Home რუბრიკები პოლიტიკა Modus operandi

Modus operandi

798

Modus operandi  ანუ “მოქმედების სტილი” კრიმინალურ გამოძიებაში გამოიყენება. ეს არის ინფორმაციის კოდირების ზოგადი მეთოდი, რომლის მიზანი ეჭვმიტანილის ქცევის გამომჟღავნება და კრიმინალური ჩვევების დადგენაა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დანაშაულის შემცირებას.
მართალია, ჩვენ პრეტენზია კრიმინალისტობაზე არ გვაქვს, თუმცა შევეცდებით, ამ მეთოდის გამოყენებით განვიხილოთ 26 მაისის ღამით განვითარებული მოვლენები: ქართული სპეცრაზმის მიერ მოწყობილი “სისხლიანი კარნავალი” და დემოკრატიის “ქურუმის”, აშშ-ის ელჩის _ ჯონ ბასის ცნობილი განცხადების სავალალო შედეგები.
სადამსჯელო ოპერაცია
და სპეცრაზმის ნამდვილი სახე
26 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც “სისხლიანი ხუთშაბათი”. “დამოუკიდებლობის დღე”, რომელიც წლების მანძილზე შარავანდედით იყო შემოსილი და თითოეულ ქართველს ეროვნული სიამაყის განცდას გვიათკეცებდა, სააკაშვილის რეჟიმმა სისხლით შეღება. ხელისუფლებამ, რომელიც ცდილობს, თავი დემოკრატიის დამცველად და ზეაღმატებულ პატრიოტად მოგვაჩვენოს, ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა: მშვიდობიან მომიტინგეებს ღამით მიუქსია გამძვინვარებული სპეცრაზმი, რომლებიც ცოფიანი აფთრებივით დაერივნენ წვიმაში გალუმპულ ადამიანებს, რომელთაც არც მიზანი და არც საშუალება არ ჰქონდათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.
ხელისუფლება მისთვის ჩვეული ხერხებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება _ აქცის არნახული სისასტიკით დარბევა რომ არა, სამასამდე მომიტინგე სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენდა. როგორც ყოველთვის დამკვეთად ისევ რუსეთი სახელდება. მაგრამ 11 წლის ბავშვი, რომლის რუსეთის აგენტობასაც ყველანაირი ლოგიკა გამორიცხას, ისე უმოწყალოდ ცემეს ფორმიანმა ჯალათებმა, ცოცხალი რომ გადარჩა, ნამდვილად უფლის წყალობაა. მაშინ რატომ ურტყამდნენ ასე გამეტებით?_ ეს იყო ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს სააკაშვილის რეჟიმი, ჩაკლას განსხვავებული აზრი მომავალ თაობაში.
სპეცრაზმი, რომელიც გაუგონარი სისასტიკით არბევდა საკუთარი უფლებებისთვის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის მებრძოლ ადამიანებს, სხვა არა იყო რა, თუ არა კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია “ტერორისტების” წინააღმდეგ. მაგრამ საინტერესოა, რუსთაველზე საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი “ტერორისტები” საფრთხეს ვის უქმნიდნენ? _ შემთხვევით, იმ ხელისუფლებას ხომ არა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ემიგრანტებად, ხოლო ვინც საკუთარ ფუძეს არ მოსწყდა, მათხოვრად აქცია?!
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 26 მაისის ღამით სახელმწიფო გადატრიალების არანაირი საფრთხე არ არსებობდა. მაშინ რამ განაპირობა სპეცრაზმის ასეთი სისასტიკე, რომელმაც ქალები, მოხუცები, ბავშვები და ჟურნალისტებიც კი არ დაინდო (მამაკაცების დანდობაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია)?
სპეცრაზმის ასეთი სისასტიკე განაპირობა ხელისუფლების დამოკიდებულებამ საკუთარი ხალხისადმი. სააკაშვილის რეჟიმი მუდმივად და დაუფარავად ცდილობს, მის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე მისული ადამიანები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ მოღალატეებად წარმოაჩინოს, რაც აისახება კიდეც სპეცრაზმელთა ცნობიერებასა და მოქმედებაში. კერძოდ, ხელისუფლებამ შეძლო მოეხდინა სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზირება და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების საწინააღმდეგო  ნებისმიერი აქცია მათში მოტივირებულია როგორც ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, აქციის დარბევაში მონაწილეობა და საკუთარი თანამემამულეებისათვის თავ-პირის მტვრევა ფულადი ანაზრაურებით _ პრემიებით წახალისდა. ასევე სპეცრაზმელთა ზღვარგადასულ სისასტიკეს განაპირობებს დაუსჯელობის განცდა, რადგან არც ერთი სპეცრაზმელი არ დასჯილა არასოდეს ძალის გადამეტებისთვის. სწორედ ამიტომ, როგორც ციცერონი იტყოდა, “ყველაზე დიდი წახალისება ბოროტმოქმედებისა, მისი დაუსჯელობაა”.
სამწუხაროდ, მიტინგის დარბევისას ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ შეძლო აღეზარდა “ახალი გენერაციის ადამიანები”, რომლებმაც არ იციან, რა არის მორალი, კაცთმოყვარეობა, ზნეობა და, რაც ყველაზე მთავარია, არ აქვთ უნარი, საკუთარი თანამოძმეები მტრებისგან გაარჩიონ. მათი მთავარი “საკაცობრიო მოვალეობა” მხოლოდ ბრძანების უსიტყვო შესრულებით შემოიფარგლება და მნიშვნელობა არ აქვს, ვის წინააღმდეგ მოუწევთ არაადამიანური ძალის გამოყენება.
 ჯონ ბასი _ “დემოკრატიის ქურუმი”
თუ ავტორიტარიზმის გადია
მიტინგის კოსტავას ქუჩიდან პარლამენტის წინ გადანაცვლება, სადაც მეორე დღეს აღლუმი უნდა გამართულიყო, თავისთავად ზრდიდა საფრთხეს, რომ “ტერიტორიის გასათავისუფლებლად” ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა. მართალია, ეს რეალობა მიტინგის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს (ან შეგნებულად წავიდნენ ამაზე), რაც თავისთავად დიდი უგუნურებაა, მაგრამ ასეთ დროს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს უნდა ეაქტიურათ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო და ხელისუფლებას ძალა არ გამოეყენებინა. თუმცა მოხდა პირიქით, ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის პოზიციამ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის აღდგენის  შესაძლებლობა  მისცა, ანუ ეროვნული სიამაყის დღე სისხლით შეეღება.
ჯერ კიდევ აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ჯონ ბასმა განაცხადა: “განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საპროტესტო მოქმედებებით არ შეილახოს სხვა მოქალაქეების უფლებები, არ შეეშალოთ ხელი მათ თავიანთ საქმიანობაში, გადაადგილებასა და თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშვნაში”. ამით ელჩმა მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებას, რათა აქციის დასაშლელად ძალა გამოეყენებინა.
ვინაიდან ამ აქციებს გარკვეულწილად ფონად გასდევდა საქართველოში ამერიკის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება და ზოგიერთ შემთხვევაში ანტიამერიკული განწყობაც კი, კონსპიროლოგებმა, შესაძლოა, ჩათვალონ, რომ ეს პროცესი ელჩმა ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ მიიჩნია და მისი საძირკველშივე ამოშანთვა მოინდომა. მაგრამ გონიერ ელჩს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ქართულ საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობის გამღვივებელი არა ქართული ოპოზიციის ნაწილი, არამედ დემოკრატიის რისხვად მოვლენილი და ამერიკის მხრიდან უპირობოდ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლებაა, რომელიც არაფრად აგდებს თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს.
ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება საქართველოში ატარებს, აუცილებლად აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამერიკის მიმართ. მაშინ, როცა ამერიკის მეთაურობით თითქმის მთელი განვითარებული სამყარო, უკვე რამდენიმე თვეა, ლიბიას ბომბავს იმის გამო, რომ დიქტატორმა კადაფიმ ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებს, რომლებიც რევოლუციის გზით რეჟიმის შეცვლას ლამობდნენ, ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ არაფერს ამბობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დარბეული და მოკლული ადამიანების შესახებ.
კადაფის მოქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს და მისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაც სამართლიანია, მაგრამ ასევე სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ლიბიის ოპოზიცია კალაშნიკოვებით შეიარაღებული გამოდიოდა აქციაზე, რის გამოც კადაფის უფრო ჰქონდა კანონიერი უფლება, ესროლა მომიტინგეებისთვის, ვიდრე სააკაშვილს _ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ჯონ ბასს დამნაშავედ მაინც საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი და სასტიკად დარბეული მომიტინგეები გამოჰყავს.
შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ელჩი ბასი თავისი წინამორბედის _ ჯონ ტეფტის პრაქტიკას აგრძელებს და მისი “ინფორმირებულობა” მხოლოდ ხელისუფლების მიერ მოწოდებული “დამუშავებული ინფორმაციებით” შემოიფარგლება. ასეთი მიდგომებით ბატონი ელჩი თავად უქმნის საფრთხეს ამერიკის ინტერესებს საქართველოში. რადგან ჯონ ტეფტი, როგორც “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან გახდა ცნობილი, ყოველთვის მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდა და ამერიკის ხელისუფლების ინფორმირებას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ამ წყაროებზე დაყრდნობით ახდენდა. ამ დიპლომატიურმა სიბეცემ სანამდე მიიყვანა საქართველო, ყველა კარგად ვხედავთ.
ელჩი ბასი იქამდეც კი მივიდა, რომ საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები კრიმინალებად უცერემონიოდ გამოაცხადა: “უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ინტერესებში, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროტესტში, შედიოდა არა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა, არამედ  ძალადობრივი კომფრონტაცია. ეს სრულიად ნათელია”.
ბატონმა ელჩმა, სავარაუდოდ, უკვე იცის, რომ დღეს “სრულიად ნათელი” მხოლოდ ის არის, რომ მისი ზემოხსენებული განცხადებით წახალისებული ხელისუფლების უკიდურესად აგრესიული ქმედების შედეგად ამ ავადსახსენებელი განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ოთხი ადამიანი მოკლეს.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჯონ ბასი მხოლოდ ფერადი სათვალით უყურებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. გამომდინარე აქედან სულ მცირე არადიპლომატიურად (ადეკვატურობაზე რომ არაფერი ვთქვათ) ჟღერს მისი მეორე განცხადებაც: “თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, ამერიკა ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას მისი თავისუფლებისა და მომავლის არჩევაში”.  საინტერესოა, რომელ დემოკრატიული განვითარების გაგრძელებაზე საუბრობს ელჩი, ისე, რომ სიტყვაც არ დასცდება 26 მაისს, მისი განცხადებით წახალისებული ხელისუფლების ქმედებათა შედეგად, დაღვრილ სისხლზე?
ამერიკის დამფუძნებელ მამათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული  თ. ჯეფერსონი პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლოდ განიხილავდა: “უმაღლესი ხელისუფლების მქონე პირმა ყველა კეთილგონივრული საშუალება უნდა გამოიყენოს, რათა იქცეს ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მთელი ერის გამაერთიანებლად, უნდაDშეძლოს საზოგადოების მთელი ძალების შეკავშირება და წარმართვა ერთიანი მიზნის მისაღწევად”.
ალბათ, ბატონ ჯონ ბასს შეუძლია განმარტოს, რომელი ერის გამაერთიანებლად გვევლინება პრეზიდენტი სააკაშვილი ან რომელი საზოგადოების შეკავშირებაზე ზრუნავს ასე ძალიან. თუ დემოკრატიისა და  პიროვნული თავისუფლების სიკეთეებით სარგებლობაზე ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს აქვთ?! ჩვენ კი, ამერიკის “პარტნიორი” ქვეყნის მოქალაქეებმა, სისხლიანი რეჟიმი უნდა ავიტანოთ, რადგან ელჩი ბასი მის მიმართ კეთილგანწყობილია. ნუთუ ეს არის არამარტო ამერიკული დიპლომატიის, არამედ ამერიკული დემოკრატიის მოდუს ოპერანდი კავკასიის  “გეორგია-ში”.
 
ზურაბ ჯამბურია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here