Home რუბრიკები სამართალი პოლიტპატიმარ ვახანიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე იძულებით გაუკეთდა უცნობი პრეპარატის ორი ინიექცია

პოლიტპატიმარ ვახანიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე იძულებით გაუკეთდა უცნობი პრეპარატის ორი ინიექცია

669

აკადემიკოს ვახანიას ადვოკატმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში ვლადიმერ ვახანიას მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამო.

“2009 წლის 11 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა განსასჯელი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვლადიმერ ვახანია, რომელსაც ტანსაცმელზე, კერძოდ, პერანგზე, ემჩნეოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, სახეზე კი – უაზრო გამომეტყველება, ჰქონდა დაბნეული გამოხედვა. ამ ვითარებამ დამაეჭვა. იმ დღეს მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ისე, რომ ვლადიმერ ვახანიას არ მიეცა საშუალება, წარმოეთქვა საბოლოო სიტყვა”, – აღნიშნა ადვოკატმა.
ერთი კვირის შემდეგ ვლადიმერ ვახანია თბილისის პირველ საპყრობილეში მოინახულა ადვოკატმა. მან ჰკითხა ვახანიას 11 სექტემბრის ვითარების შესახებ.

“11 სექტემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ზუგდიდის მე-4 საპყრობილის მე-17 საკანში მასთან შევიდნენ საპყრობილის მუშაკები, მისთვის უცნობი ორი პირი. როცა ვახანიამ განუმარტა მათ, რომ შეუძლოდ იყო, არ შეეძლო წასვლა სასამართლო პროცესზე და განცხადების დაწერა მოითხოვა, ზემოხსენებულმა პირებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ის წაიყვანეს სამედიცინო ნაწილში და ინიექციის გზით შეუყვანეს ორი პრეპარატი, რის შემდეგ იგი წაიყვანეს სასამართლო სხდომის დარბაზში. როგორც ვახანიამ განმიცხადა, იყო გაბრუებული და ბუნდოვნად ახსოვს მოსამართლის მიერ გამოტანილი 4-წლიანი განაჩენი. შემდეგ ის ჩასვეს მანქანაში, კვლავ გაუკეთეს ინიექცია ვენაში და წაიყვანეს თბილისის საპყრობილეში”, – განაცხადა ადვოკატმა.

საპყრობილეში ჩამოყვანისას ვახანიამ საპყრობილის ხელმძღვანელობას აჩვენა მის ხელზე არსებული ნანემსარი, რაც ადვოკატმა დააფიქსირებინა ექიმს. ადვოკატის თქმით, ვლადიმერ ვახანია ითხოვს მისი უგულებელყოფილი უფლებების დაცვას და დახმარებას.

 

ლადო ქირია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here