Home რუბრიკები საზოგადოება “2008 წელს სააკაშვილმა თავის ხალხს ესროლა”

“2008 წელს სააკაშვილმა თავის ხალხს ესროლა”

2410
სააკაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელიწადი გავიდა. ამ ომის შედეგად საქართველომ დაკარგა ტერიტორიის 20%; დაკარგა კონტროლი ახალგორზე, ცხინვალის გარშემო მდებარე სოფლებზე, რომლებშიც ქართველები ცხოვრობდნენ, აგრეთვე, კოდორის ხეობაზე. 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ დაკარგა 230-მდე სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთსაქართველოს ომის 10 წლისთავზე მოსკოვიდან კვლავ ისმის გაფრთხილება. “საქართველოს ნატოში შესვლამ, შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?” _ განაცხადა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა.

მსგავსი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა. მისი თქმით, ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა დასაშვებია, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ ქვეყნების ინტეგრაციის შემთხვევაში რუსეთს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ექნება.

2013 წელს, აგვისტოს ომის ხუთ წლისთავზე, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობა მოვიდა, “საქართველო და მსოფლიომინტერვიუ ჩაწერა ერედვის მცხოვრებთან, პოლიციის ყოფილ თანამშრომელ აკაკი ცოტნიაშვილთან, რომელმაც პროკურატურაში დაკითხვაზე ჩვენება მისცა აგვისტოს ომის დეტალებზე. სამწუხაროდ, ამჟამად მასთან დაკავშირება ვერ შევძელით, მაგრამ გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ აგვისტოს ომის პერიპეტიები _ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ომის დაწყებამდე და მის შემდგომ.

“2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, თორმეტის ნახევარზე, ცხინვალს ცეცხლი ჩვენებმა გაუხსნეს

აკაკი ცოტნიაშვილი:

_ მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რუსებმა 2004 წლის 2 აგვისტოს 5 ათასი ჯარისკაცი შემოიყვანეს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს, ფაქტობრივად, ომს უდრიდა. იმხანად პოლიციის სამმართველოში ვმუშაობდი და დეტალები კარგად ვიცი. 2004 წლის 18 აგვისტოს სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და უთხრეს: ერთ საათს გაძლევთ, ჯარი გაიყვანოო, მაგრამ გაჯიუტდა და რუსეთიდან ჯარი დაიძრა. მერე სააკაშვილი ამერიკას უკავშირდებოდა და მხოლოდ მაშინ გაიყვანა ჯარი, როდესაც ამერიკიდან უთხრეს, უკან დაეხია. იმ დღეებში 17 ადამიანი მოგვიკლეს. ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ამ ნაძირალებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჯარი შემოიყვანეს, რითაც ოსებსა და ქართველებს შორის უკვე თითქმის მოგვარებული საქმე გააფუჭეს. 2005 წლიდან დაიწყეს აფეთქებები და ადამიანების დახოცვა. თითო-ოროლა ჩვენი მხრიდანაც იღუპებოდა და ოსების მხრიდანაც. როგორც ნარკომანს წამალი, ისე უნდოდა ჩვენს ხელისუფლებას ომი. მოკლედ, ის, რაც 2004 წელს ოქრუაშვილს არ გამოუვიდა, 2008 წელს სააკაშვილმა შეასრულა.

2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, თორმეტის ნახევარზე, ცხინვალს ცეცხლი ჩვენებმა გაუხსნეს. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომ ორი შემოვლითი გზაა როკის გვირაბისკენ, ჯავაში გადასასვლელი. იმ გზით რომ წასულიყვნენ, ორი პოსტი შეხვდებოდათ 40-40 ადამიანით დაკომპლექტებული, მეორე შემოვლით გზაზე კი სულ 60 ადამიანი იდგა, არანაირი საჭიროება არ იყო ცხინვალის დაბომბვის. ამ გზებით რომ ევლოთ, უღელტეხილამდე მივიდოდნენ, მთებში ომი არ გაიმართებოდა, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდებოდა; იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც საზღვარზე იდგნენ, დაატყვევებდნენ და არაფერი არ მოხდებოდა. ამხელა ჯარით მიდიოდნენ, წესით, პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ომი სურდათ და იმიტომაც მოიქცნენ ასე, თუმცა მათი არაპროფესიონალიზმიც გასათვალისწინებელია.

2008 წლის 8 აგვისტოს, დილის ათის ნახევარზე, ერედვში ჩამოვიდნენ დათა და ბაჩო ახალაიები, გოგი თავთუხაშვილი დამასტერა” _ გია დგებუაძე. 300 სპეცრაზმელი ჩამოიყვანეს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან. ამ მომენტისთვის ტელეეთერში აცხადებდნენ, რომ ავიღეთ ერედვი, დმენისი და ა.შ. ეს 300 სპეცრაზმელი აღებული ტერიტორიების დასაცავად და გასამაგრებლად ჩამოიყვანეს, მაგრამ ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ დმენისი აღებული არ არის. მოვიდნენ მოსახლეობასთან, იარაღი დაგვირიგეს და გვითხრეს: წადით და დმენისი აიღეთო. ჯარი იქ იყო და ჩვენ გაგვიშვეს სოფლის ასაღებად. წავედით, სანამ დმენისამდე მიხვალ, რამდენიმე ადგილას საკონტროლო პუნქტი უნდა გაიარო, სადაც 100-100 ადამიანი დგას, რუსებმა გაგვიშვეს.

დმენისის ასაღებად რომ ჩავედით, მოგვივიდა ბრძანება, _ უკან დაიხიეთო. გამოვბრუნდით. რუსებს ხმა არ გაუციათ, ისევ გამოგვატარეს. უკან მობრუნებულები სოფლის გამგეობასთან შევიკრიბეთ, იქ იყო პარლამენტარი გურამ ვახტანგაშვილიც, მის ჯიპში ისხდნენ ახალაიები, თავთუხაშვილი, “მასტერა და ბჭობდნენ; უკვირდათ, რატომ აცხადებდნენ ტელევიზიები, დმენისი აღებულიაო. ჯარი და სპეცრაზმი იქვე იდგა და განკარგულებას ელოდებოდნენ, მაგრამ ჩამოსულთაგან არავინ აპირებდა დმენისის აღებას. ხუთი საათი იქნებოდა, რუსებმა თვითმფრინავები რომ გამოუშვეს და სამი ბომბი ჩამოაგდეს. ეს ერედვში, სოფლის ცენტრში ხდებოდა, სადაც 2000 ჯარისკაცი, 800 რეზერვისტი და 300 გაწვრთნილი სპეცრაზმელი იდგა, მაგრამ არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ…

რუსლან ჯანიძე
რუსლან ჯანიძე

ზუსტად ვიცი, რომ ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წამოწყებული იყო

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ვესაუბრეთ პოლონეთში მოღვაწე ექიმ რუსლან ჯანიძეს, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება. ის ძალიან განიცდის მშობლიური მიწაწლიდან მოწყვეტას და აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ქართულოსური ურთიერთობის დარეგულირებისკენ არის მიმართული.

_ პოლონეთში ვცხოვრობ, დედით ქართველი ვარ. ძალიან მძიმეა ჩემთვის ის, რაც ქართველებსა და ოსებს შორის ხდება. ზუსტად ვიცი, რომ ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წამოწყებული იყო და ის 2008 წელს არ დაწყებულა, ომის წინაპირობა ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნა ჯერ კიდევ 2004 წელს. გახსოვთ, ალბათ, მისი განცხადება, ახალ წელს ცხინვალში შევხდებიო და სიტყვის გატეხა არ სურდა, ამიტომაც პირველი პროვოკაცია სწორედ მან მოაწყო 2004 წელს.

ევროკავშირის ეგიდით ხორციელდებოდა პროგრამა “ქართულ-ოსური საზოგადოება მშვიდობის გზების ძიებაში”, რომელშიც ვმონაწილეობდი. პროგრამაში მონაწილეობდა ყველა, ვისაც შერეული ოჯახი ჰყავდა _ ქართულ-ოსური. ძალიან მტკივნეულ თემებზე გვიწევდა საუბარი. ყველა დაინტერესებულები ვიყავით, რომ აღმდგარიყო ურთიერთობა ქართველებსა და ოსებს შორის, მაგრამ კონსესუსამდე ვერ მივედით.

ადამიანები ყვებოდნენ, რომ საქართველო მძინარე ცხინვალს დაესხა თავს, რის გამოც ოსები იძულებული შეიქნენ, დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ, რადგან არ ჰქონდათ ძალა, საქართველოს გამკლავებოდნენ. რუსეთი ძლიერია, სერიოზული ძალაა და მისი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოსაც, მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით არის შესაძლებელი საქართველოს გაერთიანებაგამთლიანება.

_ ოსებს თუ სურთ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება?

_ თუ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, წინ ვერაფერი დაუდგება. ოსები პირად საუბრებში ამბობენ, რომ არ მოსწონთ ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა და ისურვებდნენ საქართველსთან ინტეგრაციას.

ხშირად ვაქვეყნებ სტატიებს რუსულ ენაზე და გამუდმებით ვსაუბრობ, რომ ურთიერთობები უნდა დათბეს, მაგრამ ძნელია, ეს გააგებინო იმ ადამიანებს, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში მძინარეს დაესხნენ თავს. მართალია, ომის წინ იყო პროვოკაციები, რომლებიც ომის დაწყებას მოასწავებდა, მაგრამ ცხინვალი მაინც არ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა… ცუდია, რომ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას შერჩა ეს ვანდალიზმი, ის არა მხოლოდ საქართველოში უნდა გასამართლებულიყო, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

_ ქართულ მართლმსაჯულებას სააკაშვილი რომ გაესამართლებინა, რამე შეიცვლებოდა ქართულოსურ ურთიერთობაში?

_ აუცილებლად შეიცვლებოდა. იმას მაინც იტყოდნენ, რომ ყველა ქართველი არ იყო ომის მომხრე და გული მოულბებოდათ. ოსები ჯიუტი ხალხია, ისევე, როგორც ქართველები. ორივემ უნდა გადადგას ნაბიჯი ერთმანეთისკენ, მაგრამ ეს პირველმა საქართველომ უნდა გააკეთოს, რადგან ომი ქართველების დაწყებულია. მინდა გითხრათ, რომ ოსები იმთავითვე გააღიზიანა რეგიონისთვის სახელის გადარქმევამ, ისინი გაბრაზდნენ, როდესაც “სამაჩაბლო” უწოდეს… ისინი თვლიან, რომ სამხრეთ ოსეთია სწორი… ეს გამაღიაზიანებელი აღმოჩნდა რუსეთისთვისაც და არა მხოლოდ ოსეთის საკითხზე… გაიხსენეთ, რა მოხდა, როდესაც სააკაშვილმა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, მაშინვე წაიღეს ეს ტერიტორია აფხაზებმა რუსეთის დახმარებით.

1988 წელს ზვიად გამსახურდიას დავალებით გამოვაქვეყნე სტატია, რომელშიც საუბარი იყო ოსების ჩამოსახლებაზე საქართველოში, ბუნებრივია, ამ წერილს ოსეთის მხარის გაღიზიანება მოჰყვა.

ოსეთი საქართველოა და მისი ცალკე ყოფნა არ შეიძლება, რასაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის გარეშე ვერ შევძლებთ. პატარა ქვეყანა ვართ, დასაკარგავი ტერიტორიები არ გვაქვს, არც იმის ფუფუნება, რომ საკუთარ ხალხს ვებრძოლოთ, არადა, ვებრძვით _ 2008 წელს სააკაშვილმა საკუთარ ხალხს ესროლა. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის შეცდომის გამოსწორებას არ ცდილობს ამჟამინდელი ხელისუფლება. მას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ძველი ურთიერთობის აღსადგენად. რუსეთი ხშირად უხმობს სალაპარაკოდ, მაგრამ ესენი ყურსაც არ იბერტყავენ… მჯერა, დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მაგრამ ამისთვის სწორი პოლიტიკაა გასატარებელი. მაგალითად, როდესაც საქართველო ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ ისწრაფვის, რატომ არავინ ფიქრობს, უნდათ კი ამ სტრუქტურებში ოსებსა და აფხაზებს?! როდესაც საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა, არ ითვალისწინებს მოძმე ერების აზრს, ეს ნიშნავს, რომ არ სურს ოსებისა და აფხაზების შემორიგება.

ჩემთვის ძნელია ოსეთთან ასეთი ცუდი დამოკიდებულების შორიდან ყურება. დედით ქართველი ვარ, ოსებიც მიყვარს და ქართველებიც. რამდენი წელიწადია ჩემი და არ მინახავს და, ალბათ, ვერც ვნახავ, თუ ასე გაგრძელდება. ოსეთში ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც განიცდიან ქართველებთან ურთიერთობის გამწვავებას, ელოდებიან ისეთი ადამიანის გამოჩენას, რომელიც შეძლებს ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ათი წლის შემდეგაც კი სააკაშვილის მიერ წამოწყებულ სასტიკ ომს არ მიეცა შესაბამისი კვალიფიკაცია, არ ცნეს ყოფილი პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი დამნაშავედ. ასეთი შეცდომები შერიგების იმედს უკარგავს ოსეთის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here