Home რუბრიკები პოლიტიკა რეზო ესაძე: ბედნიერი ვიქნები, თუნდაც შევეწირო ამ ყველაფერს

რეზო ესაძე: ბედნიერი ვიქნები, თუნდაც შევეწირო ამ ყველაფერს

1247

ცნობილი ქართველი რეჟისორი და “სახალხო კრების” წევრი რეზო ესაძე მიიჩნევს, რომ ახლა ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, ვინაიდან ხელისუფლება ქართველი ერის მიმართ ანტიეროვნულ კამპანიას ახორციელებს და მისი თავაშვებულობა ხალხის ნებით უნდა დასრულდეს.
“საქართველო და მსოფლიოს” “სახალხო კრებისა” და აქციის ორგანიზატორების გეგმების შესახებ რეზო ესაძე ესაუბრება.

 
_ აქციაზე ცოტა ხალხია… როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, ხალხს უბრალოდ აღარ სჯერა პოლიტიკოსების?
_ არა, ტყუილია. ხალხს არ უნდა კიდევ ერთხელ შეცდეს. ხალხი აკვირდება ყველაფერს, 26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხალხს სურს.
_ რას აპირებთ 26 მაისს?
_ მოგესხენებათ, 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა და აღლუმი, იცით, რასაც ეძღვნება. ამიტომ უნდა დამთავრდეს ეს პირფერობა, ტყუილი, პოლიტიკური თვალთმაქცობა.
_ თუ არ დათმო ხელისუფლებამ და მაინც ჩატარდა აღლუმი, როგორ იმოქმედებთ?
_ როგორც ბრძენ ქართველ ხალხს საკუთარი გონება და მეობა უკარნახებს, ისე იმოქმედებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მოტივირებული ხალხის მოქმედება და მე ბედნიერი ვიქნები, თუნდაც  შევეწირო ამ ყველაფერს. სამშობლოსთვის სიკვდილი ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება.
_ საქართველოს აქვს რევოლუციური გამოცდილება და ამას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია. რას მოუტანს ახალი რევოლუცია საქართველოს?
_ რევოლუციას ჩვენ არ ვაპირებთ. ერთი სიტყვაც კი არ მიხსენებია მე რევოლუციაზე. რაში გადაიზრდება ეს პროცესები, რა თქმა უნდა, არ ვიცი, საფრთხეც არსებობს, მაგრამ ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას დაიკავებს მსოფლიო.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიო მხარს დაგიჭერთ?
_ შეუძლებელია საქართველოს ეროვნული მისია იმდენად დაშორდეს მსოფლიოს სუნთქვას, რომ ის ყველასგან გაუცხოებული აღმოჩნდეს.
საქართველოს უამრავი განსაცდელისთვის დაუღწევია თავი და ქართველი ხალხი ყოველთვის იპოვის გზას მსოფლიოს გულისკენ.
_ სიტუაცია დღითიდღე იძაბება, თუ თქვენი ლიდერების განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება?
_ პირადად ჩვენ, “სახალხო კრება”, თავიდან ბოლომდე კონსტიტუციის ფარგლებში ვმოქმედებთ. არ არსებობს, რომ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებებს გადავაჭარბოთ, ვინაიდან “სახალხო კრება” _ ეს არ არის ცალკეული პიროვნება ან პარტია, ეს არის ხალხი, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ხალხის ნების მიხედვით ვმოქმედებთ და ჩვენს ქმედებაში ძალადობა გამორიცხულია.
“ვარდების რევოლუციის” შედეგები ძალიან ბინძური, ანტიეროვნული და ანტიქართული აღმოჩნდა, რაც, საქართველოს დიდი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენი ერისთვის მიუღებელია. როდესაც ხელისუფლების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ერი ამას უკვე გრძნობს,Aამიტომ ხელისუფლების ასეთი თავაშვებულობა დიდი საფრთხის მომტანია.
 
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here