მოსახლეობა მისი მიზნებისთვის უფრო გამოსადეგია, ვიდრე აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი ქართველები! ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენ ჩვენსას არ დავაფასებთ. შენ თუ შენსას არ დააფასებ, არც სხვა დააფასებს. ერს, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, თავისი ღირსება აქვს და, თუ შენ არ დადექი შენს სიმაღლეზე, შენ არ დააფასე შენი ეროვნული ღირსება, ამას შენს მა­გივრად არავინ გააკეთებს. ახლა კი რა გამოდის? ადამიანი სახლში შემოუშვი, სტუმრად მიიღე და ისევ შენივე უნიათობით თუ ზომაზე მეტი ტოლერანტობით, შენივე ადგილს იკავებს ნელ-ნელა. ამ გადამეტებულმა ტოლერანტობამ  რა შედეგამდეც მიგვიყვანა, ყველანი ვხედავთ.
– კი, სამწუხაროდ, ტოლერანტი და მიმტევებელი რომაა ჩვენი ხელისუფლება, ოღონდ სხვების და არა საკუთარი ხალხის მიმართ, ეს ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც ცხადყო. 26 მაისის ბართლომეს ღამეს ვგულისხმობ, როცა ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა საკუთარ ხალხს უკვე მერამდენედ! მე, როგორც ერთ რიგით ქართველს, არ მაინტერესებს ამ მოვლენების პოლიტიკური სარჩული, რადგან მე დავინახე საზარელი კადრები, როგორ გამეტებით, უმოწყალოდ ურტყამდა ათი სპეცნაზელი ერთ წაქცეულ, ხელებშეკრულ ქართველს – თავის ძმას, ვინც უნდა ყოფილიყო – “ძე-შეცდენილი” თუ შეუმცდარი. როცა ცემით მოკლულ ადამიანებს შენობების სახურავებზე პოულობდნენ ან მტკვარში გადაყრილს, როცა დღემდე არ ვიცით, ზუსტად რამდენი ადამიანი დაიხოცა, უნდა დაეგმო თუ არა ხმამაღლა ეკლესიას ეს ფაქტი, ეს სისხლისღვრა, ერის ასე გამეტება? და რა მივიღეთ – საქართველოს საპატრი­არქომ და ამერიკის საელჩომ თითქმის იდენტური განცხადება გააკეთეს. თქვენ გტკივათ საქართველო და ქართველობა და, ალბათ, ყველაზე უკეთ იცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველის სიცოცხლე! გავხდით თუ არა 26 მაისის ბართლომეს ღამის კაენის ცოდვის მომსწრენი და თქვენ, წმინდა სინოდის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წევრი, რას ეტყვით ხალხს, რომელიც, ამდენი ხანია, ელის ხმას ეკლესიის?
– ყველაზე აღმატებული და ძვირფასი ქმნილება ღვთისა – ეს ადამიანია, მისი სულია და თუნდაც ყველაზე უღირსი ადამიანის სიცოცხლე, სული არ ღირს არავის ამბიციად თუ პატივმოყვარეობად. ყველა ადამიანის სიცოცხლე, ბარიკადის ორივე მხარეს მდგომი, ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ ვიმეორებ, ერთი ადამიანის სიცოცხლედაც კი არ ღირდა ეს ყველაფერი. ქართველები მაქსიმალისტები ვართ – ან ძალიან ცუდი უნდა გავაკეთოთ, ისეთი საშინელი, საკუთარი თავის მიმართ თუნდაც, რომ გავაკვირვოთ ყველა, ან ძალიან დიდი სიკეთე – რადიკალები ვართ, უკიდურესობების ხალხი ვართ, ზომიერება ძალიან ნაკლებად გვაქვს ყველაფერში.
როცა 26 მაისის ღამის კადრებს ვუყურებდი, წინასწარ რომ არ მცოდნოდა, რომ საქართველოში ხდებოდა ეს ყველაფერი, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ XVII საუკუნის შაჰ-აბასის რომელიღაც შემოსევას მაჩვენებდნენ ან რომელიღაც მტრულად განწობილ სახელმწიფოსთან ომი ატყდა, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი რუსთაველზე ჩვენს დროში ხდებოდა! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს? ოცდამეერთე საუკუნეში თუნდაც იმავე რუსთაველზე არ დაღვრილა სისხლი ქართველისა ისევ ქართველის ხელით? ხშირად მტრის ხატს გარეთ ვეძებთ და აღმოჩნდება, რომ არანაკლებ ზიანს ერთმანეთს   ვაყენებთ ქართველები. ამიტომაც თქვა ქართველთმოძულე შაჰ-აბასმა: “ქართველების ერთად ყოფნა არ მანახოს ღმერთმა და დანარჩენი მე ვიცი. ისინი თუ ერთად დადგნენ, მათი მომრევი არავინაა; ქართველს ისევ ქართველი თუ დაამარცხებსო”.
ამ “ფორმულას” მტერი ჩვენ წინააღმდეგ საუკუნეების მანძილზე შესანიშნავად იყენებდა – ქვეყნის შიგნით პოულობდა მოღალატეს ან მოღალატე ხელისუფლებას დაგისვამდა. რა მოუგვარებელი გვჭირს? რა ვერ გავიყავით? ეს ჩვენი ამბიციის, ამპარტავნების ბრალია – როცა ადამიანი რაღაც საფეხურზე შედგება, მერე თავი ძლიერი ჰგონია და ყველაფრის უფლებას ანიჭებს თავის თავს ამ საფეხურზე დიდხანს დგომისთვის…
… იმ ადამიანთა უმრავლესობა გაჭირვებამ გამოიყვანა ქუჩაში, უპირველეს ყოვლისა კი, მორალურმა ტკივილმა და არა მხოლოდ მატერიალურმა გაჭირვებამ – შეურაცხყოფამ, ღირსების შელახვამ, რაც ფიზიკურ შიმშილზე უფრო ძნელი ასატანია ღირსების მქონე ადამიანისთვის. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ნონა გაფრინდაშვილს ან ლუკა კურტანიძეს, ან სოსო ჯაჭვლიანს, ან ბევრ იმ ქართველს, რომელნიც იქ იდგნენ, საქართველოსთვის უფრო ნაკლებად უნდათ სიკეთე, ვიდრე იმათ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. სიტყვით თუ საქმით ღირსების შელახვაა სწორედ ის, რაც ღირსების მქონე ადამიანს პროტესტის გრძნობას გაუჩენს. და ეს ასეც უნდა იყოს! ქართველი წლების მანძილზე მიეჩვია უშუქობას, უსამსახურობას, შიმშილს, გაჭირვებას, მაგრამ ითმენდა. მაგრამ, როცა ღირსებას შეგილახავენ, ამის მოთმენა ძნელია, ძალიან ძნელი. აქ მხოლოდ პიროვნულ ღირსებაზე ხომ არაა ლაპარაკი, აქ ეროვნულ ღირსებაზეა საუბარი!
ამ ჟლეტვაში ისევ ეს უბრალო, ღირსებააყრილი ხალხი მოხვდა! მე არ ვიცი, ვინ ვინ არის, მაგრამ ერთი მხარეც და მეორეც ისევ ისე არიან. ხშირად მომხდარა, რომელიღაც პოლიტიკურ ძალას ხალხის პროტესტი, ავტორიტეტული ადამიანები გამოუყენებია სათავისოდ და ამიტომაა, რომ ხალხმა უკვე ამ ე. წ. პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დაკარგა. ერთადერთი, დღეს ჯერ კიდევ ხალხის ნდობას რომ ინარჩუნებს და ყველზე მაღალი რეიტინგი აქვს, არის ეკლესია, ამიტომ სწორედ ეკლესიამ უნდა შეასრულოს ერის გამაერთიანებლის როლი, ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლუსი უნდა დააბრუნოს თავის ადგილზე. უწინაც ასე იყო, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი ჩაანაცვლებდა მეორეს, იგი რევანშს იღებდა წინაზე. არ ვიცით თანაბარი, ზომიერი გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეზე… თუმცა ყველას მინდა შევახსენო – დრონი მეფობენ და არა მეფენი!..
და რადგან ამ დაძაბულ, არეულ ვითარებაში ხალხი მხოლოდ ეკლესიის იმედად დარჩა, ამიტომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა ვთქვათ – 26 მაისის ღამე იყო ბოროტება! ცოდვა!  ცოდვას უნდა ეწოდოს ცოდვა! (და საერთოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას) და არა მხოლოდ ცოდვა – ეს დანა­შაული იყო! ძმამ მოკლა ძმა. დიახ, ეს იყო კაენის ცოდვა. არაფერი, არანაირი პოლიტიკა ამართლებს ამას! რაც უნდა ილაპარაკონ, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ეს ხელისუფლების ქმედებას არ ამართლებს! მით უმეტეს, რომ იქ არ იყო გამოუვალი მდგომარეობა, მოდი პირდაპირ ვთქვათ – ერთი გასასვლელი მაინც ხომ უნდა მიეცათ ხალხისთვის?! მტერი აკეთებდა ამას – ალყაში მოაქცევდა და შემდეგ ხოცავდა ხალხს! მიეცათ გასასვლელი და ის ადამიანები დაიშლებოდნენ, გაიფანტებოდნენ და მსხვერპლიც ნაკლები იქნებოდა და ხელისუფლების მიმართ ზიზღიც.
კიდევ გეუბნებით, ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკური ახსნა ამ მოვლენებისა – რომ დამენახა,  ათი მომიტინგე ერთ ხელებშეკრულ, წაქცეულ სპეცნაზელს თუ პოლიციელს სასიკვდილოდ ასე უმოწყალოდ, ასეთი სისასტიკით რომ იმეტებდა, ესეც უნდა დაგვეგმო, რადგან ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ მხარეს დგას. აქ ლაპარაკია ქართველობაზე, კაცობაზე, ვაჟკაცობაზე, ღირსებაზე. ბოლო-ბოლო, ქართველი წაქცეულს და ხელებშეკრულს მოსისხლე მტერსაც კი არ ურტყამდა!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here